ექსკლუზივი-სკანდალი

   სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის აწ უკვე ყოფილი თანაშემწე გენდერულ საკითხებში -მაია სუხიშვილი სიღნაღის მერს, გიორგი გოგილაშვილს უჩივის. euronews.ge– სთან საუბარში ის აცხადებს, რომ მერმა, ამ პოსტზე მოსვლისთანავე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. ქალბატონი მაია პრემიერ-მინისტრს _ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და სამართლიანობის აღდგენაში დახმარებას სთხოვს.

  მაია სუხიშვილი:

_ 2015 წლის თებერვლიდან დავინიშნე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწედ გენდერულ საკითხებში. წარმატებით გავიარე შესარჩევი კონკურსი, გამოცდა, გასაუბრება. გავლილი მაქვს ფრიდრიხ ებერტის ლიდერთა სკოლა, ჟვანიას სახელობის სკოლა, ლიდერ ქალთა აკადემია, ქალთა საინფორმაციოს ცენტრის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის GIZ, ფერმერ ქალთა ასოციაციის, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირთა ადგილობრივი ტრენინგები. დანიშვნის დღიდან გადავწყვიტე, განმეხორცილებინა ეფექტური კომუნიკაცია გამგეობასა და მოსახლეობას შორის და დავიწყე შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ქალთა გააქტიურებისა და მეტი ჩართულობის მიზნით. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით განვახორციელე საქველმოქმედო ღონისძიებები ახალგაზრდების წახალისებისა და მათთან მეტი კომუნიკაციისათვის _  წარჩინებული მოსწავლეები მივიწვიეთ კინოთეატრ რუსთაველში, საქართველოს მუზეუმში. ჩემი ინიციატივით მოვიწვიეთ სტუდენტური ფორუმ-თეატრი. ქალთა გააქტიურების მიზნით შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ გვყავს ნიჭიერი ქალბატონები სხვადასხვა სფეროში. გადავწყვიტე, მათი ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება. კონსულტაციებს ვუწევდი პროექტ ,,აწარმოე საქართველოში ” განხორციელებასა და დაკვალიანებას.

_ გასაგებია, რომ თქვენს საქმეში წარმატეტები გქონდათ. თუ ასეა, რატომ გაგათავისუფლეს?

_ ამ სამსახურში მუშაობის მანძილზე ერთი დარღვევაც არ მქონია, არც დისიპლინარული შენიშვნა ან კონფლიქტი.

საქართველოს პარლამენტის ,, გენდერული საბჭოს ” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გავეცანი შვეიცარიის განვითარების სააგენტოს განხორციელებულ პროექტებს სხვადასხვა რეგიონში და გადავწყვიტე, დავკავშირებოდი მათ წარმომადგენლებს, რათა, ჩემს რაიონშიც შემოსულიყო არსებული მუნიციპალური სერვისი ,, ქალთა ოთახი”. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ამ პროექტის განხორციელებას.

ამასობაში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, მოვიდა ახალი მერი. მასთან პირველი შეხვედრა იმდენად თბილი იყო, რომ აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ის დამპირდა ყოველგვარ თანადგომას ,, ქალთა ოთახის “‘ გარშემო წარმოებულ პროცედურებში. მეც შევადგინე ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც სჭირდებოდა აღნიშნულ პროცედურებს ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მთავრობის აპარატში. პრემიერ- მინისტრის ხელმოწერილი დადგენილება რომ მოვიდა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. მინიციპალიტეტის აქტიურ ქალბატონებთან ერთად დავგეგმე ღონისძიებებიც, რათა უკეთ წარმოგვეჩინა სიღნაღის მუნიციპალიტეტი. ასევე, შევადგინე წლის სამოქმედო გეგმა, შევიტანე ბიუჯეტში გასათვალისწინებელი თანხები. დაბადების დღეს სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, ჩაიბარეთ ბრძანება გათავისუფლების შესახებო. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა.

_ სახლში რომ არ დაერეკათ, სამსახურში ვერ გითხრეს?

_ რამდენიმე დღე ავად ვიყავი და სამსახურში ვერ მივდიოდი. საწოლში მწოლიარეს გამიკეთა სიურპრიზი მუნიციპალიტეტის მერმა. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში, როდესაც ყველა დოკუმენტი და შეთანხმება მოწესრიგებული მქონდა, მერი და მისი პირველი მოადგილე შეხვედრებს აწარმოებდნენ დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან, ჩემი ადგილის დასაკავებლად გამზადებულ პირთან ერთად. ანუ მერიის წარმომადგენელს კი არა, რიგით მოქალაქეს ახვედრებდნენ ოფიციალური შეთანხმებების დროს დონორებს. ამით არამარტო მე, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც მიაყენეს შეურაცხყოფა.
რატომ მოიქცნენ ასე, ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობ!

 მე ჩემიანი მინდაო, ასე აცხადებს გოგილაშვილი და რას ნიშნავს ჩემიანი, ან მე ვისიანი ვარ, არ ვიცი.

 _ ალბათ, პარტიულ მეგობრობას გულისხმობს მერი. ასე თუ საუბრობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია თანამდებობაზე მისი ყოფნა…

 _ ადგილობრივი არჩევნების პერიოდში ადამიანების უხერხულ კითხვებზე მიწევდა პასუხის გაცემა. მეკითხებოდნენ,  ვინ არის გოგილაშვილი? რა გაუკეთებია სიღნაღის მუნიციპალიტეტშიო? ხმები დადიოდა, თითქოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს და ამ ურთიერთობის  გამო დააწინაურეს.
 არ მინდა, ეს მოარული ხმები ვირწმუნო. არა მგონია, მერის უსამართლობის ამბავი კვირიკაშვილმა გაიგოს და რეაგირება არ მოახდინოს, აპატიოს უსამართლობა. გოგილაშვილმა ჩემს მიმართ ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა. შესანიშნავად იცოდა, რას წარმოადგენდა ეს პროექტი ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის, მაგრამ წყალში ჩაგვიყარა ამდენი შრომა.
ზემოთ მოგახსენეთ, რომ არაერთი ტრენინგი გავიარე, ვისწავლე… ესეც ხომ წყალში გადაყრილი ფულია და უპატივისცემლობა დონორი ორგანიზაციების? ჩანასახიდანვე მოვყვებოდი ამ პროექტს და როდესაც ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდა, შვილივით მომწყვიტეს გულიდან.

   _ როგორც მითხარით, პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართეთ. კიდევ რა ნაბიჯები გადადგით სამართლიანობის აღდგენისთვის?
   _ მივმართე სახალხო დამცველს – ნინო ლომჯარიას, რომელიც  ყოველთვის გამოირჩევა სამართლიანობითა და პირდაპირობით. ერთხელ მას უფლებების დაცვის რკინის ლედი ვუწოდე და მჯერა,  ობიექტურად გაერკვევა აღნიშნულ საკითხში და სათანადო რეაგირებასაც მოახდენს.

  _ სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატისთვის, ირაკლი შიოლაშვილისთვის არ მიგიმართავთ?

_  მე მისი მხურვალე მხარდამჭერი ვიყავი… ვიცი, რომ საქმის კურსშია, მაგრამ სამწუხაროდ, თავად  არ შემხმიანებია და აღარც მე დავუკავშირდი. მიუხედავად ამისა, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მიმართვა არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა და სიმართლე გაირკვევა.
,,ქართული ოცნების” გამარჯვებაში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი. იმედს ჯერ კიდევ არ ვკარგავ, რომ მომაქცევენ ყურადღებას, დაინტერესდებიან და მერის თავნებობას აღკვეთენ. არ მინდა ვინმემ ეს შემთხვევა გამოიყენოს ჩვენი მონაპოვარის გასაკრიტიკებლად. არც ის მინდა, ვისმინო ადამიანისაგან, აი, შენი ნაქები ოცნება და მთავრობაო.
მუნიციპალიტეტების დამოუკიდებლობა იმას არ ნიშნავს, რომ ხელმძღვანელებმა საკუთარ დუქნებად აქციონ  საჯარო დაწესებულებები. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მუნიციპალიტეტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს მათ ავალდებულებთ, იყვნენ ობიექტურები და სამართლიანები.

მაფრთხილებენ, დაანებე თავი მერთან ბრძოლას, მაინც ვერაფერს გახდები, რადგან პრემიერ-მინისტრის ახლობელია, მისი კადრიაო. არ მჯერა, რომ ეს სიმართლეა და ყველაზე მეტად, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის იმედი მაქვს!  რატომ უნდა დამჩაგროს ადამიანმა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ,,პატრონი” არ მყავს?

   _ თქვენი შემცვლელი უკვე დანიშნეს?

_ დიახ, დანიშნეს.

როგორც ამბობენ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, ამ თანამდებობაზე მოსვლის წინ, ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა. თურმე მასთან უმუშავია იმ გოგონას მამას, რომელიც ჩემს ადგილზე დაინიშნა. არც ეს მინდა დავიჯერო, მაგრამ მალე ყველაფერი უკეთ გამოჩნდება.

გარკვეული პერიოდი შეგნებულად ვიკავებდი თავს ამ საკითხზე საუბრისგან, მაგრამ რადგან ამ ამბავმა მაინც გაჟონა და დამიკავშირდით, უფლება არ მაქვს, სიმართლე არ გითხრათ. თანაც, საკუთარი უფლებები მე თუ არ დავიცავი, სხვების უფლებების დაცვას როგორ შევძლებ?

euronews.ge დაინტერესდება ქალბატონ მაია სუხიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებით. 

 ნელი ვარდიაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი