ბიუჯეტური ტურების ჯადოქრობა
„ბამბებში გაიზარდეთ, ხალხო, რა გჭირთ? სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მაინც გადადგით ფეხი“ - რას წერს „ნელიკო ტურის“ ხელმძღვანელი

სამოგზაურო საქმე, ერთი შეხედვით, თითქოს მხოლოდ ლამაზი ადგილების ჩვენებაა, მაგრამ ვინც ამ სფეროში მუშაობს, იცის, რომ ყველაზე რთული გზები ზოგჯერ არა მთებში, არამედ ადამიანების მოლოდინებშია გასავლელი.
„ნელიკო ტურის“ ხელმძღვანელი, ნელი ვარდიაშვილი, წლების განმავლობაში ათასგვარ სიტუაციასა და ადამიანების მხრებიდან განსაკუთრებულ მოთხოვნას შეხვედრია. მისი გამოცდილება ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ბიუჯეტური ტური გადაიქცეს „ჯადოქრის მისიად“, როცა მონაწილეები კომფორტის მეფეები ხდებიან და რეალობა მათ წარმოდგენებს ვერ ერგება.
.
ამჯერად ნელი გულწრფელად და, რა თქმა უნდა, იუმორით გვიყვება იმ განსხვავებაზე, რაც ქართველ და უცხოელ მოგზაურებს შორის შეამჩნია. ეს განსხვავებები შეიძლება ბევრსაც გეცნოთ.
„ქართველი მოგზაური ყველაზე პრეტენზიული და მომთხოვნია – ბიუჯეტურ ტურში მონაწილეობს, მაგრამ ითხოვს სუპერკომფორტს და შენს ჯადოქრობას. სამოგზაუროდ ირჩევს ადგილს, სადაც მიუვალი ან მოუწესრიგებელი გზაა, მაგრამ სურს, რომ ეს გზა გაატარო რბილად, ყოველგვარი ყანყალისა და რყევის გარეშე.
სანახაობამდე მისასვლელი გზის გრძელი მონაკვეთი უნდა შეამცირო, რომ არ დაიღალოს. დისკომფორტს უქმნის: სიცხე, სიცივე, ნიავი, წვიმა, მზე, მთვარე, თოვლი, ხმაური, სიმღერა… როცა დასცხება, უნდა ააგრილო; როცა შესცივა, მყისიერად უნდა ჩამოაცხუნო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნერვები მოეშლება და ტუროპერატორზე განაწყენებული დარჩება.
საკვები ყველგან მისი პირის რეცეპტორების შესატყვისი უნდა დახვდეს. ტრანსპორტში მხოლოდ წინა ადგილები უნდა შეახვედრო (ყველას), რადგან უკან გული ერევათ (ყველას) და ცუდად ხდებიან.
სასტუმროს ნომერი არც პირველ სართულზე უნდა შეხვდეს და არც მესამეზე – მეორეზე უნდა, რადგან მიწასთანაც არაა ახლოს და კიბეებიც არ დაღლის, თანაც მარტო უნდა იწვეს ან მხოლოდ ახლობელთან ერთად, მეტიც, კიბის სივიწროვემაც კი არ უნდა შეაწუხოს.
ფეხით სავალ სანახაობამდე არც აღმართი უნდა შეხვდეს და არც დაღმართი. ყველგან უნდა მიდიოდეს ტრანსპორტი და მანქანიდან ბევრჯერ არ უნდა უხდებოდეს ჩამოსვლა, ისე აჩვენო ყველაფერი. მაღალი გამავლობის ხმელ „ჯიპშიც“ კი სკამები რბილი და ისეთი გაგანიერებული უნდა დახვდეს, რომ კარგად გაიშალოს. გზად წახემსება სადაც მოესურვება, ყველგან უნდა იდგეს მაგიდა, მოდიოდეს წყალი, იყოს ტუალეტი… ცხადია, უფასოდ…
უსასრულოდ გავაგრძელებდი პრეტენზიების ნუსხას, მაგრამ აქვე ერთი ამბავი უნდა გავიხსენო. თვენახევრის წინ მაღალი გამავლობის მანქანით ვიყავით თუშეთში. ომალოსკენ მივდიოდით ერთ-ერთი მიუვალი სოფლიდან. გზაზე ორი უცხოელი შეგვხვდა – ზურგჩანთებით და მოგზაურის დამხმარე ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულნი, ფეხით გადაადგილდებოდნენ. საკმაოდ ასაკოვანი წყვილი ჩანდა და გრძელი გზაც ჰქონდათ გავლილი, რადგან ახლომახლო დასახლებული პუნქტი არ ჩანდა. მანქანა გავუჩერეთ და ომალომდე ჩაყვანა შევთავაზეთ. უარი გვითხრეს – ფეხით გვირჩევნიაო. დარწმუნებული ვარ, მათი ტურის საფასური ჩვენსას 10- ჯერ ან 20- ჯერ აღემატებოდა. განსხვავების პოვნა თქვენთვის მომინდვია.
ბამბებში გაიზარდეთ, ხალხო, რა გჭირთ? სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მაინც გადადგით ფეხი. მოთმენა ისწავლეთ და იხალისეთ, ჯანმრთელები რომ იყოთ. ხანდახან კიდევ, თქვენს მოთხოვნებს ტურის ფასიც მიუდეთ გვერდით, რომ განსხვავება კარგად გამოჩნდეს, თუ არ ჩანს“, – წერს ნელი ვარდიაშვილი.