ნელი ვარდიაშვილის სტატიებისიღნაღის ამბები

ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების ქიზიყელი ოსტატის ამბები

დიდი აკაკის მსგავსად, ფანდური მასაც საქართველოს აგონებს- რუდუნებით გამოთლის, სიმებს გაუბამს, ნელა-ნელა მომართავს, ხმებს ერთმანეთს შეუხმატკბილებს და სანამ პატრონს მიაბარებს, ლაზათიან ქართლ-კახურ სიმღერასაც დაამღერებს

მერაბ ბაიდოშვილი  კახეთში ერთადერთია, ვინც ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტებს ამზადებს. როგორც ამბობენ, მისი ნახელავი ფანდური სულ სხვა ხმაზე ღიღინებს, სალამური კი ისე საამურად მღერის, ,,სმენად მხეცნი მოვიდიან“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ჩასულებს, 82 წლის ოსტატი საკუთარი სახლის ზღურბლთან ხალისიანად შეგვეგება და იქვე მოწყობილ სახელოსნოში მიგვიპატიჟა. გვითხრა, დილიდან გვიან საღამომდე დაზგებთან ვმუშაობ და მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადებით ვარ დაკავებული. 36 წელია ამ საყვარელ საქმეს ვუძღვები. ერთი დღეც რომ ჩამოვცილდე, აუცილებლად მოვკვდებიო. ოთახი ახლადდამზადებული, ბოლომდე დაუსრულებელი ფანდურებით ჰქონდა სავსე- დიდი შეკვეთა მაქვს, ვჩქარობ, დროულად უნდა ჩავაბარო, ანსამბლის ბავშვები მელოდებიან, მათი ღალატი არ შეიძლებაო. როგორც ამიხსნა, დიდი აკაკის მსგავსად, ფანდური მასაც საქართველოს აგონებს- რუდუნებით გამოთლის, სიმებს გაუბამს, ნელა-ნელა მომართავს, ხმებს ერთმანეთს შეუხმატკბილებს და სანამ პატრონს მიაბარებს, მასზედ ლაზათიან ქართლ-კახურ სიმღერასაც დაამღერებს ხოლმე. ინტერვიუს დროსაც რამდენჯერმე შეისვენა, კედელთან მიყუდებული, ყელმოღერებული ფანდური გადმოიღო, მოიმარჯვა, ენერგიულად ჩამოჰყრა და ,,აალაპარაკა”-,,ახ ფანდურო მე შენს გამჩენს, ნანინა, ნანა…“

მერაბ ბაიდოშვილი:

_  ამ საქმით ვსულდგმულობ, ჩემი სიცოცხლის წყაროა… თუმცა პროფესიით ინჟინერ-მექანიზატორი ვარ. მოგიყვებით, როგორ გავხდი სკოლაში ტრაქტორის სწავლების პედაგოგი ჯერ მომღერალი და მერე მუსიკალური ინსტრუმენტების ოსტატი ისე, რომ მასწავლებელი არ მყოლია.

 _ ძალიან დამაინტერესეთ…

_ კლასიკური მუსიკალური განათლება არ მაქვს. შეიძლება ითქვას, თვითნასწავლი მუსიკოსი ვარ. სიმღერა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ არც ვღეროდი და ინსტრუმენტებზე დაკვრაც არ ვიცოდი. შემდეგ სიღნაღის გუნდში გავწევრიანდი და ღონისძიებებზე გამოვდიოდით.

5 შვილი მყავს და ყველა დამყავდა  სოფელში, ხალხური სიმღერის წრეზე. ფანდურის მასწავლებელი გაკვეთილზე რასაც ასწავლიდათ, სახლში მეც ვვარჯიშობდი და კარგად გამომდიოდა. შორიდან ყურებით ვისწავლე ფანდურზე დაკვრა. შემდეგ  მაღაროში ბავშვთა ხალხური მუსიკის პატარა ანსამბლი შევქმენი, სადაც ჩემი შვილები და მათი მეგობრები უკრავდნენ და მღეროდნენ. კონცერტებზეც გამომყავდა და ისეთი აღიარება დაიმსახურეს, მოსკოვში მიგვიწვიეს კონცერტის ჩასატარებლად. სხვა სოფლებში რომ გაიგეს მაღაროელი ბავშვების აქტიურობის ამბავი, ბევრმა მთხოვა და სხვაგანაც შევქმენი პატარ-პატარა ანსამბლები. სად არ გავხსენი წრე- მაღაროში, ნუკრიანში, ბოდბისხევში, ტიბაანში… .  ცხადია, ანსამბლის წევრებისთვის ინსტრუმენტები იყო საჭირო. ფანდურებს თბილისში, კაკო ლაშქარაშვილისგან ვყიდულობდი, სალამურებს – ცალთვალა ზაქროსგან.

მოგეხსენებათ, კომუნისტების პერიოდში ხალხი დიდ ქორწილებს იხდიდა. სოფელ ტიბაანში, ერთ-ერთ ასეთ ქორწილში, ჩემმა მოსწავლემ სალამური დაუკრა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ქორწილს ესწრებოდა ლოტბარი, შერმადინ დარჩიაშვილი, რომელიც ჰამლეტ გონაშვილთან ერთად მღეროდა. მას  ბავშვისთვის უკითხავს, ვინ გასწვლა დაკვრაო, მერე კი წერილი გამოუტანებია ჩემთან და გურჯაანში, შეხვედრაზე დამიბარა. რამდენიმე კვირის შემდეგ, მინიშნებულ ადგილზე მოსწავლეებთან ერთად ჩავედი. შენობიდან ხალხური საკრავების გნიასი ისმოდა. შერმადინმა შემაქო და მითხრა, მიხარია, ერთი კაცი მაინც რომ გამოჩნდა ჩემს მშობლიურ კუთხეში, ვინც კახელ ბავშვებს ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრასა და სიმღერას ასწავლისო. დავმეგობრდით და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთხელ მითხრა, რატომ დარბიხარ ინსტრუმენტების შესაძენად თბილისში, ჭკვიანი და აზრიანი კაცი ხან, ადექი და მისი დამზადებაც ისწავლეო. მეც საკუთარი ალღოთი და ეშმაკობით მივაღწიე მიზანს.

         _ რა ეშმაკობით?

_ პირველად სალამური რომ გამოვთალე, ბევრი ვიწვალე, მაგრამ ხმა ვერ ამოვაღებინე.  ოსტატ ზაქროს შეკვეთისთვის რომ მივაკითხე, თან ვუთხარი, მეც გავაკეთე სალამური, მაგრამ  სიმღერა არ უნდა და რა ვუწამლო მეთქი? მიპასუხა, ას სალამურს რომ გააკეთებ, ასმეერთე ხმას ამოიღებსო-მიმანიშნა, თუ ოსტატობა გინდა, ყველაფერს თავად უნდა მიხვდეო. მეც ავდექი და ეშმაკობა ვიხმარე, მის დამზადებულ სალამურს ენა გამოვაძრე და ზაქროს მივუტანე, ბავშვმა დაკარგა და დამეხმარე მეთქი. – მაიტა კაცო, ახლავე გავაკეთებო და ჩემს თვალწინ დაამზადა ენა. მივხდი რაშიც იყო სალამურის ,,კვნესის“ საიდუმლო და გულში ზაქროს სამუდამოდ დავემშვიდობე. ჩემი მოსწავლეებისთვის სალამურებს უკვე თავად ვამზადებდი.

ფანდურიც ეშმაკობით ვასწავლებინე კაკოს. ერთხელ მივადექი და ვუთხარი, სასწრაფოდ მჭირდება ერთი ფანდური, აგერ დაგელოდები და გამიკეთე მეთქი. მასაც ხელებში ვუყურე და დავიმახსოვრე. სოფელში დავბრუნდი თუ არა, მაშინვე დავიწყე გამოთლა, მაგრამ ყელი მომივიდა გვერდზე და დაშლა მომიხდა. არ მოვისვენე და მაინც გამოვიყვანე როგორიც მინდოდა. ფანდურებსაც მე ვუკეთებდი მოსწავლეებს. ამ საქმეში ძალიან გამომადგა ინჟინრის პროფესია. ზოგი დაზგა ვიყიდე, ზოგი მე შევქმენი, ზოგიც ჯართში გადაყრილი ამოვქექე და სხვა რკინაში გავუცვალე შემგროვებლებს. გავასუფთავე, შევაკეთე და ჩემს პატარა სახელოსნოში დავამონტაჟე. 36 წელია ამ საქმეში ვარ და ჩემს ნახელავს ყოველ ჯერზე ვაუმჯობესებ, ახალ დეტალებს ვძენ.

ხის ტოტს რომ გაუკეთო სიმები, ხმას ისიც გამოსცემს. ოსტატის დამსახურება ის არის, რომ ისე ააწყოს ინსტრუმენტი, ზუსტი ბგერები გამოსცეს. აუცილებელია, ოსტატმა მუსიკის ანი და ბანი იცოდეს, სმენა ჰქონდეს, მასზე დაკვრა შეეძლოს… სანამ ხელს გავიწაფავდი, რამდენიმე რვეული მქონდა, სადაც ნოტებს ჩემებურად ვწერდი ყველა ინსტრუმენტისთვის. დამზადების დროს სწორედ ეს ,,ნოტები“ ასრულებდნენ  ინსტრუქტორის ფუნქციას.

კახეთის რეგიონში მხოლოდ მე ვამზადებ ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტებს- ფანდურებს, სალამურებს, ბასფანდურს, კონტრაბასს, გიტარას… თელაველები, ახმეტელები, დედოფლისწყაროლები, თბილისელები ჩემთან მოდიან  და შეკვეთებს მაძლევენ. ამჟამად დიდი შეკვეთები  მაქვს სოფელ ბადიაურიდან. ხალხური სიმღერისა და ცეკვის წრე გაუხსნიათ და ყველა მოსწავლისთვის იძენენ ფანდურს. ადიგენის მუნიციპალიტეტიდანაც კი შემიკვეთეს ფანდურები.

   _ ჩემთვის რთული წარმოსადგენია, ხისგან როგორ უნდა გამოთალო ეს უნიკალური ინტრუმენტი. იქნებ აღმიწეროთ ეს პროცესი?

_  ფანდურის დამზადება ყველა ხისგანაა შესაძლებელი. კარგად გამომშრალ სქელ ხეებს ვყიდულობ, ფანდურის ზომაზე ვაყენებ და გულს ვუღებ. ამის შემდეგ ვაძლევ ფორმას. გულმოდგინედ გასუფთავებ, ვაკერებ ყელს, ვამაგრებ რკინის ლადებს, მოქლონებს და ჯორაკს, ვუსვამ ლაქს, შემდეგ სიმებს ვჭიმავ და ფანდურიც მზად არის.  შემდეგი პროცესი ფანდურის შემოწმებაა- ყველა ბგერას ვუტრიალებ. სანამ წკრიალა ხმას არ მივიღებ, საქმეს დასრულებულად არ ვთვლი. კვირაში ორი ფანდური რომ დაამზადო, ნიშნავს, რომ მაგარი ოსტატი ხარ.  შრომატევადი საქმეა, ყველა დეტალს დაკვირვება და შემოწმება უნდა. თითქოს უმნიშვნელო შეცდომასაც ვერ იტანს და ფანდური ახლიდან გასაკეთებელი ხდება. ხალხურ ფანდურებს 12 ლადით ვამზადებ, მაგრამ ზოგჯერ შეკვეთებს ვიღებ 15 და მეტ ლადიან ფანდურებზე. ნიაზ დიასამიძემ დამამზადებინა 18 ლადიანი ფანდური. კონტრაბასისთვის კი ხის ფირფიტებს ვხერხავ, შემდეგ ჩემს მიერ დამზადებული აპარატით ვხრი და ერთმანეთს ვაერთებ.

ნაირა გელაშვილმა სოფელ ნუკრიანში ,,კავკასიური სახლი“ გააკეთა, სადაც ბავშვთა ხალხური საკრავების ანსამბლს მე ვამეცადინებდი. ის ბავშვები ,,არტ გენის ფესტივალზეც“ გამოვიყვანეთ და იქ ყოფნის დროს, ბევრი მუსიკოსი გავიცანი.  როცა გაიგეს, მუსიკალურ ინტრუმენტებს ვამზადებდი, უფრო დამიმეგობრდნენ და შეკვეთებიც მომცეს. მუსიკოსმა ნიაზ დიასამიძემ რამდენიმე ფანდური დამამზადებინა. თავად იყო ჩამოსული წასაღებად და სახელოსნოც დაათვარიელა. უშიკიშვილიც მსტუმრობდა. კახელი კაცი სუფრის გარეშე როგორ გავუშვებდი ამ ბუმბერაზ მომღერალს, მწვადი შევწვი, სუფრა გავშალე და მოვილხინეთ. ახალ ფანდურზე რამდენჯერმე იმღერა.

2012 წლის ნოემბერში საფრანგეთში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა და როგორც ხალხური საკრავების სპეციალისტი, მეც წამიყვანეს ჩემი ნაკეთობებიანად. სტრასბურგში  45 დღე გავჩერდით და ყოველდღიურად, ფრანგ დამთვალიერებლებს ჩვენს კულტურას ვაცნობდით. ფანდურსა და სალამურს რომ ვუკრავდი, ფრანგები ცეკვას იწყებდნენ. 8 საათზე უნდა დაგვეკეტა ჩვენი კოტეჯი, მაგრამ ისე მოწონდათ ქართული ხალხური მელოდია, 12 საათამდე თავს არ გვანებებდნენ. ქალაქის მერსაც მოვეწონეთ და გემზე სასეირნო ბილეთი მაჩუქა. კურიოზული სიტუაციებიც გვქონდა. მე და ერთმა მომღერალმა გადავწყვიტეთ, საფრანგეთში, ერთ-ერთ ქუჩაზე დაგვეკრა ჩვენს ინსტრუმენტებზე. გვაინტერესებდა, ხალხს თუ მოეწონებოდა და ფულს შემოგვწირავდნენ. გავიპარეთ და ორ საათში 200 ევრომდე თანხა მოვაგროვეთ. ფრანგები ჩვენს ფანდურებსა და სალამურებს სუვენირებად ყიდულობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ შრომატევადი სამუშაოა, თუ ვიცი, რომ ადამიანს ინტერესი აქვს, უყვარს ხელოვნება და აფასებს შემოქმედებით  შრომას, ინსტრუმენტსაც ვჩუქნი. ბევრი ფანდური და სალამური მაქვს გაჩუქებული. ბოლოს სიღნაღის მერს, კარგ კაცს, მალხაზ ბეგიაშვილს ვაჩუქე და როგორც ვიცი, მერიაში, თავის კაბინეტში უკიდია.

ორგრიფიანი ფანდურებიც მაქვს დამზადებული- ერთი მუცელი აქვს და ორი ყელი. როცა მოგინდება ჩვეულებრივ ფანდურად გამოიყენებ და მოგინდება- ბასფანდურად. ერთ-ერთი მათგანი ანსამბლ ,,ბანის“ სოლისტმა, მათემ წაიღო. ჩემი სახლიდან სანამ მარშუტკასთან მივიდოდა, გზაში სულ უკრავდა და მღეროდა. სახლში მაქვს ისეთი ფანდურიც,  გიტარა რომ გეგონებათ. ასევე გავაკეთე ფანდური, რომელსაც ღვინის დასალევადაც ვიყენებ. მუცლის შიდა მხარეს გამოვუთალე სამი ჭიქა ღვინის ჩასასხმელი- ადღეგრძელებ გამკეთებელს, დალევ და შორს წასვლა აღარ დაგჭირდება, იქვე დაუკრავ. ზოგიერთ ფანდურს საქართველოს რუკასაც ვახატებ, რადგან ფანდური მართლაც საქართველოს წააგავს.

ჩემი საქმის გამგრელებელი ჩემი შვილია. ეს ხელობა ვასწავლე და ის ახლა ჩემზე უკეთეს ფანდურებს აკეთებს. სიახლეებსაც იგონებს. მაგალითად მაიგნო ხეზე მუშაობის ისეთ მეთოდს, ერთი კვირა რომ ვუნდებით გამოთლას, ახლა ორ დღეში გავაკეთებთ… ჩემი ყველა შვილი მღერის და ინსტრუმენტზე უკრავს.

       _ ალბათ თქვენს ოჯახში მოლხენას არაფერი სჯობს…

_ რამდენიმე წლის წინ გულის ოპერაცია გავიკეთე თბილისში, პროფესორ თამაზ რცხილაძესთან. სანამ საოპერაციოში შემიყვანდნენ, ვუთხარი, ოღონდ გადამარჩინეთ და პირობას გაძლევთ, სალამურზე გაქეიფებთ მეთქი. ბევრი იცინეს, რადგან ხუმრობა ეგონათ. გამოვჯანმრთელდი და 120 კილოიანი ღორიც გავზარდე ზამთარში დასაკლავად. პირადად ჩავედი საავადმყოფოში და ყველას ვუთხარი, გეპატიჟებით ღორის ქელეხში მეთქი. დიდი ხვეწნის შემდეგ, სამი მანქანით ჩამოვიდნენ. ჯერ სახელდახელო მწვადები შევუწვი, საღამოს კი, მეორე სართულზე 60 კაციანი სუფრა გავუშალე. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, ჩემს შვილებს ვუთხარი, ჩვენი ,,სცენაზე“ გამოსვლის  დრო დადგა და ერთი ჩვენებურად დავცხოთ მეთქი. ფანდურებზე, სალამურსა და პიანინოზე ვუკრავდით და ვმღეროდით ყველა. ბატონმა რამაზმა გაოცებისგან თავზე ხელები შემოიჭირა და მეორე ექიმს უთხრა, ჩვენ ხუმრობა გვეგონა და ეს არა ტყუებულა, ასეთ ქეიფში არასდროს ვყოფილვარ და ასეთი მუსიკალური ოჯახიც არ მინახავსო. ისე დაათენდათ თავზე, სიმღერა-ცეკვაში ვერაფერი გაიგეს. ვინც ჩემს ოჯახში, სუფრასთან მოხვედრილა, კარგად იცის, რა დიდებული ქეიფი ვიცით ბაიდოშვილებმა.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close