საზოგადოება

,,ხელისუფლებას სძინავს და არანაირ რეაგირებას არ ახდენს რუსეთის ქმედებებზე”

პარტია ,,პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერობით გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა: ,,ხალხის პარტიამ”, პარტია – ,,საქართველომ” და კოალიცია – ,,ერთსულოვნებამ” გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში აქცია გამართეს ლოზუნგით, ,,არა მცოცავ ანექსიას” .

გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მეზობელი ოკუპანტი ქვეყნის მიერ საზღვრის კიდევ ერთხელ თვითნებურად გადმოწევა და ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს. ასევე, ,,კონფლიქტების პრევენციის” ჯგუფს განცხადებით მიმართეს, სადაც ხელისუფლებას გარდა “შეშფოთება-აღშფოთებისა” ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს! როგორც ადგილზე მყოფმა “ხალხის პარტიის” წარმომადგენელმა ანა კეკენაძემ განაცხადა, დამპყრობელი რუსეთი საუკუნეების წინანდელ მეთოდებს არ ივიწყებს და ისევ აგრესიის ენით გვესაუბრება. “რუსეთი კვლავ იმ მეთოდებით გვებრძვის, რა მეთოდებითაც ის საუკუნეების განმავლობაში გვებრძვოდა. ფაქტია, რომ რუსეთს არ სურს ჩვენთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება. ჩვენდა საუბედუროდ, ყოველდღიურად გრძელდება მცოცავი ანექსია და მათი მხრიდან ჩვენი დაშინება.

დღეს აქ, ცხელ ხაზთან შევიკრიბეთ ოპოზიციური პარტიები, რათა გავაპროტესტოთ დიდი ოკუპანტის მიერ უსაზღვრო თავხედობა და მასთან ერთად ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობა”-განაცხადა ,,ხალხის პარტიის” წევრმა ანა კეკენაძემ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება აქციის ორგანიზატორმა, პარტია “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ლაშა სტურუამაც გააკეთა. მისი განცხადებით, დროა, მთავრობამ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

„თუკი ხელისუფლებას არ შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, ეს ერთი კონკრეტული მიზეზიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, მაგრამ როდესაც ხელისუფლებას სძინავს და არანაირ რეაგირებას არ აკეთებს რუსეთის ქმედებაზე, ეს მარაზმია!“-აცხადებს სტურუა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close