პოლიტიკა

,,ხომ მძიმეა ტერიტორიების ოკუპაცია, მაგრამ უმძიმესია სულიერი ოკუპაცია…”_ღია წერილი სალომე ზურაბიშვილს

,,კოჰაბიტაციის შედეგს დღემდე ვიმკით..."

პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ღია წერილს სწერს:
,,ღია წერილი-მიმართვა საქართველოს
პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
ქალბატონო სალომე, დემოკრატიულ სამიტზე თქვენი საინტერესო გამოსვლის თანმსმდევად,მე,როგორც ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე,მოგმართავთ…
ამავე დროს, ქალბატონო პრეზიდენტო,რომ არ ვიყო დარწმუნებული იმაში,რომ ჩემი თეზისებათ ჩამოყალიბებულ ეპისტოლეს ტენდენციებს არ გაიზიარებდა თანამემამულეთა საკმაოდ დიდი ნაწილი,მერწმუნეთ,არ შეგაწუხებდით.
-1) თავისთავად,საერთოეროვნული შერიგება (დიალოგი,შეთანხმება,პოლარიზაციის დასასრული),დიდად მნიშვნელოვანი ზოგადსახელმწიფოებრივი,მასშტაბური ზნეობრივ-მორალური აქტია,ჭეშმარიტებისკენ მიდრეკილი,სათნოების წამახალისებელი,ერის შემაკავშირებელი და ქვეყნის გამაძლიერებელი.
-2)შერიგება (დეპოლარიზაცია),გეგმიური პროცესი როდია,სადმე ან ვინმესთან ქულების ჩასაწერად.შერიგების პროცესი საზოგადოების ბუნებრივი მოთხოვნილება უნდა იყოს და არა თავსმოხვეული ან ხელოვნური.
-3)შერიგება არ უნდა იყოს გამოყენებული ცალკეული ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიზმის იმიტაციით,მძიმე დანაშაულებების შესაფუთად.
-4)შერიგება-პოლარიზების დასასრული,არამც და არამც არ უნდა იქცეს დამნაშავე რეჟიმის,მის სულისჩამდგმელთა,ორგანიზატორთა,შემსრულებელთა,მხარდამჭერ-ხელისშემწყობთა ფარისევლური ინდულგენციის პროცესად.შემდგომში კი მათი მზაკვრული გეგმების აღსრულების წამახალისებლად,რაც მომავალში,აუცილებლად გამოიწვევს ერის ნამდვილ გახლეჩას და სისხლიან დაპირისპირებას.
-5)ერის სიჯანსაღე,კათარზისი,წარმატებული მეტამორფოზა გადის ტკივილებზე,თვითკრიტიკასა და შემდგომ ტრანსფორმაციაზე,მაგრამ არა დანაშაულის და დამნაშავეთა სისხლიანი კვალის ვარდებით მოფენაზე,ადამიანთა ტრაგედიების მიჩუმათებაზე,ქვეყნის ღალატზე თვალის დახუჭვაში.
ერებმა,რომელთაც ეს შეძლეს-არსებობენ და ვითარდებიან,რომელთაც ეს ვერ ან არ შეძლეს აღარ არსებობენ,მათი ადგილი სხვებით ჩანაცვლდა.
-6)სახელმწიფოში,მრავალ მიზეზთა გამო,ბევრი პრობლემაა დაგროვილი,ხალხს არ ულხინს,და ჯერაც გვდის სისხლი ტერიტორიებდაკარგულ ქვეყნის შვილებს მოუშუშებელი იარებიდან…
ერის ტრაგედია იწყება მაშინ,როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე კარგავს სახელმწიფოებრიობის განცდასა და ზნეობრივ იდეალებს….
ხომ მძიმეა ტერიტორიების ოკუპაცია,მაგრამ უმძიმესია სულიერი ოკუპაცია…და,თუკი ქვეყანაში მომხდარ ურთულეს მოვლენებსა და პერიოდს (ნაციონალურ კაცთმოძულე რეჟიმს),პირუთვნელად, ობიექტურად,მართლაც და თამამად თავისი სახელი არ დავარქვით,როგორღა შევძლებთ კონსოლიდაციასა და წინსვლას?
-7)საზოგადოებაში არანაირი კატასტროფული პოლარიზება,გახლეჩა არ არსებობს.ეს ნაციონალური რეჟიმის მიერ დადგმული სცენარის ერთ-ერთი პასაჟია,ისე,როგორც 2012 წელს შემოგვაპარეს,მაშინაც,ერთიანობის,შერიგების,ვითომ დეპოლარიზაციის მიზნით,მანკიერი-კოჰაბიტაცია.შედეგი?შედეგს დღემდე ვიმკით!
-8)2012 წელს საზოგადოებამ საღად და ღირსეულად გამოხატა დამოკიდებულება -სააკაშვილიზმის- მიმართ და რომ პროცესები ბუნებრივად წარმართულიყო,არ მომხდარიყო დამნაშავეთა ლოლიავის და თანამშრომლობის სრულიად გაუმართლებელი თანაცხოვრება,დღეს,ჩვენ ბევრად უფრო წინ და თავაწეული ვიქნებოდით(სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ ისიც,რომ ამ მხრივ გარკვეული დადებითი ცვლილებები დაიწყო და იმედია გაგრძელდება).
-9)ქალბატონო სალომე,ვინ,თუ არადა თქვენ,ევროპაში დაბადებულმა და ქართულ ტრადიციებზე აღზრდილმა პიროვნებამ უნდა იცოდეთ,რომ ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ძალმოსილება ეგების მაშინ,როდესაც ბოროტებას,კაცის კვლას,წამებას,ადამიანის უფლებების შელახვას,ქვეყნის ღალატს-სამართლიანი,მაგრამ უმკაცრესი სახელი დაერქმევა და შედეგი დადგება.გერმანიაში,იტალიაში,ესპანეთში და ბევრგან სხვაგან,რომ არ გაესამართლებინათ რეჟიმები,სახელმწიფოები ვერ განვითარდებოდნენ….იქ ჯერ გაასამართლეს,ოფიციალურად დაადასტურეს სისტემური დანაშაული,მორალურად გაიმართნენ წელში და შემდეგ წინ წავიდნენ.ჩვენგან განსხვავებით,იქ,არც კი გაჩენილა აზრი-შევურიგდეთ,მოვანანიებინოთ დამნაშავეს საქციელიო….
-10)არის ღირებულებები,ფასეულობები,ღირსების გრძნობა,როგორც კოლექტიური,ასევე ინდივიდუალური…
მკვლელებთან და მწამებლებთან არ რიგდებიან-მათ ასამართლებენ!
-11)ნაციონალურ სექტას და მის ბობოლებს,შერიგება კი არ უნდათ,მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ.აქეთკენ არიან დღეცისმარე მიმართულნი და რევანშისტული გეგმებით,ხელისუფლებას,საზოგადოებას,თავად მის უდიდებულესობა სრულიად ქართველ ხალხს აშანტაჟებენ 24 საათის განმავლობაში.(დროდადრო არც მუქარას ერიდებიან-,,დაგიმახსოვრებთ ყველას,ყველას მოგეთხოვებათ,ყველას გვარები ვიცით“ და სხვა)
ავყვეთ მათ თამაშს,ნიშნავს რეჟიმის წახალისებას.
დაუშვებელია,დღესაც კი, ქვეყანა ცხოვრობდეს დამნაშავე რეჟიმისგან თავსმოხვეული დღის წესრიგით.
-12)რომელ მონანიებასა და ბოდიშის მოხდაზე შეიძლება იყოს საუბარი,ვერც ერთი და ვერც მეორე,დანაშაულს ვერ ათეთრებს.
-13),,სააკაშვილიზმის“ აღვირახსნილი უზნეობა და უტიფრობის გასაოცარი მაგალითია,როდესაც თქვენ,ქალბატონო სალომე,დიალოგისკენ,შერიგებისკენ,შეხვედრისკენ,ჩვეული ფარისევლობით მოგიწოდებთ მსჯავრდებული,ბრალდებული,საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის უარმყოფელი ადამიანი,ვითომც არაფერი მომხდარიყოს და არაფერი ჩაედინოს!
პატიმარი,რომელიც ისეა გაკადნიერებული,რომ აქეთ გვამადლის,თითქოს მან შეგვიქმნა სახელმწიფო,რომ არის მეფეთა და გმირთა ტოლსწორი და კიდევ,ვიმეორებ,ბედავს და ,,გიბარებთ თავისთან”.
-14)ვკითხოთ რეჟიმისაგან მოკლულების და წამებულების ოჯახის წევრებს,ვკითხოთ ყოფილ პატიმრებს,ვკითხოთ 300 000 პრობაციონერს,ვკითხოთ ქონებაწართმეულებს და საერთოდ,ვკითხოთ ქართველ ხალხს და არა სექტანტ-მიშამადიდებლებს,სურთ მათ სისხლისმსმელებთან შერიგება?!ვფიქრობ,პასუხი თავად იცით.
-15)ქალბატონო სალომე,ჯერ კიდევ 3-4 თვის წინ,ვიცოდი რა ნაციონალური რეჟიმის ზრახვები,ღიად ვწერდი,ვამბობდი(იხილეთ ქართული ტელეარხები),რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მათეული მრავალეტაპიანი სცენარის ერთ-ერთი და უმთავრესი აკორდი იქნებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევა-ზეწოლა.არ გამოუვიდათ ბევრი რამ,ახლა მთელი თავიანთი მედია და ლობისტური მანქანა თქვენსკენ მომართეს ფსიქოლოგიური ზეწოლის კუთხით.აქაც ჩაფლავდებიან….
-16)ქალბატონო პრეზიდენტო,არც თუ დიდი ხნის წინ,საკმაოდ რთულ სიტუაციაში,თქვენგან მოვისმინეთ გაბედული,მართალი,სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოღვაწის ფრაზა-,,არა და არასოდეს“.ეს ფრაზა,ვითარცა ნამდვილი პრინციპულობის ნიმუში,საქართველოს ისტორიაში მყარად ამოიტვიფრა…
მსურს მჯეროდეს,რომ თქვენი შემდგომი ქმედებებიც,ასეთივე პრინციპულობით იქნება განპირობებული.
პ.ს.ქალბატონო სალომე,და თუ თქვენ გადაწყვეტთ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მოისმინოთ თანამოქალაქეთა აზრი,დაბეჯითებით გთხოვთ, არამც და არამც არ შემოიფარგლოთ ზოგიერთი ელჩის შესაძლო რეკომენდაციებით-ძირითადად შეხვდეთ ნაც.მოძრაობასთან,პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ პარტიების წარმომადგენლებს,არასამთავრობოებს თუ მწერალ-პოეტ-მომღერალთა ნაწილს…
რა თქმა უნდა, მათი აზრიც მოსასმენია, მაგრამ ეს არ არის და ვერც იქნება ჩვენი ქვეყნის საამაყო მოსახლეობის საერთო განწყობის ამსახველი…
ღრმა პატივისცემით გიგლა(გრიგოლ) ბარამიძე-მეცნიერებათა დოქტორი,საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,ყოფილი პოლიტდევნილი”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close