საინტერესო

,,2008 წელს, ზოგიერთი ჩვენი თანამემულე შიდა ქართლში იმყოფებოდა და იარაღით ხელში უპირისპირდებოდა საკუთარ სამშობლოს’

,,ამ ნაძირალების გაშიფვრა არ შეუძლია სპეცსამსახურს?"- რა წერია წიგნში-,,Война - хроника пяти дней"

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი შამანაურის ამბავმა გამახსენა, – ჩვენი “თანამემამულეები” 2008 წელსაც იბრძოდნენ ჩრდილოელი მეზობლის შეიარაღებულ ძალებში. ზოგიერთი მათგანი აგვისტოში შიდა ქართლშიც იმყოფებოდა და იარაღით ხელში უპირისპირდებოდა საკუთარ სამშობლოს.
შეიძლება გახსოვთ კიდეც, მაშინ ცხინვალის რეგიონში ჩეჩნური ბატალიონი “ვოსტოკი” შემოვიდა, რომელსაც სულიმ იამადაევი ხელმძღვანელობდა (მერე მოკლეს კადიროვთან დაპირისპირების გამო). ამ ბატალიონთან ერთად გადაადგილდებოდა ცნობილი რეაქციონერი ჟურნალისტი ჰეიდარ ჯემალი(სამიოდე წლის წინ ისიც ჩააძაღლეს ცენტრალურ აფრიკაში), რომელიც მასალებს აგროვებდა რეპორტაჟებისთვის. ამ ჯემალმა თეიმურაზ კიღურაძის მონაწილეობით ცოტა მოგვიანებით გამოაქვეყნა წიგნი “Война – хроника пяти дней, საზიზღარი პროპაგანდისტული თხზულება, თუმცა, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციული თვალსაზრისით,რადგან ავტორი მასში აღწერილი მოვლენების უშუალო თვითმხილველია.
სწორედ ამ წიგნში არის აღნიშნული ჩეჩენთა მხარეს მებრძოლი ორი ქართველის, ვინმე ვახტანგის და დათოს შესახებ (სახელები, ალბათ, შეცვლილია).
ვახტანგზე, მაგ. ნათქვამია, რომ რუსეთის არმიაში იყო 1987 წლიდან, რომ დაამთავრა მოსკოვის სამხედრო თარჯიმანთა ინსტიტუტი არაბული ენის განხრით. აღნიშნულის გარდა ავტორი ყურადღებას ამახვილებს მისი ქცევისა და ჩაცმულობის პიჟონური მანერის შესახებ.
რაც შეეხება დათოს, ის ოპერაციებზე ყოველთვის “რაჟოკების” ორმაგი რაოდენობით დადიოდა. როცა ჰეიდარ ჯემალმა ჰკითხა, რატომ დაათრევ ამოდენა ტვირთსო, მან უპასუხა, – მე ქართველი ვარ და ხომ წარმოგიდგენია, რა დამემართება, ტყვია-წამალი რომ გამითავდეს და ჩემმა თანამემამულეებმა ტყვედ ჩამიგდონო (ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ აქ ფოტოებად მოყვანილი წიგნის გვერდები).
დავიჯერო, სურვილის შემთხვევაში, ამდენი საორიენტაციო ინფორმაციის გათვალისწინებით, ამ ნაძირალების გაშიფვრა არ შეუძლია სპეცსამსახურს? ვინ იცის, რამდენჯერ იყვნენ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში და შეიძლება ახლაც აქ არიან…
ზურა დათუაშვილი, ისტორიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close