,,თუ რაიმე გვაქვს უარყოფითი, ეკლესიისგან, ქრისტესგან განშორების შედეგად”
თუ რამე კარგი გვაქვს, ეს ქრისტიანულ ეკლესიასთან თანაზიარობის შედეგად გვაქვს, თუ რაიმე მანკიერება – ეკლესიისგან, ქრისტესგან განშორების შედეგად, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ დღეს სამებაში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
სამების ტაძარში წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამეუფეო წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, მეუფე თეოდორესთან ერთად აღავლინა.
მსახურების დასრულების შემდეგ მეუფემ ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და ანდრია პირველწოდებულის ღვაწლის შესახებ ისაუბრა.
მეუფე შიოს თქმით, წმინდა ანდრია მოციქული ჩვენი ერისა და ეკლესიისთვის განსაკუთრებული მოციქულია, რადგან ჩვენი ეკლესიის ფუძემდებელია. მეუფის განმარტებით, ღვთისმშობლის კურთხევით, ღვთისმშობელმა წმინდა მოციქულ ანდრიას მისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა ერის მოსაქცევად.
„ყოველი ჩვენთაგანი ვართ მემკვიდრე ამ დიდი მადლის. წმინდა მოციქულმა ანდრიამ დააფუძნა ეკლესია, რომელიც შემდეგ გახდა წევრი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა. დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენებას, რომლის დიდი ღვაწლის შემდეგ ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა. ვმადლობთ უფალს ამისათვის და ვმადლობთ წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს, რომ მადლი ჩვენს ერში მოიღო და დაანთო. ბევრი ჩვენთაგანი არის ამის მიმღები და გამგრძელებელი. მაგრამ სამწუხაროა, რომ ყველანი არ ვართ ჯერ ამ მადლის მიმღებნი. თითქოს მონათლულები ვართ, ჩვენი ერის დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ იგი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ სინამდვილეში ჩანს, რომ არ ვართ ყველა ამ მადლით აღვსილნი, ამ შუქისა და ცეცხლის მატარებლები, სამწუხაროდ. დღეს ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რადგან წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ერზე, ისტორიულ გზებზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. თუ რაიმე კარგი გვაქვს, ეკლესიასთან, ქრისტიანობასთან თანაზიარობის შედეგად გვაქვს, თუ რაიმე გვაქვს უარყოფითი, ეკლესიისგან, ქრისტესგან განშორების შედეგად გვაქვს მანკიერება. არ არის საკმარისი იყო მარტო მონათლული, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, რადგან შეიძლება ამ მადლმა პირიქით, პასუხისმგებლობა უფრო დაამძიმოს, თუ შენ არ გააღვიძე და არ განავითარე ის. როგორც კანდელს სჭირდება ზეთის დამატება, ასევე ადამიანს სჭირდება გაღვივება ამ მადლისა, სიწმინდისა, მოშურნეობა, მოღვაწეობა, განწმენდა გულის სიტყვების, აზრების და გამოსწორება ცხოვრებისა. ეს არის ის, რასაც უფალი ჩვენგან ელოდება“, – განაცხადა მეუფემ ქადაგებისას.
მეუფე შიომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მიულოცა პატრიარქს და აღნიშნა, რომ მისი ორმოცწლიანი მოღვაწეობა, საჭეთმპყრობელობა მაგალითია სამოციქულო და ალბათ, მოწამეობრივი ღვაწლისა.
23 ნოემბერს პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.