საზოგადოება

რა მისწერა 2007 წლის 7 ნოემბრის ღამეს შალვა ნათელაშვილმა მეუღლეს და რა ვითარებაში დაიკარგა ეს წერილი

,,2007 წლის 7 თუ 8 ნოემბერია. ის-ისაა ხელისუფლებამ ტელევიზიებში მძიმე მუსიკის ფონზე, ფარული კადრები გამოაქვეყნა, თუ როგორ ესაუბრება შალვა ნათელაშვილი რუსეთის საელჩოს წარმოამდგენელს თუ ელჩს (არ მახსოვს), როგორ ჩამოდის მანქანიდან,  შედის საელჩოში და გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნიკა გვარამიამ სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა.
ჟურნალ ,,სარკეს“ პოლიტიკური ჟურნალისტი ვარ. გაოგნებული მივჩერებივარ ტელეეკრანს, ვერაფერს ვიგებ. პოლიტიკოსი რომ საელჩოში შედის, ან საუბრობს, ეს კომპრომატია?! მერე ჩემს მეგობარს, ბელა ალანიას ვურეკავ. ტირის…. ცივი დღეა, ვიცვამ და გავდივარ. გზადაგზა ჩემს ახლო მეგობრებს ნელი ვარდიაშვილს და ირინე მჭედლიძეს ვურეკავ, ნელი ,,ალიას“ ჟურნალისტია, ირინე ,,სარკის’, ვფიქრობ, რომ ბევრი ჟურნალისტი და ამბის მთქმელი ერთად, უფრო კარგია, მეტი დაცვაა….
ბელა ნამტირალევია. სახლში მხოლოდ შეშინებული ბავშვები _ ბექა, დაკო და საწოლში ჩავარდნილი ბებია არიან. მერე რეკავს ბელას ბავშვობის მეგობარი და სთავაზობს, ბავშვები ჩემთან გამოუშვი, რა იცი, რა ხდებაო… ბავშვებს ვუშვებთ და ველოდებით…. რას, არ ვიცით… შალვა პარტიის ოფისშია, ვერც ვეხმიანებით, ვიცით, უსმენენ…. მერე მოდის შალვას დაცვის წევრი და ბელას ეუბნება შალვას დანაბარებს რომ ბავშვებთან ერთად სახლიდან წამოვიდეს ჩემთან სოფელში. ჩვენი მეგობრობის ამბავი ცნობილია და ჩემთან ყოფნა _ საფრთხილო. ირინა და ნელი, რომელმაც ის ისაა გაიცნეს ბელა, დაუფიქრებლად სთავაზობენ საკუთარ ოჯახებს. ნელისთან ვწვეტთ წასვლას, სიღნაღში, ვაქირში…. ნათელაშვილების ეზოში საეჭვო მანქანები შეინიშნება, ბელა პარიკს იკეთებს და ჩვენ გამოვდივართ. ცოტა მოშორებით ,,ტაქსში“ ვსხდებით და კახეთში მივდივართ….ვიცით, რომ შალვაც გასულია, ოღონდ სად_ არ ვიცით…
ნელის დედა და მამა გულში იხუტებენ ბელას. ვტოვებთ და მაშინვე ვბრუნდებით…. ( ბავშვები ორი დღის შემდეგ ჩამყავს ახლობლის მანქანით)…
მერეა ბევრი ნერვიულობა, შიშები, ჩვენზე – ,კუდები“, თავზარდამცემი განცხადებები ,,სამშობლოს ღალატზე“… მერე ამერიკის ადმინისტრაციის ჩარევით, მიშა სააკაშვილის განცახდება,  გამოძვრეს ნათელაშვილი, არ ვიჭერთო….
ეს ცნობილი ისტორიაა და წვრილმანებს აღარ მოვყვები. მხოლოდ ერთ მონაკვეთს გავიხსენებ, რომელსაც ბელა ალანია დღემდე მსყავედურობს.
იმ დღეებში მხვდება შალვას დაცვის წევრი და ჩუმად ხელში რაღაცას მიდებს. შალვას წერილია, ბელას მიეციო. კაფეში შევდივარ, ჯიბიდან ვიღებ და რატომღაც ჩექმაში ვიდებ ( ჩემი ჭკუით უფრო უსაფრთხოდაა). ბელა კახეთშია, მხოლოდ შორიდან, გაკვრით ვიგებთ ამბებს ნელის მამისგან. აღარ ჩავდივართ…. მეორე საღამოს რაღაც ეჭვი ამეკვიატა, რა იცი რა ხდება, ვიცოდე რას წერს შალვა, იქნებ წერილი ვერ ჩავუტანო, მაგრამ სიტყით მაინც გავდაცე თქო და ძალიან ცუდ რამეს ვაკეთებ_ ვკითხულობ.
წერილი პატარა, ნახევარი გვერდიც არაა…ციტირებებით არ შემიძლია, ბუნებრივია გახსენება, მაგრამ რამაც ძალიან გამაოცა მაშინვე, ის იყო, რომ წერილის ავტორი, რომელიც ფიქრობდა რომ შეიძლება ვეღარასოდეს ენახა ცოლი, ოჯახი და ძირითად აქცეტს სამშობლოზე აკეთებდა. ცოლს უყვებოდა, რომ სამშობლოა მისთვის ყველაფერი და რამდენი სიცოცხლეც არ უნდა ჰქონდეს, ყველა ჯერ მისთვის ექნება… მერე იყო თხოვნა, რომ თუ თვითონ რამე დაემართებოდა, შვილები სამშობლოს სიყვარულით გაეზარდა და ბოლოს მოკრძალებულად, მთის კაცის ძუნწი ნათქვამი, რომ ძალიან უყვარს და აფასებს, რომ ცოლმა მისი ცხოვრებით იცხოვრა და მისთვის ბევრი რამ დათმო….
როგორც ვიეჭვე, იმ წერილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია. იმ ღამეს ჩემი სახლის კარზე საშინელი ბრახუნი იყო… ძილშივე ვიფიქრე, რომ ,,მოვიდნენ“ და პირველი რაც გავაკეთე, წერილი დავხიე წვრილად და უნიტაზში ჩავყარე… მეორე დღეს მეზობლმა თქვა, ვიღაცას ეძებდნენ, ჩემთანად დააბრახუნეს, მისამართი შეეშალათო…
ასე იყო თუ ისე, ქალბატონ ბელას რამდენჯერაც გაახსენდება ეს ამბავი, იმედენჯერ საყვედურებით მავსებს. ძლივს მოუფიქრებია სიყვარულის ახსნა ,,ამ კაცს“ და ისიც ვერ წავიკითხე, შენს გამოოო. შენ კი არა, სამშობლოს უხსნიდა და სამშობლომ წაიკითხა თქო _ ვუგებ ნიშნს….
ყოველი 7 ნოემბერს ის და კიდევ სხვა მძიმე წუთები მახსენდება…” _ წერს ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close