სიღნაღის ამბები

ქალი, რომელსაც მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ხალხურ სიმღერებს ყველაზე უკეთ მღეროდა

სიღნაღელ ვარა ჩახვაშვილს ჯანგულოვანი ხმის მქონე სირინოზს ეძახდნენ

ცივგომბორის მთის მწვერვალზე წამოსკუპებულ, დიდი ისტორიის მქონე პატარა სიღნაღს მომღერლებისა და მუსიკოსების სამჭედლოსაც უწოდებენ. საქართველოს ბულბული ვანო სარაჯიშვილი, ხავერდოვანი ხმის მქონე ჰამლეტ გონაშვილი, საოცარი ლუდა ქუფარაშვილი, კომპოზიტორები: ბიძინა კვერნაძე და სანდრო მირიანაშვილი … ზოგი მათგანი კაშკაშა ვარსკვლავად იქცა, ზოგმაც მხოლოდ გაელვება შეძლო – ჩუმად დაატკბო და მოხიბლა მსმენელი. საოცარი ხმის მქონე სიღნაღელი ქალის, ვარვარა ჩახვაშვილის ნამღერი, ხალხური სიმღერების მოყვარულებს დღემდე ახსოვთ. ამბობენ, მისნაირად  ,,დაიგვიანე“ და ,,ურმული“ არავის უმღერიაო. მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრად მუშაობდა და მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, სიმღერების პროფესიონალური შესრულებით ყველას აოცებდა. დაიბადა სიმღერისთვის და განგების ძალით, სიმღერისთვის გარდაიცვალა.

      მარინა ჩახვაშვილი, ვარვარა ჩახვაშვილის შვილი:

_ 1964 წელს ხალხური თვითშემოქმედების კოლექტივების რესპუბლიკური დათვალიერება ჩაატარეს. ცხადია, დედაც წარსდგა ამ ღონისძიებაზე. ორნი მღეროდნენ, დედა და ეთერ კაცობაშვილი. დედამ ვერცხლის მედალი აიღო, კაცობაშვილს ოქროს მედალი გადასცეს. მაშინ კაცობაშვილმა დედას უთხრა- ჩახვაშვილის ქალო, მაგ ყელში სალამური გქონიაო.

თბილისში სიღნაღელი წარმატებული ქირურგისა და კომპოზიტორის, ვახტანგ კერესელიძის 60 წლის იუბილე პომპეზურად აღნიშნეს. დედამ ანსამბლ ,,მრავალჟამიერთან“ ერთად იმღერა. მთელი დარბაზი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს. კონცერტის შემდეგ რესტორანში გამართულ საიუბილეო ბანკეტს მაშინდელი კულტურის მინისტრიც ესწრებოდა. სიმღერის მოსმენის შემდეგ დედასთან მისულა და უთქვამს, კაცებში საქართველოს ბულბული ჰამლეტ გონაშვილია და ქალებში- თქვენ. საოცარია ისიც, რომ ორივე სიღნაღელი ხართო.

აკაკი წერეთლის იუბილე უნდა გამართულიყ. დედა კულტურის სამინისტროში დაიბარეს და უთხრეს, კონცერტზე ,,დაიგვიანეს” უნდა იმღეროო. უარი უთხრა, ჰამლეტ გონაშვილი მღერის დიდ სცენაზე ამას და მე ვერ შევასრულებო. აუხსნეს, რომ ჰამლეტი გასტროლებზე იმყოფებოდა უცხოეთში და  მის გარდა ,,დაიგვიანეს“ მხოლოდ შენ თუ განდობთო. აკაკის საიუბილეო საღამო ოპერის თეატრში გაიმართა. სიღნაღი რომ გამოუცხადებიათ, ორკესტრის წევრებს ერთმანეთისთვის ირონიით შეუხედავთ. სიმღერის დასრულების შემდეგ კი  აღფრთოვანებული ორკესტრის წევრები ვიოლინოს ხემებს უტყამდნენ ინსტრუმენტებს.

1967 წელს სამშობლოს მტრად გამოცხადებული სანდრო ახმეტელის რეაბილიტაცია რომ დაიწყო, თბილისში გრანდიოზული იუბილე გადაუხადეს. სიღნაღიდან დირიჟორ ვალიკო ნანობაშვილის ანსამბლი მიიწვიეს. სულხანიშვილის ორი სიმღერა შეასრულეს: ,,მაშ გამარჯვება ტკბილო სოცოცხლევ“ და ,,დაიგვიანეს“. ოთარ თაქთაქიშვილი ესწრებოდა ღონისძიებას. დედას ნამღერი რომ მოუსმენია, გაოცებულა, როგორ შეიძლება, მუსიკალური განათლება არ ჰქონდეს ადამიანს და ასე სწორად და ლამაზად მღეროდესო?

გერმანიაში გაიმართა ქართული კულტურის დღეები და საქართველოდან მატარებლით წაიყვანეს მომღერლები, მოცეკვავეები, მზარეულები, პურის მცხობელები… მანამდე კი იყო შერჩევა- მომღერლებს უსმენდნენ და საუკეთესოებს არჩევდნენ. დედა შერჩევაზე არ დაუბარებიათ. ოთარ თაქთაქიშვილს უთქვამს, სიღნაღელი ქალის სიმღერა მოვისმინე ახმეტელის იუბილეზე და პირდაპირ ჩასვით წამომსვლელების ჯგუფში, მას შემოწმება არ სჭირდებაო. ქართული კაბა შეუკერეს და ოთარ ბერძენიშვილის ანსამბლთან ერთად ამღერეს. დედა მატარებლის კუპეში ცნობილ მომღერალ ნანული აბესაძესთან ერთად მოხვედრილა და მას მერე მეგობრობდნენ. ჰყვებოდა, ერთ-ერთი კონცერტის დროს შევასწარი თვალი, დარბაზში კაცს გვერდით პატარა შვილი ეჯდა. ჩემი გამოსვლის დაწყებამდე ბავშვი რაღაცას ელაპარაკებოდა. სიმღერა რომ დავიწყე, კაცმა შვილი ხელის გაკვრით გააჩუმა. დასრულება არ მაცადეს, დარბაზი ფეხზე წამოდგა და დიდხანს მიკრავდნენ ტაშსო. მაშინ, გერმანიის ხელისუფლებამ დედას სთხოვა, დარჩენილიყო მათ ქვეყანაში და ოჯახიც თან წაეყვანა, მაგრამ უარი განუცხადათ- ამ წინადადებას არც განვიხილავო. ამბობდა, მე ჩემს საქართველოს, ჩემს სიღნაღს და სახლს როგორ შეველევი და ვუღალატებ. ოქროში რომ ჩამსვან გერმანელებმა, მაგათი არაფერი მინდაო.

გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ამერიკიდან საქართველოში ჩამოსული იყო პროდუსერი.   დედას მოუსმინა და მანაც შესთავაზა ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლა. დედა არც მათ შეთავაზებას დათანხმდა. მერე მუსიკოსები ეუბნებოდნენ, ქალბატონო ვარვარა, საქართველო ხომ დაიპყარით და ამერიკაში რომ წასულიყავით, მსოფლიო მწვერვალებსაც დაიპყრობდითო. ძალიან უბრალო ქალი იყო – სიმდიდრესა და დიდებას არასდროს დაეძებდა.

მწერალმა და ჟურნალისტმა, სიკო ფაშალიშვილმა თავის დაბადების დღეზე ავლიპ ზურაბაშვილი და კონსტანტინე გამსახურია ჩამოიყვანა ქიზიყში. დედაც დაპატიჟა. ორი სიმღერა უმღერათ. ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ,,დაიგვიანეს“ იყო. სუფრასთანაც ერთად მოხვედრილან. მათი თხოვნით უმღერია სიმღერა დედაზე. მოგვიყვა, როცა მათკენ გავიხედე, კონსტანტინე გამსახურდია ცრემლს იწმენდდაო. პოეტი ირაკლი აბაშიძეც კარგად იცნობდა დედას. ერთ-ერთი სიღნაღური კონცერტის შემდეგ მოსწრებულად უთქვამს, ქალბატონო ვარვარა, სიღნაღიდან მივდივარ თქვენი სიმღერებით გავარვარებულიო.House purchasers are familiar with the housing market and can offer sellers competitive prices. They comprehend the complexities of selling a home and offer competitive rates and superior service. Visit https://www.housebuyers.app/florida/.

კომუნისტების პერიოდში სიღნაღში გამოდიოდა გაზეთი ,,კოლმეურნე“, რომელსაც რედაქტორობდა მწერალი ლერი ბეგიაშვილი. ბეგიაშვილისა და პოეტ მორის ფოცხიშვილის ოჯახები მეგობრობდნენ. აქედან გამომდინარე, ბატონი მორისი ხშირად სტუმრობდა სიღნაღის რაიონს. ერთხელ ბატონმა ლერიმ პოეტი რთველში დაპატიჟა და დედაც მიიწვია. მეც თან ვახლდი. ფოცხიშვილის ქალიშვილი თამრიკო და მე ცხენზე შეგვსვეს და სოფელში გაგვასეირნეს. დედას პოეტმა საკუთარი ლექსების კრებული აჩუქა წარწერით: ,,ვარა ჩახვაშვილს, ჯანგულოვანი ხმის მქონეს სირინოზს“.

ფრანგები სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში დედას ხნის ჩასაწერად. ამღერეს ყველა სიმღერა და ფირი თავიანთ ქვეყანაში წაიღეს. უამრავი ცნობილი ადამიანი იყო მოხიბლული მისი სიმღერით. ანზორ ერქომაიშვილი და იოსებ კეჭაყმაძე აღფრთივანებას არასდროს მალავდნენ და ხშირად საჯაროდ აქებდნენ. ანზორი გულში ჩაიკრავდა ხოლმე და ეუბნებოდა, ჩემი ტკბილხმიანი მომღერალიო. მაისის ბოლო კვირას სიღნაღში ვანო სარაჯიშვილისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმი იმართებოდა და მთელი მუსიკალური სამყარო აქ იყრიდა თავს. არცერთი ვანოობა არ ჩატარებულა ვარვარა ჩახვაშვილის გარეშე. მერე რესტორანშიც ეპატიჟებოდნენ. სწორედ ამ სახალხო დღესასწაულზე შეასრულა პირველად პოეტ იოსებ ნონეშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა: ,,თუ არ გინახავს სიღნაღი, ძველი ქალაქი მთაზედ“. ნონეშვილიც გაოცებული დარჩა, ისე დაატყვევა მსმენელი.

კომპოზიტორი სანდრო მირიანაშვილი დედას გულითადი მეგობარი იყო და ხშირად გვსტუმროდა. სანდროს სიმღერა ,,სადღრეგრძელოც“ იმღერა დედამ. მირიანაშვილის სიმღერები ჩაწერეს ფირფიტაზე და იქ დედას ნამღერიცაა შეტანილი. კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძე კი თანაკლასელი იყო და მასთანაც საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა.

   _ ვარვარა ჩახვაშვილს მუსიკალური განათლება რატომ არ ჰქონდა?

_  დედა ქალაქ სიღნაღში დაიბადა, ვანო ყაითმაზოვის ოჯახში. პაპა საქართველოში ცნობილ მეგარმონედ ითვლებოდა- არაჩვეულებრივად უკრავდა. პარალელურად კერავდა წაღებს (ჩექმებს) და ყიდდა. მამისგან დედასაც ჰქონდა ფეხსაცმლის კერვა ნასწავლი. პირველ კლასში დედის შეკერილი ფეხსაცმელები მეცვა. იტყოდა ხოლმე, მამაჩემს ვეხმარებოდი ჩექმების კერვაში და ,,ზაგადოვკებს“ ვუმზადებდიო. ბებიაჩემი კარგად უკრავდა დაირას. ცხადია, დედას მუსიკალურ ოჯახში გაზრდა ეტყობოდა. პატარა და-ძმებს ჩაამწკრივებდა და ამღერებდა. თუ შეეშლებოდათ რაიმე, არ პატიობდათ და წაუთაქებდათ ხოლმე. ბავშვები თავს იმართლებდნენ, გვცემს და როგორ ვიმღერებთ კარგადო? სამი წლის რომ ყოფილა, მაღალი  სიცხე ჰქონია.  ბავშვს სიცხე არ უნელდებოდა. გავარვარებულს გიტარა მოუთხოვია. ბებოს და პაპას დედამდე  სამი შვილი ჰყავდათ გარდაცვლილი და შეშინებულებს სურვილი სწრაფად აუსრულებია. გიტარის დანახვაზე ავადმყოფი ბავშვი წამომჯდარა, სიმებისთვის ხელი ჩამოუკრავს და დაუწყია დაკვრა. სიცხესაც დაუწევია და გამოჯანმრთელებულა კიდეც. სახლში, საკუთარი ძალებით კონცერტებს მართავდნენ- ბაბო დაირაზე უკრავდა, პაპა-გარმონზე, დედა გიტარაზე და ბავშვები მღეროდნენ. ოპერის არიებსაც მღეროდნენ თურმე. სკოლის შემდეგ დედამ საბუღალტრო კურსები დაამთავრა. რაიონის კულტურის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა ბუღალტრად, შემდეგ სამუსიკო სასწავლებლის ბუღალტერი იყო. სამუსიკო სასწავლებელში ჩამოსულ სტუმრებს ბუღალტრად გააცნობდნენ, მაგრამ მერე, პირს რომ გახსნიდა, ყველა გაოცებული რჩებოდა. არცერთი კონკურსიდან ჯილდოს გარეშე არ ჩამოსულა. ბოლოს ჯილდოები, სიგელები და მედლები სიღნაღის მუზეუმს გადასცა.

1966 წელს სიღნაღში გაიხსნა სამუსიკო სასწავლებელი და დირექტორად დანიშნეს კომპოზიტორი აკაკი ანდრიაშვილი. დედას ნამღერი ვისაც კი მოსმენლი ჰქონდა, ურჩევდნენ, კონსერვატორიაში, ვოკალურ ფაკულტეტზე გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ბატონი კაკო წინააღმდეგი წავიდა. ეუბნებოდა, ვოკალზე რომ ისწავლო, კლასიკურ სიმღერებს მიეჩვევი და ღმერთისგან ნაჩუქარი საოცრად ტკბილი ხმა აღარ გექნება, ამას ნუ გააკეთებო. დედა დიდ პატივს სცემდა ანდრიაშვილს და დაუჯერა. ხალხური სიმღერები მელიზმატიკებითაა სავსე. დედას კი ყელიდან სწორედ მელიზმატიკისთვის სასურველი, ჩახვეულ-ჩაგვირისტებული ხმა ამოსდიოდა. ხალხური სიმღერა რთული შესასრულებელია- მას უამრავი  ჩახვევა-ჩახუჭუჭება სჭირდება. ხალხი თავად ავრცელებდა ამ სიმღერებს, ამიტომ ნოტებზე გადატანა სირთულეს წარმოადგენს. თუმცა დედა ქალაქურ სიმღერებსაც კარგად მღეროდა. ქსოვრელებთანაც აქვს აშუღური სიმღერები ნამღერი. ცაბაძის ,,ჯარისკაცის დედას“ ისე ასრულებდა, მსმენელს გაოგნებულს სტოვებდა. რაიონში ამაყობდნენ კარგი მომღერლით. რაიკომის პირველი მდივანი დიმიტრი გელაშვილი სტუმრებს წარუდგენდათ ხოლმე და ეტყოდათ- ეს არის ჩვენი ბუღალტერ მომღერალიო. საქართველოს ტელევიზიიდან თენგიზ ნათაძე თავად ჩამოვიდა დედას ჩასაწერად და საუკეთესო სიუჟეტიც  უძღვნა.

_ რეპეტიციებს სად გადიოდა? ან სუფრასთან თუ უყვარდა სიმღერა?

_ სახლში სწავლობდა სიმღერებს და მერე, საქმიანობის დროს მღეროდა. საჭმელს ამზადებდა, მღეროდა, რეცხავდა-მღეროდა, ბოსტანს უვლიდან, მღეროდა… არანაირ საქმეს უკადრისობდა, ბარავდა, თოხნიდა,  ხეივნის ვაზს უცლიდა და ღვინოს აყენებდა. ერთხელ ცნობილი მუსიკოსი და ფოლკლორისტი ოთარ ჩიჯავაძე გვესტუმრა. დედას მოყვანილი ყურძნის ღვინო გავაგემოვნებინეთ და უთხრა, სიმღერასთან ერთად, პიპეტკით დასალევი  ღვინის დამზადებაც გცოდნიათო. 90-იან წლებში გაგვიჭირდა ცხოვრება, მამაც გარდაიცვალა, მე სტუდენტი ვიყავი. დედამ ჩუსტებისა და ღამის პერანგების  კერვა და გაყიდვა დაიწყო თავი რომ გაგვეტანა. ზამთარში რომ გავმთბარიყავით ტყეში მივდიოდით, შეშა და ფიჩხი იქიდან მოგვქონდა. ასეთი სირთულეების მიუხედავად, სიმღერის გარეშე დედა არ მახსოვს. ზოგჯერ ეუბნებოდნენ, არ იღლებიო, პასუხობდათ, არა, მთელი ჩემი ქონება სიმღერაა და მასთან ერთად საქმის კეთება მიადვილდებაო. ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა თავისი ნამღერის მიმართ. თუ რაიმე მოეწონებოდა იტყოდა, იჰ, სცენაზე ჩემი ნამღერი რომ მოწონთ, იქ ისე სად ვმღერი, აი, ახლა უნდა მოესმინათო. თვლიდა, რომ სცენაზე ღელავდა და  სახლში აუღელვებლად მღეროდა. ასაკშიც სიმღერით აკეთებდა საქმეს, მაგრამ წუწუნებდა, ხმა ძველებურად აღარ მომდევსო.

ჩემს მშობლებს ბევრი ნაცნობ-მეგობარი ჰყავდათ და სუფრასთან ხშირად ეპატიჟებოდნენ. ცხადია, ვარას რომ დაინახავდნენ, ყველას მისი სიმღერა ახსენდებოიდა და სთხოვდნენ ემღერა. მამაც ეტყოდა ხოლმე, ხალხს რას ახვეწნინებ, იმღერეო, მაგრამ დედას სიმღერაში ამფსონი თუ არ ჰყავდა, არ მღეროდა. ხშირად უთქვამს, მრავალხმიან სიმღერას ვერ გავაფუჭებო. ჩემი მეგობრები რომ მოდიოდნენ სტუმრად, დედასთან ერთად ვმღეროდით. გოგონებს ისე უყვარდათ მასთან შეხმატკბილება, ეშმაკური მეთოდი მოიგონეს. ყოველ ჯერზე ეუბნებოდნენ, ვარა დეიდა, ახლა ამდენი სიმღერა გმართებთ და ახლა იმდენიო. ერთხელაც ხუმრობით უთხრათ, შვილო, სულ როგორ მმართებს და ვერ ამოვედი თქვენი ვალიდან, მოიტა, ყველა ვალი ერთად უნდა გადავიხადოო.  ერთადერთი შვილი ვყავდი, მაგრამ მკაცრად მექცეოდა. ჩემი მიღწევები არასდროს აკმაყოფილებდა, კრიტიკულად უდგებოდა ჩემს ყოველ ნაბიჯს, რაზეც ხშირად ვკამათობდით. დედამ ნოტები არ იცოდა და არც ის შეეძლო, სიმღერა ესწავლებინა სხვისთვის.  7 სიმიან გიტარაზე სმენით აწყობდა სიმღერებს. ერთხელ ვთხოვე, გიტარაზე დაკვრა ესწავლებინა ჩემთვის. მითხრა, ვერ ისწავლი და ტყუილად დროს დაკარგავო. განაწყენებულმა მეც სმენით ვისწავლე. როცა მასთან დავუკარი შემაქო, ყოჩაღ, მე მასე კარგად არ გამომდისო. მას შემდეგ თვითონ გიტარას აღარ უკრავდა და მთხოვდა, შენ დაუკარიო.  ხშირად უთქვამს გულისწყვეტით, ნეტავ კონსერვატორიაში ჩამებარებინაო. სიმართლე გითხრათ, მუსიკოსობა არასდროს მდომებია, მაგრამ დედის ხათრით მოვეწყე კონსერვატორიაში. ხმით დედას ნამდვილად არ ვგავარ, მაგრამ მის მიერ შესრულებულ ყველა სიმღერას ჩემთვის ვმღერი. ოჯახში დედაჩემის ნამღერი მხოლოდ რამდენიმე სიმღერა შემოგვრჩა. მაშინ ტექნიკა ასეთი ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი არ იყო და ვერ ჩავიწერეთ.

დედა 2000 წელს, 72 წლის ასაკში ძალიან უცნაურად გარდაიცვალა. იმ დროს მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავდნენ. საზოგადოებრივი ტელევიზიიდან რეჟისორი ბორია მარგველაშვილი იყო სიღნაღში ჩამოსული. ჩვენს სახლში ცხოვრობდა რამდენიმე დღე და ერთად წერდნენ სცენარს. უნდოდათ ეჩვენებინათ, როგორი იყო უბადლო მომღერალი ოჯახში, მეუღლესთან, შვილთან. როგორ აკრავდა თონეში პურს, როგორ უვლიდა ბოსტანს, როგორ კერავდა ფეხსაცმელებს და ა.შ. დედა ძალიან ემოციური ადამიანი იყო და მთელი ამ პროცესის განმავლობაში ნერვიულობდა, განიცდიდა. იმ დღეს სიღნაღის მერთან წავიდა რეჟისორთან ერთად. მასთანაც უნდა შეეთანხმებინათ ფილმის სცენარი. სანამ შეხვდებოდნენ, მისაღებში წნევამ დაარტყა. მაშინაც მერი მალხაზ ბეგიაშვილი იყო. ყველანაირად ეცადა, რომ გადაერჩინა, პროფესორი თბილისიდან საკუთარი ხარჯებით ჩამოუყვანა, წამლები მოუტანა, მაგრამ ვეღარაფერმა უშველა. მისი ცხოვრება სიმღერით დაიწყო და სიმღერის გამო გარდაიცვალა.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close