როგორი იყო სიღნაღი 30 მილიონი წლის წინ_ ,,აქ არ იციან, რა არის ბატონობა”
ქიზიყელები ერთ-ერთი პირველნი იყვნენ იმათ შორის, ვინც სამშობლოს მტრებს ყველაზე მეტ ზიანს აყენებდა
ვიწყებთ რუბრიკას: ,,ისწავლე საქართველოს ყველა კუთხის ისტორია-ჩვენი ისტორია“
,,სიღნაღის გზამკვლევი“
ლერი ბეგიაშვილი
მეცნიერთა გამოკვლევით, თანამედროვე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ, ზღვით ყოფილა დაფარული, რომელშიც კუნძულის სახით გამოიყოფოდა ცივგომბორის ქედის ზოლი. მუნიციპალიტეტის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება მომხდარა დაახლოებით ერთი მილიონი წლის წინათ. ამ მიწა-წყალზე მოსახლეობა უხსოვარი დროიდან ცხოვრობს. საერთოდ კახეთი და, მაშასადამე, მასში შემავალი სიღნაღის მუნიციპალიტეტიც მიჩნეულია ერთ-ერთ იმ ტერიტორიად, სადაც ადამიანი ფიზიკურად და სულიერად ყალიბდებოდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხშირად პოულობენ პალეოლითურ, ნეოლითურსა და ბრინჯაოს ხანის იარაღებს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ტერიტორია შედიოდა იბერიის სამეფოში და იწოდებოდა კამბეჩოვანად.
კამბეჩოვანად (ქიზიყად) იგულიხსმება დღევანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორია (ძირითადად). ქიზიყი მთლიან ერთეულს წარმოადგენდა არა მარტო ტერიტორიულად, არამედ სხვა მხრივაც. იგი ქართლ-კახეთის სხვა კუთხეებისგანაც განსხვავდებოდა სოციალურ-ეკონომიკური პირობებით, ზნე-ჩვეულებებით, კილოკავით.
ქიზიყის შესახებ გამოჩენილი ქართველი პოეტი ტიციან ტაბიძე წერდა: ,,ქიზიყი ერთი უძლიერესი ნაწილია კახეთისა. ეს ქვეყანა ბევრით არის შესანიშნავი, სხვათა შორის, იმითაც, რომ აქ არ იციან, რას ჰქვია ბატონობა. თუ კახელი, საზოგადოდ, მაგარი ხასიათისა არის და უტეხია, ქიზიყელი ამ შემთხვევაში სრული დასრულებაა ამ ტიპისა… ამ მხარეში ხალხი ახოვანი იზრდება და ძლიერი ბუნება არაფერს არ აკლებს ქიზიყელს, რომ იყოს გულგაშლილი და ზვიადი.
ეს არის მხარე ღვინისა და პურის ბარაქის, თითქოს აქ მთებსაც კარაქი სცხიათ, ისეთი ნოყიერი ბუნებაა და უხვი მოსავალი“.
ქიზიყი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ისტორიამ მას დააკისრა, რომ პირველი შეგებებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შემოსულ მტერს. ვინ მოთვლის რამდენი მტარვალი მოსდგომია საქართველოს საზღვარს ამ მხრიდან! რომაელები და სპარსელები, არაბები და მონღოლები, ლეკები და თურქები ერთი წუთით არ ასვენებდნენ ბნელი ეპოქებით ისედაც გაწამებულ საქართველოს.
ქიზიყელები ერთ-ერთი პირველნი იყვნენ იმათ შორის, ვინც მტერთან ბრძოლაში საუკეთესო სამხედრო მომზადებას, ფიზიკურ გამძლეობას, ქედუხრელობას, თავისუფლების სიყვარულსა და სიმამაცეს ამჟღავნებდა, ვინც სამშობლოს მტრებს ყველაზე მეტ ზიანს აყენებდა და დამარცხების შემთხვევაში, ვისაც ყველაზე მეტი და მძიმე ჭრილობები რჩებოდა.
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდანვე კამბეჩოვანის (ქიზიყის) მთავარ ქალაქად და ერთგვარ ადმინისტრაციულ ცენტრად ხორნაბუჯი ითვლებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ აქ იჯდა არა მარტო საერო ხელისუფალი, არამედ სასულიერო წოდების წარმომადგენელიც ესპიკოპოსის სახით. მიუხედავად არაბების ამაოხრებელი შემოსევისა, ისევე როგორც კახეთი, კამბეჩოვანიც საკმაოდ გაძლიერდა მერვე-მეცხრე საუკუნეებში.
ამ ხანებში ჩამოყალიბდა ჰერეთის სამთავრო, სადაც შედიოდა კამბეჩოვანიც. ჰერეთის მთავარი ექიშპებოდა და არ ემორჩილებოდა კახეთის ძლიერ მთავარს, რომელიც მუდამ ცდილობდა მდიდარი ჰერეთის დაპყრობას.
მეფე ბაგრატ მესამემ ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასაწყისში ჰერეთ-კახეთი გაერთიანებულ საქართველოს სამეფოს შეუერთა. 1104 წელს ეს საქმე დაასრულა მეფე დავით აღმაშენებელმა, რომელმაც ლაშქრობა მოაწყო ჰერეთ-კახეთში. ხორნაბუჯის ერისთავებს-საზღვრისპირა სამთავროს მმართველებს დიდი პატივით ღებულობდნენ თამარ მეფის კარზე, რადგან ისინი მამაცურად იბრძოდნენ საქართველოს მტრების წინააღმდეგ და დიდ ერთგულებას იჩენდნენ მეფის მიმართ.
მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ციხე-ქალაქმა ხორნაბუჯმა დიდების ზენიტს მიაღწია.
მეცამეტე საუკუნეში საქართველოს მონღოლები შემოესივნენ. ამ საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში არაერთხელ ილაშქრა ხვარაზმის შაჰმა ჯალალედინმა. ამ ლაშქრობის დროს მან საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად კამბეჩოვანიც მოაოხრა. საქართველოში დამკვიდრების შემდეგ მონღოლებმა იგი დუმნებად დაყვეს. ქიზიყი შედიოდა პირველ-ჰერეთ-კახეთის დუმანში.
მონღოლთა შემოსევებმა საქართველო წელში გატეხა და დიდი ხნით დააუძლურა, დააქვეითა მისი ეკონომიკა და კულტურა.
მეცამეტე საუკუნის 80-იანი წლების დამლევს, როცა აბაღა ყაენმა თავისი სამფლობელოები აღწერა, გაირკვა, რომ ყველაზე მეტად საქართველოში გაპარტახებული იყო კახეთი, ჰერეთი და კამბეჩოვანი. განსაკუთრებით გამანადგურებელი იყო ყაენ ბერქას ლაშქრობები. მისმა სამასათასიანმა ჯარმა გაჟლიტა დიდძალი მოსახლეობა, აყვავებული ქალაქებისა და სოფლების ადგილზე ნაქალაქარები და ნასოფლარები დარჩა. ბერქას ლაშქრობების შედეგად ხორნაბუჯის დიდების მზე ჩაესვენა, თუმცა თავისი გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობა მას შემდგომ საუკუნეშიც არ დაუკარგავს. მონღოლთა მფლობელობის ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი იყო საქართველოს დაქუცმაცება. მეთხუთმეტე საუკუნის 60-იან წლებში კახეთი ცალკე სამეფოდ გამოცხადდა. ამ საუკუნის მიწურულში აქ გაუქმდა საერისთავოები და სამეფო უფრო მცირე სამოხელეო ერთეულებად-სამოურავოებად დაიყო, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ქიზიყის სამოურავო. კახეთი დაიყო აგრეთვე სამხედრო ერთეულებად- სადროშოიებად. ქიზიყი შედიოდა პირველ, მოწინავე სადროშოში, რომელსაც სარდლობდა ბოდბის ეპისკოპოსი. საერთოდ, ამ რეფორმამ გააძლიერა კახეთის სამეფო ხელისუფლება და შეასუსტა ძლიერი ფეოდალები.
გაგრძელება იქნება