საზოგადოება

,,საპატრულო პოლიციიდან ჯერ ორნი მოვიდნენ, შემდეგ მოემატნენ და მოემატნენ” _ რა მოხდა ხელოვნების მუზეუმში?

,,თავისუფლების მეოდანზე, პუშკინის სკვერში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამალებული ფუთავენ ექსპონატებს, მათ შორის ფერწერულ ხატებს… დავით ლორთქიფანიძე და მისი გარემოცვა ხელოვნების მუზეუმიდან იქ ჩარჩენილი ექსპონატების და იმ საგანძურის ევაკუაციისთვის ემზადება, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა საფრანგეთიდან დააბრუნა.

ჯვარ-ხატები ეკლესიის საკუთრებაა და უწმინდესის და საპატრიარქოს გარეშე იქაურობას ხელს რომ ვერ დააკარებენ, ეს ცალკე თემაა. საპატრიარქოდან ამ პრობლემაში გარკვევა და მისი მოგვარება ვის აქვს დავალებული და როგორ იქცევა ეს პირი, ამაზე უახლოეს დღეებში ცალკე გიამბობთ და არა მარტო გიამბობთ.

დღეს დილით ხელოვნების მუზეუმის ეზოში სპეციალური დანადგარი – შიდა პერიმეტრზე სამოძრაო ტვირთმზიდი შეიტანეს და ხელოვნების მუზეუმის ეზოში განათავსეს. სამს წუთები აკლდა ეს ტვირთმზიდი, რომ გადავიღე, ჩემი პატარა გადამღები აპარატით.

იქიდან ხელოვნების მუზეუმის მმართველის ეკა კიკნაძის კაბინეტისკენ გავემართე. ვიფიქრე, თავად თუ არ იქნება, ფონდების მცველი დინარა ვაჩნაძე მაინც დამხვდება და ვკითხავ, რა ხდება-მეთქი.

მუზეუმის ეზოდან ამოსულმა ფოიშე შევდგი თუ არა ფეხი, დავინახე, რომ ზედა სართულიდან ქვემოთ კიბით ჩამოდიოდნენ: ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი და ზემოხსენებული ეკა კიკნაძე და დინარა ვაჩნაძე, რამდენიმე, ჩემთვის უცნობ ადამიანთან ერთად.

რადგან მათ შორის თანამდებობით ყველაზე მაღლა მდგომი მიხეილ წერეთელი გახლდათ, მას მივმართე – ბატონო მიხეილ, ტვირთმზიდი რად გინდათ-მეთქი. ხელი აიქნია, ტვირთმზიდი არა ისო.

როგორ, რამდენიმე წუთის წინ გადავიღე, ეზოში დგას-მეთქი, – ვუთხარი და ჩემი პატარა გადამღები აპარატი ხელში მოვიმარჯვე – ახლა კამერის წინ მითხარით, მუზეუმში ტვირთმზიდი რატომ არის-მეთქი? მიხეილ წერეთელმა გაცეცხლებული სახით ხელიდან გამომგლიჯა ჩემი გადამღები აპარატი და ეზოსკენ ძუნძულით გაიქცა.
დამიბრუნეთ ჩემი აპარატი-მეთქი, – ორჯერ ხმამაღლა დავუძახე და იმ წამსვე (15:09 წუთზე) 112-ზე დავრეკე.

სადაც ინცინდენტი მოხდა, იქვე ახლოს გრძელი სკამი დგას და იქ ჩამოვჯექი. ილია ჩაჩიბაიას გადავურეკე, ინტერნეტში შესვლა მიჭირს, ჩემი ტელეფონი ურევს და ეგებ მომხდარის შესახებ დაწერო-მეთქი.

მოგვიანებით, ჩემივე გვერდზე თავად გამოვაქვეყნე მოკლე ინფორმაცია.

ქალბატონი ეკა ჩემთან მოვიდა, ჩემი გადამღები აპარატი მოიტანა და გვერდზე დამიდო (თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი ბატონ მიხეილს უკან გაჰყვა და ეზოდან ამობრუნებულმა მომიტანა აპარატი). მე მაგას ხელს არ ვახლებ, სანამ პოლიცია არ მოვა და არ შეამოწმებს-მეთქი.

რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა კაცი, ხელში გაკეცილი ფურცელი ეჭირა. მითხრა – ეს თქვენი გადამღები აპარატის მეხსიერების ბარათია, არაფერია წაშლილიო. თქვენ ვინ ბრძანდებით, რატომ ერევით ამ საქმეში?! აქ პოლიცია მოვა და ის გაარკვევს რა როგორ არის-მეთქი. ეს ახალგაზრდა ბატონი ქალბატონი ეკას კაბინეტისკენ გაბრუნდა. ანუ ამ ახალგაზრდა ბატონისგან გავიგე, რომ ჩემი გადამღები აპარატიდან მეხსიერების ბარათი ამოღებული იყო.

საპატრულო პოლიცია და „ობიექტივი“ თითქმის ერთდროულად მოვიდნენ მუზეუმში. დეტალურად აღარ მოვყვები ჩემი მეგობრები, უახლოესი ადამიანები და თანამშრომლები როგორ ცდილობდნენ მოეძებნათ ადამიანი, რომელმაც გადამღები აპარატი ხელიდან გამომგლიჯა და გაიქცა. ამასთან, ახალი ამბების ჯგუფმა სიუჟეტი გააკეთა, რასაც ხვალამდე სამწუხაროდ, მე ვერ ვნახავ და თქვენ ალბათ, უკვე ნახეთ.

ისევ საქმის დეტალებს მივუბრუდნები – საპატრულო პოლიციიდან ჯერ ორნი მოვიდნენ, შემდეგ მოემატნენ და მოემატნენ… პირველად მოსულმა წყვილმა რეაგირების ოქმი შეადგინა.

საპატრულო პოლიციის მითითებით ქალბატონ ეკას კაბინეტში შევედი და ჩემი გადამღები აპარატის მეხსიერების ბარათი მომეცით-მეთქი, ვთხოვე. მაგიდაზე იდო, უხმოდ მიმითითა, აიღეთო. არაერთხელ ვკითხე, ვინ ამოიღო ეს ბარათი აპარატიდან, თქვენთან როგორ მოხვდა-მეთქი. პასუხი არც ჯერზე არ გამცა.

მუზეუმში ძველი თბილისის კრიმინალური პოლიციიდანაც მოვიდნენ და იქიდან პირდაპირ თაბუკაშვილის ქუჩაზე, გამოკითხვის ოქმის შესადგენად წავედით.

ის, რაც გიამბეთ, მოხდა სათვალთვალო კამერების გარემოცვაში და იმედია, იმდენს ვერ გაბედავენ, რომ ჩანაწერები წაშალონ.

გამომძიებელს ძალიან დეტალური ჩვენება მივეცი. მანამდე, რასაკვირველია, სატელეფონო კონსულტაცია მამუკა ნოზაძესთან გავიარე.

გამოძიება დაიწყო ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე. ზუსტად ასე განმიმარტა გამომძიებელმა. ხვალ ისევ პოლიციაში ვარ დაბარებული და რა მოქმედებები განხორციელდება, ხვალ, ამას პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ გიამბობ.

გურამ შარაძის საზოგადოება რუსო, შენი ნაჩუქარი გადამღები აპარატი, იგივე საყდრისის კამერა პოლიციაში დალუქეს, ექსპერტიზა ჩაუტარდება.

გადამღები აპარატი მიხეილ წერეთელმა ისე დააზიანა, რომ გადაღებებზე ვეღარ წავიღებ, ხელზე რითაც მქონდა ჩამოკიდებული, ის ნაწილი აქვს გამოგლეჯილი. გადაღებით როგორ იღებს, არ ვიცი, ვერ შევამოწმე და ამის საშუალება მანამდე არ მექნება, სანამ ეს ნივთი უკან არ დამიბრუნდება.

„რუსთავი 2“-დან, რომ დამირეკეს, მუზეუმის ფოიე პოლიციით სავსე იყო. მითხრეს, თქვენს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია წავიკითხეთო. მათ დეტალები აინტერესებდათ. რაც მოხდა ის ჩემს გვერდზე მოკლედ წერია, ახლა ისევ მუზეუმში ვარ, პოლიციაა მოსული-მეთქი, – მივუგე. მოვალთო მითხრეს და მობრძანდით-მეთქი.

მუზეუმიდან პოლიციაში, რომ წავედი, ხელმეორედ დარეკეს. გამოკითხვის პროცედურა ჯერ დაწყებული არ იყო და თავისუფლად საუბარი შემეძლო. „რუსთავი 2“-ს მომხდარის დეტალები აინტერესებდა. ვუამბე ის, რაც აქ დავწერე. ბოლოს მომიგეს, ამ თქვენს სატელეფონო კომენტარს გამოვიყენებთო. თქვენ რომ არ გაგიფრთხილებივართ რომ იწერდით-მეთქი?! ჩვენი ტელეფონი ხომ გესმით, სულ იწერს და თუ გინდათ ხელახლა ჩავწერ სატელეფონო კომენტარს და ამას გამოვიყენებო. რაც მოხდა ის გიამბეთ და თქვენ თუ გინდათ, გამოიყენეთ-მეთქი. მათ მითხრეს ისიც, რომ მუზეუმში ტვირთმზიდი ვერ ვნახეთო. მე გადაღებული მაქვს-მეთქი. შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთო?! ფიზიკურად ვერ გავუგზავნიდი და იგივე ვუთხარი.

ტელეფონი რომ გავთიშე, მერე ვინანე – არ უნდა დავლაპარაკებოდი, უნდა მეთქვა, რომ თქვენ ხართ ის ტელევიზია, რომელმაც ღვთისმშობელი შეურაცხყო-მეთქი. მაგრამ არა უშავს; ადამიანი შეცდომებზე სწავლობს და იმედია, მეც ასე მოვიქცევი მომავალში – დღევანდელ შeცდომას აღარ გავიმეორებ, „რუსთავი 2“-თან მიმართებაში. არ ვიცი, საერთოდ გაუშვეს თუ არა ამ თემაზე ინფორმაცია, მაგრამ ვიცი ის, რომ ამგვარად სხვა დროსაც მოქცეულან” _ წერია ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის ფეისბუქის გვერდზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close