საზოგადოება

მისი უსულო სხეული სისხლში ცურავდა… – აგვისტოს ომს შეწირული ექიმი

    ,,გოგა აბრამიშვილი! ექიმი რომელმაც ევაკუაციის მიუხედავად არ დატოვა გორის ჰოსპიტალი და რუსული ვერტმფრენიდან გახსნილი ცეცხლით დაიღუპა. დღეს გორის ჰოსპიტალი გოგას სახელობისაა“ _ წერს სოციალურ ქსელში მალხაზ თოფურია.  ici.ge-ზე აგვისტოს ომს შეწირულ გმირ ექიმზე თორნიკე ყაჯრიშვილი წერს:

„2008 წლის 12 აგვისტო, ღამის 2 საათი. გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზო. ჩაბნელებულ საავადმყოფოში შემორჩენილი სამედიცინო პერსონალი ეზოში სიგარეტის მოსაწევად გამოდის. რამდენიმე წამი და… – „დაწექით!” – ისმის ერთ-ერთის განწირული ყვირილი. ყველა მიწაზე წვება, მხოლოდ ერთი არ იძვრის. ჰოსპიტლის ეზო წამში კვამლში გაეხვია. გადარჩენილი მედპერსონალი ერთმანეთს ეხმიანება. „ცოცხლები ხართ?!” – ისმის ქალის კივილი… მას ორი თანამშრომელი პასუხობს: „ცოცხლები ვართ!” კიდევ ერთის ხმა გაისმა: „გადავრჩით?!” მხოლოდ გოგა აბრამიშვილი არ იღებდა ხმას. მისი უსულო სხეული სისხლში ცურავდა… აქ კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე დასრულდა და აგვისტოს ომის გმირი დაიბადა…

11851217_859851627428325_1624175246_n

 

11 აგვისტოს, როდესაც გორში ევაკუაცია გამოცხადდა, გოგა აბრამიშვილს საავადმყოფოს დატოვება არც უფიქრია. იცოდა, რომ ყოველ წუთს შეიძლებოდა მიეტანათ რუსებს საჰაერო იერიში ჰოსპიტალზე, როგორც ერთ-ერთ სტრატეგიულ დაწესებულებაზე. შებინდებისას შენობაში სინათლე გაითიშა.

ნანა გვერდწითელი, გოგას მეუღლე: „გოგას ხშირად უწევდა მივლინებაში წასვლა არცთუ ცოტა ხნით. ამიტომაც გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე წელი ველოდი, რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ ახლა აღარ ველოდები, რადგან ვიცი, რომ აღარ მოვა, დავუბრუნდი მწარე რეალობას. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო. ასე არ არის, უბრალოდ, ადამიანები ვსწავლობთ­ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას. ბავშვების გამო ჩვენს ოჯახში ტირილი აიკრძალა. მათ გამო დავივიწყე ცრემლიც და გოგაზე საუბარსაც ოჯახში ტაბუ დავადეთ. გოგას საოცრად ჰგავს ჩვენი ვაჟი, თენგო, გამოხედვით, საუბრის მანერით და როდესაც ამას ახლობლები ეუბნებიან, მასზე ბედნიერი არავინაა.

ბავშვები არასოდეს არ სხდებიან მამის მოსახსენიებელ სუფრასთან. საფლავზე რომ გავდივართ, მაშინაც არ ვსაუბრობთ გოგაზე, როგორც გარდაცვლილზე. გოგა 1967 წელს სიღნაღში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მეორე კურსიდან ჯარში გაიწვიეს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ქირურგად ჯერ რესპუბლიკურში მუშაობდა, შემდეგ პოლიკლინიკაში, მერე გვარდიაში გადაიყვანეს… საველე-სამედიცინო ბატალიონის უფროსი იყო. შემდეგ ეუთოში მუშაობდა. 2008 წლიდან გორის ჰოსპიტალში მუშაობდა ტრავმატოლოგად…„ჯარიდან რომ დაბრუნდა, მალევე დავქორწინდით. ტყუპი გოგონა შეგვეძინა, შემდეგ ბიჭიც. ახლა გოგონები 24-წლისანი არიან, თენგო – 14 წლისაა.

„ბოლო შეხვედრა” _ ომის დროს შვილებსა და დის ოჯახთან ერთად ზღვაზე ვიყავი. 10 აგვისტოს, როცა რუსები ფოთშიც შემოვიდნენ, წამოსვლა გადავწყვიტეთ, შვიდი ბავშვი გვახლდა. გზიდან გორში დავრეკეთ და გვითხრეს, გორის მაგისტრალზე, რუისთან სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი ააფეთქეს და არც იფიქროთ ჩამოსვლაო, ამიტომ ახლობლებთან ჩავედით ხარაგაულში. 11 აგვისტოს ჩემმა დამ დაიჟინა, გოგას დავურეკოთ, ვუთხრათ, როგორ გვიყვარსო. მაშინ ამაზე მეცინებოდა, ვიცოდი, გოგაც გაიცინებდა, რადგან ყოველთვის მკაცრად აკონტროლებდა ემოციებს,­ მაგრამ მაინც დავრეკეთ და საუბარი მოვახერხეთ. აქ სიმშვიდეა და ტყუილად ნერვიულობთო, დაგვამშვიდა.

12 აგვისტოს, გამთენიისას, ჰოსპიტალი დაბომბეს და გოგა დაიღუპა. გოგა სამუშაო დღეებს გორში, ჩემს მშობლებთან ატარებდა, თბილისში მხოლოდ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, ომის დღეებში კი ჰოსპიტალი არ დაუტოვებია, მიუხედავად იმისა, რომ ევაკუაცია გამოაცხადეს, არ უღალატა თავის პროფესიას და იმ ჯარისკაცებს, ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა. 27 ივლისს დამირეკა და მთხოვა, გორში ჩამოდიო. მე სიღნაღში ავადმყოფი დედამთილისა და ჩემი შვილების მოსანახულებლად ვიყავი. მისგან იმდენად მოულოდნელი იყო ეს თხოვნა, რომ ავფორიაქდი. 30 ივლისს გორში წავედი, გოგასთან…

როგორ მინდა, აგვისტოს თვე ამოვშალო კალენდრიდან. მძულს ეს თვე… გოგას დაღუპვის წლისთავზე მამაჩემი გარდაიცვალა, ნერვიულობას გადაჰყვა. ბოლო ერთი წელი თითქმის აღარ ლაპარაკობდა. პირველად ჩემმა მშობლებმა გაიგეს გოგას დაღუპვის ამბავი, მათ გადმოასვენეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით. მე არ მინახავს გოგას დასახიჩრებული სხეული”.

11881022_859851594094995_1234979082_n

 

დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი და სიღნაღში ქუჩა, სადაც ბავშვობა გაატარა, მისი სახელობისაა. ნანა გვერდწითელიც მეუღლის სახელობის ჰოსპიტალში მუშაობს.“

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close