საზოგადოება

„რატომ უნდა გავიმეოროთ ინგლისურად fuck you და არ ვთქვათ, – შენი დედა მოვტ…ან“

9 სექტემბრიდან „ტვ პირველზე“ ახალი ქართული სერიალი იწყება. გიორგი ჯაფარიძის „ელიტარული დახმარება“ მძაფრსიუჟეტიანი დრამაა. როგორც რეჟისორი და მსახიობები გვპირდებიან, სერიალში ნაჩვენები იქნება თბილისური ელიტის ღამის ცხოვრების ფარული წვრილმანები. სექსი, ღალატი, გარჩევა, ჩხუბი, ორპირობა. ეს ის თემებია, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს მაყურებელს. ამდენად იმის ალბათობა, რომ სერიალს მაყურებელი ეყოლება, დიდია. მთავარ როლებს სერიალში ასახიერებენ: ნუცა შანშიაშვილი, ნანა ნებიერიძე, ზურა შარია და ზურა ინგოროყვა. მანამ სანამ მძაფრსიუჟეტიან ქართულ დრამას „ტვ პირველის“ მაყურებელი იხილავს, „პრაიმტაიმი“ ნუცა შანშიაშვილსა და ნანა ნებიერიძეს გაესაუბრა.
ნუცა შანშიაშვილი:
– ჩემი გმირი ძალიან საინტერესო ქალია. ერთი მხრივ, მძიმე ცხოვრება აქვს და მეორე მხრივ, დიდი ფული. ფულისთვის ძალიან დიდი ბრძოლა უწევს. ამ ბრძოლაში, როგორც ყოველთვის, დიდი სიბინძურე ხდება. ასეთ დროს ადამიანს ტვინი ეკეტება და ძალიან დიდ სისულელეებს აკეთებს ფულის გამო. ეს ყველაფერი ძალიან სწორად არის აღბეჭდილი სერიალში. ზოგჯერ ვუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომებს. სწორედ ამაზე მიგვითითებს რეჟისორი. ჩემი გმირი არის პერსონაჟი, რომელიც ამ შეცდომებით ცხოვრობს. ნერვიული აშლილობა აქვს, სტრესული მდგომარეობა. ქვეცნობიერად ხვდება თავის შეცდომებს, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.
– როგორი პირადი ცხოვრება აქვს შენ გმირს?
– არეული, ქაოსური. ოდესღაც უყვარდა თავისი ქმარი. მერე ირკვევა, რომ ფული უნდოდა მისი. მერე ამ ფულმა ისე გადარია, რომ შვილების წინააღმდეგ მიდის. მერე სხვა მამაკაცი უყვარდება… მოკლედ, ძალიან რთული პერსონაჟია, დრამატული დატვირთვა აქვს. ამ გმირის შემხედვარე ხვდები, რომ ზოგჯერ ჯობია, ღარიბი იყო და ხელგამოწვდილი იჯდე, ვიდრე გქონდეს მიზანი, რომ გქონდეს ბევრი ფული და ამ ფულისთვის ამდენი სისულელე ჩაიდინო.
– ძალიან ხმაურიანი ანონსი აქვს თქვენს სერიალს, ვფიქრობ, სკანდალური გამოვიდა…
– არ მინდა, ამას სკანდალი დაერქვას. ჩვენ ევროპა ვართ, არ ვართ ირანი, რატომ უნდა ვუყურებდეთ პირდაღებულები მსგავს ევროპულ სერიალებს და არ გვქონდეს ჩვენი, როცა ეს ჩვენი ქართული რეალობაა, ხომ არაფერს ვიგონებთ?!  ეს ყველაფერი თბილისში ხდება. სერიალში არის ღალატი, სიკვდილი, დაძაბულობა, ეროტიკა, ის ყველაფერი, რაც თბილისში ხდება, მაგრამ ფარდის უკან. რეჟისორი ცდილობს, ეს ყველაფერი გააშიშვლოს ლამაზი, მაგრამ ძალიან მტკივნეული ფორმით.
– ვინ არის შენი პარტნიორი ამ სერიალში?
– ზურა ინგოროყვა. არაჩვეულებრივი პარტნიორია, მიადვილდება და მიყვარს მასთან მუშაობა.
– ვნახავთ, შენსა და ზურას  ეროტიკულ სცენებს სერიალში?
– ამას, მოდი, საიდუმლოდ დავტოვებ. ყველაფერს თუ მომაყოლებ, ვინღა უყურებს სერიალს (იცინის).
– ახლა რა ეტაპზეა გადაღებები?
– უკვე ბევრი სერია გადავიღეთ. ახლა ფსიქიკური აშლილობის ეტაპია, როგორც ხდება ხოლმე ნორმალური კინოგადაღების დროს. ყველა დაძაბულია, ვნერვიულობთ რომ ყველაფერი ხარისხიანი გამოვიდეს. აღმართზე ავდივართ და ახლა შუა გზაში ვართ.
– ხომ არ გამოიყენა რეჟისორმა შენი მეორე პროფესია, სიმღერა?
– არა, სიმღერა არა, მაგრამ ერთ-ერთ კადრში ფორტეპიანოსთან ვზივარ და ვუკრავ. ამ ქალის დატვირთვა სხვაა, სიმღერა არ მოუხდებოდა.
– ბილწსიტყვაობამაც მოგიწია სერიალში. ერთ-ერთი ფრაგმენტი ვნახე, სადაც უშვერი სიტყვებით იგინები. არ გეშინია საზოგადოებრივი აზრის?
– ვფიქრობდი, კი, რას იფიქრებს ჩემი ქართველი ხალხი, რომლის აზრსაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გადავდგი ეს ნაბიჯი იმისთვის, რომ არსებობს ცივილიზაცია, მსოფლიო მასშტაბის კინო და რატომ უნდა გავიმეოროთ ინგლისურად fuck you და არ ვთქვათ, – შენი დედა მოვტ…ან ქართულ ფილმში, როცა ჩვენი რეალობა სწორედ ამ დედა…ულ ცხოვრებას ასახავს. ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი. შეიძლება გამკიცხონ ამის გამო, მაგრამ…
– კიდევ რა იქნება ფილმში ისეთი, რის გამოც შეიძლება გაგკიცხოს მაყურებელმა?
– ბოროტია ჩემი გმირი და ისე დამაჯერებლად გამომდის მისი თამაში, დედაჩემი, მზია მეუბნება, ქართველებს უყვარხარ და ამ როლის გამო არ შეგიძულონო.
– ამ სერიალის დამსახურებაა, რომ ამდენ ხანს თბილისში შემორჩი?
– რა თქმა უნდა. ასევე, კიდევ ერთ ფილმზე ვარ დაკავებული, შოთა კალანდაძის რეჟისურით – „სიყვარული სიკვდილის ზღვარზე“… აგვისტოს დასაწყისში მივდივარ ნიუ-იორკში…
– ეროტიკული ფილმია?
– რა თქმა უნდა, ოღონდ მთხოვა, არაფერი არ გაახმაუროო. გეტყვით იმას, რომ ბევრი სიურპრიზი გელით ფილმში.
– კიდევ ვინ არიან დაკავებული შოთიკოს ფილმში?
– მერსი სულხანიშვილი და ვაჟა გოდერძიშვილი.

ნანა ნებიერიძე:
– ჩემს გმირს ნანი ჰქვია, ზურა შარიას გმირის, კოტეს ცოლია, პატიოსანი ქართველი ცოლი, ორი შვილით და საზიზღარი ქმრით. ნაძირალაა ჩემი გმირის ქმარი, მთელი ცხოვრება „გულაობს“ ქალებში, ღალატობს ცოლს, საშინელი პერსონაჟია. ამას ემატება ისიც, რომ დაქალებიც ღალატობენ ჩემს გმირს.
– ქმართან?
– ჰო, ერთი ქმართან, მეორეც მის მხარესაა. ამ ყველაფრისგან იღლება ჩემი გმირი და არაადეკვატური ხდება. ბოლომდე ვერ მოვყვები სიუჟეტს, გეტყვით, რომ მთლიანად იცვლება ნანის ცხოვრება.
– ნანა, შენ არ ხარ პროფესიონალი მსახიობი, როგორ მოირგე ახალი ამპლუა?
– საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ პროფესიონალი მსახიობი. მეხმარებიან და რჩევას მაძლევენ ჩემი პროფესიონალი კოლეგები და მართალი გითხრათ, არ არის რთული. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მაღალ დონეზე გამოჩნდეს ჩემი სამუშაო. დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ როლში შევსულიყავი. ამაზე გადაღებების დაწყებამდე ვმუშაობდი რეჟისორთან ერთად.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close