საინტერესო

,,ხალხის წარმოდგენით, 18 იანვარს მიცვალებულები სტუმრად მიდიან ახლობელ, ცოცხალ ნათესავებთან და რამდენიმე დღე რჩებიან”

კერა და ცეცხლი ქართველთა უძველესი რწმენა-წარმოდგენებით ოჯახის სიწმინდისა და გამრავლების სიმბოლო იყო

საქართველოში ახალი წლის დღესასწულის ერთ-ერთ მთავარ ტრადიციას მეკვლეობა წარმოადგენდა. სვანეთში ბოლო დრომდე შემოინახა ახალი წლის პირველ დღეს ორი მეკვლის – სახლის (ქორა მჷჭშხი) და გარეშე მეკვლის (ქამე მჷჭშხი) ოჯახში შემოსვლის და კარგი ფეხის დაბედების ტრადიციამ. ხალხის რწმენით დამდეგი წლის კეთილდღეობა დიდწილად იყო დამოკიდებული მათ მიერ შესრულებულ რიტუალებზე. ალიონზე სახლის მეკვლე სამეკვლეო ნობათით (ღორის თავი, სარიტუალო პური, თხილის მრავალკვირტიანი ტოტი, ბალახი, ვერცხლის ფული..) დატვირთული კალათითა და წყლის ცარიელი ჭურჭლით ოჯახის საუკეთესო ხართან ერთად ჯერ წყაროზე ჩადიოდა, ხელ-პირს დაიბანდა, ხარს წყალს დაალევინებდა, ჭურჭელს წყაროს წყლით გაავსებდა, დაილოცებოდა და შინ ბრუნდებოდა. სახლში მარჯვენა ფეხით შესული კერიას ლოცვა-ვედრებით სამჯერ მარჯვნიდან შემოუვლიდა და თან ხარსაც შემოატარებდა. ოჯახის წევრები მეკვლის მიერ ამოტანილ წყალს, რომელსაც რძეს ეძახდნენ (ლჷჯე) დალევდნენ და ხელ-პირს დაიბანდნენ. შინაური მეკვლე სარიტუალო პურითა და ღორის თავით ოჯახის წევრებისთვის ასრულებდა ე.წ. ხელის ახსნის რიტუალს. შემდეგ ოჯახის დიასახლისი – მერბიელი სადღესასწაულო სუფრას გააწყობდა და გარეშე მეკვლეც შემოდიოდა. ისიც კერას სამჯერ შემოუვლიდა და დაილოცებოდა.
   საქართველოში წინაქრისტიანული რელიგიის სხვადასხვა ეტაპზე ხარი მზის, მთვარის, ნაყოფიერების, მიწათმოქმედების ღვთაებებს განასახიერებდა. სვანეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში ბოლო დრომდე შემოინახა ხართან, როგორც წმინდა ცხოველთან დაკავშირებული რიტუალები. ახალი წლის დღეებში განხორციელებული სარწმუნოებრივი ხასიათის საწესო-მაგიური ქმედებები გამრავლების, ნაყოფიერებისა და წინაპართა კულტებისადმი იყო მიძღვნილი.
ბემბღუ. ძველი სტილით 6 იანვარი, ახალი სტილით 19 იანვარი. ნათლისღება.
სვანურ დღეობათა კალენდარში საახალწლო ციკლის კიდევ ერთი დღესასწაული “ბემბღუ” (ბომბღა) სხვადასხვა თემში, სხვადასხვა დროს სრულდებოდა. ლატალში მას ლიფანაალის (მიცვალებულების სულებისადმი მიძღვნილი დღესასწაული) კვირაში აღნიშნავდნენ. წინასწარ გამზადებულ და გამშრალ ნაძვის ან რომელიმე მარადმწვანე ხის ტოტს ე.წ. ხულს შინ შემოიტანდნენ, ზედ პატარა ბიჭს შემოსვამდნენ და ,,ბემბღუ, ბემბღუ, ჴიში ბუნუ ბ-ა-ნჯღუ”-ს ძახილით კერის გარშემო სამჯერ შემოატარებდნენ. თან ჩქმეტდნენ და აწვალებდნენ. შემდეგ ოჯახის უფროსი ხულს ცეცხლში შეუკეთებდა, ამ დღისთვის წინასწარ გამომცხვარ ყველიან პურებს ,,ჴულის ლემზირებს” ჩამოარიგებდა და დაილოცებდა. ამ მაგიური ქმედებებით პატივს მიაგებდნენ ქართველთა უძველეს, საქონლის მფარველ ანთროპომორფულ ღვთაება ბოსლას, ბემბღუს, რომლის განსახიერებასაც პატარა ბიჭი წარმოადგენდა. კერა და ცეცხლი ქართველთა უძველესი რწმენა-წარმოდგენებით ოჯახის სიწმინდისა და გამრავლების სიმბოლო იყო.
ლიფანაალი. ძველი სტილით 5 იანვარი, ახალი სტილით 18 იანვარი.ლიფანაალი – ახალი წლის ციკლის დღესასწაულია, მიცვალებულთა სახელზე განკუთვნილი დღეობა. იწყებოდა წყალკურთხევის წინა დღეს, 5 იანვარს (ძველი სტილით) და გრძელდებოდა 3-4 დღე, ან ერთი კვირა. ამ დღეს ხალხის წარმოდგენით მიცვალებულები სტუმრად მიდიან ახლობელ ცოცხალ ნათესავებთან და რამდენიმე დღე რჩებიან, რისთვისაც ოჯახებში სათანადოდ ემზადებიან. დღეობის დროს სულებს უმასპინძლდებიან გარდაცვლილთა ასაკის გათვალისწინებით, მათთვის საგანგებოდ ამზადებენ სუფრას. ლიფანაალში მობრძანებულ მიცვალებულებს ართობენ ჭიანურზე დაკვრით, ზღაპრების მოყოლით, ევედრებიან – ილოცონ ცოცხლების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. პირველივე კვირის ორშაბათს ხდებოდა მათი დალოცვა და გაცილება საცხოვრებელი სახლის ეზოდან. ლიფანაალის სულიერი პლასტები სხვადასხვა ეპოქის რელიგიურ შეხედულებათა დანალექია, რომელთა მსოფლაღქმა უკავშირდება როგორც წინაპართა კულტს, ასევე ბუნების აღორძინებისა და ნაყოფიერების იდეას.
1))—- მეკვლეობა ახალი წლის დილას. ლატალი. სოფელი მაცხვარიში.
გუარ გირგვლიანის ოჯახი. 1931 წელი
2)—ბემბღუს რიტუალი. ლატალი. სოფელი მაცხვარიში.
გუარ გირგვლიანის ოჯახი. 1931 წელი
3)—ლიფანაალის დღესასწაული. ლატალი. სოფელი იენაში. 1928 წელი. ეს ბოლო მესამე სურათია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close