სიღნაღის ამბები

ქიზიყური ესკიზები

საოცარი მეტსახელების განმარტებები- სიცილს ვერაფრით შეიკავებთ...

მხიარულ ამბებს, რომელიც  კახეთის ერთ-ერთ კუთხეში ( გამორჩეულად დაგვეხმარა ფბ პლატფორმა ,,ქიზიყელები”) მოვაგროვეთ, ქიზიყური ესკიზები შევარქვით. მარო და მიხო, ხაშლამა, ღორის ქელეხი… ამ კუთხის ჯანსაღი იუმორის თანმდევი ატრიბუტებია. სანამ მსუყე ამბებზე გადავიდოდეთ, რამდენიმე პატარა ქიზიყურ ესკიზს აქვე შემოგთავაზებთ:

ქიზიყელმა თქვა, ერთი კვირაა ახალი წელი დადგა და უკვე იმდენ ღორიქელეხში ვიყავი, სირცხვილით ღორებთვალებში ვეღარ უყურებო

ქიზიყელმა ფერმაში თათარს გადაუარა სატვირთოთი. სძინებია საწყალს და ზედ შეუყენებია. გადმომხტარა მანქანიდან ქიზიყელი და:

– ვაი, ეს რა დემემართა. ბიჯოოო, რა მეშველება?!- წუწუნებს თურმე.

გაუხედავს და იქვე, სპილენძი ქვაბში ცხვრის ყაურმა იხარშება.

აუხდია ქვაბისთვის: – ბიჯოო, ეს კიდე ჩეგეხარშებათ, იცოდეთო!

..

– ნიკავ, შვილო, რა ჲქენ, ჩააბარე სადმე?- ჰკითხე  ვალიკომ  მეზობლის აბიტურიენტ ბიჭს.

– არა, ვალიკო ძიავ, სუ შინ დავწურეთ! – უპასუხა ახალგაზრდამ.

   კახელი პაციენტები და ექიმები

ექიმი მამრობითი სქესის პაციენტს სინჯავს:  ღვიძლი იგეთ მდგომარეობაში გაქ, რო აქ შენი დედა მოვ@@ და იქ კიდე,  შენი ძმაკაცებისაო!

გაგიჟდა პაციენტი ექიმის გამოხდომის გამო, წამოუხტა ,,ტაფჩანიდან”- ეს რეებ მაკადრებ ან მე და ან ჩემ ძმაკაცებსაო!

ექიმი წყნარად პასუხობს: ბჯო! შენ ღვიძლი გასიებული გაქ, ცეროზი ნიშნებია და მე დალევა უნა აგიკრძალო. ამის მერე გარეთ გახვალ და ძმაკაცები გეტყვიან, იგე, ექიმთან ხო იყავ, წამო ეხლა, ბატკანი რო გვყავ დაკლული, ჩაუსხდეთ და პური ვჭამოთო. შენ ეტყვი, არა ძმაო, ექიმმა სასტიკად ამიკრძალა დალევაო! ისენი კიდე გეტყვიან, ერთი ექიმის დედაც მოვ@@, წამოო…

ჰოდა, მეც პასუხი უკვე გაგეცით: აქ შენი და იქ კიდე შენი ძმაკაცებისაო!

თელაველმა თავის ძმაკაც ქირურგს ცოლი მიუყვანა და შესჩივლა, ერთი გასინჯე ძმაო, მუცელს იტკივებსო. გასინჯა ექიმმა ძმაკაცის ცოლი, მუცლის არეში მოუსინჯა ყველა წერტილი და ეუბნება ძმაკაცს, ძმაო, ათასპროცენტიანად გეუბნები, ბრმა ნაწლავი აქვს ამოსაჭრელიო! ძმაკაცმა, რას ამბობ, შე ვირიშვილო, აღარ გახსომს, ბრმანაწლავი შარშან არ ამააჭერიო?

– მაშინ ეხლა ნაღვლი ბუშტი ამოვჭრათო! – არ დაიბნა ქირურგი!

ძველად, რაიონის ცენტრს დაცილებულ სოფლებში ამბულატორიებში რამდენიმეკაციანი საავადმყოფოს პალატები იყო მოწყობილი. სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეშიც ყოფილა ასეთი ,,სტაციონარი” და ექიმად აბრამა ჰყოლია. სოფლის დედაკაცს თავისი ქმარი მიუყვანია ამ აბრამასთან და უთხოვია, ერთი გასინჯე აბრამა ექიმო, გულ-მუცელი აწუხებსო. გასინჯა თურმე ექიმმა და გამოუწერა წამლები, თან იქვე პალატაში დააწვინა. ცოლი წავიდა აფთიაქში, იყიდა წამლები, მოუტანა, მაგრამ კაცი წამლებს არ სვამს. კიდე შევიდა დედაკაცი აბრამა ექიმთან. ზის აბრამა ექიმი ტახტზე და პრესას ეცნობა.

ეუბნება, აბრამა ექიმო, შენ რაც წამლები გამოუწერე, მოვუტანე ჩემ ქმარს, მაგრამ არა სვამსო.

აბრამა გაზეთებშია ჩაფლული, ასწია თავი და კბილებში გამოსცრა:

_ ცოლი და დედა მოუ@@ან, თუ არ დაილევს, მე გამოუწერე და ნუ დაილევს, ეგეო!

ერთი ტიბაანელი კაი კაცი წინაზე ყვებოდა რო, დედაჩემა მითხრა რო თვალთ დამაკლდა და წადი წნორიდან სათვალე მამიტაო, თან რა ზომის სათვალე უნდოდა, ნომერი დამიწერაო. რაც გამატანა ის ზომა დემეკარგა გზაში და ჩემი ვარაუდით უყიდეო. დედამოუა, იმხელა ზომა მამიტანიაო რო, ქალი ეზოში რო დადიოდა, პატარა კენჭებ აბოტებდაო.

                                     მაჩხაანელი ,,ჭიპალა“ და თავმჯდომარე

სოფელ ზემო მაჩხაანში ცხოვრობდა მძღოლი ,,ჭიპალა”(ნამდვილი სახელი არ  ვიცით). საბჭოთა ეპოქაში, კოლმეურნე რამეს თუ დააშავებდა, არსებობდა ადგილობრივი სასჯელი ანუ თავმჯდომარე პატიმრობისთვის არ სწირავდა მცირე დანაშაულის ჩამდენს და ექვსი თვით ან ერთი წლით ცხვარში უშვებდა სამუშაოდ (ეს კარგად არის ასახული ფილმ ,,თუშ მეცხვარეში”, სადაც მძღოლ ლექსოს 1 წლით ცხვარში უშვებენ სამუშაოდ). ჰოდა, ამ ,,ჭიპალამაც” ჩაიდინა დანაშაული და ნიკო მამაიაშვილმა (თავმჯდომარე) ეს ჩვენი ,,ჭიპალა” ცხვარში გაამწესა.

ზემო მაჩხაანს ,,ქურანჩაზე” ქონდა საზაფხულო იალაღები. იმ ზაფხულს თავმჯდომარე ავიდა მთაში ცხვარ-მეცხვარის დასახედად, დაინახა ცხვარი დინჯად ძოვს და იქვე, კომბალს ჩახუტებული და ნაბადში გახვეული, შეციებული ,,ჭიპალა” ცახცახებს.

-რაო ,,ჭიპალ”, მთამ შამოგიბერა მუცელი?

-ჰო პეტროვიჩ.

-გონი რამდენსაც გააკ@@@, სუ მე ,,მიგზავნი” არა?

-იი, როგო ყველაფერი იცი პეტროვიჩ?!

გავიდა დრო. ,,ჭიპალამ” სასჯელი მოიხადა და დაუბრუნდა თავის მანქანას. ზემო მაჩხაანის კანტორაში საერთო კრებაა. ერთადერთი საკითხი აქვთ, ბუღალტრის საკითხი, რომელმაც გარკვეული თანხა გაფლანგა. მამაიაშვილს არ უნდა ბუღალტრის ბოლომდე გაწირვა და ხალხს ასე მიმართა:

_ ხალხო, მეც დამნაშავე ვარ, ვერ გავიგე ეს როგორ და როდის მოხდა, მაგრამ რაც უნდა იყოს, ეე ჩვენი ბუღალტერი უცხო ხო არ არი, ჩვენია და ვაპატიოთო. ამ დროს ,,ჭიპალამ” ხელი აწია.

 _ მოკლეთა თქვი ,,ჭიპალ”, რა გინდა. უხალისოდ უთხრა კრების თავმჯდომარემ.

 _ ჯოო, ქურანჩაზე გავაკ@@ და ზემომაჩხაანში გაიგე, ამან გვერდზე ოთახში ამოტოლა ფული შაჭამა და დავიჯერო რო, არაფერი გაგიგია?- უშუალოდ თავმჯდომარეს მიმართა ,,ჭიპალამ”.

კაი ხანია ქუხს, ელვა იკლაკნება ცაზე და წვიმა არა და არ მოდის. შეჰყურებს კახელი ხელოსანი ცას, არ იცის, გააგრძელოს მუშაობა თუ არა. ერთი სული აქვს, აიბარგოს და სახლში დროულად წავიდეს, რომ ცოლის მოხარშულ ტანთალა ხაშლამის ნაჭერს გაჰკრას კბილი, მაგრამ დამკვეთი იქვე უზის და ერიდება, ვერ გაუბედია საქმის მიტოვება. ხან თავს იფხანს და ხანაც სახეს, ცხადია, სიმწრით. უცებ ცას შეხედა და გამწარებულმა ორი ისეთი წინადადება შესძახა, დამკვეთი სიცილით ამოტრიალდა და წადი სახლშიო, უთხრა. ხელოსანი ელვა-ჭექვას ეუბნება: ბოჭკაი როდემდე უნა არახრახებდე ჯოო, შე შობელძაღლო, ჰაა, მააპირქვავე…

ბოდბისხევის ბაზართან მანქანაში ველოდები ჩემს მეგობარს, რომ ყველაფერი იყიდოს და სახლში სიგრილით დავბრუნდეთ. ცხელა, მანქანის კარი ღიაა და საზურგეზე ვარ მიწოლილი. სარკეში ვხედავ, უკან მიდიან პრავიზიააკიდებული ცოლი და ქმარი, ნავაჭრი მიაქვთ სახლში, კმაყოფილებს . ასე 45 წელს მიტანებულები არიან და ქაქანი გაუდით სიცხეში. ცოლი ეუბნება ქმარს: ჯოო, აგეიქ რა კაი საროჩკა იყო, დაინახეე? დავინახე, მაა – სიტყვაძუნწობს ქმარი. მერე, რატო არ იყიდე, ჰაა, გექნებოდა და გექნებოდააა… ერთი საროჩკა და იმისი ჯანი.

….

ბოდბისხევში ბაზრობაზე ვიღაცას ჩაუტანია 3 მეშოკი ფქვილი და ყიდის კილოობით, ერთი მეშოკი გახსნა, ორი კი იქვე უდევს.  გამოუვლია ქალს და ამოურევია  ხელი, გაუსრესია ფქვილი, დაუსუნია და პატრონისთვის უკითხავს, ძარღვიანიაო?

-კიი ქალბატონო, – უპასუხია ფქვილის გამყიდველს.

-კარგა დგება? (თონეში)

-კიი…

-მალე ხო არა ვარდება?

-არააა, კარგა იჭერამს თავსა…

ამოურია კიდე ხელი და…ეს არ მამწონს, ეგ აააყენეო (მეორე მეშოკი).

-ვერ ავაყენებ, ინდე აყენებულია, თუ გინდა წაიღეო- გაჯიუტებულა მეპატრონეც.

-ააყე, რო გელაპარაკებიო.

-ვერ ავაყენებო…

დაირივნენ, ეს ეძახის ააყენეო, ის- ვერ ავაყენებო. შემოეხვიათ თურმე ხალხი

და მისულა ქალის ქმარი. ცოლისთვის დაუვირნია, გამო ქალოოო, სანამ ამ შუა ბაზარში არ მეეეტ@@@@@, იქამდე არ დაანებებ თავსაო?

ერთი მაჩხაანელი უშანგი პაპაჩაშვილი იყო, ორკარიანი “კოლხოზნიკი” ჰქონდა და კვირაობით ბოდბისხევის ბაზრის მიმართულებით ,,ტაქსაობდა” ხოლმე… დიდი მანქანით, ან ავტობუსით მგზავრობა 50 კაპიკი ღირდა, მსუბუქით- ერთი მანეთი.

ეს კოლხოზნიკი მსუბუქებში გადიოდა.

ერთხელაც, ბაზრიდან გამოვიდა თურმე ამ უშანგის ღვიძლი ბიძაშვილი, პაპაჩაშვილი იოსება. ამ დროს უშანგის რიგია და იოსებაც ჩაუჯდა მანქანაში.

ამოვიდნენ მაჩხაანში, ყველა იხდის თითო მანეთს და ჩადის..

იოსებას სახლთან რომ მივიდნენ, იოსებამაც ამოიღო მანეთი და მიაწოდაა!

უშანგამ გამოართვა ეს მანეთიანი და ეუბნება, რა ვქნა იოსებ, კვირა რო არ იყოი, ბიძაშვილი ხარ, ფულ არ გამოგართმევდიო.

შე ვირიშვილო, კვირა რო არ იყოი, ბოდბისხევში რა ეშმაკი მინოდაო,უპასუხა  იოსებამ.

წნორში მიმავალი ავტობუსის მძღოლმა მანქანას ,,გამოუჩხრიკა“

დედოფლისწყაროდან წნორში უნდა წავიდეს მარშუტკა. პაპანაქებაა ისეთი, ასფალტზე კვერცხი შეიწვება. გაივსო მანქანა, იხრუკება ხალხი, მაგრამ  მძღოლი არ ჩანს. როგორც იქნა მობრძანდა, დაჯდა, დაქოქა და დაიძრა, მაგრამ ვაი ამ დაძვრას – მიდის 40-ით ანუ მიღოღავს. უკმაყოფილო და სიცხისგან გულშეღონებული ხალხი ბუზღუნებს, ქოთქოთებს, მაგრამ მძღოლის მხრიდან რეაქცია ნულია. ასე იარა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში და კინაღამ ამოწყვიტა ხალხი. უცებ რა მოელანდა მძღოლს არავინ იცის, მიადგა გაზს ფეხი და გარეკა მთელი სიჩქარით. შვებით ამოისუნთქეს მგზავრებმა, მაგრამ ახსნა ხომ უნდა ამ ამბავს ანუ რატომ ზოზინობდა აქამდე და უცბად, რა ბზიკმა უკბინა. ყველა დუმს, ვერ აუხსნიათ და ამ დროს ერთმა ბერიკაცმა თქვა გენიალური ფრაზა: – ეგე, გამოუჩხრიკა ამ შობელძაღლმაო (!)..

იმ მარშუტკაში სიცილ-ხარხარი ატეხილა, წნორამდე ვეღარ გაჩერებულან

დიდებულ ხირსის მონასტერში ვართ წირვაზე, ღამისთევით. ერთი ენამახვილი ტიბაანელი დგას ჩვენთან. დღესასწაული იყო და ბევრი მოძღვარი მსახურობდა, უმეტესად ოქროსფერი შესამოსელით. ეს ტიბაანელი ჯიგარი მხარზე ხელს მირტყამს და მეუბნება: – ჯო, ეე მამაოები რა ყვითელი მარშუტკებივით ირევიანო… ვიკავე თავი, მაგრამ ამივარდა სიცილი. მერე მოძღვარს ვუთხარი ესა და იმანაც კარგად იცინა: – მაგას ეგეთი ენა აქვს, მაგრამ წირვა-ლოცვას არ აცდენს სულ ჩვენთან არისო…

დაწყებით კლასებში ქართულის ღია გაკვეთილია და დირექტორი ესწრებათ. ქართულის პედაგოგმა ჰკითხა ბავშვებს: მამასახლისი ვინ არის, აბა ვინ მეტყვისო.? გაისუსა კლასი, ბუზიც აღარ ბზუოდა. ერთმა მოწაფემ მოიწყვიტა ხელი ქნევით _მე ვიცი, მე ვიციო. მასწავლებელს გაუხარდა, რომ არ შერცხვა დამსწრეებთან და შეაგულიანა ბიჭი, აბა გვითხარი, მამასახლისი ვინ არიო?! ჰოდა, რადგან მარტო მან იცოდა, ბიჭმა მთელი სიამაყით  უპასუხა: მამასახლისი არის დიასახლისის მეუღლეო. დირექტორმა კი ბევრი იცინა, მაგრამ მასწავლებელი ბიჭს მას მერე სულ 2-იანებით ამკობდა.

ერთი ბიჭიკო ცხოვრობდა სოფელში, ივანეს ძე. უწყისზე ხელს ასე აწერდა: ბ. ივანიჩი.

მაჩხაანელებსაც მეტი რა უნდოდათ და დაარქვეს ამ კაცს “ბუივანიჩი!” საუკეთესო მექანიზატორი იყო! ახალი ტექნიკა თუ შემოვიდოდა სოფელში, ტრაქტორი, სათესი, კულტივატორი…  ბუივანიჩს უნდა აეწყო და დაემონტაჟებინა. სოფელში რომ სახელგანთქმული “სენკა” წისქვილი იყო, ისიც მაგან ააწყო. 70-იანი წლების ბოლოს, სკოლაში ტრაქტორების შემსწავლელი გაკვეთილები დაამატეს მეათე კლასში და ,,პედაგოგად” ეს ბუივანიჩი დააყენეს. ნუ ამას პედაგოგობისა არა ესმოდა რა… გაკვეთილზე პაპიროსს მოუკიდებდა, ან ვინმე თუ არ მოეწონებოდა, ,,გაჩერდი, შე ვირიშვილოო” ეტყოდა და ა.შ.

მოკლედ, დირექტორის ყურამდე მივიდა ბუივანიჩის ,,პედაგოგიური” მოღვაწეობის ამბები.

დაიბარა და ეუბნება, ივანიჩ, შენი საქციელები არ მომწონს, შენ მასწალებლად არ გამაიდგებიო!

ბუივანიჩმა, რატოო? ეგრე ბავშვებ ვერ ასწავლი ტრაქტორისტობასო, მიუგო დირექტორმა.

ვალიკო, აი, შენ ხო ისტორიი მასწალებელი ხარ, ერთი მაჩხაანელებიდან ისტორიკოსი ვინ გამოიდა, ეგ მიპასუხე, სუ ტრაქტორისტები არ გამოდიანო?!

წინა საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს თბილისში ოპერის თეატრი დაიწვა. მის აღდგენამდე ვაჟა-ფშაველაზე, პროფკავშირების სასახლეში იმართებოდა საოპერო წარმოდგენები.

შეყვარებული გოგო და დედამისი დგანან ქალაქის ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერებაზე.

ჩამოუარა ამ გოგოს შეყვარებულმა ბიჭმა და პაემანი დაუნიშნა ,,ჰაერში”, ანუ უსწრაფესად-

“ოთხითვინა, ოპრიწინაო”. გოგომაც, უცბათ აუღო ალღო და ასეთივე ენაზე შეეკითხა: ,,რომლიწინა, ახლიწინა თუ დამწვრიწინაო? ,,ახლიწინა, ახლიწინაო”, მიუგო  ბიჭმა. სასიდედროც კაი ოხერი კახელი იყო და ,,სასიძოს” გეეძრახა: ,,ოთხითვინ ვერ მოა, გიტრიკვრი წრეზე დადისო”.

გურჯაანის მარშრუტკა გადის ვაგზლიდან. მანქანაში ამოვიდა ერთი გარე მოვაჭრე და მოსცხო: ,,აბა ჩიფსები, აბა შოკოლადებიიი“. მიყიდ-მოყიდა და ჩავიდა. ახლა მეორე ამოვიდა: ,,აბა ზეფირი, აბა კარამელი“, დაიძახა, მიყიდ -მოყიდა და ჩავიდა. მარშრუტკა გადავსებულია და ელოდება, მესამე გარე მოვაჭრე როდის გაყიდის ფანტა-კოკა კოლა-სპრაიტს. ჩავიდა ისიც და უკანა რიგიდან გამწარებული გურჯაანელი წამოუხტა მძღოლს- შე დედააფეთქებულო, სანამ შილა ფლავს არ ჩამაატარებენ, ეგრე უნდა ვიდგეთ დაქოქილი მარშრუტკით გაჩერებაზეო?!

ქიზიყური მარგალიტები

ქიზიყური სიტყვების ლექსიკონი:

მიშკინა (ქვეყნის სალაპარაკო), ზორია (გაბღენძილი), მაზალო (სასაცილო), ფეთხუმი (უსუფთავო), ჩონჩა (ჩანჩურა), მურდალი (საზიზღარი, ჭუჭყიანი), ლენჩი (მოუხერხებელი), ხეთაგანი (ჯიუტი), დადუნებული (ნელი ადამიანი), გარინდებული (გაჩუმებული), ბენტერა (უჭკუო), დარდაკი (სულელი), უმძრახი (განაწყენებულია და ხმას არ სცემს), მიდეგა (ჯიუტი), არსაითი (ონავარი), აბუეტი (უჭკუო), ტასნაკა (მეტიჩარა), მწვიტინა (გამომწვევი), გატრუნული (გაჩუმებული), ეთოთხმეტება (დაუფლებას ცდილობს), ჩამოკანჭურებული (ჩამოკიდებული), გულქართლი (ალალი), ციმფია (მსუნაგი, გაუმაძღარი), ყარფუზი (საზამთრო), დახელთილი (მომწყვეული), ცარცაბუტა (დაულაგებელი ადამიანი, სულელი),  ვერანა (ეშმაკი, ოხერი ადამიანი), დუპლეტი (უცოდინარი),  ტარაკუა (უაზროდ მოსაუბრე), ცეტი (სულელი), ტიტლიკანა (შიშველი), დაგულე კარი (დახურე კარი), ფინთი (ცუდი, უფრო ბავშვზე იტყვიან), ჯანღი (ბურუსი), საჩეხი (დერეფანი), ეგლისები (ეპირფერები), კოკურა (საშუალო ზომის დოქი), უხიაკი (უხასიეთო, უკარება), დუთინა (გაუგებარი), ფართალი (სამოსი), ბუტრაობა (გორაობა), შიშლიკანა (შიშველი), გაიძაგრა (გაიჭიმა, იტყვიან, როცა კაცი მოკვდება), გაიბენცა (ბევრი ჭამა), შესმუსნეთ (შეჭამეთ), ზინყზე დაცემა (არევ – დარევა), ნანი არა მაქვს (სინანული არ აქვს), ფიქრი არარი (არაუშავს), გამამეძრახე (შემომეხმიანე), ჩაიქანქე სასი (გაჩუმდი), გაბერტიკა (გასუქებული, დიდი მუცლით), გულიპასუხი (გულით გაცემული პასუხი, სიმართლე), გადრეცილი (იტყვიან უსაქმურზე), მოპლარწული (მოლამაზებული), ჩაიტიტე შენა (დაცინვა), მაინარეკლა (მოკლა), ზმუკუნი (იტყვიან რაიმეს პასუხად, როცა რეალური პასუხი არ აქვთ), მოიტლიკა ხელცარიელი (მოვიდა ხელცარიელი), გედეესია (გადაეკიდა), პეწენიკა (სილამაზის, ესთეტიკის მოყვარული), იმტიტელა (დიდი), წურიკა (იტყვიან ძაღლზე, რომელიც საშოვარზე ყველგან დაძვრება), მაწაუკი (მაიმუნი), ღატლაკუჭა (ცარიელ-ტარიელი, ღარიბი), თაია უდგათ (ბევრი აქვთ, ზვინი უდგათ), კლამპი წყალი (წვეთი წყალი), გაიბრაიტნენ (გაწყდნენ), წყალი მააწკაპწკაპე (წყალი მიასხ-მოასხი ცოტ-ცოტა), დოთალა (უთქმელი ადამიანი), გაღლეტილი (არაფრისმქონე), ხურხური (ხალხის ხშირი მისვლა-მოსვლა, ქეიფი და ა.შ), სილაქი (სახეში ხელის შემოკვრა), უპრაკუნო ლაპარაკი (გაუაზრებელი საუბარი), ვეტრანა (გაუაზრებელი ადამიანი), ტუტა ადინა (ცუდ დღეში ამყოფა), მიბეგვა (ცემა), თაკილი (არ იუკადრისა), ვეება (დიდი), ჩარფუზანა (დაუსრულებელი, უმიზნო საუბრის გაბმა), დუნდრუცა (სქელი), გათოთხარება (გაურკვევლობაში ყოფნა), მოჩმეხილი (მახინჯი), გაბუსკვნა (ბევრის ჭამა), ყრუჩუჩა (სმენა დაქვეითებული), მაღლა სახლები (ზედა სართული), უხიაკი (უხასიეთო).

კახური მეტსახელები:

ქრისტე ჯემალა- მკვდარი ეგონათ და მესამე დღეს გაიღვიძა.

ზიდანა ნათელა- თმა ნახევრად გასცვივდა.

გამაიღე ანზორა- 9 შვილი ჰყავს.

ცვრიანი კაკო- ბენზინი გადაესხა და ნახევარი ტანი დაეწვა.

აგენტი მიშა- ყურის აპარატი უკეთია.

მიქელა დალი- სამი ქმარი გაისტუმრა საიქიოს.

ძროხა გია- ხორს არ ჭამს.

ჩაწეული ვანო- ძალიან დაბალ ხმაზე ლაპარაკობს.

თოფილულა გურამა- ძალიან დიდი ნესტოები აქვს.

ქართველი რეზო- დედა რუსი ჰყავს და ცოლი სომეხი.

უკრაინა ზვიადა- თმა ყვითელი აქვს და ლოთობის გამო, ლურჯი სახე.

მლაშე ვანო- ხუთჯერ იხრჩობოდა ზღვაში და გადარჩა.

ჩარიდუ გრიშა- მარცხენა ხელზე 4 თითი აქვს და მარჯვენაზე- 2.

ტურისტი მახოია- ზურგჩანთასავით კუზი აქვს.

უკარება თენგო- ორჯერ დაეცა მეხი და გადარჩა.

მთელი ლიზიკო- 80 წლის გაუთხოვარია.

არკა გია- მხოლოდ წინა ორი კბილი შერჩა.

თონე შოთა- დიდი ჭიპი აქვს.

წითელქუდა თამაზა- ბებიამისი მგელმა შეჭამა.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close