ჯანდაცვა

,,ის უნდა მოვიდეს, ვისაც შეუძლია, ეს პროცესი მართოს”_ ,,გამოვრიცხავ, რომ რატიანი მე მგულისხმობდა”

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ ლევან რატიანს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ახლა ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია და მოვიდეს ის, ვისაც შეუძლია, პროცესი მართოს.

“საკმაოდ თავდაჯერებული განცხადება იყო, მაგრამ მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია და მხოლოდ ამ კომპონენტით მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა”. – ასე პასუხობს ტიკარაძე, ჟურნალისტის კითხვას, თვლის თუ არა, რომ რატიანი ამ განცხადებით თავად მას გულისხმობდა.

“თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ვინაიდან, მე ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს”. – ამბობს ტიკარაძე.

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

შეგახსენებთ, რომ ლევან რატიანმა განაცხადა: ,,ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება, ექიმები ვერ ეხმარებიან. ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, რაც კი რამე გააჩნია, ვისაც ვერ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც შეუძლია, რომ ეს პროცესი მართოს.

… ყველამ ყველაფერი, კიდევ ერთხელ, უნდა დავივიწყოთ. რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა გადავარჩინოთ, ამოსავალი წერტილი ეს არის დღეს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close