საზოგადოება

გაფრინდა ზეცისკენ მიმინო… – ,,უმწიკვლოებმა და უცოდველებმა აკრიტიკონ”

,,ბრენდი იყო ბუბა, მაგარი, ხარისხიანი ქართული ბრენდი!!!"

რას წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები გარდაცვლილ ბუბა კიკაბიძეზე:

,,საქართველო ემშვიდობება ბუბა კიკაბიძეს – აღიარებულ კინოვარსკვლავს, დაუვიწყარ მომღერალსა და უბრალოდ, ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს!

რამდენიმე მილიონიან ქვეყანაში დაბადებული კაცი იქცა ასობით მილიონიანი აუდიტორიის კერპად, მას იცნობდნენ, აღიარებდნენ, უყვარდათ…
ბუბა სარგებლობდა აბსოლუტური ცნობადობითა და საყოველთაო პოპულარობით ჯერ მთელ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი მთელ პოსტსაბჭოთა საივრცეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უარი თქვა მრავალმილიონიან აუდიტორიაზე და პუტინს ყველაზე თამამად და ყველაზე ხმამაღლა უთხრა რომ სამშობლო არ იყიდება, არ ხურდავდება არც ტაშზე და არც ფულზე.”
,,ლეგენდა წავიდა RIP…”
,,ბევრმა არ იცის, რომ ბუბას თურქულადაც მღეროდა და თან, როგორც უნიჭიერესი ადამიანი, უაქცენტოდ აკეთებდა ამას.
ეს მის მიერ შესრულებული კლასიკად ქცეული ცნობილი თურქული დარდიმანდული სიმღერა her akşam votka rakı şarap-ია (“ყოველ საღამოს არაყი, რახი, ღვინო”)”.

,,მე რა მამღერებს,

უძირო ზეცა ზამბახის ფერი,
თუ მილხინს ვმღერი,
თუ ვსევდიანობ მაინცა ვმღერი.
ამ ლეგენდარული სიმღერით დარჩა ჩვენს ხსოვნაში ბუბა!!!
გია ყანჩელის გენიალური მუსიკა და პეტრე გრუზინსკის ტექსტი….
… როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლოს თუ მღერის გედი,
სიმღერით მოვკვდე რაღა ვინატრო ამაზე მეტი.
“არ. მინდააა ვალიკო, ბინოკლიიიი”
დიდი და ვრცელი წარმატებული ცხოვრებით იცხოვრა და გაფრინდა მიმინო… ბრენდი იყო ბუბა, მაგარი, ხარისხიანი ქართული ბრენდი!!!”

,,პატარა ვიყავი მაშინ, ალბათ 6 წლის. 1972 წელია შეიძლება… მამამ წამიყვანა კონცერტზე მეტეხის პლატოზე, ტაძრის წინ მოედანზე. ბუნდოვნად მახსოვს დეტალები, მაგრამ ერთი რამ კი არ დამავიწყდა 50 წელია…ჩვენ დავჯექით პირველ რიგში, ბუბა კი სცენაზე გამოდის სხვებთან ერთად. მამა ხელში ათამაშებს ფორთოხალს, იცინიან გარშემო სულ ნაცნობები მეგობრები, მთელი თბილისი იქ არის…

დაიწყო კონცერტი…
ბუბა გამოდის, თავის განუმეორებელ “უკანასკნელ მეფაიტონეს” მღერის…და ამ დროს გვერდით ვხედავ მამამ ეს ფორთოხალი უცებ როგორ აიქნია ხელით და ქვევიდან აუგდო ბუბას. თან რა ზუსტად ისროლა. ბუბაც ერთი წამით არ დაიბნა, თავისი განუმეორებელი პლასტიკით დაიჭირა ჰაერში ეს ფორთოხალი, რაღაცნაირად პირუეტი გააკეთებინა ჰაერში და სიმღერით უკან ესროლა მამას! თან ისე ზუსტად, რომ მამას პირდაპირ ხელში ჩაუგდო.
ისეთი ტაში და ამბავი ატყდა იმ მოედანზე, გაოგნებული ვიჯექი პატარა ბიჭი და ჩემზე ბედნიერი არ იყო არავინ, რომ ეგეთი მაგარი მამიკო მყავდა და ეგეთი მაგარი და ცნობილი ძმაკაცი რომ ჰყავდა.
ბუბა იყო ერთადერთი.
ბედნიერი კაცი იყო.
სიყვარულით სავსედ, საინტერესოდ და ლამაზად იცხოვრა.
უმწიკვლოებმა და უცოდველებმა აკრიტიკონ.
ათასი არტისტი ეყოლება კიდევ საქართველოს, ბუბა კი ერთი იქნება მუდამ ისტორიაში.
ჩვენი ცხოვრების ნაწილი წავიდა.
მორჩა კინო.
წადით სახლშიო/”

ბუბა კიკაბიძე კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში” გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბოლო 2 თვის განმავლობაში კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში” ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ოჯახის ინფორმაციით, თავდაპირველად მომღერალს სახლში, საბურთალოზე, გადაასვენებენ, ხოლო სამოქალაქო პანაშვიდებთან დაკავშირებით 2 ლოკაცია განიხილება – ფილარმონია და ქაშუეთის ეკლესია.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close