ნელი ვარდიაშვილის სტატიები

რას ნიშნავს ვერე, დიდუბე, ავლაბარი…

თბილისის უბნების სახელების საინტერესო ისტორიები

თბილისი ამჟამად ათამდე უბანს მოიცავს. საუკუნეების წინ, ზოგიერთ ადგილას სოფლები იყო, რომლებიც შემდეგ ქალაქს შეუერთდა. რამდენიმე უბანს ძველი სახელწოდება დღემდე შემორჩა, ზოგს კი სახელი რამდენჯერმე შეეცვალა. ამ ძველი სახელების ნაწილი თურქული ძირიდანაა წარმოქმნილი.

.

ვერე წინათ სოფელი იყო. ადრეულ საუკუნეებში მას სკვირეთი ერქვა. ისტორიულ წყაროებში ვერისხევი მე-13 საუკუნიდან მოიხსენიება. იქ მოედინებოდა მდინარე ვერე. თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტებით, „ვერე” „ვერ ნახავ”-ს ნიშნავს ანუ ისეთ ადგილს, რომლის ნახვა გაგიძნელდებათო. ვერეს ხევში არაბი ამირას საგვარეულო მამული ყოფილა. ხევის ქვემოთ მას საგვარეულო საძვალეც ჰქონია.

ვერეს სამხრეთით და აღმოსავლეთით სოფელი ვეძისი ესაზღვრებოდა. აქ ამჟამად კანდელაკის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორიებია. ვეძისი მლაშე წყალს ნიშნავს. ამ ადგილებში წყალს მლაშე გემო დაჰკრავდა და ეს სახელიც ამიტომ შეარქვეს.

მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კრწანისს ყურყუთა ესაზღვრებოდა. შემდგომ მას სოღანლუღი შეერქვა. ამ ტერიტორიას ამჟამად ფონიჭალასაც უწოდებენ. სოღანლუღი თურქულიდან ითარგმნება, როგორც სახახვეთი. როგორც ჩანს, ამ ადგილებში გარკვეულ პერიოდში ხახვი მოჰყავდათ.

ავლაბარი მეთვრამეტე საუკუნეში ჯერ კიდევ სოფელი იყო. დარეჯან დედოფლის ბრძანებით, მისთვის გალავანიც კი შემოურტყამთ. ავლაბარი რქმევია ამჟამინდელ ისნის ტერიტორიასაც. „ავლა ბარი” ქვემოდან მაღლა ასვლას ნიშნავს. ეს უბანი ქალაქის შემაღლებულ ადგილზე იყო, ამიტომაც დაარქვეს ასე.

კუკიას წინათ ახალსოფელი ერქვა, რაც ახალშენს ნიშნავს. იგი მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების მიჯნაზე აშენდა. ადრე პატარა თოჯინებს კუკებს ეძახდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, სახელი კუკია სწორედ აქედან წარმოდგა.

სახელი დიდუბე ადვილი გასაშიფრია – დიდი უბე ანუ ჩაღრმავებული ადგილი. წინათ მას ცხენის ტერფი რქმევია.

სამგორის რაიონის ძველი სახელი ნავთლუღია, რომელსაც თბილისის მოსახლეობა ახლაც იყენებს. ეს სახელი ორის სიტყვის ნაერთს წარმოადგენს – ნავთი და ლუღი. „ნავთი”-ს მნიშვნელობა ყველამ იცის, „ლუღი” კი თურქულიდან ითარგმნება, როგორც ადგილი. აქედან – ნავთლუღი ანუ ნავთის ადგილი, სანავთე.

რაც შეეხება თბილისის იმ რაიონის სახელს, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზეა – ჩუღურეთს, წინათ ამ ტერიტორიაზე ამავე სახელწოდების  სოფელი ყოფილა. ეს სიტყვაც თურქული წარმოშობისაა – „ჩოკურ”, „ჩკურ”, „ჩუხურ” ორმოს, ფოსოს, ხრამს, დაცემულ ადგილს ნიშნავს.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close