საზოგადოება

,,ისე წახდა საქართველო, რომ ჰრცხვენიათ ქართულად ჩაცმა”

,,როცა ვსაუბრობთ ქართულ ტანსაცმელზე, თვალწინ წარმოგვიდგება მის შემოქმედთა ფანტაზია, ხელსაქმის ტრადიციის ცოდნა..."

ქართული სამოსელი (ქართველთა მატერიალური კულტურა)
ქართული ტანსაცმლის ნაირსახეობათა შესახებ ცნობებს გვაწვდის ზეპირსიტყვიერი და წერილობითი წყაროები, მოგზაურთა ჩანაწერები… საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსელის დასამზადებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილს. დასამაგრებლად და მოსართავად ხმარობდნენ ღილებს, ხრიკებს (დუგმებს), ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს.
ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამოსელის აღდგენა ხდება ძირითადად სტელებისა და ტაძრების ფასადების ნიმუშების, ნუმიზმატიკის, მინიატურების, ლიტერატურული ძეგლების მონაცემებით.
გამოვლენილია საქართველოში გავრცელებული სამოსლის სხვადასხვა სახეობა: სამეფო-სადედოფლო, საერისკაცო, სამოხელეო, სამღვდელ-მოძღვრული, ბერული, ვაჭრული, სამხედრო, სამგზავრო, საღარიბო, სადიაცო და სამამაცო; ასევე დანიშნულებით განსხვავებული ფორმები: საშინაო და საგარეო, საქორწინო, სამგლოვიარო და სხვ. შესწავლილია ე.წ. სამოსელი ქუეშეთი და სამოსელი ზევითი.
სამეფო ტანისამოსის შესახებ საინტერესო მასალებია დაცული ივანე ჯავახიშვილის ნაშრომში “მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიიდან”. სამეფო შესამოსელს წარმოადგენს ბისონი – ძვირფასი ქვებით შემკული; გვირგვინი, ქსოვილი ოქრონემსული, და რაც მთავარია, სამკლავე, რომლის ტარება მხოლოდ პრივილეგირებულ ფენათა წარმომადგენელს შეეძლო. ასევე, დედოფლის ჩაცმულობაში ფიგურირებს ბისონი. ბეთანიის მხატვრობაში თამარს სამკლავე იდაყვამდე აქვს ჩამოშვებული და მოჩანს მანდილი.
ქართველთა შესამოსელის შესახებ საინტერესო ცნობებია დამოწმებული ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში «აღწერა სამეფოსა საქართველოსა». ქართველთა ზნე-ჩვეულებებზე საუბრისას ვახუშტი გამოყოფს ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის სახეებს და აღწერს საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენის განსხვავებულ ტანისამოსს.
ვახუშტი ბატონიშვილმა ყურადღება მიაქცია ქართლისა და კახეთის ტანსაცმლის მსგავსებას: «შემოსილნი არიან ქართველნი და კახნი ერთრიგად, თავს სკლატისაგან ანუ შალისაგან. ქუდი გრძელ-წვრილი, ბეწვეული, აფროსანი, ტანს კაბა ლარისა სკლატისა ანუ ჩოხისა მუხლ ქვემომდე, მასზედ სარტყელი».
ვახუშტის დაკვირვებით, ქართველები ტანსაცმელს სეზონის მიხედვით იცვლიან. ზამთარში კაცნიც და ქალნიც იცვამენ ქათიბს, ტყავს, ბეწვეულს. ქალთა კაბა და ტყავი უფრო გრძელი ყოფილა და იგი თურმე მიწას სწვდებოდა.
ქართული ტანისამოსის ვრცელი აღწერილობა შემოგვინახა XIX საუკუნეში მცხოვრებმა დავით ფანასკერტელ-ციციშვილმა ნაშრომში «შემოკლებული მოთხრობა ქცევათა და ჩვეულებათათვის ქართველთა». შემდგომში ქართული ტანისამოსი და მისი სახეები მოექცა მრავალი მეცნიერის თვალსაწიერში (თინა ოჩიაური, ციალა ბეზარაშვილი, ლეილა მოლოდინი და სხვ.).
ქართული ტანისამოსის შესახებ საინტერესო მასალაა გადმოცემული ი. ბალახიშვილის წიგნში «ძველი თბილისი». იგი მოგვითხრობს თბილისური ტრადიციული ყოფის შესახებ და იქვე გამოყოფს მაღალი და დაბალი სოციალური ფენის ქალთა ჩაცმულობას. მისი მონაცემებით გლეხის ქალს ეცვა: კაბა – გულისპირი, ჩიხტიკოპი ქინძისთავით, კავებითა და ლეჩაქით, სარტყელი. ხოლო მაღალი წოდების ქალს – ქათიბი, ბაღდადი, ჩიხტი-კავებით, კოპი, კაბა სარტყელ-გულისპირით, გულის სამკაული; თავსაკრავი – ქინძისთავით, ახალუხი, სარტყელი, ქოშები და სხვ.
ევროპული კულტურის შემოსვლის, ევროპიზაციის დამკვიდრების შედეგად ქალთა ჩაცმულობაც შეიცვალა. ქოშები ბათინკმა შეცვალა, ლეჩაქი – ფართო ფარფლიანმა ქუდმა. შეიცვალა ქართული კაბა, შემოვიდა «კორსეტი», რომელმაც არისტოკრატიულ წრეში გაიკვლია გზა. გაჩნდა ახალი მოდის მკერავთა სალონები (რუარი, ველნერი და სხვ.).
ევროპულმა კულტურამ იმდენად მოიკიდა ფეხი ქართველ საზოგადოებაში, რომ მაღალ წრეებში თითქმის გამოდევნა ეროვნული ტანისამოსი. ასე, მაგალითად, გრიგოლ ორბელიანი ნიკო ჭავჭავაძისადმი მიწერილ წერილში გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ზიჩმა ვერავინ იპოვა ისეთი, ვისაც ქართულ ტანისამოსში დახატავდა. წერილის ბოლოს გრიგოლ ორბელიანი სინანულით დასძენდა: «ისე წახდა საქართველო, რომ ჰრცხვენიათ ქართულად ჩაცმა».
მოდის ტრანსფორმაციამ მკვეთრად იჩინა თავი საზოგადოების მაღალ წრეებსა და ბარში. ტანისამოსის უძველესი ფორმები კი მთამ შემოგვინახა, როგორც სიძველეთა მუზეუმმა. ქართული სამოსი კოლორიტულ ელფერს იძენს ხევსურულ, რაჭულ, თუშურ, მოხევურ, აჭარულ, ინგილოურ კომპლექსებში. ამჯერად გამოვარჩევთ ტანისამოსის ხევსურულ სახეობას, რომელმაც ქართველთან ერთად, უცხოური საზოგადოებაც დააინტერესა.
ხევსურულ ტანისამოსს ტალავარი ეწოდება. იგი იკერება შინ მოქსოვილი შალისგან (ტოლისგან). მას ხევსური ქალები ქსოვდნენ და ხელით კერავდნენ, რასაც ბავშვობიდანვე სწავლობდნენ. დამზადების თავისებურებიდან გამომდინარე, ის ხელით იკერებოდა და დიდი დრო და სახსრები სჭირდებოდა. ამიტომაც ძვირად ფასობდა და ხელმისაწვდომი იყო შეძლებული ოჯახებისთვის.
ქალის ტანსაცმელში გამოირჩეოდა «სადიაცო», შავი ან ლურჯი შინნაქსოვი შალისგან დამზადებული. «სადიაცოს» საყელო ამოღებული ჰქონდა, «ფარაგი» «სამწყვეტლოთი» იკვრებოდა. გასათხოვარ ქალს «ფარაგი» მაგრად უნდა ჰქონოდა შეკრული. «სადიაცოს» ქვეშ შემოკერებული ჰქონია «ქოქომი». სადიაცოს ზემოდან ქალები იცვამდნენ «ქოქლოს». იგი მოკლეწელიანი და წინ გახსნილი იყო და შალისგან იკერებოდა. ქსოვილის საყელოს ამკობდნენ ფერადი შალის კუწუბებით, ხოლო ზურგი და ბეჭები დაჭრელებული იყო ჯვრებით. ხევსური ქალის ტანისამოსში გამორჩეული ელემენტი იყო თათი (წინდა) და მანდილი (თავსაბურავი).
ხევსური ქალის მანდილი ფოჩიანი იყო. გასათხოვარი «სათაურას» მანდილის გარეშე იხურავდა. თუმცა მის ხმარებასაც დადგენილი წესი გააჩნდა. გათხოვილი ქალი უმანდილოდ ვერ მიეგებებოდა ქმრის ნათესავებს, ასაკით უფროსებს. მანდილს საქართველოში დიდი როლი და მნიშვნელობა ჰქონდა, მოშუღლეებს მანდილის ჩაგდებით აშველებდნენ, რადგან მანდილის ანგარიშგაუწევლობა სირცხვილად მიიჩნეოდა.
ქართულ ტრადიციულ რეალობაში მანდილით, ლეჩაქით გამოიხატებოდა არა მხოლოდ სოციალური, არამედ ქალთა საზოგადოებრივი მდგომარეობაც. ძველად საქართველოში გასათხოვარი ქალები ლეჩაქით ყელს არ იხვევდნენ, რასაც «ყელჩენით დაბურვა» ეწოდებოდა. მაგალითად, ვარძიის ფრესკაზე თამარ მეფე ყელჩენითაა, ესე იგი მეფექალი გასათხოვარია, რასაც ვერ ვიტყვით ბეთანიის, ყინწვისის, ბერთუბნის ტაძრის ფრესკებზე. ამ ტაძრებში გამოხატული სურათების მიხედვით, მეფექალი უკვე გათხოვილია.
რაც შეეხება ხევსური მამაკაცის ტანისამოსს, მის ძირითად ნაწილს შეადგენდა პერანგი, რომელიც შავი შალისგან იკერებოდა. პერანგის მორთულობა და სილამაზე ფასდებოდა «ნაჭრელას» მიხედვით. მთელი ოსტატობა «საბეჭურის» დამზადებაზე იხარჯებოდა. «ნაჭრელა» ორგვარი იყო: აბრეშუმისა და ნაჭრის. პირველი ძვირად ფასობდა და დიდ ოსტატობას მოითხოვდა. ორივე შემთხვევაში გამოჰყავდათ გეომეტრიული სახეები და ჯვრები.
ხევსური მამაკაცის ჩაცმულობის შემდეგი ნაწილი იყო ჩოხა – შავი ან ლურჯი ქსოვილისგან შეკერილი. იგი პერანგთან შედარებით ზომიერად იყო შეკერილი, თუმცა მის ზურგსა და ბეჭებზე სირმის გრეხილით შემკული ჯვრები იყო გამოსახული. მამაკაცის ტანსაცმლის შემდეგი ნაწილი იყო შარვალი, ნაბდის ქუდი, ფეხსამოსი «თათები» ან ქალამანი «ჯღანი».
მამაკაცის ტალავრის «საბეჭური» და ქალის «ფარაგი» ხევსურული ტანსაცმლის უმთავრესი ელემენტებია. მათში ჩაქსოვილი იყო დახვეწილი გემოვნება, ფერთა შესანიშნავი შერწყმა, სახეებისა და ფორმების არაჩვეულებრივი მრავალფეროვნება.
ტანსაცმლის მორთულობაში ჯვრის გამოსახულება ლეგენდის წყარო გამხდარა. ამის მიხედვით, ხევსურებს სახავდნენ შუა საუკუნეების ევროპული ჯვაროსანი რაინდების მემკვიდრეებად და აქ გადმოსახლებული მათი ერთ-ერთი ნაწილის შთამომავლებად.
სინამდვილეში ჯვრის ელემენტები ხევსურული ტანსაცმლის შემკულობაში გადმოსულია ვერცხლის შიბებიდან. ჯვარი, როგორც უპირველესი ნიშანი, ქრისტიანულ ქვეყანაში ფართოდ იყო გავრცელებული და ასე მოხვდა იგი ხევსურულ ტალავერზეც.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში ევროპულმა კულტურამ შეცვალა არა მხოლოდ ქალის, არამედ მამაკაცის სამოსიც. ქალთა ჩაცმულობიდან გაქრა შეიდიში, ქოშები, ახალოხი. 60-იან წლებში შემოვიდა «ხაბარდიანი», ხოლო 80-იან წლებში «პრინცესა» ანუ კუდიანი კაბები. შეიცვალა მამაკაცის ტანისამოსიც, გაქრა ყურთმაჯიანი კაბა და ნაოჭებიანი ახალუხი. იგი შეცვალა გრძელმა ჩოხა-ახალუხმა, ე.წ. «ჩერქეზკამ».
ქართული ტანისამოსის მიმოხილვისას ვხვდებით როგორც ქართული ჩაცმულობის ზოგადქართულ ელემენტებს, ისე თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელ შტრიხებსაც. მაგალითად, სვანური ნაბადი, მრგვალი ქუდი, იმერული ფაფანაკი (მრგვალი ან ოვალური კუთხეებამაღლებული და ოქრომკედით ნაქარგი). ასევე ვხვდებით პროფესიული ჩაცმულობის ნიშნებსაც. მაგალითად, ხელოსნის მთლიანი ვერცხლის ქამარი (მსხვილგობაკებიანი), მონადირის «ბანდულები» (თასმებდაგრეხილი ქალამანი), მწყემსის «გვაბანაკი» (ნაბდის წამოსასხმელი) და სხვ.
როდესაც ვსაუბრობთ ქართულ ტანსაცმელზე, თვალწინ წარმოგვიდგება მის შემოქმედთა ფანტაზია, ხელსაქმის ტრადიციის ცოდნა და ის შრომა, რაც ფაქიზ და სათუთ მოპყრობას საჭიროებს და ქართულ ტრადიციულ ყოფას ასახავს.
წყარო: (ავტორი: მაია ზურაშვილი)
ჟურნალი ”ისტორიანი”
2

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close