ნელი ვარდიაშვილის სტატიები

რას გვიამბობენ საქართველოს ხიდები-,,სიტყვა ,,რომის პაპი” სიტყვასიტყვით დიდ ხიდმშენებელს ნიშნავს”

,,ხიდზე მანქანა დააყენეს და ბეტონს აცლევინებდნენ. ხიდი ჩაინგრა და მანქანა თან ჩაიყოლა. ამ შემთხვევის დროს მუშებიც დაიღუპნენ..."

თბილისის ერთ-ერთ კოლორიტს ხიდები წარმოადგენს. მათი რიცხვი 64-მდეა და ზოგი მტკვარზეა გადებული, ზოგიც მშრალ ხევებზე. ისინი სხვადასხვა პერიოდშია აშენებული და თითოეულთან საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, თბილისში შემოსულმა ჯალალედინმა სიონის ეკლესიის გუმბათი მოხსნა და მინარეთად აქცია. ეკლესიებიდან ქრისტესა და ღვთისმშობლის ხატები გაიტანა, დიდუბის ხიდზე დააწყო და თბილისელებს მისი ფეხით გადათელა მოსთხოვა. ვინც დამპყრობლის სურვილი არ შეეასრულა, ამოხოცა.

მტკვარზე, მეტეხთან, ხიდის არსებობის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ მერვე საუკუნის ლიტერატურულ ძეგლებშია დაცული. მეტეხის კლდის ძირას, მტკვარზე, ერთმანეთის გვერდით ორი ხიდი ყოფილა. თბილისის დაარსებამდე კი აქ იყო სახიდე გადასასვლელი, რისი დასტურიც კლდის გადმონაშვერებია. თბილისის მეტეხის ხიდი შიდაბრძოლებისა და სხვადასხვა შემოსევების გამო მრავალჯერ დაინგრა. ხიდის მარცხენა ნაპირზე, ციხის ძირში, აბო თბილელის სახელობის სამლოცველო ყოფილა. მისი ნეშთი, აღდგენილი და განახლებული, იქ ახლაცაა.

რამდენიმე წლის წინ, თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების კათედრის გამგემ, პროფესორმა ბორის მაისურაძემ ხიდებთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიები გაგვაცნო:

_ პირველყოფილი ადამიანები მდინარეებსა და ხევებზე გადასასვლელად მოტეხილ ხეებს იყენებდნენ. პირველი ხის ხიდი, რომელიც ჩვენამდე შემორჩა, რომში სუბლიციუსის ხიდია. იგი ძვ.წთ. აღ-მდე მეხუთე საუკუნეში აშენდა. სახელმწიფოების ჩამოყალიბებას გრანდიოზული ხიდების მშენებლობა მოჰყვა. ხიდი ქვეყნისთვის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია და მას სამხედრო დანიშნულებაც აქვს. სამხედრო ხიდებს ადვილი მასალებით აგებდნენ. ძვ. წთ. აღ-ით მეხუთე საუკუნეში სპარსელებმა მოტივტივე ხიდები ააგეს ბოსფორის სრუტეს და მდინარე დუნაიზე გადასასვლელად. იულიუს კეისარმა კი გერმანელებთან ომის დროს მდინარე რაინზე 600 მეტრი სიგრძის ხიმინჯებიანი ხიდი ააგო. დიდი სამამულო ომის დროს, საბჭოთა არმია შეიარაღებული იყო გასაშლელი ლითონის ხიდებით.

საქართველოში ქვის ხიდები მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში ინტენსიურად შენდებოდა. ზოგიერთი მათგანი პირვანდელი სახით ახლაცაა შემორჩენილი. ხიდების მშენებლობა იმდენად საპატიო იყო, რომ მისი მშენებლობის უფლებას რომის პაპი იძლეოდა. თვით სიტყვა ,,რომის პაპიც” სიტყვასიტყვით დიდ ხიდმშენებელს ნიშნავს. ხიდებთან ეკლესიებს, ქარვასლებს, საჯინიბოებს აშენებდნენ. მოგვიანებით რომში ჩამოყალიბდა კავშირი ,,ერთა ძმობა” და ხიდების მშენებლობაც ბერებმა ითავეს. ასეთი საძმოები სხვადასხვა ქვეყანაში იყო. რომის პაპი იძლეოდა ინდულიგენციებს და ამით აშენებდნენ ხიდებს. ხიდმშენებლობა პროფესიად სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა.

რკინა-ბეტონის კონსტრუქციის შექმნის იდეა ფრანგ მებაღეს, ბონიერს ეკუთვნის. პირველი რკინა-ბეტონის ხიდი საფრანგეთში აშენდა. პარალელურად შენდებოდა ფოლადის ხიდები. ფოლადის ხიდი ახლაცაა შემორჩენილი მდინარე სუფსაზე, რომელიც 120 წელზე მეტს ითვლის.

თბილისის ხიდების უმეტესობა რკინა-ბეტონისაა, მაგრამ ამ ხიდების ადგილზე ხის ან ფოლადის ხიდი იყო გადებული. მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებიც ფოლადისაგან იყო დამზადებული. მუხრანთან და მშრალ ხიდთან ახლოსაც იყო ფოლადის ხიდები. ფოლადის ხიდები ისეთივე დატვირთვას უძლებდა, როგორსაც რკინა-ბეტონის ხიდები. იქ, სადაც ხიდებს ვერ აგებდნენ, წყალზე ბორნებით გადადიოდნენ.

წინათ, თბილისში, ბორანი დიდუბიდან დიღმის მასივში გადადიოდა და სოფელ დიღმის მაცხოვრებლები თბილისს ბორნით უკავშირდებოდნენ.

_ მტკვარზე ბეწვის ხიდიც იყო?

_ ხისგან ნაგები ბეწვის ხიდი მეტეხთან ახლოს იყო. მისი სურათები შემოირჩენილია. ბევრს ჰგონია, ხიდი რომ აშენდება, მუდმივად უნდა იარსებოს. მას რეკონსტრუქცია და განახლება სჭირდება, რაც იშვიათად ხდება, ამიტომ ხიდი ზოგჯერ ინგრევა.

პირველად უფლისციხეში აშენდა ბაგირზე დაკიდებული ხიდი. როცა მას ცდიდნენ, ზედ მანქანა დააყენეს და ბეტონს აცლევინებდნენ. ხიდი ჩაინგრა და მანქანა თან ჩაიყოლა. ამ შემთხვევის დროს მუშებიც დაიღუპნენ. შემდეგ იქ უკეთესი ხიდი ააშენეს.

1968 წლსი გაზაფხილზე თბილისშო, მტკვარზე , დიდი წყალდიდობა მოხდა. ხიდები ვერ დაფარა, მაგრამ წყალი სანაპიროზე გადმოვიდა. მაშინ თბილისში ხიდი არ დანგრეულა, ბორჯომში კი ერთის გარდა ყველა ხიდი დაინგრა, მხოლოდ ადრეულ ეპოქაში აშენებული ქვის ხიდი გადარჩა.

მცხეთის ხიდი, რომელიც მდინარე მტკვარზეა გადებული, უძველესი ნააგებობაა. მას ანტიკური დროის ისტორიკოსები აპიანე და კასიოსი იხსენებდნენ. ამ ხიდთან თავს იყრიდა ამერკავკასიის მთავარი გზები-დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრისაკენ და შავი ზღვის სანაპიროდან კასპიის ზღვისკენ. ძველად იგი ხისგან ყოფილა ნაშენი და ქვის ბურჯებს ეყრდნობიდა. ორივე მხრიდან ქვის მისასვლელები დახშული იყო და ასე აფერხებდნენ წყლის მსვლელობას. ვახტანგ გორგასალმა ხის მისასვლელებს თაღოვანი სარკმლები დაუმატა. წყალდიდობის დროს მოწოლილ წყალს ეს სარკმლები ატარებდნენ. მცხეთის ხიდს მაშინ მოგვთა ხიდს ეძახდნენ და ამ სახით თითქმის 14 საუკუნე იარსება. 1839 წელ მცხეთის ხიდი დაანგრიეს და  იქ თაღოვანი ხიდი ააგეს, რომელმაც 85 წელი გაუძლო. 1926 წელს კი მოშორებით ახალი ხიდი ააგეს. თქმულები მიხედვით, მცხეთის ძველი ხიდის მშენებლობა გამოჩენილ რომაელ სარდალს, პომპეუსს წამოუწყია, როცა მის მიერ დამარცხებული პონტოს მეფე მითრიდატე ივერიაზე გავლით კვალდაკვალ მისდევდა, მაგრამ, ზოგიერთი ცნობით, მცხეთის ხიდი საქართველოში პომპეუსის გამოჩენამდეც არსებობდა.

თბილისის გარეთ, ორთაჭალჰესის ზემოთ, მტკვარზე სახიდე გადასასვლელი ყოფილა. ერთ-ერთი თქმულებით, ამ ხიდის მშენებლობა საქართველოს მეფეს, ალესანდრე პირველს მიეწერება, შემდეგ ეს ხიდი დაანგრევინა შაჰ-აბას პირველმა. 1882 წელს გააკეთეს რკინის ხიდი და საბჭოთა პერიოდში მას 300 არაგველის სახელობის ხიდს ეძახდნენ. ამჟამად აშენებულია რკინა-ბეტონის ახალი ხიდი.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close