საზოგადოება

დღეს, 14 სექტემბერს ახალი საეკლესიო წელი დაიწყო

,,მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. სამებაწმიდა ეკლესია “ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს” შესთხოვს, “აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა”.

ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა.

ტერმინი “ახალი წელი” რომს უკავშირდება. საღვთისმსახურო წიგნი “ჟამნი” მოგვითხრობს, თუ რატომ განაწესა ინდიქტიონი ანუ ახალი წელი რომის კეისრისმა. გადმოცემის თანახმად, როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის თვის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ. სექტემბრის პირველ დღეს ხარკის გადახდით ხალხი მომდევნო ხუთი წლის თავისუფლებას ზეიმობდა. ამგვარად, ინდიქტიონი სადღესასწაულო დღედ იქცა.

ასეთი წელთაღრიცხვა იესო ქრისტეს დროსაც იყო ცნობილი. ქრისტიანულმა ეკლესიამ, რადგან რომაული კალენდარი შეითვისა, ახალ წლად, ანუ ინდიქტიონად პირველი სექტემბერი მიიღო. ამასთანავე, წმიდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: “სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე… ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული”. ასევე, 312 წლის 14 სექტემბერს კი კონსტანტინე დიდის მიერ მაქსენციუსის დამარცხების შემდეგ ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ. ამ მოვლენათა აღსანიშნავად უძველესი დროიდან ბერძნულ ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.

საეკლესიო ახალი წელი დღესაც ძველი სტილით 1 სექტემბერს, ახალი სტილით კი 14 სექტემბერს აღინიშნება” _ გვიყვება მამა სერაფიმე.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close