„გამიჭირდა მამაჩემის პანსიონატში წაყვანა“
„ნათესავებს აინტერესებდათ, მამაჩემის ბინას რა ვუპირებდი“ - რას ყვება ნანიკო ხაზარაძე მამაზე

ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ პოდკასტში „ჩვენ“ მამაზე ისაუბრა, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წლებში ალცჰეიმერი ჰქონდა და პანსიონატში ცხოვრობდა.
.
-ყველაზე მეტად მამაჩემის პანსიონატში წაყვანა გამიჭირდა. მეტი არაფერი. მერე, როცა მშვიდი ძილი დავიბრუნე და სულ პანიკაში აღარ ვიყავი ტელეფონთან, დავმშვიდდი…
თავიდან ძალიან რთული იყო. პანსიონატებთან დაკავშირებით ისეთი მძიმე სტერეოტიპები არსებობს, რომ ადამიანებს ეს მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში ესმით.
განცხადება რომ გავაკეთე, მირეკავდნენ დღეში 70-ჯერ, ნათესავები, განსაკუთრებით. ზოგს აინტერესებდა, მამაჩემის ბინას რას ვუპირებდი, ზოგს – ავეჯს. მართლა ვერ ვხვდები, რატომ აინტერესებდათ ჩემი პირადი ქონება. მეტი მემკვიდრეც არ ჰყავს მამაჩემს. არც არაფერი ისეთი გვქონია – ჩვეულებრივი, საშუალო სტატისტიკური ადამიანები ვიყავით, თითო ბინით. მაგრამ ისეთი ამბავი ატეხეს, გეგონებოდა უზარმაზარი ქონების მფლობელები ვიყავით. ამიტომ ჩუმად წავიყვანე მამაჩემი. არც იმ სახლის მისამართი მითქვამს, რადგან ვიცოდი, მიაკითხავდნენ და უაზრო აჟიოტაჟს ატეხდნენ.
რეალურად მამა არასდროს ხმას არ უწევდა, მაგრამ ამ დიაგნოზმა რაღაც მომენტში აგრესიულიც გახადა. ეს დაავადებას ახლავს…წარმოიდგინე, ყოველდღე რომ იღვიძებდე და სამყაროს თავიდან ეცნობოდე. ადამიანებს თავიდან იცნობდე. არასდროს იცოდე, სად ხარ. სულ გეშინოდეს. ამ დროს ვიღაცა გეჩხუბება და გეუბნება, რომ არ ხარ მართალი – ბუნებრივია, აგრესიული ხდები.
მე სულ ვეუბნებოდი: „მამა, მე ვარ შენი შვილი. ახლა ზაფხულია, ზამთარი არ არის.“ და ეს უფრო აღიზიანებდა. აგრესიულობა ამ დაავადებას თან ახლავს. მე ახლა ძალიან მარტივად მოგიყევი, მაგრამ ასეა…ვინც ამ დიაგნოზის მქონე ადამიანს უვლის, ალბათ ყველა ჩხუბობს. რაც უნდა მზად იყო თეორიულად, მაინც შენი მამაა. ვერ წარმოგიდგენია, რომ ვერ გცნობს. იწყებ ახსნას: „მამა, როგორ ვერ მიხვდი, მე ვინ ვარ?“ის კი გიყურებს და გეუბნება: „სახლის წართმევა გინდა?.. – ყვება ნანიკო ხაზარაძე.




