საზოგადოება

,,ეს, ჩემო კარგებო, უკაცრავად და – თავზე დაკუკვაა”

,,ისევ პარლამენტის სხდომაზე ორ სავარძელში ნებივრად გადაწოლილი ზაზა პაპუაშვილის შესახებ მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა.
ვიცი, ამ სტატუსს ბევრი წაიკითხავს, მაგრამ ლაიქ-კომენტარები არ იქნება, ან თუ იქნება, ძალიან ცოტა. ეს არის ტესტი იმის ასახსნელად, რატომ ვართ ასეთ დღეში და რატომ ვერ შედგა ქართული სამოქალაქო საზოგადოება.
ხალხის რჩეული დეპუტატი, ორგზის პარლამენტარი, სხდომის მიმდინარეობის დროს სავრძელში რომ წამოწვება და ფეხებს მეზობელ სავარძელზე შემოაწყობს, ეს არ არის ზოგადად ხალხის და, პირველ რიგში, მისივე ამომრჩევლების დაცინვა?
არა მხოლოდ.


თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს ამბავი ტელეკამერებით გაძეძგილ დარბაზში მოხდა, დაცინვაზე მეტია. ეს, ჩემო კარგებო, უკაცრავად და –
თავზე დაკუკვაა, რადგან ამ ჟესტით ბ-ნი პარლამენტარი გვეუბნება, ფეხებზე მკიდიხართ, რაც გინდათ, ის იფიქრეთ და თქვითო.
ცალკე სათქმელია, რომ ასე იქცევა საკმაოდ ცნობადი და პოპულარული ფიგურა. მე, პირადად, მის ცნობადობასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ახლა, არც სერგო ზაქარიაძეა და არც გიორგი შავგულიძე, მაგრამ მაყურებულს ახსოვს მის მიერ განსახიერებული როლები. ახსოვს მისი პრინციპული პოზიცია და დამოკიდებულება მოძალადე ხელისუფლების მიმართ იმ მძიმე პერიოდში, რასაც ნამდვილად ვერ დავუკარგავთ.
მაგრამ, აი, პოპულარული რატომაა, როგორც პარლამენტის წევრი, ნამდვილად მიკვირს.
ზაზა პაპუაშვილი, ჩემი შეფასებით, ძალიან მსუბუქი, ზედაპირული და უფერული ფიგურაა, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წევრი. მეტსაც ვიტყვი, მისი, როგორც პარლამენტარის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულოვან დონეზეა. მას არ გააჩნია არანაირი სპეციალური ცოდნა. ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როდესან ბ-ნ პაპუშვილს რაიმე ინიციატივა დაეყენებინოს, საქმიანი წინადადებით გამოსულიყოს ან წონადი შენიშვნა გამოეთქვას ამა თუ კანონპროექტთან დაკავშირებით. უფრო მგონია, იგი ამ კანონპროექტების წაკითხვითაც არ იწუხებს თავს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, გადის თუ არა კონსულტაციებს დარგის სპეციალისტებთან {იურისტებთან, ეკონომისტებთან, ფინანსისტებთან, თვითმართველობის ექსპერტებთან და ა.შ}, ვიდრე კენჭისყრის დროს პულტზე ხელს დააჭერდეს.
ვიმეორებ, ეს არაფერში არ იგრძნობა და მე მხოლოდ ლოგიკიდან გამომდინარე ვმსჯელობ.
ბ-ნი პაპუაშვილის ერთადერთი ფუნქცია პარლამენტში ტუტრუცანა ნაციონალ დეპუტატებთან გამოკამათებაა, როცა ისინი ჩვეულ დემაგოგიას მიმართავენ და უტიფრად ცრუობენ. ასეთ დროს მსახიობი დეპუტატები ტრიბუნაზე მარდად აიჭრება და ქარიშხალს დააყენებს. მის არსენალში ყოველთვისაა ზოგადი, მაგრამ გარეგნულად ეფექტური ფრაზები იმ სისხლიანი ცხრა წლის შესახებ, ოპონენტების დამუნათება, ან, საჭიროების შემთხვევაში – ძველბიჭურად დამუქრება. მინახავს ფრაგმენტები მისი საპარლამენტო სპიჩებიდან, სადაც ნაცდეპუტატებს ასე მიმართავს: შე უზრდელო… ახლა შენ ჭკვიანად იყავი მანდ… ენა გადაყლაპე, შე თავხედო და ა.შ. ხალხს მოსწონს ასეთი შტუკები. სოციალურ ქსელში ხშირად მინახავს სტატუსები და კომენტარები, რომლებშიც საკმაოდ სერიოზული ადამიანები აქებენ დეპუტატს და სიამოვნებით აღნიშნავენ, რომ მან ამა თუ იმ ნაცს თავზე დაახურა ბებომისის ნიფხავი.
ადამიანებს მოსწონთ, როცა ვინმე გულს მოფხანს
ზაზა პაპუაშვილი მარტო არაა ამ საქმეში. ანალოგიური ფუნქცია პარლამენტში უმრავლესობის სხვა წევრებსაც გააჩნია. მაგალითისთვის რეჟისორ ნუკრი ქანთარიას დავასახელებდი. ვერაფრით ამიხსნია, მხედრიონელობის გარდა კიდევ რა “დამსახურება” აქვს ამ ადამიანს ქვეყნის წინაშე, რომ მეორედ გახადეს საკანონმდებლო ორგანოს წევრი. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი პაპუაშვილისას არაფრით აღემატება. ამ ადამიანებს და სხვა, მათ მსგავს პერსონებს, თავისუფლად შეიძლება, ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, მოშპილკავე დეპუტატები ვუწოდოთ.
ნაციონალების დემაგოგიის მოსმენა ძნელი ასატანია და მესმის, რომ მათ უსაფუძვლო ბრალდებებზე ვინმემ პასუხი უნდა გასცეს. საქმისთვის ჯობია, თუ ამას საკითხში გარკვეული, კომპეტენტური დეპუტატები გააკეთებენ, რომლებსაც მზად ექნებათ შესაბამისი არგუმენტებიც. ერთია, როცა ოპონენტს პირში ჩასჩრი სათანადო სტატისტიკურ მონაცემებს, გაახსენებ მათსავე ადრინდელ პოზიციას და მიღებულ კანონებს და მეორე – როცა არაფრის თქმა არ შეგიძლია ცოცხების ყველა ბრუნვაში ტრიალის გარდა.
ახლა, ამ საქმეს ბ-ნი პაპუაშვილი და ქანთარია იბიარდ ჯაჭვლიანზე უკეთ კი ახერხებენ, მაგრამ ეს დიდი შეღავათი ნამდვილად არაა.
ამას მხოლოდ მე არ ვხედავ და ვგრძნობ. ეჭვი არ მეპარება, ჩემი ფეისბუქელი მეგობრების უმრავლესობის შეფასებაც ასეთი იქნება, მაგრამ მხოლოდ გულის სიღრმეში. ღიად მათი უმრავლესობა ამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებს. ბ-ნი პაპუაშვილი მე ფრენდებში არ მყავს, მაგრამ ერთიც ვნახოთ და ეს სტატუსი ვინმემ დაუსქრინა. შეიძლება დეპუტატი იმითაც დაინტერესდეს, აბა ვინ დაულაიქაო. არა და, ჩვენს ზიარ სამეგობროში ძალიან ბევრი პიროვნებაა. გავლენიანი პარლამენტარის განაწყენება არაა სასიამოვნო საქმე. მესმის და არ მიკვირს.
კეთილი, მაგრამ იმაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, ჩვენი არჩეული ოცნება ნელ-ნელა ნაციონალებს არ დაემსგავსოს? თუ არავინ ვთქვით სათქმელი და პირში წყალი ჩავიგუბეთ, ხომ აივსო საწოლი… საწოლი რა იყო, საპარლამენტო სავარძელი ფეხებით?” _ წერს ქართველი ემიგრანტი, ზურაბ დათუაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close