ნელი ვარდიაშვილის სტატიები

ქალის დაბევების ნიშნად ტყვია მიჰქონდათ- უცნაური ქართული ტრადიციები

დედამთილი სარძლოს ხელებს რძით აბანინებდა და ერთ კოვზ თაფლს აჭმევდა...

ქართული წეს-ჩვეულებები ყველაზე მეტად მთიან რეგიონებში-სვანეთში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთშია შემორჩენილი. იქ ძველ ტრადიციებს არა მარტო ასაკოვანი ადამიანები, ახალგაზრდებიც თავგამოდებით იცავენ.

  უქმე დღეებს ვინც არ დაიცავდა, უბედურება ელოდა

უქმე დღეების ტრადიციას სვანეთში წინათ ბევრი იცავდა. ქალები შაბათ-კვირას შავი ფერის ნაცვლად თეთრი ფერის ტანსაცმლით იმოსებოდნენ და სოფლის ცენტრში მიდიოდნენ სასაუბროდ. ვისაც სამუშაოს გადადება სხვა დღისთვის არ შეეძლო, ლოცვით შესთხოვდა უფალს, ეპატიებინა ეს დარღვევა. უქმე დღეს ვინც არ დაიცავდა, მიაჩნდათ, რომ მის ოჯახს უბედურება ელოდა.

სვანეთში რელიგიურ დღესასწაულებს განსაკუთრებულად ხვდებოდნენ. აღდგომისთვის ქალები იკერავდნენ ახალ კაბებს, კაცები ცდილობდნენ ლამაზად ჩაეცვათ, ზემო სვანეთში ,,ქრისტეს ლიტბაშელ”- ქრისტიანობა- აღიარებული დღესასწაული იყო. იგი ყოველ გაზაფხულზე, კომუნისტების დროსაც იმართებოდა. სოფელ ფარის ცენტრში ყოველი სოფლიდან მოდიოდა ხალხი. ძლიერი ვაჟკაცები ერთმანეთს უზარმაზარი ლოდების აწევაში, ბადრის ტყორცნაში, ჭიდაობაში ეჯიბრებოდნენ. წლის გამარჯვებულის დასამარცხებლად აცხალგაზრდებს მთელი წლის განმავლობაში, სპეციალურად ავარჯიშებდნენ. საღმრთო დღესასწაულებზე ყველა ოჯახი საკმაოდ დიდი ზომის კუბდარს და პურს აცხობდა. კუბდარს სამ მხარეს ბოლოებს უწელავდნენ, რაც სამების აღმნიშვნელი იყო.

  მიცვალებულის სვანური დატირება

სვანეთში მიცვალებულის  დატირების მრავალი ნიუანსი არსებობდა და ზოგი ახლაც არის შემორჩენილი- თმების გაგლეჯვა, ტანზე ტყეპა, ლოყების ხოკვა, კივილი… გარდაცვალების დღიდან დაკრძალვამდე ჭირისუფალთან ერთად ნათესავები და მეზობლებიც მარხულობდნენ. დიდ სირცხვილად ითვლებოდა იმ დროს სოფელში ხორციანი კერძის მომზადება. ხშირად ჭირისუფალი წლისთავამდე არასამარხვოს არ მიირთმევდა. დაკრძალვის დროს ერთ მოტირალ ქალს მეორე ცვლიდა. კაცები პერიოდულად ამბობდნენ ,,ზარს”.  მოზარეები, დაკრძალვის დღეს, 1-12 საათიდან ეზოში ადგილს იკავებდნენ. გამოსვენების წინ მიცვალებულთან უხუცესი მამაკაცები ღვინით და ანთებული სანთლით მწკრივში დგებოდნენ, ქალები ტირილს წყვეტდნენ და კაცები მორიგეობით ყვებოდნენ გარდაცვლილის ღირსების აღმნიშვნელ ამბებს. ბოლოს კი დასძენდნენ: ვაგლახ, შენ უნდა გეთქვა ჩემი შესანდობარი, მე კი მიხდება მისი თქმაო.

მიცვალებულის დატირებისას წინათ სვანეთში ჭუნირზეც უკრავდნენ. ამ წესს ასრულებდა გარდაცვლილის მეგობარი ან თანასოფლელი. იგი მიცვალებულის გვერდით ჯდებოდა და დაამღერებდა მისი კაცობის ამბავს. დასაფლავებიდან დაბრუნებული ჭირისუფალი მიცვალებულს ,,კერპს” უდგამდა. მაგიდაზე ეწყო ტკბილეული, ხილი, სასმელი, წყალი,სასანთლე, გვერდით იგებოდა ლოგინი ქვეშაგებით. ზედ ტანსაცმელი და მისი ნაქონი ნივთები ეწყო. კაცები ამ მაგიდასთან ამბობდნენ შესანდობარს.

            ქალის დაბევება ტყვიით

სვანეთში იკრძალებოდა გვარით მონათესავეთა ქორწინება. საქორწინო ასაკად ქალებისთვის 13-14 წელი ითვლებოდა, ვაჯებისთვის- 15-16 წელი. მესტიის რაიონში 7-8 წლის, ლენტეხში კი 4-5 წლის ბავშვების დანიშვნაც ხდებოდა. ქალს ქმრის არჩევანის უფლება არ ჰქონდა, ამას მშობლები აგვარებდნენ. თუ ის დაწინდული არ უყო, პირველივე მთხოვნელს უნდა გაჰყოლოდა. ქალის წინააღმდეგობას ხშირად სისხლისღვრა მოსდევდა გვარებსა და თემებს შორის.

ქვემო სვანეთში ვაჟი ქალის ოჯახში ხელის სათხოვნელად მოციქულებს გზავნიდა, რომელთაც ბოლოწაწვეტებული, ორკაპა ხელისმოსაკიდი ჯოხი უნდა სჭეროდათ. ქალის დაბევების მიზნით ჯოხს კარზე მიაყუდებდნენ. ზემო სვანეთში თუ მოციქულთა მეშვეობით გარიგება მოხდებოდა, შეთანხმებულ დღეს ვაჟი ქალის სახლში 3-4 კაცს აგზავნიდა სასმელით, ქალის ოჯახი კი პურ-მარილს შლიდა. როცა საპატარძლოს სადღეგრძელოს იტყოდნენ, მოსულთაგან მას კალთაში ვერცხლის მანეთიანს უდებდა. უფრო ადრეულ პერიოდში ქალის დაბევების ნიშნად ტყვია მიჰქონდათ. ამის შემდეგ ქალი დანიშნულად ითვლებოდა და თუ მას ვინმე მოიტაცებდა ან თვითონ გაჰყვებოდა, სიკვდილით დასჯას იმსახურებდა.

არსებობდა დანიშვნის სხვა წესიც, თუ ვაჟი ქალის მშობლებს ვერ დაითანხმებდა, ის ქურდულად მიიპარებოდა მათ სახლში, ეზეში ტყვიას ან ვერცხლის მანეთიანს დატოვებდა და გარბოდა. ქალი ასეთ დროსაც დანიშნულად ითვლებოდა. ზოგჯერ ეზოში შეპარვით დაგდებულ ტყვიას ან ფულს ქალის ოჯახის წევრები ვაჟის ოჯახს შეუგდებდნენ, რაც ნიშნის უკან დაბრუნებას ნიშნავდა.

დანიშნული ქალი პირველად საქმროს ოჯახში რიტუალით შეჰყავდათ. ეს რიტუალი ქალს უფლებას აძლებდა, დაქორწინებამდე კიდევ სტუმრებოდა მათ. ამ რიტუალს ქვემო სვანეთში სახლ,,სახლინახობას” ეძახდნენ. ქორწილში კარის ზღურბლთან ხვდებოდნენ ფქვილით სავსე ჯამით, რომელშიც განძეული იდო და სანთელი ენთო. პატარძალს ოჯახის ერთგული ქალი ხვდებოდა. დედამთლი რძით აბანინებდა ხელებს და ერთ კოვზ თაფლს აჭმევდა. შემდეგ ხელში ფქვილიან ჯამს დააჭერინებდა, პატარა ბიჭს ამოუყენებდნენ გვერდით  და სამჯერ შემოატარებდნენ კერიას. ფქვილი -ბარაქის, განძული-სიმდიდრის, სანთელი სიწმინდის, რძით ხელის დაბანა-მხარეთა შორის შეხმატკბილებას, თაფლი -ბედნიერ ცოლ-ქმრობას, ბიჭი -ბაჟიანობის შესატყვისი იყო. ქირწილში პატარძალს ზღურბლზე მარჯვენა ფეხი უნდა გადაებიჯებინა. კერიის შემოვლისას უკან კაცები მიჰყვებოდნენ და გამოსამშვიდობებელ, დასალოც სიმღერას მღეროდნენ. კერიის შემოვლის რიტუალი სამჯერ სრულდებოდა-ქალის ოჯახში, მისი წამოყვანის წინ და ქორწილის მეორე დღეს.

ცოლ-ქმრის გაყრის მიზეზი შეიძლება უშვილობა გამხდარიყო, მაგრამ ზოგჯერ ქმარს ცოლთან შეთანხმებით ოჯახში სხვა ცოლი მოჰყავდა. იგი აჩენდა შვილებს და მათ გაზრდაში პირველი ცოლი იღებდა მონაწილეობას, თუმცა მას ქმართან ინტიმური კავშირი აღარ ჰქონდა. თუ ქალი წინააღმდეგი იყო მეორე ცოლის, იგი მშობლები სახლში ბრუნდებოდა. იქაურ კაცებს შვილი იშვიათად აჰყავდათ. გაყრისთვის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა ღალატიც.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close