საინტერესო

წმინდა სერაფიმე საროველი ბორჯომში სასწაულებს ახდენს

გამოცხადებით შექმნილი სავანე, სადაც ადამიანები იკურნებიან

ბორჯომის ხეობა, ზღაპრული ბუნების გარდა, ღვთიური მადლითაც არის დაჯილდოებული. სადგერის ტერიტორიაზე, ე.წ. პლატოს ტყეში, არის ადგილი, სადაც წმინდა სერაფიმე საროველის სახელთან დაკავშირებულმა სიწმინდემ დაივანა. იქვე მდებარეობს პატარა, მაგრამ სილამაზითა და იდუმალებით დამატყვევებელი საყდარიც თავისი საოცარი ისტორიით.

საროვის სიწმინდეების ასლი

ერისკაცმა, ვინმე თამაზ კურტანიძემ, რომელმაც შემდგომში ტაძარი ააგო, სიზმრად სამჯერ იხილა თეთრი წვერითა და სამოსლით შემკული მოხუცი კაცი, რომელმაც მას სამჯერ უჩვენა ერთი და იგივე ტერიტორია და უბრძანა, რომ იქ აეგო ტაძარი მის სახელზე. როდესაც თამაზ კურტანიძემ თავისი სიზმრის შესახებ სასულიერო პირებს აცნობა, ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ სიზმრად ნანახი მოხუცი უსათუოდ წმინდა სერაფიმე საროველი უნდა ყოფილიყო.

ამიტომ, როდესაც ეკლესიის მშენებლობა დაიწყო მითითებულ ადგილზე, მიმდებარედ სიმბოლურად გააკეთეს ჭა, რომელიც ასლია წმინდა სერაფიმე საროველის აშენებული ჭისა საროვის ტყეში. ასევე გააკეთეს წმინდანის სენაკის ასლი და დააბრძანეს ასლი იმ ლოდისა, რომელზეც 1000 დღე და ღამე ილოცა ღირსმა მამამ.

პროხორი – ღვთის შვილი

ღირსი სერაფიმე საროველი, ერისკაცობაში პროხორი მოშნინი, 1754 წლის 19 ივლისს დაიბადა ქალაქ კურსკში, მართლმადიდებელ ოჯახში. მამა მალე გარდაეცვალა და დედა ზრდიდა ღვთის სიტყვითა და მოშიშებით. საუფლო სასწაულებიც ადრეული ასაკიდან აღესრულებოდა პატარა პროხორის ცხოვრებაში.

პირველი სასწაული მის მიმართ 7 წლის ასაკში აღესრულა. ყრმა მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა, მაგრამ ყველას გასაოცრად, სრულიად უვნებელი გადარჩა. მეორე უდიდესი სასწაული 10 წლის ასაკში დაიშვა მასზე, როდესაც მძიმედ დაავადდა. დედას მისი გადარჩენის იმედი გადაეწურა, ვაჟმა კი უამბო, როგორ ეჩვენა სიზმარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და როგორ შეჰპირდა განკურნებას.

ერთხელაც მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებითა და ღვთისმშობლის ხატით. დედამ დასტაცა ხელი ავადმყოფ პროხორს და ღვთისმშობლის ხატს მიუახლა, რის შემდეგაც ბიჭმა სწრაფად დაიწყო გამოჯანმრთელება.

როცა პროხორი სიმწიფის ასაკში შევიდა, ყმაწვილობაში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და ბერად აღკვეცა დააპირა. დედამ დალოცა ვაჟი და აჩუქა ჯვარი, რომელიც წმინდა სერაფიმემ სიკვდილამდე ატარა.

განდეგილი

წმინდა საროვის ტყეში რვაწლიანი მორჩილების შემდეგ, 1786 წლის 13 აგვისტოს, პროხორი ბერად აღიკვეცა და სახელად სერაფიმე ეწოდა, რაც ებრაულად ცეცხლოვანს ნიშნავს. 1793 წლის 15 სექტემბერს განმარტოება გადაწყვიტა, კურთხევა აიღო და მდინარე საროვის ნაპირზე, უდაბურ ტყეში, ამაღლებულ ბორცვზე, ხის სენაკში დასახლდა. სწორედ ასეთივე სენაკის მოლოცვა შეუძლია ყველას, ვინც ბორჯომის წმინდა სერაფიმეს სახელობის დედათა მონასტერს ესტუმრება.

იქ, სენაკის მთავარ კედელზე, გამოსახულია წმინდა სერაფიმე პურით ხელში და მისი მორჩილი დათვი, რომელიც დაპურებას ელის. ცნობილია, რომ წმინდა მამა სენაკის კართან მისულ ცხოველებს თავისი მოკრძალებული სუფრიდან აპურებდა, საკუთარი ხელით აჭმევდა პურს უზარმაზარ დათვსაც, რომელიც ყოველმხრივ ემორჩილებოდა წმინდანს.

ამჟამად ბორჯომის მონასტრის ტერიტორიაზეც ჰყავთ დათვი სიმბოლურად, ისიც პურით იკვებება. ბალუ ჰქვია და ვოლიერში ცხოვრობს.

სასწაულმოქმედი ლოდი და ჭ

წმინდა სერაფიმე საროველი მკაცრ ღვაწლში იყო. ყოველ ღამით ტყეში არსებულ ერთ უზარმაზარ ლოდზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის მიმართ.

ამ ლოდის ასლი პლატოს ტყეში, პატარა სამლოცველოშია დაბრძანებული. იგი ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს მიერ არის მოწყობილი, მისივე ნაკურთხია ქვაც. როდესაც ლოდი მიიტანეს და მონიშნულ ადგილზე დააბრძანეს, აღმოჩნდა, რომ ის ფორმით წმინდა სერაფიმეს ხატზე გამოსახული ლოდის ანალოგი იყო. იგი ახლა სასწაულმოქმედია და მასზე ლოცვას არაერთი საკვირველი საქმე მოუხდენია – ისეთი ადამიანები განუკურნავს, რომელთაც გამოჯანმრთელების შანსი პრაქტიკულად აღარ ჰქონდათ.

იქვე მდგარი ჭაც ასლია იმ ჭისა, რომელიც წმინდა სერაფიმე საროველმა ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ ააგო. 1825 წლის 8 დეკემბერს მდინარე საროვის ახლოს ღირსმა სერაფიმემ ტყეში იხილა ღვთისმშობელი, პეტრე და იოანე მოციქულებთან ერთად. დედა ღვთისამ კვერთხი დაარტყა მიწას და იმ წამს ამოხეთქა წყარომ. წმინდა მარიამმა უთხრა ღირს სერაფიმეს მონასტრის დაფუძნების შესახებ და დაჰპირდა, რომ ის თავად იქნებოდა ამ მონასტრის იღუმენია, ხოლო დივეევო გახდებოდა ღვთისმშობლის მეოთხე წილხვედრი მიწა დედამიწაზე ივერიის (საქართველოს), ათონის მთისა და კიევის შემდეგ.

იქ, სადაც ღვთისმშობელი იდგა, სერაფიმე საროველმა მოაწყო ჭა სასწაულმოქმედი წყაროს წყლით, რომელიც თავისი ძალით აღემატებოდა იერუსალიმის ბიტეზდას. ასე უბრძანა საროველს წმინდა მარიამმა.

ბევრი სასწაული მოუხდენია წმინდა ჭის ასლსაც ბორჯომში. ერთ-ერთი მათგანის შესახებ გიორგი ხაჩიძემ გვიამბო, ის თავად მის ცხოვრებაში მოხდა:

– ცოლი გვიან ვითხოვე და შვილი არა და არ მეღირსა. უკვე შეგუებულები ვიყავით ბედს. ვფიქრობდი, რადგან ღმერთმა მემკვიდრე არ მარგუნა, ალბათ ჩვენთვის ასე უკეთესია-მეთქი.

იქ მყოფს კი რატომღაც ძალიან მომინდა ჭასთან მისვლა და ჩემი ერთადერთი სურვილის თხოვნა. ასეც მოვიქეცი.

სახლში დაბრუნებიდან მეცხრე დღეს ჩემმა მეუღლემ ორსულობის ამბავი მამცნო. ყურებს ვერ დავუჯერე, სიხარულისგან ვტიროდი და ვმადლობდი უფალსა და წმინდა სერაფიმეს.

ჩემს ცხოვრებაში სასწაულები ამით არ დასრულებულა. მშობიარობის შემდეგ ბავშვს გულის მანკი აღმოაჩნდა. უფლის რწმენა არ დამიკარგავს. ჩემი ცოლ-შვილი სამშობიაროდან გამოწერეს თუ არა, იმ დღესვე ჩავსვი მანქანაში და ისევ მივეახლეთ წმინდა ადგილს. ამჯერად იქ არსებულ ლოდზე ვილოცე გულმხურვალედ. ეტყობა, წმინდა სერაფიმემ შეისმინა ჩემი ლოცვა და ისიც ევედრა უფალს, გადავერჩინეთ.

თბილისში რომ დავბრუნდით, რამდენიმე დღეში გამოკვლევებზე დაგვიბარეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო.

“ჩემო სიხარულო!”

ცნობილია, რომ ღირსი მამა საროვის მონასტერში სრულ მდუმარებაში იყო დაყუდებული, შემდეგ კი გამოეცხადა ღვთისმშობელი და მისცა კურთხევა, მიეღო მრევლი, მიეცა მათთვის ნუგეში და რჩევა-დარიგება. რა თქმა უნდა, ასეც მოიქცა წმინდა მამა. იგი კეთილი სიტყვითაც კურნავდა ადამიანთა გულებს და ყველა სტუმარს ასეთი სიტყვებით ხვდებოდა: “მაია რადოსტ!” (ჩემო სიხარულო), ხელზე ემთხვეოდა და თავს მოუდრეკდა.

დღეში 5.000 ადამიანი მიდიოდა მასთან. წმინდა მამამ იცოდა ყველას წარსული, მომავალი, სახელებიც კი. მისი სასწაულებრივი მადლი კურნავდა და ეხმარებოდა ყველას, ვისაც უფლისკენ სავალი გზის გაკვლევა სურდა.

 მარიამ მახნიაშვილი, ჟურნალი ,,სარკე”

15 იანვარს ჩვენი დედა ეკლესია აღნიშნავს ხსენებას ჩვენთვის უსაყვარლეს და უთბილესი წმინდა მამის ღირსისა სერაფიმე საროველისა, სასწაულთმოქმედისა (1833). გილოცავთ! შეგვეწიოს მისი მადლი.

 ტროპარი: სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადე­ბე­ლითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამის­თვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close