საზოგადოება

,,ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო…” _ როგორ იგებდა ტენდერებს გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, euronews.ge გთავაზობთ transparency.ge-ს სტატიას (ვბეჭდავთ უცვლელად).

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის – გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას,  შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე, 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

გიორგი ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, 1994 წლიდან მუშაობდა, ხოლო  “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2017 წლის ბოლომდე გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გიორგი ზედელაშვილის სახელი კახეთში მიმდინარე არაერთ პროცესს უკავშირდება. მისი აქტიურობა განსაკუთრებით იკვეთება ყვარელში, თელავში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ზედელაშვილი მოიაზრება ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შპს “სერპანტინისა” და გიორგი ზედელაშვილის საქმიანობა 2014-2015 წლებში გამოქვეყნებულ განცხადებასა და  ბლოგში მიმოიხილა.

კომპანიის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა

შპს “სერპანტინი” 2000 წლის 19 მაისს დარეგისტრირდა და საქმიანობს გზებისა და ხიდების მშენებლობის სფეროში. თავდაპირველად, კომპანია 1957 წელს შექმნილ “ხიდების სარემონტო სამშენებლო სამმართველოს” ბაზაზე დაფუძნდა, რომლის დირექტორად 1986 წელს დაინიშნა გივი ზედელაშვილი, გიორგი ზედელაშვილის მამა, რომლის გარდაცვალების შემდგომ მისი წილი გადაფორმდა მის მეუღლეზე, თამარ ჯანყარაშვილზე. დღეს ეს წილი 69%-ს შეადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემა მოიცავს 2011 წლიდან არსებულ ინფორმაციას. 2011-2012 წლებში, შპს “სერპანტინის” ჯამურმა ბრუნვამ 6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 5.3 მილიონი ლარი მოდის კახეთში განხორციელებულ პროექტებზე. ამ სექტორში მომუშავე კომპანიისთვის ეს არ არის დიდი მოცულობის თანხა.

2012 წლამდე შპს “სერპანტინი” იყო ერთ-ერთი რიგითი კომპანია, რომელიც მუშაობდა საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში არ იკვეთება მისი განსაკუთრებული ან დომინანტური მდგომარეობა 2012 წლის ჩათვლით, თუმცა სურათი რადიკალურად იცვლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

2013 წელს შპს “სერპანტინის” ბრუნვები 700%-ით იზრდება 2012 წელთან შედარებით.

 

2013 წელს შპს “სერპანტინის” წლიური ბრუნვა 14,621,695 ლარს აღწევს, რაც 2012 წლის შემოსავალზე – 1,867,452 ლარზე, დაახლოებით,  8-ჯერ მეტია.

კომპანია “სერპანტინმა” 2013-2019 წლებში მონაწილეობა მიიღო 171 ტენდერში, საიდანაც მოიგო 102. Მოგებული ტენდერებიდან 43 შემთხვევაში მას კონკურენტი არ ჰყოლია. უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების ჯამურმა ღირებულებამ  31 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

უკონკურენტო ტენდერები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „სერპანტინმა“ მიღებული ტენდერების 42%-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. იმ ტენდერებში, სადაც „სერპანტინს“ ჰყავდა კონკურენტი და დისკვალიფიკაცია არ ფიქსირდება, მისი შეთავაზება საშუალოდ 15 %-ით ნაკლები იყო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში კლება 28%-ს შეადგენს, ხოლო იქ, სადაც ხდება კონკურენტის დისკვალიფიკაცია, კლება არ აღემატება საშუალოდ 2%-ს. უკონკურენტო ტენდერების შემთხვევაში კი, პრაქტიკულად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების იდენტურ ფასად იგებს ტენდერებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესყიდვები

კომპანია “სერპანტინმა” მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 46 ტენდერში, საიდანაც 24-ში გაიმარჯვა, აქედან 6 მათგანში უკონკურენტოდ. ტენდერებიდან მიღებული თანხის ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 64,283,502.64 ლარი. იმ 22 ტენდერის საერთო ღირებულება, სადაც “სერპანტინმა” მონაწილეობა მიიღო და ვერ გაიმარჯვა, შეადგენს 32,451,952.11 ლარს, საიდანაც მხოლოდ 4 ტენდერის ღირებულება აღემატება 1 მილიონ ლარს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ “სერპანტინის” მიერ მოგებული 24 ტენდერიდან 17-ის ღირებულება აჭარბებს 1 მილიონ ლარს. 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერების 80 % მოიგო შპს “სერპანტინმა”.

დაინტერესებას იწვევს ისეთი ტენდერები, რომლებიც შეწყდა და ხელახლა გამოცხადების შემდეგ  გაიმარჯვა სწორედ “სერპანტინმა”. მაგალითად, სატენდერო კომისიამ ტენდერი (SPA140014906) შეწყვიტა, რადგან შპს “სერპანტინის” კონკურენტ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო თავად “სერპანტინის”  შეთავაზება – 5 444 870.00 ლარი ეძვირა. თუმცა, ხელახლა გამოცხადებული ტენდერი შპს “სერპანტინმა” მოიგო იდენტური შეთავაზებით – 5 444 870.00 ლარით.

გარდა ამისა, საფუძვლიან ეჭვს ბადებს შპს “სერპანტინის” მიერ ერთმანეთის მიყოლებით აღებული მრავალმილიონიანი ტენდერები, რომლებიც რამოდენიმე დღის ინტერვალში უფორმდება კომპანიას. მაგალითად, 4,906,910 ლარისა (SPA130014906) და 6,181,180 ლარის (SPA130014904) ღირებულების ტენდერები  “სერპანტინს” 4 დღის ინტერვალში გაუფორმდა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანში გაიმარჯვა უკონკურენტოდ და ორივე პროექტი დედოფლისწყაროში განხორციელდა.

ხშირად გვხვდება ისეთი ტენდერები, სადაც შპს “სერპანტინი” ტენდერში იმარჯვებს კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად. მაგალითად,  ერთ შემთხვევაში (DAP1700000065-დან 4 მონაწილის დისკვალიფიკაცია მოხდა და “სერპანტინმა” გაიმარჯვა

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის შესყიდვები

კომპანია “სერპანტინმა” მონაწილეობა მიიღო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 12 ტენდერში, რომელთაგან ყველა  კახეთის მხარეში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან იყო დაკავშირებული.

12 ტენდერიდან “სერპანტინმა” მოიგო 9 ტენდერი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 11,882,944.59 ლარი შეადგინა. 9-დან 2 შემთხვევაში (DEP140000007DEP150000024), კომპანიას შესყიდვის ღირებულება  ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გაეზარდა.

მუნიციპალიტეტებში მოგებული ტენდერები 2013 – 2019 წლებში

Შპს “სერპანტინის” მიერ მუნიციპალიტეტებისგან მიღებულ ტენდერებში იკვეთება გარკვეული საყურადღებო ტენდენციები, კერძოდ:

თელავის მუნიციპალიტეტში შპს “სერპანტინმა” მონაწილეობა მიიღო 43 ტენდერში, საიდანაც 29 მოიგო. 29 ტენდერიდან 15-ში იყო უკონკურენტო. თელავის მუნიციპალიტეტისგან მიღებული თანხის ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 14,292,775.84 ლარი.

  • კომპანიამ ერთსა და იმავე დღეს 2 ტენდერი (SPA130017339 და SPA130017340)  მიიღო  და ორივე უკონკურენტოდ;
  • 5 დღის ინტერვალით აქვს მიღებული 1,334,965 ლარის ღირებულების 2 ტენდერი (SPA150011561 და SPA150012756), ორივე უკონკურენტოდ;
  • 2018 წლის 13 სექტემბერს მიიღო 1,420,170 ლარის ღირებულების 2 ტენდერი (NAT180012677 და NAT180012678), ორივე უკონკურენტოდ.
  • 3 დღის ინტერვალით აქვს მიღებული 934,400 ლარის ღირებულების 2 ტენდერი  (NAT190002181 და NAT190002183), ორივე უკონკურენტოდ.

ყვარლის მუნიციპალიტეტში შპს “სერპანტინმა” 14-დან 10 ტენდერი მოიგო, საიდანაც 5-ში არ ჰყოლია კონკურენტი. ყვარლის მუნიციპალიტეტისგან მიღებული თანხის ჯამურმა მოცულობამ 5,206,512 ლარი შეადგინა.

  • 2018 წლის 3 დეკემბერს მიიღო 477,010 ლარის ღირებულების 2 ტენდერი (NAT180016606 და NAT180016543), ორივე უკონკურენტოდ.
  • 2 დღის ინტერვალით მიიღო 475,692 ლარის ღირებულების 2 ტენდერი (NAT170003474 და NAT170003478). ერთ-ერთში მოხდა კონკურენტის დისკვალიფიკაცია.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 16 ტენდერიდან 12 მოიგო, საიდანაც 9-ში კონკურენტი არ ჰყოლია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისგან მიღებული თანხის ჯამური მოცულობა შეადგენს 4,910,776.8 ლარს.

  • 2019 წლის 5 მაისს მიიღო 1,576,745 ლარის ღირებულების 2 ტენდერი (NAT190007385 და NAT190007386), ორივე უკონკურენტოდ.

კომპანია “სერპანტინმა” ჯამში 105 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მიიღო, საიდანაც 64.3 მილიონი ლარი მოდის საავტომობილო გზების დეპარტამენტზე, 29 მილიონი ლარი – კახეთის მუნიციპალიტეტებზე,  ხოლო 11.9 მილიონი ლარი კი – მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერებზე.

გამარტივებული შესყიდვები

2013-2019 წლებში კომპანია “სერპანტინმა” 2,184,482.03 ლარის ჯამური ღირებულების 12 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. ყველა  მათგანი  კახეთის მუნიციპალიტეტებში არსებულ პროექტებს უკავშირდება.

“სერპანტინის” შვილობილი კომპანია მისივე კონკურენტია

შპს “სერპანტინის” 31%-ის მესაკუთრემ, ნუგზარ ხუცაიძემ[1] 2013 წელს შეიძინა შპს “მშენებელი 2009”-ის 50% წილი, ხოლო 2018 წლის 12 სექტემბრიდან კომპანიის 100 %-იანი წილის მესაკუთრე გახდა შპს “სერპანტინი”.

2013-2019 წლებში “მშენებელი 2009”-მ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 20 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 14-ში გაიმარჯვა, მათ შორის  7 შემთხვევაში  უკონკურენტოდ.

ყურადღებას იქცევს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: 2 ტენდერში (NAT170006123SPA140006527) შპს “მშენებელი 2009”-ის კონკურენტი არის შპს “სერპანტინი”. ამ ორი ტენდერიდან ერთი (19,400 ლარის ოდენობის) “მშენებელი 2009”-მ მოიგო, ხოლო მეორე (221,117 ლარი) – “სერპანტინმა”. აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ ადგილი ჰქონდა შეთავაზებებით მანიპულაციას ტენდერის მიმდინარეობისას.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ზედელაშვილი დღეისათვის აღარ იკავებს მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში, შპს “სერპანტინის” შემოსავლები წლიდან წლამდე მატულობს, რამაც, საკვლევი პერიოდის ბოლოს 105 მილიონ ლარს გადააჭარბა. საფუძვლიან კითხვებს ბადებს კვლევაში წარმოდგენილი ტენდენციები, რომლებიც ხაზს უსვამს შპს “სერპანტინის” დომინანტურ პოზიციას სახელმწიფო შესყიდვებში და ნათლად წარმოაჩენს საეჭვო გარემოებებს, რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კორუფციულ გარიგებებთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინის” მიერ მიღებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი კომპანიისთვის ხელსაყრელი პირობების ხელოვნურად შექმნას.

წყარო: https://transparency.ge

 

Related Articles

Back to top button
Close