საზოგადოება

მშობლის ღია წერილი განათლების მინისტრს იტალიიდან

ფეისბუქმომხმარებელი, ლელა თოლორდავა, სოციალური ქსელის საშუალებით განათლების მინისტრს შემდეგი შინაარსის ღია წერილს უგზავნის:

“ღია წერილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს!!!განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ბატონო მინისტრო, ეს ფოტო იტალიის უკიდურეს სამხრეთში, ქალაქ რეჯჯიო დი კალაბრიაში იტალიის დროით 14:07 საათზეა გადაღებული. ეს სკოლის შენობა გახლავთ და ამ დროს არცერთი მოსწავლე არ არის სკოლაში, უკლებლივ ყველა მოსწავლე სახლშია , უკვე ნასადილები და დიდი ალბათობით დაძინებული, რადგან აქ 14:00 -დან 16:00-მდე მკვდარი საათია… ამ დროს საქართველოში 17:07 საათია. ჩემი მონატრებული შვილი კი ჯერაც არ მისულა სახლში და იცით რატომ?! იმიტომ, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ პირდაპირ მასწავლებელთან მიდის. ერთთან კი არა, სულ მცირე ოთხთან,სახლში რომ მიდის კარგა ხნის დაღამებულია… ასეა მისი თითქმის ყველა თანაკლასელი, პარალელკლასელი, თანასკოლელი, თანაქალაქელი და ზოგადად საქართველოს საჯარო სკოლების თითქმის ყველა დამამთავრებელი( და არა მარტო) კლასების მოსწავლეები. ჩემი შვილი მე- 11 კლასის წარჩინებული მოსწავლეა, მაგრამ სკოლაში მიღებული ცოდნით შიშობს საატესტატო გამოცდების ღირსეულად ჩაბარებას. სწორედ ამან გამხადა იძულებული გადმოვხვეწილიყავი უცხო ქვეყანაში, რათა შემძლებოდა კერძო მასწავლებლებთან სწავლის საფასურის გადახდა. და ეს საფასური არც ისე მცირე თანხაა, ყოველ შემთხვევაში რეგიონში მომუშავე ჟურნალისტის შემოსავალს ბევრად აღემატება. ერთი საგნის მომზადება საატესტატო გამოცდისთვის 500 ლარია, ოთხი ასეთი საგანი,ზედ დამატებული უცხო ენები და მათემატიკა, რომლის საფუძვლიანი ცოდნა სამომავლოდ გაგვიადვილებს უნარების სწავლას… თვეში 400 ლარი მარტო მეთერთმეტე კლასში მყოფ ჩემს შვილს, მეორე შვილიც მყავს და ის მე-9 კლასში სწავლობს, მასაც აქვს ორი გამოცდა და უთქმელადაც მიხვდებით , რომ ისიც ემზადება … თითქმის 600 ლარი მჭირდება თვეში, რომ პირნათელი ვიყო მასწავლებლებთან… აღარაფერს ვამბობ ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორებთან მომზადებაზე და იმ კოლოსალურ თანხებზე, რომლითაც შეფასებულია ესა თუ ის საგანი. აქ უკვე ლარზე ბოდიში, აქ დოლარებზეა საქმე…თქვენ ხომ არ გაქვთ იმის ილუზია, რომ საჯარო სკოლაში მიღებული ცოდნით აბარებს აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებს ?!

ბატონო მიხეილ, არ იფიქროთ პირად პრობლემაზე გაკარგვინებდეთ ძვირფას დროს, ეს პრობლემა დგას თითქმის ყველა ოჯახში, სადაც სკოლის მოსწავლეა. ამ პრობლემის გამო ძალიან ბევრმა დედამ დატოვა შვილები და გადმოიხვეწა საზღვარგარეთ. ვინც ვერ გაიღო შვილის მომავლისთვის ეს შეუფასებელი მსხვერპლი თავში ხელებს იცემს და კრედიტებს იღებს ბანკებიდან იმის იმედად, რომ გამოჩნდება რაღაც. არიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს თანხა პრობლემა არ არის და ამ თემაზე საუბარი უაზრობად მიაჩნიათ. თუმცა ასეთებს თავიანთი შვილები პრესტიჟულ ე.წ. ფასიან სკოლებში დაჰყავთ.

ბატონო მინისტრო, ეჭვგარეშეა გადახედავდით გასული წლის განათლების სამინისტროს მუშაობის შედეგებს, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია თქვენი განათლების დონის პატრონი დათანხმებოდა მინისტრობას, ნახავდით რა სამარცხვინო შედეგი დაიდო საატესტატო გამოცდებზე, ათასობით მოსწავლემ ვერ აიღო საჯარო სკოლის ატესტატი. და იცით რატომ? იმიტომ, რომ მშობელს არ ჰქონდა საშუალება კერძო მასწავლებლებთან მოემზადებინა შვილი და რაც ისწავლა სკოლაში სახეზეა… სწორედაც საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეებია საქართველოს საჯარო სკოლების რეალური სახე. წარჩინებულ მოსწავლეებს ნუ დაიბრალებს რომელიმე საჯარო სკოლა, ეს ჩვენი მშობლების და კერძო მასწავლებლების დამსახურებაა!!! ნურც ,, ოქროს მედალოსნებით” იამაყებს სკოლა, რადგანაც მშობელს მართლა ოქროს ფასი უზის ეს ოქროს წყალში ამოვლებული მედალი, ათასობით ლარი ….

ბატონო მინისტრო, შორსა ვარ იმ აზრისგან , რომ სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები არ გვყავდეს, გვყავს და არც ისე ცოტა. მაგრამ რა ხარისხით უნდა ასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს, როცა იმის ფიქრითაა მოცული, როგორ იშოვოს საარსებო ფული. იმედია მოგეხსენებათ, რა სამარცხვინო გასამრჯელოც აქვათ საჯარო სკოლებში პედაგოგებს. რადგან სახელმწიფომ უყურადღებოდ დატოვა ის ხალხი, ვის ხელშიც არის ქვეყნის მომავალი, მათაც იპოვეს გზა და ,,საშინაო სკოლები” გახსნეს. მეც ასე მოვიქცეოდი, პედაგოგი რომ ვიყო. მართალია ბავშვობაში მეგონა, რომ მასწავლებელი საჭმელს არ ჭამდა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ისინი ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, მათაც იგივე პრობლემა უდგათ, როგორც ყველა დანარჩენს.

ბატონო მინისტრო, იმედია თქვენი განათლების და გამოცდილების პატრონს შეგწევთ ძალ-ღონე და გამბედაობა იმისა , რომ ძირეულად შეცვალოთ განათლების სფერო. თქვენს ადგილზე, აუცილებლად გავაუქმებდი საატესტატო გამოცდებს იმ დრომდე, ვიდრე სკოლაში განათლების დონე არ აიწევდა. გავაუქმებდი უფუნქციო მე-12 კლასს, რამეთუ დამერწმუნეთ, არცერთი მეთორმეტეკლასელი არ დადის სკოლაში, ყველანი რეპეტიტორებთან დადიან. იმ ხელფასს, რომელსაც სახელმწიფო გასცემს მეთორმეტე კლასის სწავლებისთვის წყალში გადაყრილი თანხაა, არ მგონია ისე მდიდარი იყოს ჩვენი ქვეყანა, გადასაყრელი ფული ჰქონდეს.

ბატონო მიხეილ, ჩემი თავისუფლების ყველა დღე არ მეყოფა იმ პრობლემის ჩამოსათვლელად, რაც თქვენს სფეროშია. ადამიანურად გითანაგრძნობთ ,,ნუცას სკოლები” გერგოთ მემკვიდრეობით, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ნუცას სკოლები და სისტემაზე განაწყენებული მშობლები. აღარაფერს ვამბობ უხარისხო სახელმძღვანელოებზე, რომელიც ისეა შედგენილი მოსწავლემ დამოუკიდებლად აზრი ვერ გამოიტანოს. აიღებ სახელმძღვანელოს ხელში და ვერ ხვდები ისტორიაა თუ გეოგრაფია, ფიზიკაა თუ ქიმია… რამდენი რამ გავიხსენო, რამდენი ერთი ჩამოვთვალო. სწორედ ამ განუკითხაობის , კორუფციული განათლების სფეროს მსხვერპლი მშობელი ვარ, საკუთარ პროფესიაზე უარი რომ მათქმევინა და უცხო ქვეყანაში ბადანტეობა მომისაჯა!!!

მე ეს არ დამიმსახურებია, ვინც იცის ჩემი ბიოგრაფია დამეთანხმება. ამისთვის არ მითენებია წიგნის კითხვაში ღამეები, რომ 85 წლის იტალიელ ბაბუს, ყოფილ მატარებლის მემანქანეს, ვემსახურო. და ამაში ლომის წილი თქვენს სამინისტროს მიუძღვის!!!

ბატონო მიხეილ, ყოველ ოთხშაბათს 14:00- დან 20:00 საათამდე თავისუფლების საათები მაქვს, მოვდივარ ზღვის პირას და დარდებს ვატან ზღვას. დღეს დარდები ზღვას აღარ გავატანე და თქვენ გამოგიგზავნეთ ღია წერილად. მინდა მჯეროდეს, რომ გულთან მიიტანთ ჩემს გულისტკივილს და დამეხმარებით სახლში დაბრუნებაში. გააუქმეთ საატესტატო გამოცდები და ამით ბევრ დედას დააბრუნებთ შვილებთან .

და ბოლოს, თუ ვერ შეძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას, დამითმეთ თქვენი ხელფასი, რომლითაც შევძლებ მასწავლებლების ფულის გადახდას, იმედია 600 ლარს აღემატება თქვენი გასამრჯელო. და დავბრუნდები სამშობლოში, ჩემს მონატრებულ შვილებთან.

ბატონო მიხეილ, ჩემი სამშობლოში დაბრუნება თქვენს ხელშია!!!

პატივისცემით ლელა თოლორდავა

P.S. უკლებლივ ყველა მეგობარს გთხოვთ, დამეხმარეთ ამ წერილის მინისტრამდე მისვლაში!!!

გააზიარეთ, გთხოვთ!!!!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close