ხატი, რომელმაც ჯერ კონსტანტინოპოლი გადაარჩინა და შემდეგ საქართველოს იცავდა
,, ისრები მონაზონს სასწაულებრივად ასცდენია, მაგრამ მოხვედრია ხატს, რომელსაც ჭრილობებიდან სისხლი ადამიანის მსგავსად წამოსვლია"
სიტყვა ,,ვლაქერნი” ბერძნულია და ფეოდოს მცირის დროს (408-450 წწ), ის ქალაქ კონსტანტინოპოლის, ამჟამად სტამბულის დასავლეთ ნაწილს ერქვა. ამ პერიოდში, ყურის ნაპირას, პავლინ მაგისტრის მიერ აგებული იყო ტაძარი, რომელიც დაიწვა. ქრისტიანთა და განსაკუთრებით ბიზანტიელთა პატივისცემა ვლაქერნის ხატისადმი განპირობებული იყო იმით, რომ ვლაქერნის ხატი ხელთუქმნელია.
გადმოცემის მიხედვით , მარიამ ღვთისმშობელმა მფარველობის ნიშნად , თავისი სამოსელი ბერძნულ ეკლესიას დაუტოვა. ბიზანტიაში ლეონ დიდის ზეობისას, იმპერატორის ძმები ცნობილი სენატორები _გალვიოსი და კანდიდი გაემგზავრენ პალესტინაში წმიდა ადგილების მოსალოცად. ნაზარეთის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ პატარა სოფელში მოხუც ქალთან დარჩნენ ღამის გასათევად.სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა მათ გაუმხილა, რომ იცავდა უძვირფასეს სიწმიდეს_ ღვთისმშობლის სამოსელს. დედა ღვთისას მიძინების წინ თავისი სამოსელი უანდერძებია ორი ქვრივისთვის. ერთ-ერთმა მათგანმა წესად დაადგინა სამოსლის ყოველ მფლობელს სიკვდილის მოახლოებისას კეთილმსახური ქალწულისთვის გადაებარებინა. ასე მოუღწევია იმ ქალამდე… ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმ. სამოსლით კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს და მოციულთა_პეტრესა და მარკოზის სახელობის ტაძარში დააბრძანეს. (474) 469
გადმოცემის თანახმად, ქრისტეს ერთ-ერთ მოწაფეს, წმინდა ანდრიას ღვთისმშობელი გამოეცხადა და მოსთხოვა, შეექმნა ხატი და მისი დახმარებით არამართლმორწმუნენი გაექრისტიანებინა.
არსებობს საინტერესო გადმოცემა რუსი პილიგრიმებისა, რომლებმაც XIV საუკუნეში მოილოცეს ბიზანტიის სიწმიდეები.მათი ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ვლაქერნში დაბრძანებული ყოფილა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსელი, სარტყელი, და თავსაბურავი, რომლებიც ჩაბრძანებული ყოფილა ვერცხლით შეჭედილ ქვის სარკოფაგში და ინახებოდა ტაძრის საკურთხეველში.
ყველა გადმოცემაში მითითებულია, რომ ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებული იყო ხატი, რომელზეც გამოსახული იყო საფარველი ისე, როგორც დაინახა წმ. ანდრიამ. ხატზე ყოვლადწმიდა დედას უფლისას საფარველი გაეშალა მლოცველი ხალხის თავზე, როგორც სიმბოლო თავისი მფარველობისა კონსტანტინეპოლზე.
ბიზანტიური წყაროების ცნობით, ეს ხატი ომების დროს მუდმივად თან ახლდა ცნობილ სარდალს, ჰერაკლე კეისარს და ხატიც მუდამ წყალობდა მის სამხედრო წარმატებებს. თუმცა, მერვე საუკუნეში, ხატს განადგურების საშიშროება დაემუქრა. ბიზანტიაში მიმდინარე ხატმებრძოლობის დროს, აჯანყებულებმა ხატის განადგურება მოინდომეს, მაგრამ ბერებმა ერთ-ერთი სენაკის კედელში ჩააშენეს და გადაარჩინეს. ხატი იქ 100 წელს ინახებოდა. მას სასწაულებრივი მოვლენის დროს მიაკვლიეს. ერთ დღეს ყველამ დაინახა, რომ კედელი, რომელშიც ხატი იყო ჩაშენებული, ანათებდა. ამის შემდეგ გახსნეს და ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი აღმოაჩინეს.
კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, 1453 წელს, ქრისტიანებმა ხატი კვლავ ერთ-ერთი ეკლესიის კედელში გადამალეს. მოგვიანებით, ამ ტაძარში მაჰმადიანებმა სკოლის მოწყობა გადაწყვიტეს. სადაც ხატი იყო დავანებული, ფანჯრის გამოჭრა დააპირეს. ხატი იქ მაშინ აღმოაჩინეს და იქვე ახლოს მცხოვრებ დედაკაცს მიჰყიდეს.
1553 წელს კი, ვლაქერნის ღვთისმშობელი საქართველოში, ბედიის ტაძარში გამოჩნდა. ერთ-ერთი ვერსიით იგი ქართველებს ჰერაკლე კეისარმა გადასცა, სხვა ვერსიით კი, ხატი ბედიაში კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მოხვდა.
ისტორიული წყაროების ცნობით, ვლაქერნის ხატმა საქართველოში პირველი სასწაული სწორედ ბედიაში მოახდინა. მეთვრამეტე საუკუნეში აფხაზები სამეგრელოს ხშირად ესხმოდნენ თავს და ბედიაში ბერები და მონაზვნები ამოწყვიტეს. თურმე სიკვდილს მხოლოდ ერთი ულამაზესი მონაზონი გადაურჩა, რომელმაც თავი ბედიის ტაძრის იმ საკურთხეველს შეაფარა, სადაც სადაც ვლაქერნის ხატი ესვენა. აფხაზების მიერ ნასროლი ისრები მონაზონს სასწაულებრივად ასცდენია, მაგრამ თავად ხატს მოხვედრია, რომელსაც ჭრილობებიდან სისხლი ადამიანის მსგავსად წამოსვლია. ამ მოვლენის შემდეგ ხატი დადიანების უმთავრესი სალოცავი გამხდარა.
ვლაქერნის ხატს სამეგრელოში განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ- იგი ჯერ მარტვილის საკათედრო ტაძარში, შემდეგ კი დადიანების სასახლეში გადაუტანიათ. ხატის განსაკუთრებულ ავტორიტეტს ისიც ზრდიდა, რომ მასზე მარიამ ღვთისმშობლის სარტყლის ნაწილი იყო მიმაგრებული.
დადიანებისთვის ვლაქერნის ხატის წართმევა საქართველოს რამდენიმე მთავარს უცდია. ის გაუძარცვავს და გურიაში წაუღია გიორგი გურიელს, შემდეგ ქართლში გადაუტანია ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზს, იმერეთში – სოლომონ მეორეს, მაგრამ ხატი მაინც სასწაულებრივად, ყოველთვის თურმე სამეგრელოში, დადიანების სავანეში ბრუნდებოდა.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი ამჟამად საქართველოს ხელოვნების ოქროს ფონდშია დაცული.
ვნაქერნის ღვთისმშობლის ხატის ასლი მეჩვიდმეტე საუკუნეში რუსეთშიც დაამზადეს და ისიც თურმე სასწაულებრივი ძალით გამოირჩეოდა. 1941 წლის მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა გერმანელები მოსკოვს მიადგნენ, სტალინის ბრძანებით, ვლაქერნისა და ყაზანის ღვთისმშობლის ხატები თვითმფრინავში დააბრძანეს და მოსკოვის გარშემო შემოატარეს. მოსკოვი გერმანელების შტურმს მართლაც გადაურჩა.