საინტერესო

როდის ამბობენ, რომ სუფრის თამადა არის შეუდარებელი

თამადა, ქართული პურობის, სუფრის გამძღოლი. ჩვეულებრივ, მასპინძელი ან თანამეინახენი თამადად ირჩევენ ჭარმაგ პატივსაცემ მამაკაცს, რომელიც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა, ქელეხი და სხვა) მიხედვით, თამადას ევალება ტრადიციული სადღეგრძელოების წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის მთლი მსვლელობის რეგულირება. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ძველად ოჯახებში თამადობას ბავშვობიდანვე აჩვევდნენ. საქართველოს მთიანეთის საკულტო დღეობა-წვეულებებზე თამადას არ ირჩევდნენ – მის მოვალეობას ხევისბერი ან გვარ-ხატის რომელიმე მსახური ასრულებდა, საოჯახო სარიტუალო პურობას კი ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვებოდა. ზემო სვანეთში “თამადა”, “თამათა” ერქვა თიბვის მესვეურს, წინამძღოლს, რომელიც მუშაობისას სიმღერას იწყებდა. “თამადის” ნაცვლად ზოგჯერ თურქულიდან შემოსულ სიტყვას “ტოლუმბაშსაც” (თურქ. toplum başı – თავყრილობის/შეკრების უფროსი/თავი/ მეთაური) ხმარობენ. ალ. ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, “ტოლუმბაში” “ამხანაგების თავს” ნიშნავს.თანამედროვე ფასეულობების მიმართება ქართულ ტრადიციებთან და ფასეულებათა ევოლუცია. თამადა – ეს არის ლხინის ან მწუხარების მიმდინარეობის ორგანიზების ცენტრალური ფიგურა. მას საქვეყნოდ ირჩევს ოჯახის უფროსი. ამ რიტუალით იგი ხაზს უსვამს თამადის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. თამადა სასურველია იყოს იმ საზოგადოებაში პატივცემული, განათლებული, ენაწყლიანი, მომთმენი. უნდა იცნობდეს ოჯახს, შეკრებილ საზოგადოებას, ქართული სუფრის ტრადიციებს, მსვლელობას.

დღევანდელ რეალობაში მთავარია, თამადას ეკავოს კარგი თანამდებობა და სხვას უკვე ყურადღება არ ექცევა. თამადის ძირითადი მოვალეობაა მოახდინოს ლხინის მსვლელობის ორგანიზება. ამისათვის მისი მთავარი ინსტრუმენტი არის სადღეგრძელო, მისი შინაარსი, სადღეგრძელოთა რიგი და მათი მონაცვლეობის ტემპი. სადღეგრძელო, თავისი შინაარსით, არის ლოცვის ვარიანტი. სასურველია, თამადის სიტყვა არ სცილდებოდეს სწრაფი აღქმის ზღვარს (სავარაუდოდ 3-4 წუთი). ის, რომ თამადის სიტყვა არ უნდა სცილდებოდეს 3-4 წუთს, დღეს უკვე თამადას შეუძლია 10 წუთი ილაპარაკოს, რაც მონოტორულია და სუფრის წევრების დაინტერესებას ვერ ახდენს და ხშირ შემთხვევებში არც უსმენენ მას. თამადა ვალდებულია ყოველთვის ახსოვდეს _ ადამიანები ლხინში მოდიან გასართობად. გართობის ყველაზე მიმზიდველი ფორმა არის ურთიერთობა. თამადა კი არის ამის ხელის შემწყობი ( ყველამ კარგად იცის რა შემაწუხებელია გაუთავებელი “მომისმინეთ, მომისმინეთ”) სადღეგრძელოთა რიგი განსაზღვრულია. მასში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ჯგუფი, რიგითობის მიხედვით. პირველი სადღეგრძელო არის მადლობა ღმერთს! სადღეგრძელოთა პირველ ჯგუფს განეკუთვნება სადღეგრძელოები ლხინის მიზეზის გარშემო (იუბილარის, მექორწილეების, მათი ოჯახის წევრებისა და ნათესავების და სხვ.); მეორე ჯგუფს განეკუთვნება აუცილებელი სადღეგრძელოები (წასულების, სამშობლოს, დამსწრე საზოგადოების პერსონულად ან გარკვეული ჯგუფების მიხედვით და სხვ.); მესამე ჯგუფს განეკუთვნება თავისუფალი სადღეგრძელოები . ევოლუცია განიცადა სადღეგრძელოთა თანმიმდევრობამ. დღეს ხალხს თავისუფალი სადღეგრძელოები ურჩევნია, ვიდრე მშვიდობის , სამშობლოს და ა.შ სადღეგრძელოების თქმას. თამადის ინსტიტუტი თამადობა – ქართული წესისა და რიგის წარმოჩინება გახლავთ, ამიტომ იგი შინაგანი მოწოდება, თავისებური ხელოვნებაა. თამადად არ იბადებიან, თამადად ყალიბდებიან. თამადად ძირითადად ირჩევენ ჭარმაგ, გამოცდილ, ღირსეულ, პატივსაცემ მამაკაცს, რომელიც ტრადიციის, სუფრის წეს-ჩვეულებების, თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების მიხედვით თამადას ევალება – ტრადიციული სადღეგრძელოების წარმოთქმა, სუფრაზე წესრიგის დამყარება, სმის წესების დაცვა, ცეკვა-სიმღერის და ლხინის. მთელი მსვლელობის რეგულირება. იგი მთავარი ფიგურაა სუფრაზე, ხოლო თამადობა ყოველთვის საპატიო საქმედ ითვლებოდა. საქართველოში, სადაც ასე ზედმიწევნით არის შესწავლილი და დახვეწილი სათამადო ხელოვნება, მაგიდის ესთეტიკა, თამადობასა და სუფრაზე პირველობისათვის ბრძოლა ყოველთვის გაძნელებულია. ამ თავისებურად საინტერესო შეჯიბრებაში უდავოდ უპირატესობა უნდა მიენიჭოს მას, ვის სიტყვაშიც მკაფიოდ ჩანს ეროვნული ძარღვი და ქართველი კაცის ბუნება, ამავე დროს იგი უნდა ხიბლავდეს სუფრის წევრებს ლაპარაკის მანერით, დიქციით, არტისტულობით, ოქროპირობით, მუსიკალურობით; ფიზიკურადაც საინტერესო კაცი უნდა იყოს, რომ ხალხმა ყური ათხოვოს; თავისთავად კარგი სმაც უნდა შეეძლოს. თამადა თუ არ არის დიდი იმპროვიზატორი, თუ ის მხოლოდ გამზადებულ, დაშტამპულ სადღეგრძელოებს ამბობს – ცუდი თამადაა. რომ იტყვიან, როგორც ნიჭიერმა მსახიობმა, თამადამაც სუფრაზე მხატვრული სახე უნდა შექმნას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველად ქართულ ოჯახებში თამადობას ბავშვობიდანვე აჩვევდნენ, რაც ეთნოგრაფიული მონაცემებითაც დასტურდება, ეს უკანასკნელი კი სმაში როდი გამოიხატებოდა, არამედ ადათ-წესების და წეს-ჩვეულებების ცოდნაში. ყოველი თამადა ინდივიდუალური თვისებებით ხასიათდება, შეუძლებელია მათი ერთმანეთთან მსგავსება, რადგან თითოეულ მათგანს თავისი პიროვნებისათვის დამახასიათებელი მასშტაბები, ხელწერა, მანერა, ხასიათი და სახე აქვს. აქედან გამომდინარე შეიძლება გამოიყოს ლხინის სუფრის თამადების შემდეგი კატეგორიები: განუმეორებელი, შეუდარებელი თამადა: ზედმიწევნით გამორჩეულად უნდა იცოდეს ქართული ტრადიციული სადღეგრძელოები, ადათ-წესები და წეს-ჩვეულებები; უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია, ქართული პროზა, პოეზია, ხალხური ზეპირსიტყვიერება; წარმოსადეგი შესახედაობის უნდა იყოს, რომ ხალხმა ყური ათხოვოს; სასურველია კარგად სვავდეს (არ არის აუცილებელი ბევრს და უზომოდ სვავდეს); კარგი მჭევრმეტყველი და იმპროვიზატორი უნდა იყოს, ესმოდეს იუმორი; უნდა შესწევდეს უნარი სუფრის წარმართვის, რეგულირების და წესრიგის დამყარების; იყოს მუსიკალური (შეეძლოს სიმღერა და ცეკვა). ბრწყინვალე თამადა: ყველა პირველ შემთხვევაში ჩამოთვლილი თვისებებიდან შეიძლება არ იცოდეს ან ცეკვა, ან სიმღერა. შესანიშნავი თამადა: ყველა პირველ შემთხვევაში ჩამოთვლილი თვისებებიდან შეიძლება არ იცოდეს ცეკვა და სიმღერა. კარგი თამადა: ყველა პირველ შემთხვევაში ჩამოთვლილი თვისებებიდან შიძლება არ იცოდეს ქართული პროზა, პოეზია, ხალხური ზეპირსიტყვიერება, სიმღერა და ცეკვა. ნორმალური თამადა: ყველა პირველ შემთხვევაში ჩამოთვლილი თვისებებიდან შეიძლება არ იცოდეს საქართველოს ისტორია, ქართული პროზა, პოეზია, ხალხური ზეპირსიტყვიერება, სიმღერა და ცეკვა; არ იყოს კარგი მჭევრმეტყველი და იმპროვიზატორი. «ისე რა» თამადა: ყველა პირველ შემთხვევაში ჩამოთვლილი თვისებებიდან შეიძლება არ იცოდეს საქართველოს ისტორია, ქართული პროზა, პოეზია, ხალხური ზეპირსიტყვიერება, სიმღერა და ცეკვა; არ იყოს კარგი მჭევრმეტყველი და იმპროვიზატორი, არ შეეძლოს სუფრის წარმართვა, რეგულირება და წესრიგის დამყარება. ცუდი თამადა: რომელსაც შეუძლია მხოლოდ სმა, მაგიდის წევრებზე სმის დაძალება და სხვა არაფერი. სუფრაზე მსხდომთათვის თამადის ყველა წარმოთქმული სადღეგრძელო, ყოველი მითითების შესრულება სავალდებულოდ ითვლება. სადაც ეს არ სრულდება, იქ სრული ანარქია, ქაოსია და სუფრას თავისი სახე დაკარგული აქვს. ამიტომ თამადისადმი მორჩილება და მოსმენა, სუფრის წევრთა მხრივ მთავარი, აუცილებელი პირობა იყო და არის. ეს ურთიერთ პატივისცემის ერთ-ერთ მთავარ ნიშანს წარმოადგენს. შემთხვევითი თამადის სუფრა უეფექტო, უინტერესოა, დროზე ადრე იშლება და სუფრის წევრების აზროვნებიდან სწრაფად ქრება. გამორჩეული და კარგი თამადის ხელში ყველას ეძლევა შანსი იპოვოს თავისი ადგილი თანამეინახეთა «ორკესტრში», ამავე დროს მისი ფრთიანი, მახვილი სიტყვა თითოეული სუფრის წევრის აღფრთოვანებას იწვევს და მოგონებაში დიდხანს რჩება. თამადა – ქართული ტრადიციული სუფრის რჩეული ხელმძღვანელი, მეუფე და მშვენება, ღვინის სმის, მოლხენის, პურობის საჭეთმპყრობელი, მამა-პაპათაგან მომადლებულ-მონიჭებული წეს-ჩვეულებების დამცველი და აღმსრულებელი, ენაკვიმატობისა და იუმორის დიდოსტატი.… ქართული ხასიათის ყველაზე საუკეთესო თვისებების – სიდინჯის, თავდაჭერილობის, სიტყვაზომიერების, სიდარბაისლის, ვაჟკაცობის უნარით შემკული ნიჭით დაჯილდოებული უნდა იყოს. თამადის სახეში თავს იყრის ერის ფსიქიკის თანდაყოლილი ჯანსაღი, მყარი თვისებები სუფრის ხელმძღვანელი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ნამდვილი თამადა (თავის ხელოვნების ჭეშმარიტი მცოდნე) არც ისე ბევრია. ქართული ტრადიციული სუფრის სადღეგრძელოები თანმიმდევრობა”

1. უფლის ხსენება

2. მშვიდობის სადღეგრძელო

3. თავყრილობის მიზეზის სადღეგრძელო

4. ქვეყნის, სამშობლოს სადღეგრძელო

5. გარდაცვლილთა ხსნოვნა (როგორც წესი, ცალკე ითქმის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულების სახსენებლი)

6. მომავალის, ხვალინდელი დღის, ბავშვების სადღეგრძელო

7. მშობლების სადღეგრძელო

8. დიასახლისების, ქალების სადღეგრძელო

8. დედმამიშვილების სადღეგრძელო

9. დიდი სანათესაოს სადღეგრძელო

10. მეგობრების სადღეგრძელო

11. სიყვარულის სადღეგრძელო

12. წინაპრების სადღეგრძელო

13. ეკლესიის, ქრისტიანობის, რწმენის, რჯულის სადღეგრძელო

14. ქართული ტრადიციების, ადათების სადღეგრძელო

15. ლამაზი მოგონებების სადღეგრძელო

16. დაშლა-არმოშლის, საკართანო სადღეგრძელო

17. ყოვლად წმინდის სადღეგრძელო.

წყარო: memento.ge

Related Articles

Back to top button
Close