საზოგადოება

თითით მოხატული საოცარი უსასრულობა- თვითნასწავლი მხატვრის დაუოკებელი მუზა

,,5 წუთში, თითის ერთი მოსმით დავხატე..."

ნახატები, რომლებიც არატრადიციული წესით იქმნება, საკმაოდ ძვირადღირებულად ითვლება. უფანქროდ, უფუნჯოდ შესრულებული ნახატი ნიშნავს, რომ შემოქმედის  მოძალებული მუზა ჩარჩოებს გასცდა და სანამ მხატვრის საჭირო ინსტრუმენტებამდე მიაღწევდა, როგორც კოკიდან წყალი, მოულოდნელად, ერთბაშად გადმოიღვარა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ნამდვილი შემოქმედება ყოველთვის არ საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს და უბრალოებაში დიდი ნიჭისა და უნარის მქონე ხელოვანი შეიძლება დავინახოთ.

ჩვენ გვინახავს მკერდით შესრულებული ნახატი, რომელიც მსოფლიო აუქციონზე მილიონებად გაიყიდა, ვნახეთ ხეფით შესრულებული მხატვრობაც…  ამჯერად 5 წუთში შესრულებულ, საკმაოდ ორიგინალურ ნამუშევარს გაგაცნობთ, რომელიც ქიზიყელ თვითნასწავლ მხატვარს, პროფესიით ექიმს, სოფია სესიტაშვილს ეკუთვნის. ხელოვანმა უსასრულობა ერთი თითის მოსმით დახატა…  ,,იმ დღეს საოცარ ხასიათზე ვიყავი. თითქოს რაღაც მაწუხებდა, მიხაროდა, მწყინდა… ყველა ემოცია ერთად მომეძალა. ეზოში დავბორიალობდი… იქვე ვიპოვე სქელი კარდონი. ფუნჯის ძებნა არც დამიწყია, საღებავში თითი ჩავყავი და დავიწყე იმის ხატვა, რასაც იმ წუთებში ვგრძნობდი… 5 წუთიც არ დამჭირვებია, თითით დამეხატა ,,უსასრულობა” და ჩემი განცდები ნახატად გადმომეცა” _  აგვიხსნა შემოქმედმა.

სოფია ამჟამად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და პატარა ქალიშვილი. როგორც თავად გვითხრა, ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას, ანატომიის ლექციაზე, ლექტორის ახსნილს ნახატებით იმახსოვრებდა. როცა გოგონას საოცარი გატაცება შეამჩნიეს, მას უნივერსიტეტში თვალსაჩინოებების დახატვა სთხოვეს. ისიც ხატავდა ადამიანის ორგანოებს ლექტორის მითეთებისამებრ და თანაკურსელებს ცოდნის მიღებასა და განმტკიცებას უადვილებდა.

სოფიას საკუთარი ნახატების გამოფენა სახლში აქვს მოწყობილი. თბილისისა და სიღნაღის ხედები, ბოდბის მონასტერი, ნატურმორტები, ფერადი ყვავილები… მისი ფანტაზია ისეთივე უსასრულოა, როგორც თითით შესრულებული მისივე ნახატი.

ნელი ვარდიაშვილი

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close