ანზორ საკანდელიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე:

_ ვაგრძელებთ ჩვენი პოსტების რუბრიკას ვაჟა ოთარაშვილის ამ სიტყვების სათაურით: „გაიღვიძეთ, ვიღუპებით, გონს მოეგეთ, ქართველებო!“
პოსტი N5
წაიკითხეთ და შეძრწუნდით!
ვინც წაიკითხა ჩვენი მე-3 და მე-4 პოსტები, ყველა დარწმუნდება, რომ დღევანდელი სამშენებლო სეისმო-ეკოლოგიური უსაფრთხოების სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი ნორმების დაცვის აბსოლუტური იგნორირების გამო, საქართველოს მოსახლეობა და, განსაკუთრებით, თბილისელები ხელისუფლებამ გაგვწირა სასიკვდილოდ. მიუხედავად ჩვენი უკომპრომისო ბრძოლისა, თბილისში არ ჩერდება კანონიერი 7-12 სართულიანების ნაცვლად უფრო მრავალსართულიანი (20, 30, 40, და უფრო მეტსართულიანი), სეისმომედეგობაზე შეუმოწმებელი „სიკვდილის კორპუსების“ უკანონო მშენებლობები და მიღება ექსპლუატაციაში. უფრო მეტიც, ხშირად ამ „სიკვდილის კორპუსებში“ ადამიანებს საცხოვრებლად ასახლებენ ექსპლუატაციაში მიღების აქტების გაფორმების გარეშეც!
კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა ჩვენი საცხოვრებელი ბინების სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვაში, რომელთა დაუცველობით გამოწვეული დაავადებებისაგან დღეს მსოფლიოში იღუპება გარდაცვალებულთა ნახევარზე მეტი. სიკვდილის მთესველი ასეთი ნორმები კი ჯერ საქართველოში არც დაუმუშავებიათ, არც დაუკანონებიათ, არც აუმოქმედებიათ და შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნები საცხოვრებელი კორპუსების მიღება-ჩაბარების დროს არც არავის არ მოუთხოვია.
მერიის ამ დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო დღეს თბილისში უკონტროლო სამშენებლო ეკოლოგიური რისკფაქტორებით ყოველდღიურად ბევრი ავადდება მძიმე სენით, ბევრს დაავადება კრიტიკულ დონეზე უმძიმდება და ბევრი მძიმედ დაავადებული კი კვდება. გამკითხავი, მომკითხავი, პასუხის გამცემი და პასუხისმგებელი კი არავინაა!
ასე გაგრძელება კი აღარ შეიძლება. მართლაც, გაიღვიძეთ და გონს მოეგეთ, თბილისელებო! მიიხედ-მოიხედეთ, სად ცხოვრობთ, რა ჰაერს სუნთქავთ, რა დოზის რადიოაქტიურ დასხივებებს იღებთ და იფიქრეთ რა მოგელით ხვალ, თბილისისათვის დაკანონებული და, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი 8-ბალიანი მიწისძვრა რომ მოხდეს თბილისში. წარმოგიდგენიათ რა ნგრევები და თბილისელების რა მსხვერპლი მოყვება ამას? წარმოუდგენელი!
რა გავაკეთოთ? ეს გაწერილია ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებულ და საქართველოს მშენებელთა ლიგის მიერ მოწონებულ „თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამაში“, რომელიც 3 თვის წინ ოფიციალურ შეხვედრაზე გადავეცით მერიის თანამშრომელთა და ექსპერტთა ჯგუფს. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. მერიამ ეს წერილი გაატარა!?
2018 წლის 13 მარტს თბილისის მერს კვლავ ვაახლეთ მშენებელთა ლიგის N6 ოფიციალური წერილი და კვლავ შევახსენეთ პასუხის გაუცემლობა ჩვენ „მეგაპროგრამაზე“. რაც მთავარია, მას გადავეცით ჩვენ N3 პოსტში განთავსებული 8 დღევანდელი გამორჩეული და ცნობილი მშენებლისა და მეცნიერის მიერ ხელმოწერილი ღია წერილი, რომელშიც ხაზგასმულია თბილისისათვის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი სამშენებლო სეისმო-ეკოლოგიური რეალური საფრთხეების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაუყოვნებლივ განხორციელება და ამ საკითხებზე ითხოვენ თბილისის მერთან შეხვედრას. არ გვგონია, რომ მერიამ და მისმა ხელმძღვანელობამ ეს ღია წერილიც გაატაროს.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიწყებთ თბილისელების მობილიზაციას, რომ მერიამ გადადგას რეალური ნაბიჯები თბილისში საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების შემოწმებებზე სეისმომედეგობებზე და სამშენებლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. ასეთი შემოწმებების გარეშე კი ჩვენ ევროკავშირში ცხვირსაც კი არ შეგვაყოფინებენ, როცა გაიგებენ, რომ ვართ ის არაცივილიზებული ველური ქვეყანა, სადაც შენობებს არ ამოწმებენ სამშენებლო სეისმო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებებზე და მთავრობას თავისი ხალხი გამეტებული ყავს მასიური ნგრევისა და მსხვერპლისათვის.
დიახ, ჩვენ ვიწყებთ თბილისელების მობილიზაციას და საქართველოს მშენებელთა ლიგასთან ვაყალიბებთ სამობილიზაციო შტაბს. შტაბის მუშაობაში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აქტივისტმა თბილისელებმა, რომლებიც თავიანთ საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებში ადგილებზე აუხსნიან თბილისელებს შტაბის მუშაობის მიზნებსა და ამოცანებს. მსურველმა აქტივისტებმა შეგიძლიათ მოგვმართოთ მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის 11 (ვაკის პარკთან), მე-6 სართული, ოთახი 6-22, ტელ. 598 747738 – ედიშერი, 574 835284 – ხათუნა, 591 203939 – ანზორი. გარდა ამისა, აქტივისტებს შეუძლიათ ყოველკვირეულად, პარასკევს, 1600 საათზე დაესწრონ მშენებელთა ლიგის სხდომებს.

 

კომენტარები