სიღნაღის ამბები

ბელა ლობჯანიძე: ნიკო ფიროსმანი მედგა გვერდით და ხატვას მაიძულებდა

თვითნასწავლი მხატვარი გოგონა ნიკალას სოფლიდან და ფიროსმანის ფერებით მოხატული ეზოს ჭიშკრები მირზაანში

ნიკალას სოფელში, დედოფლისწყროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანზე შეყვარებულმა თვითნასწავლმა მხატვარმა გოგონამ, ბელა ლობჯანიძემ ეზოს ჭიშკრები დიდი მხატვრის ტილოებით მოწაფეებთან ერთად მოხატა.

ეს იდეა ორი წლის წინ გაუჩნდა და უკვე საკმაოდ ბევრი ჭიშკარი აქვთ დამშვენებული. მირზაანში საოცარი არტ-ქუჩების სანახავად  სპეციალურად ჩავედი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა – ერთ-ერთი ღობიდან ნიკალას ,,გოგონა ბუშტით“ შემომეგება, მეორედან -,,მეგარმონე სონა“, ,,მუშა სოსო“ და ,,მეეზოვე“ ,,მიქნევდნენ ხელს“.  ზოგან ისე გემრიელად იყო ასახული დუქნის ქეიფი, როგორც ამას პაპა ნიკალა დააწერინებდა ფუნჯს.

აქეთ-იქიდან ფაუნის ფიროსმანისეული წარმომადგენლები მიმზერდნენ – ჟირაფი, შველი, ირმები, ლომი … კახეთის სიამაყე, მეფე ერეკლე ირანელის ქუდით სოფლის რკინის მესერზეც კი მრისხანედ  გამოიყურებოდა. საქართველოს გამაერთიანებელ თამარს კი ხორნაბუჯში, საყვარელ ციხესთან სიახლოვე თითქოს უფრო მეტად შვენის. შეიძლება ითქვას, რომ ნიკალას სოფელში ნიკო ფიროსმანი (ფიროსმანაშვილი) გააცოცხლეს – მისი სულის უკვდავება იქ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას იგრძნობა.

ახალგაზრდა მხატვარს სოფლის ცენტრში მოწყობილ პატარა სახელოსნოში შევხვდი. ბელას  ხატვაზე შეყვარებული ბავშვები გარს ეხვივნენ. ყველა საკუთარი ნახატით იწონებდა თავს. მირზაანელ პატარა მხატვრებში ნიკალას მიმბაძველობა და მასწავლებლის გავლენა დიდი დოზით იგრძნობოდა. შემდეგ სოფელი ფეხით შემომატარეს და ღობეებზე ფუნჯით გადატანილი ნიკალას ტილოების ფოტო-სურათები გადამაღებინეს. მომიყვნენ, როგორ დაიწყეს ხატვა ბელა მასწავლებლის გამო და ახლა როგორ ოცნებობენ მათი საამაყო თანასოფლელის, პაპა ნიკალას კვალზე დადგომას.

.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სოფელ მირზაანში ქართულ ხელოვნებას, მხატვრობას, საუკეთესო თაობა ეზრდება და ამაში ფასდაუდებელი როლი თვითნასწავლ მხატვარ გოგონას მიუძღვის.

   ბელა ლობჯანიძე:

_ სკოლა მირზაანში დავამთავრე და თბილისში გავაგრძელე სწავლა. მხატვრობა არ არის ჩემი სპეციალობა. ხატვა 19 წლისამ დავიწყე. სკოლის პერიოდში მხატვრობაზე არც მიფიქრია. ადამიანში ხელოვნების ნიჭს ყოველთვის რაღაც მძაფრი მოვლენები აღვიძებს და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში მამაჩემი ავად გახდა. ოჯახი ძალიან დარდიანი იყო. ერთ დღეს შემთხვევით ჩემი დის ქართული ლიტერატურის წიგნი გადავშალე და დახატული პრომეთე,  მიჯაჭვული ამირანი ვნახე. უცებ ვიგრძენი, რომ ჩემში რაღაც ცვლილება მოხდა, თითქოს ახალი ძალით აღვივსე. ამ განცდების აღწერას მთელი სიზუსტით ალბათ ვერ შევძლებ.

ჰოდა, ავდექი და დავხატე პრომეთე. მონახაზი თავადაც მომეწონა, მაგრამ სხეულის კანის ფერი როგორ დამეხატა, არ ვიცოდი. თუმცა ჩემი დაკვირვებით ესეც მალე შევძელი. დასრულებული ნახატი ისეთი საოცარი გამოვიდა, ყველას პროფესიონალის შესრულებული ეგონა- ჩემს ამჟამინდელ ნახატებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ამის შემდეგ მამა მალე გამოჯანმრთელდა და მე ხატვა გავაგრძელე.

მეორე ნახატიც პორტრეტი იყო- ჩემი მეგობარი ბიჭი დავხატე. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ წარმოდგენით ვხატავდი პორტრეტს და შემდეგ ზუსტად ისეთი გარეგნობის ადამიანს ვხვდებოდი.

    _ წინასწარმეტყველური ნახატები ბევრი გაქვს?

_ ერთხელ ახალგაზრდა ბიჭის პორტრეტი დავხატე წარმოდგენით. ასეთი ადამიანი არასდროს მინახავს. ნახატი ჩემს ფეისბუქგვერდზე გამოვაქვეყნე და მალევე უცნობმა მომწერა, მე დამხატეთო? როდესაც მისი ფოტოსურათი ვნახე, ამ პიროვნებას მართლაც ძალიან ჰგავდა ჩემს ნახატზე გამოსახული ახალგაზრდა. ასეთი შემთხვევები ხშირად ყოფილა. ვფიქრობ, ეს წინასწარმეტყველება კი არა, ინტუიციაა, რომელიც ბევრ ხელოვან ადამიანს აქვს.

_ ბელა, უნდა შეგაქო და გითხრა, რომ პატარა მოწაფეებთან ერთად ნიკო ფიროსმანისა და თქვენი სოფლის კიდევ უფრო პოპულარიზაციისთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებ. სოფლის ქუჩების მესერებზე ფიროსმანის ნახატების გადატანის იდეა როგორ გაგიჩნდა?

_ მირზაანში ხშირად ჩამოდიოდნენ ტურისტები ნიკალას მუზეუმის სანახავად, მაგრამ გზას ვერ პოულობდნენ. კითხვა-კითხვით ძლივს აგნებდნენ მუზეუმს. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, ნიკალას ფერებში მომეხატა სოფელი, თუმცა, როცა თბილისიდან ვბრუნდებოდი, წარმოსახვაში სწორედ ასეთი ფორმით მოხატულ მირზაანს ვხედავდი ხოლმე. რაღაც პერიოდი ვოცნებობდი კიდეც, სოფელში მოსულ სტუმრებსა თუ გამვლელებს, ქუჩებში ნიკალას ნახატების გმირები შეგებებოდნენ.

ამის განხორციელება თავიდან ჩემი ეზოს მესერის  მოხატვით დავიწყე. პირველი შტრიხების გავლებისთანავე დავრწმუნდი, რომ ყველაფერი გამომივიდოდა და ოცნებას რეალობად ვაქცევდი.

.

ჩემს მესერზე ნიკალას მებადური რომ დავხატე, სანახავად უამრავი ბავშვი მოვიდა. ზოგმა მაშინვე მთხოვა, ჩვენც დაგვახატინეთო. გავუნაწილე ფუნჯები, საღებავები და ერთად გავაგრძელეთ ღობეების მოხატვა. ზოგიერთებს მანამდე ფუნჯიც კი არ ჰქონდათ აღებული ხელში, მაგრამ სურვილმა, თავადაც მიეღოთ მონაწილეობა სოფლის გალამაზებაში, შეუძლებელი შეაძლებინათ.

როცა ჩემი ღობის მოხატვა დავასრულეთ, დავწერე, რომ მთელი სოფლის მოხატვა გვინდოდა. ძეგლთა დაცვის სააგენტომ დახმარება გაგვიწია და პროექტის განსახორციელებლად გარკვეული თანხა ჩაგვირიცხა. გასული წლის გაზაფხულიდან დავიწყეთ სოფლის ღობეების მოხატვა და ახლაც ვაგრძელებთ. 12- ზე მეტი მესერი მთლიანად გვაქვს მოხატული.

წინათ ძირითადი სამუშაოს შესრულება მე მიხდებოდა და უფრო დაძაბული ვიყავი, მაგრამ ბავშვები ისე გაიწაფნენ, ჩემ გარეშეც საუკეთესოდ და სწრაფად ასრულებენ საქმეს. გუნდურმა მუშაობამ ძალიან გაამართლა – ყველა ერთად ვწყვეტთ, ვინ რომელი პერსონაჟი უნდა დახატოს და როგორ. ზოგჯერ ისინიც გვეუბნებიან, ნიკალას რომელი ნახატი გადავიტანოთ მათ ღობეებზე, ვისი მესერებიც უნდა მოვხატოთ.

სოფელში, ერთ პატარა ოთახში გავხსენით სკოლა- სახელოსნოც, სადაც ზაფხულობით ბავშვები მოდიან და ხატვას სწავლობენ. ხატვის ნიჭი სოფელში საკმაოდ ბევრს აღმოაჩნდა, რაც ნიკალას სამშობლოში ალბათ გასაკვირი არ არის. სხვათა შორის, ბარელიეფებსაც ვაკეთებთ და გვინდა, გავაკეთოთ ბიუსტები, რომლებსაც სოფელში დავდგამთ.

.

_ ვისი ბიუსტების გაკეთებას აპირებთ?

_ გავაკეთებთ ცნობილი ხელოვანი ადამიანების ბიუსტებს – ფიროსმანის, ვან გოგის და ა.შ. ვფიქრობ, დიდი, მაგრამ ღარიბი მხატვრის სამშობლო ყველა სოფლისგან უნდა განსხვავდებოდეს. ხელოვნების ბევრ დარგში ბედს მოსწავლეებთან ერთად ვცდი და მეც მათთან ერთად ვსწავლობ. მოზაიკიაშიც გვინდა, გავიწაფოთ ხელი.

   _ ბელა, დიდი შემოქმედის ნახატების გადახატვა ბავშვებთან ერთად დიდი რისკი და პასუხისმგებლობაა. არ გაგიჭირდათ ასეთი ნაბიჯის გადადგმა?

_ სანამ ხატვას დავიწყებდი, მის ყველა ნახატს უფრო მეტად ჩავუღრმავდი და ამიტომაც შესრულება არ გამჭირვებია. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ნიკო ფიროსმანს კარგად ვიცნობდი, მასთან ერთად ვმუშაობდი და ისიც მეხმარებოდა. თავად ფიროსმანი ამბობდა, წმინდა გიორგი მედგა მათრახით და მეუბნებოდა, დახატე, დახატეო. შემიძლია ვთქვა, რომ მე ნიკო ფიროსმანი მედგა გვერდით და ხატვას მაიძულებდა.

მქონდა შემოქმედებითი ჩავარდნის პერიოდიც და 7 თვე ფუნჯს არ გავკარებივარ. ერთხელ მეგობრებთან ერთად სკოლის ეზოში ვიჯექი, როცა ვიგრძენი, თითქოს რაღაცამ შემაჯანჯღარა. ალბათ ეს ჩემი შინაგანი ემოცია იყო, რომელიც 7 თვე გროვდებოდა და ბოლოს მაინც ამოხეთქა. ხილვის მსგავსად ვნახე ნიკალა, რომელმაც  მითხრა, რატომ აღარ ხატავ, რა დაგემართაო? მაშინვე მივატოვე მეგობრები,  სახლში გავიქეცი და ხატვა დავიწყე.

ზაფხულში ჩვენი პროექტის მეორე ეტაპი უნდა დავიწყოთ და ფიროსმანის მუზეუმამდე მისასვლელი გზაც ნიკალას ნახატებით მოვხატოთ.

         ….

ბელა ლობჯანიძემ სახლში მოწყობილი საკუთარი ნახატების გალერეაც დამათვალიერებინა. მისი ნახატები სიმბოლოებითაა დატვირთული და შინაარსობრივად საკმაოდ საინტერესოა. ერთ-ერთ ნახატზე, რომელსაც ,,აღდგომა“ დაარქვა, ღვთისმშობლის წინ 9 წითელი კვერცხი დევს, ერთი კი საჩვენებლად ხელში უკავია. ბელამ მითხრა, რომ 9 საკრალური რიცხვია და მათში კონტინენტები იგულისხმა. საჩვენებლად გაწვდილი ერთი კვერცხი გამთლიანებულ, ერთ მუშტად შეკრული საქართველოს მიმანიშნებელიაო.

.

.

2008 წლის ომის თემაზე რამდენიმე ნახატი აქვთ შესრულებული. ერთ-ერთზე მხატვრის მეზობელი გოგონაა გამოსახული, რომელსაც ხელში სათამაშო თოჯინა უჭირავს. ბელა მომიყვა, რომ ამ ნახატის იდეა მეზობლის გოგონამ გაუჩინა, რომელიც მათთან თვალცრემლიანი მივიდა, მხატვარმა კი მის უკან გორის მოვლენები წარმოიდგინა.

ერთხელ მირზაანში ფიროსმანის სახლი დაუხატავს თავზე შავი ღრუბლით. ბელა ამბობს, რომ არ იცის, რატომ მიახატა სახლს ავისმომასწავლებელი ცა. იმ დღეს მირზაანში ისეთი წვიმა და სეტყვა მოსულა, მოსავალი გაუნადგურებია.

,,ერთხელ თოვლი დავხატე და მალევე წამოვიდა ფანტელები. თოვა მთელი კვირა გრძელდებოდა. ისე შევწუხდით უამინდობით, მამა მეუბნებოდა, არ დავინახო,  თოვლი კიდევ დახატოო. არ ვიცი, ეს როგორ ხდება, ამ მოვლენის ახსნა არ შემიძლია“,_ გვითხრა ბელამ.

ბელა ლობჯანიძე მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმის თანამშრომელია, ამიტომ მასთან ერთად მოვინახულე მუზეუმიც. მას ამჟამად რესტავრაციას უტარებენ და ორი თვის წინ დროებით დაკეტეს. როგორც მითხრეს, სამუშაოები გაზაფხულამდე გაგრძელდება. ფიროსმანის 16 ტილო, რომლებიც ამ მუზეუმშია დაცული, ამჟამად  სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი და მსურველებს მისი მონახულების საშუალება აქვთ. ცხადია, გამოფენა მეც დავათვალიერე და ქიზიყელ ნიკალაზე შეყვარებული სიღნაღელებისგან მათ მიწისშვილ ფიროსმანზე რამდენიმე საინტერესო ამბავიც შევიტყე. აი, ისინიც:

,,გამოფენაზე გამოტანილია პიკასოს ტილოც, რომელზეც ფიროსმანი ჰყავს დახატული. ნახატი ისეთი შტრიხებით არის შესრულებული, მნახველს შეუძლია, ნიკალა მთელი ვიზუალით დაინახოს და პროფილითაც. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, საიდან შეხედავს ნახატს. პიკასო დიდ პატივს სცემდა ფიროსმანის ნიჭსა და გენიალურობას“.

,,მეგობრები ნიკალას მეტსახელად გრაფს ეძახდნენ. უბატონო კუთხის ქიზიყელები საკმაოდ თავმოყვარეები ვართ. ნიკოც ასეთი იყო – მკაცრი და თავმოყვარე. ბევრ ადამიანს კითხვაზე პასუხს არ სცემდა. დუქანში მაგიდასთან მარტო ჯდომა უყვარდა. როცა მიიპატიჟებდნენ, ჯერ ხმას არ გასცემდათ, მერე კი ცივად უპასუხებდათ, თავი გამანებეთო. ამის შემდეგ დალაპარაკებას ვეღარ უბედავდნენ და ამიტომ შეარქვეს ასეთი მეტსახელი.“

,,ფიროსმანს ერთ-ერთ შემკვეთთან ნახატი მიუტანია და იქ ვაჟა-ფშაველა დახვედრია. ნიკალა ვაჟას პირველად შეხვდა და დიდი პოეტის  საუბარს მოუხიბლავს მხატვარი, თუმცა ვერ უცვნია და უთქვამს, შენ რაღაც ძალიან განათლებული კაცი სჩანხარ და გლეხურად რატომ ხარ ჩაცმულიო? ნიკოსთვის აუხსნიათ, რომ მის წინ ვაჟა-ფშაველა იდგა და მისი ნახატი ძალიან მოსწონდა. სკამიდან მაშინვე წამომხტარა ფიროსმანი, კედელზე დაკიდებული, უკვე გაყიდული ნახატი ისე ჩამოუხსნია, პატრონისთვის არც უკითხავს და ვაჟასთვის უჩუქებია. დამკვეთს კი შეჰპირებია, ახალს დაგიხატავო“.

,,ნიკალას მეფე ერეკლე სპარსულ  ფორმაში ჰყავს დახატული- ჩალმით. ამ ნახატს საინტერესო თქმულება უკავშირდება. როცა ერკლემ  მტერი განდევნა და უკან ბრუნდებოდა, ხუმრობით მტრის ფორმა ჩაიცვა. ქართული ჯარის წინ მომავალი ჩალმიანი მხედარი ხალხმა რომ დაინახა, იფიქრეს, მტერი მოდის, ეტყობა, ჩვენი ერეკლე დამარცხდაო. თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ გამარჯვებული ერეკლე ხუმრობდა. ეს ეპიზოდი აქვს გადმოცემული ნიკალას ერეკლეს ცნობილ პორტრეტში“.

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close