საინტერესო

,,მინდა, ამერიკელმა ხალხმა გაიცნოს ქართული ხალხური მედიცინის მონაპოვარი და პრაქტიკაში გამოიყენოს“

,,ბებია მეუბნებოდა, ამ წამლის გამოყენების შემდეგ, უპრობლემოდ ხდება მშობიარობის მესამე პერიოდში მომყოლის დაბადება“  

ბიოლოგიის დოქტორი, მაგრამ პროფესიით ექიმი, ხათუნა ფოჩხუა იმ ემიგრანტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც უცხო მიწაზე ცდილობენ, ქართული საქმე აკეთონ და მსოფლიოს ყველა კუთხეში გაუთქვან საქართველოს სახელი. ქალბატონი ხათუნა რამდენიმე თვეა ამერიკაში ცხოვრობს. იგი აპირებს, წინაპრების დანატოვარ, ხალხური მედიცინის რეცეპტებს სიცოცხლე შესძინოს და ხალხის სამსახურში ჩააყენოს. მისი თქმით, საქართველოში ამის მიღწევა სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ამერიკაში კი ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება ცოდნის, გამოცდილებისა და უნარების რეალიზებისა.

   ხათუნა ფოჩხუა:  

_ მედიცინა დაკავშირებულია კოლხეთის სახელგანთქმული მეფე აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან, რომელიც, სახელგანთქმულ მკურნალად ითვლებოდა. ამის საშუალებას მას აძლევდა კოლხეთის ფლორა და ფაუნა. საბედნიეროდ, ის ცოდნა, რომელიც მედეას ჰქონდა, უკვალოდ არ გამქრალა. საქართველოში კვლავ შემორჩენილია წინაპრების მიერ დატოვებული უებარი მალამოების, სამკურნალო წამლების რეცეპტები, რომლებსაც ოჯახები ინახავენ და შთამომავლობას გადასცემენ. საგვარეულო, სამკურნალო წამლების რეცეპტებს განსაკუთრებით მთაში უფრთხილდებიან.

ჩემი ბებია, დედის დედა, სვანის ქალი იყო. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა მან გამანდო რამდენიმე უნიკალური, სამკურნალო მცენარეული რეცეპტი. ჩათვალა, რომ ამ ცოდნას ოჯახიდან მე გამოვიყენებდი და გავაგრძელებდი ტრადიციას. სამი რეცეპტი გადმომცა. პირველი საგვარეულო წამალი გამოიყენება ჭრილობიდან სისხლდენის შესაჩერებლად. მეორე- ღრმა ჭრილობების შესახორცებლად, გართულებებისა და პრობლემების გარეშე. მესამე საგვარეულო წამალი კი მშობიარობის მესამე პერიოდის ანუ მომყოლის (პლაცენტის) პერიოდის პათოლოგიის აღმოსაფხვრელად იყო. მშობიარობის მომყოლოს პერიოდის გართულებას ზოგჯერ თან ახლავს სისხლდენა, გამოწვეული სხვადასხვა პათოლოგიით. ეს ხდება პლაცენტის ნაწილების ჩარჩენით, საშვილოსნოს ჰიპოტონიის ან ატონიის დროს ან პლაცენტის გამოძევების სხვადასხვა პათოლოგიისას. კლასიკური მედიცინა გვთავაზობს ქირურგიული მეთოდების გამოყენებას, რომელიც ხშირად საშვილოსნოს ექსტირპაციით ანუ ამოკვეთით მთავრდება. ჩემი წინაპარი კი, როგორც ჩანს ამ წამალს იყენებდა და მომყოლი უპრობლემოდ იბადებოდა. როგორც ექიმი, თავდაპირველად მეც ეჭვით ვუყურებდი არატრადიციული მედიცინის მიმდინარეობებს და ბებიის დანატოვარი რეცეპტებიც თაროზე მქონდა შემოდებული. შემდეგ დოქტურანტურაში დავიწყე სწავლა ბიოლოგიის მიმართულებით და მთლიანად შემეცვალა შეხედულება ხალხურ მედიცინაზე. ამ დროს მომეცა საშუალება, გავცნობოდი სხვადასხვა მეცნიერის ნაშრომებს, დავსწრებოდი კონფერენციებს, დამეთვალიერებინა ლაბორტორიები… რაც უფრო ვუღრმავდებოდი ამ სფეროს, მით უფრო ხშირად მახსენდებოდა ბებიის დანატოვარი რეცეპტები და გადავწყვიტე, ხალხისთვის სარგებლის მომტანად მექცია.

ბიოლოგიის დოქტორი ვარ და გინეკოლოგი. ექიმად მუშაობის დროს შევხვედრივარ სისხლდენას ჭრილობიდან, ღრმა ჭრილობის რთულად შეხორცების შემთხვევებიც მინახავს. მოგეხსენებათ, ექიმები ჰაიდლაინებით ვხელმძღვნელობთ. არ გვაქვს უფლება, დამოუკიდებლად გამოვიყენოთ თუნდაც ხალხური მედიცინის კარგად გამოცდილი წამალი. მხოლოდ რამდენჯერმე, საკუთარ თავზე და ახლობლებზე შევძელი, გამომეცადა ჭრილობიდან ძლიერი სისხლდენის შესაჩერებელი საშუალება. შედეგი გასაოცარია. რამდენიმე წამში ჭრილობიდან სისხლდენა ჩერდება. მე მხოლოდ სისხლდენის სწარაფად შესაჩერებელი წამლის შედეგი მაქვს ნანახი, რადგან სხვა წამლების გამოცდა საქართველოში შეუძლებელია. დიდი იმედი მაქვს, თუ ერთმა ასე გაამართლა, სხვებიც შედეგიანი იქნება. ჩემი წინაპრები ამ წამლებს აქტიურად იყენებდნენ და იცოდნენ მისი ეფექტი. სხვანაირად, ეს რეცეპტები ჩემამდე ვერ მოვიდოდა .

      _ როგორც მივხვდი, ამერიკაში აპირებთ ჩანაფიქრის აღსრულებას. ასეა?

_ დიახ, საქართველოში იყიდება საგვარეულო რეცეპტებზე დამზადებული წამლები, მაგრამ მისი დამზადების უფლება რომ მოიპოვო, ურთულესი ბიუროკრატიული გზა უნდა გაიარო. ამერიკა თავისუფალი ქვეყანაა მსგავსი კომპლექსებისგან, ბიუროკრატიისგან. მითუმეტეს, როცა ბაზარზე კონკურნეცია ბიზნესისთვის საინტერესოა და ამერიკელები გაძლევენ საშუალებას, შენი ცოდნა-გამოცდილება არ დაკარგო და რამდენადაც ეს შესაძლებელია, ის ხალხისთვის სასარგებლო გახადო. მეც ამის იმედი მაქვს. მინდა, ამერიკელმა ხალხმა გაიცნოს ქართული ხალხური მედიცინის მონაპოვარი და პრაქტიკაში გამოიყენოს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამომივა.

გახსოვთ ალბათ, ჩვენი წინაპრები, ომების დროს, დაჭრილებს, სწორედ ამგვარი მედიკამენტებით ურჩენდნენ იარებს, ბებიაქალები მშობიარობებს სახლებში იღებდნენ და ბალახებისგან დამზადებული წამლებით ზრდიდნენ დედები შვილებს.

აქვე მინდა მოვიყვანო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც. უფლისციხისა და ვარძიის დათვარიელების დროს ალბათ გინახავთ კედლებში გამოკვეთილი სააფთიაქო თაროები, სადაც სწორედ ბალახებისგან შექმნილი მედიკამენტები იყო განთავსებული. ეს აფთიაქი უფლისციხეში ერთადერთი კარით უკავშირდება ოთახს, სადაც ქვის საწნახელია, მაგრამ ქვევრები ახლომახლო არაა.

      _ საწნახელი რაიმე კავშირშია ფიტოაფთიაქთან?

_ მართლაც ძალიან საინტერესოა, რა კავშირი აქვს გვერდი-გვერდ ფიტოაფთიაქსა და  ქვის საწნახელს, არა? ან რატომ დაუკავშირეს ეს ორი ოთახი ერთმანეთს? სამცხე-ჯავახეთი და უფლისციხე გარშემორტყმულია მინდვრებით, სადაც საკმაოდ ბევრი სამკურნლო მცენარე ხარობს. მემატიანის თქმით, გარკვეულ პერიოდებში, მაგალითად უფლისციხის ტერიტორიაზე, დაახლოებით 3 000 – 4 000 ადამიანი მჭიდროდ სახლობდა. ვვარაუდობ, მათი მკურნალი თუ გადამრჩენი სწორედ ეს მცენარეები და ვაზის ნაჟური- ღვინო იყო.

საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ბოლო დროს ბევრი ქართველი დაუბრუნდა ქალაქიდან სოფელს, წინაპრების კერას. ააღორძინეს მარნები, მევენახეობა. ერთხანობას, მე და ჩემი მეუღლეც გადავსახლდით კახეთში და დიდი მონდომებით შევუდექით მევენახეობისა და მეღვინეობის აღორძინებას- ჩავერთეთ ტურისტულ ბიზნესში. გავიარეთ ტრენინგებიც, რა დროსაც მიკრობიოლოგიის ცოდნა ძალიან გამომადგა. მოკლედ, ისე მოვინდომეთ და გავუთქვით სახელი ჩვენ ბიზნესს, რომ შვეიცარიიდან ჟურნალისტიც გვესტუმრა და ჩემს მეუღლეზე ვიდეოსიუჟეტი გადაიღო, რომელიც შვეიცარიის ტელევიზიით გავიდა. ამ პროცესებში ვიყავით ჩართულნი, რომ კიდევ ერთხელ გადავათვალიერეთ მეუღლის ბაბუის დანატოვარი ძველი წიგნი, გენერალი ლ. ჯორჯაძის ავტორობით. ამ წიგნში ბევრი საინტერესო რეცეპტი წავიკითხეთ. მაგალითად, როგორ მზადდება ჩირებით უგემრიელესი ლიქიორი, შამპანური 3 წლიანი დაძველებით და ა.შ. იქ ასევე წერია, რომ ღვინის ფერმენტაციის პროცესის დროს, გარკვეული ბალახის ჩაყოლებაც არის საჭირო, რათა  სასურველი პროდუქტი მიიღო. ცხადია, ინტერესმა გვძლია, გამოვიყენეთ ეს ცოდნა და ღვინის ფერმენტაციის პროცესის დროს ჩავაყოლეთ მცენარეები: კრაზანა, უკვდავა, ქრისტესისხლა, ევკალიპტი.

ერთხელ ჩემმა ჯგუფელმა შემომჩივლა, ფარისებრ ჯირკვალში 2 სმ-იანი კვანძები აღმომაჩნდა და საფერავის ღვინო მინდა წამლადო. ცხადია, გავუგზავნეთ და  ბალახით დაყენებული ჩვენი საფერავიც მივეცით. ორი თვის მერე გახარებულმა დამირეკა, კვანძები საერთოდ გაქრაო. არ ვიცი, შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ მოგეხსენებათ, ხალხურ მედიცინაში ღვინოთერაპიის ანუ ენოთერაპიის დადებით შედეგებზე ბევრია ნათქვამი. ყოველივე ამის მერე მივხვდი, უფლისციხეში, ჩვენს წინაპრებს რატომ ჰქონდათ ფიტოაფთიაქი და საწნახელი გვერდიგვერდ.

_ დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობთ?

_ რამდენიმე თვის წინ ჩამოვედი ამერიკაში, მანამდეც რამდენჯერმე ვიყავი. შვილები სწავლობენ და მათ მხარდასაჭერად ჩამოვედი აქ. გავეცანი აქაურ კულტურას და ტრადიციებს, დავუმეგობრდი ამერიკელებს, მათ შორის ჩემი შვილების მასპინძელ ოჯახებს, მოვიწვიე ისინი საქართველოში. რამდენიმე თვიანმა ამერიკულმა ცხოვრებამ მიმახვედრა, რომ აქ რთული არ არის დამკვიდრება, როცა ცოდნა-გამოცდილებით ხარ აღჭურვილი. არ ვაპირებ, ჩემი პროფესია მივატოვო, ამიტომ გადავწყვიტე, ამერიკულ მედიცინასთან კავშირი სწორედ ქართულ-ხალხური მედიცინის კუთხით, წინაპრებისგან დატოვებული რეცეპტების ,,გაცოცხლებით“ დავიწყო. ბევრი რამ ხომ მეცნიერებაში, სწორედ კარგად დავიწყებული ძველია.

_ წარმატებებს გისურვებთ.

_ გმადლობთ.

 ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close