სამართალი და კრიმინალი

11 წლის ლევან ლომიძე, რომელიც მეზობელმა და მოგვარემ გააუპატიურა, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

მთელი საქართველო შეძრა ხარაგაულის რაიონ სოფელ ხუნევში მომხდარმა შემზარავმა ამბავმა: 11 წლის ლევან ლომიძე უმცროსმა და-ძმამ საკუთარ ეზოში ხეზე ჩამოკიდებული ნახა. ბავშვი სასწრაფო დახმარებამ ქუთაისის საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანა. მას თან თანასოფლელებიც გაჰყვნენ… ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს, ბიჭი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. სოფელი მის ჩამოხრჩობას ამოუხსნელ სუიციდს მიაწერდა და შემზარავი დანაშაული საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გარდაცვლილის მრავალჯერადი გაუპატიურება დაადასტურა.

“დედა ერთი კვირის მანძილზე შვილის ტანჯვას უყურებდა – ბავშვს თურმე არ ეძინა, თუ ჩათვლემდა, მაშინვე წამოვარდებოდა და დედას ეუბნებოდა, ახლოს დამიჯექიო. სიკვდილამდე სამი დღით ადრე თავის საშინელი ტკივილები დაეწყო. დედა გამაყუჩებელს ასმევდა და ეკითხებოდა, მასე რად ხარო? ლევანი კი არაფერს ეუბნეოდა… “- ყვება ლომიძეების მეზობელი.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ წარმოებულმა გამოძიებამ საზარელი ფაქტი დაადასტურა: ბიჭუნა სექსუალურ ძალადობას განიცდიდა თანასოფლელისა და მოგვარის, 20 წლის რეზო ლომიძის მხრიდან.

კიდევ ერთი ნაამბობი გარდაცვლილი ბიჭუნას თანასოფლელისაგან :
“- ვერ ვხსნიდით, რატომ ჩამოიხრჩო ლევანმა თავი, მისგან ეს წარმოუდგენელი იყო. მართალია, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და ლევანის გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ბავშვები არ იყვნენ ღირსებაშელახულები. ლევანი ამაყი ბავშვი იყო, მას თავის მოკვლაზე იმიტომაც არ უნდა ეფიქრა, რომ საზრუნავიც ჰქონდა – როცა დედ-მამა შრომობდა, ლევანი და-ძმებს დიდივით პატრონობდა. რამდენჯერ დაგვინახავს, ტყემალი რომ ტყემალია, იმდენს მოწყვეტდა, თავის და-ძმისთვის გაენაწილებინა… თურმე რაში ყოფილა საქმე! ეს გაუგონარი უბედურება, რაც მეზობელმა დამართა, ლევანის დაკრძალვამდე ორი დღით ადრე გაიგო ოჯახმა.

მისი უბედური მამა წინა დღეს რომ ტიროდა, – შვილო, ეს საშინელება რატომ გააკეთე, თავი რატომ მოიკალიო? მეორე დღეს, უკვე ექსპერტიზის პასუხი რომ გაიგეს, დედამისი მოთქვამდა, – შვილო, შენი მკვლელი, რეზი ლომიძე ჩვენთან ერთად გელოდებოდა საავადმყოფოში, რომ მომკვდარიყავი. ჩვენ რომ ვლოცულობდით, გეცოცხლა, ის იმას ნატრობდა, რომ ისე მომკვდარიყავი, ვერაფერი გეთქვა, იმან გვაჯობაო…

სანამ ლევანი ცოცხალი იყო, საავადმყოფოს ეზოში იმდენ ხანს ვიდექით, რომ მოგვშივდა და იქვე ხაჭაპურები ვიყიდეთ, იმაზეც კი მოვიდა და მიირთვა! ეგ რა არის, ბავშვი რომ უნდა მიესვენებინათ სახლში, ლევანის უბედური ოჯახი ოთახს ათავისუფლებდა, სადაც უნდა დაესვენებინათ და იმათაც კი ეხმარებოდა ამ ოთახის დაცლაში. მეორე დღესაც სახლში იყო, პოლიცია რომ მოვიდა და წაიყვანა, მაგრამ სოფელს მაინც არ სჯეროდა ეს ამბავი, სანამ ტელევიზიამ არ გამოაცხადა, ბრალდებულმა დანაშაული აღიარაო. მერე მიცვივდა ხალხი და სახლი დაუწვა. მაგრამ უკეთესი იყო, თავადაც შინ ყოფილიყო და გამოეწვათ! როცა იქნება ციხიდან გამოვა და ცოცხალი დარჩება. ეგ კი ცოცხალი არ უნდა დარჩეს! ”

შეგახსენებთ, რომ გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილს რეზო ლომიძეს გამწარებულმა მეზობლებმა სახლ-კარი გადაუწვეს. ლომიძემ თავად აღიარა, რომ ბიჭი რამოდენიმეჯერმე გააუპატიურა, თუმცა ჯერ კიდევ დაუდგენელია, ბავშვმა მართლაც მოიკლა თავი თუ ბრალდებულმა მოკლა და შედეგ ჩამოკიდა ხეზე. სოფელი მოითხოვს, რომ რეზო ლომიძე მათ გადასცენ, რათა ლინჩის წესით გაასამართლონ.

წყარო: ტელეკომპანია“თრიალეთი”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close