
– ზაფხული იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ანუ ცხელი, მაგრამ გამორჩეულად ცხელი. წელსაც პერიოდულად გვექნება თავსხმა წვიმები, ისეთი, რომელმაც შეიძლება გაგვაკვირვოს. დედამიწაზე ბოლო 10 წელია უკვე რეკორდები მყარდება, ყოველი შემდეგი წელი წინაზე უფრო ცხელია, მაგრამ ეს არ გამოიხატება მხოლოდ ჰაერის ტემპერატურის ზრდაში. ეს გამოიხატება იმაშიც, რომ ჰაერის ტემპერატურის ზრდას თავისი გვერდითი მოვლენები აქვს, როგორიც არის, მაგალითად, ნიადაგისა და მცენარეული საფრის გამოშრობა. ეს ნიშნავს, ერთი მხრივ გვალვას, მეორე მხრივ კი გახურებულ ჰაერში უფრო დიდი რაოდენობით წყლის ორთქლის შემცველობას.
– რამ გამოიწვია ამინდის ასეთი მკვეთრი ცვლილება?
– ეს ბუნებრივი პროცესია, რაც დედამიწა არსებობს, მილიარდობით წელია, კლიმატი სულ იცვლება – ზოგჯერ იწყება გამყინვარება, ზოგჯერ დათბობა. მაგალითად, ჩვენს კონტინენტზე მე-12 საუკუნეში დაიწყო მცირე გამყინვარება, აბსოლუტურად ბუნებრივი, ვიღაცას ქარხანა არ აუშენებია და მერქნის გაფრქვევა არ დაუწყია. ჩვეულებრივად დაიწყო და დასრულდა მე-19 საუკუნის დამდეგს. მერე დაიწყო დათბობის პერიოდი, რომელშიც ახლაც ვიმყოფებით, მაგრამ ეს პროცესი გაამძაფრა ადამიანის მოქმედებამ, ანუ სათბურის ეფექტის მქონე აირების გაფრქვევამ ატმოსფეროში. ეს გაამძაფრა ურბანულმა განაშენიანებამაც.
ჰიდროლოგიაშიც და კლიმატოლოგიაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ე.წ. ქვაფენილი ზედაპირის ფაქტორი. როდესაც მოდის წვიმა, რა ზედაპირი ხვდება წვიმას დედამიწაზე? წყალგამტარი თუ წყალგაუმტარი? მაგალითად, წყალგამტარი ზედაპირია ნიადაგი, წყალგაუმტარი – ასფალტი, ბეტონი, ქვა და ასე შემდეგ. დღისით მზით გახურებული ასფალტი ღამით დაგროვებული სითბოთი ახურებს გარემოს, მაშინ, როცა ბალახის შემთხვევაში ის გრილდება.
ახლა წარმოვიდგინოთ კორპუსები, ცათამბჯენები, რომლებიც ქალაქებში ეგრეთ წოდებულ სითბურ კუნძულებს ქმნიან. ღამით მზე აღარ არის, მაგრამ ეს კორპუსები ქალაქებში გადანაწილებულია როგორც, ასე ვთქვათ, გამათბობელი ელემენტები და ღამით რომ უნდა გრილოდეს, კორპუსები და სხვა ნაგებობები გარემოს ახურებენ.
დიახ, კლიმატი იცვლება, გათბობისკენ მიდის, მაგრამ ადამიანურმა ფაქტორმა ეს უფრო გაამძაფრა და მასშტაბი გაზარდა.
– რა უნდა ქნან ადამიანებმა, რომ ტემპერატურამ უფრო მეტად არ აიწიოს?
– ადამიანებს რაც შეგვიძლია, ის არის, რომ თავი გადავირჩინოთ, მაგალითად, როდესაც ცხელა, წყალი დავლიოთ, შევაფაროთ თავი ჩრდილს; მაგალითად, სოფელში მაქვს სახლი, მინდა პირობები გავაუმჯობესო, ეზოში ქვა, ბეტონი დავაგო, ეს კი სახლს გამიხურებს. ხომ შემიძლია არაფერი დავაგო და ბალახი დავტოვო, ეს სახლს გამიგრილებს; არ მოვჭრა ის დიდი ხეები, რომელიც ეზოში მაქვს, ეს ჩემს დონეზე მიკროკლიმატს შემიცვლის. 3-4 გრადუსით ნაკლები ტემპერატურა მექნება ჩემს სამყოფელში იმის ხარჯზე, თუ ძვირ ბეტონს არ დავასხამ ეზოში, არ მოვჭრი ხეებს, პირიქით, დავრგავ… ასეთი პატარა ცვლილებები შეგვიძლია. თუმცა ქართველი საზოგადოება არა ვართ გამონაკლისი, ევროპელებიც ამ გზას დაადგნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდნენ, რომ ეზოში ტალახი რომ არ მინდა, ბეტონის დასხმა არ არის გამოსავალი. სხვა მიდგომაა საჭირო. მაგალითად, ისეთი ზედაპირის გაკეთება, რომელიც ტალახსაც ამარიდებს და თან სიგრილეს შემინარჩუნებს. წვიმა რომ მოვა ჩემს ეზოში, წყალი ჩაიჟონება და სახლში არ შემოვა. ანუ გამოცდილებამ მოიტანა ეს ევროპაში. ჩვენც მივალთ, ალბათ, ამ დასკვნამდე. ის მაინც შეგვიძლია სხვისი გამოცდილება გავიზიაროთ. ვინმემ უნდა გვითხრას, რომ უფრო ეკომეგობრული გამოსავალი, შეიძლება ნაკლებიც ჯდებოდეს. უბრალოდ, ეს არავის უსწავლებია ჩვენთვის.
– გამოსავალი რა არის?
– ძალიან მარტივად ვიტყვი. ალბათ, ნებისმიერ ფერმერს მიუქცევია ამაზე ყურადღება, მაშინ, როდესაც მის ნაკვეთში ტრაქტორი მუშაობს, ის იწყებს მიწის დატკეპვნასაც თავისი წონის გამო. ეს კი იწვევს იმას, რომ მის მეზობელ უბანში, ის ადგილი, რომელიც არ არის დატკეპნილი, იხრამება, ანუ ეროზია ჭრის. ყველას შენიშნული ექნება თავის მიწის ნაკვეთებზე, როგორ აგრესიულად მუშაობს წვიმის წყალი ასეთი პატარა დეტალის შემთხვევაშიც კი. რა განსხვავებაა? დატკეპნილში ვეღარ ჩადის წვიმის წყალი და იჩაგრება მისი მეზობელი, დაუტკეპნავი უბანი, რომელიც ჭარბი წყლის გამო იხრამება.
იგივე ხდება ქალაქშიც – ასფალტი და ბეტონი წყალს ვერ ატარებს, მაშინ როცა მისი მეზობლის დაუტკეპნავი ბუნებრივი გარემო მარტივად იწოვს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რამხელა მნიშვნელობა აქვს დატკეპნილ ზედაპირს, რაც ხვდება წვიმას ქალაქში. ტყუილად არ არის გზების კიდეებზე დრენაჟები. მაგალითად, წყნეთიდან ბეთანიისკენ მიმავალ გზაზე არის დრენაჟები დატანებული, რათა წვიმის წყალი თავისუფლად ჩავიდეს და არ დარჩეს ზედაპირზე.
ამბები. ჯი




