სიღნაღის ამბები

ცემენტის ჯადოქარი ოსტატი ქიზიყიდან

,,ყველაზე მეტად იცით რა მიხარია, როცა ჩემი ნამუშევრის ფოტოს გამოაქვეყნებენ სოციალურ ქსელში და მიაწერენ, დაგელოცოს მარჯვენაო. ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს."

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში, ნინო გოდერძიშვილს ეზო საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებით აქვს გალამაზებული. ეზოს ერთ კუთხეში გიგანტური ჭიამაიები ,,მიცოცავენ“, მეორე კუთხიდან წერო და წითელი ფლამინგო იყურება, სადღაც ფარშევანგს აუკეცია ნაირფერი კუდი და მზის ამოსვლას ელის. სხვადასხვა ფერის ჯუჯებთან მისასვლელად, ნინოს დამზადებული ხიდი უნდა გაიარო. ხეებს ბეტონის ჩიტები და კალათები ამშვენებს, უზარმაზარ ქოთნებში კი ყვავილები იფურჩქნება…

ოჯახის ხელმარჯვე დიასახლისი პროფესიით ტექნიკოს-არქიტექტორია, თუმცა ამ საქმეზე არასდროს უმუშავია. ერთხანობას სოფლის სკოლაში ხატვას ასწავლიდა. ახალი გატაცება 4 წლის წინ გაუჩნდა- ჯერ საკუთარი ეზო-კარმიდამო მორთო, ახლა კი სხვისი ეზოების გამშვენიერებაზეც დაიწყო ზრუნვა.

   ნინო გოდერძიშვილი, ქვემო მაღარო:

_ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა. საბავშვო ბაღში ვიყავი, გოგონას პორტრეტი რომ დავხატე, ხელიდან ხელში გადადიოდა ჩემი ნახატი. მერე წარმოსახვით ვხატავდი პორტრეტებს. ახლა რომ ვუყურებ  ბავშვობის ნახატებს, მიკვირს, სულ ევროპული გარეგნობისა და სტილის ქალები დამიხატავს. ჯერ ფანქრით ხატვამ გამიტაცა, მერე ტუშზე გადავედი. ნახატებით გადმოვცემდი ჩემს ფიქრებსაც. დახატული მაქვს ორი ადამიანი, რომელთა სხეულებიდანაც ხე იზრდება. ამ ნახატში იგულისხმება  ოჯახის შექმნის მთელი რიტუალი-გაცნობა, სიყვარული, ხელის თხოვნა, ქორწილი, შვილები… ფოთლებით დავხატე ჩემი სახელი, რაც წლების დინებაზე მიანიშნებს. ქალი შავი ხელთათმანითა და საკარნავალო ნიღბით ადამიანის ფარისევლობაზე მეტყველებს. ქალი და მამაკაცი მაქვს დახატული ელვის ნიშნით. იმ პერიოდში ახლობელს ოჯახი დაენგრა და ამ განქორწინებამ მძაფრად იმოქმედა ჩემზე. გოგონას პროფილი იმაზე მიანიშნებს, რომ ხშირად ქალი მამაკაცს საკუთარ თავს ბოლომდე არ აჩვენებს. წიგნის გმირების ხატვამაც გამიტაცა. ფანქით მაქვს დახატული ჯეინ ეარის პორტრეტი. განსაკუთრებით  მიყვარს ნახატი ,,სუზი კვადრო“, რომელიც შუქ-ჩრდილებით გავაკეთე. შიშველი ქალების პორტრეტების ხატვითაც ვიყავი დაკავებული. ერთ ტილოზე ნახატების კასკადი მაქვს შექმნილი და ჩემი დამოკიდებულება მაქვს გადმოცემული სხვადასხვა ღირებულებებთან დაკავშირებით. მოგვიანებით ხატვა მივატოვე და სკოლაში დავიწყე პედაგოგად მუშაობა. რამდენიმე წლის შემდეგ კი დიასახლისობას დავჯერდი.

_ ბეტონით ფრინველებისა და ცხოველების ქანდაკებების შექმნა რატომ გადაწყვიტეთ?

_ ჩემი შემოქმედებითი მუშაობის ახალი ეტაპი სამი- ოთხი წლის წინ დაიწყო. ტელევიზიით ქალბატონი ზოგადად განმარტავდა, როგორ  უნდა გავაკეთოთ ნაჭრისა და ცემენტის გამოყენებით ეზოს ქოთნები. ძალიან ლამაზი ქოთნები ჰქონდა დამზადებული. გადავწყვიტე სოკოს გაკეთება. ცემენტითა და ქვიშით საშუალო სისქის მასა მოვზილე. ქალის თხელი წინდის ბოლო გამოვნასკვე, ჩავასხი ცემენტისგან მიღებული მასა სასურველ სისქესა და სიგრძეზე და წინდას  თავი გამოვუნასკვე. შემდეგ ხეზე ჩამოვკიდე და გავაშრე. ასე დავამზადე სოკოს ფეხი. სოკოს ქუდის დამზადების დროსაც იგივე ტექნოლოგია გამოვიყენე და წინდაში მოთავსებული ცემენტის მასა გადმოტრიალებულ ჭიქაზე გადავფინე. ბოლო ნაწილები ხელით ამოვუტრიალე, მომრგვალებული ფორმა რომ მისცემოდა. 48 საათი დასჭირდა გაშრობას. ფორმა მოვხსენი და ფეხი და თავი მოზელილი ცემენტითვე ,,დავაწებე“. ჩემი პირველი ნამუშევარი ოჯახის წევრებმა მომიწონეს, ამიტომ მეორე და მესამეც გავაკეთე. სხვადასხვა ზომის სოკოებით მოვრთე ჩემი ეზო.  სოკოს კეთებით რომ დავიღალე, საყვავილეებზე გადავედი.

     _ საყვავილეც ასე მარტივად მზადდება?

_ საყვავილეების კეთებისას ე.წ. ბუკლეს პირსახოცს ვიყენებ, რომელსაც ცემენტიან ხსნარში კარგად ვასველებ, ფორმას ვაძლევ და  ვაშრობ. ძირითადად ქვიშიან ცემენტს ვიყენებ, მაგრამ ქვიშის უქონლობის დროს, მარტო ცემენტის ხსნარითაც ვამზადებ ქოთნებს. რა თქმა უნდა, ქვიშა შერეული ცემენტით უფრო სქელი და მყარი ქოთანი გამოდის. პლასტმასის ვედროს ან სხვა ჭურჭელს ამოვაბრუნებ და ცელოფანს ვაფენ. ამის მერე ვკიდებ ცემენტიან პირსახოცს ვედროზე. რამდენიმე წუთის მერე ვიწყებ სასურველი ფორმის მიცემას. გაშრობის შემდეგ ცელოფნიდან ვხსნი, რამდენჯერმე გარედან და შიგნიდან ვუსვამ ოდნავ შესქელებულ ცემენტიან წყალს და კიდევ ვაშრობ. მხოლოდ ნაჭრითა და ცემენტით დამზადებული ქოთნები დიდხანს ვერ ძლებს. შემდეგ ,,შკურკით“ ვასუფთავებ, ვუსვამ გრუნტს და ვღებავ ფასადის საღებავით. ამის შემდეგ უკვე შეიძლება მასში მიწის ჩაყრა და ყვავილის ჩარგვა. პატარა ქოთნებით დავიწყე და ახლა დიდებს ვამზადებ. მარტივია, ვისაც მარჯვე ხელი აქვს, გააკეთებს.

_ თქვენს ეზოში და სახელოსნოში უამრავი ცემენტის ფრინველია. მათ დასამზადებლად  ყალიბებს იყენებთ?

_ ხშირად მისვამენ ამ კითხვას. არცერთი ნივთი დამიმზადებია სპეციალური ყალიბით. ყველა ფრინველისა თუ ცხოველის ფორმა ხელით გამომყავს, რაშიც ძერწვის სიყვარული და მოყვარულის დონეზე მიღებული ცოდნა მეხმარება. სანამ გედის დამზადებას შევუდგებოდი, ინტერნეტი გადავაქოთე, მაგრამ სწორი რჩევები მხოლოდ მშენებლობებზე მომუშავეებისგან მივიღე. ერთსა და იმავე კითხვას რამდენიმე ადამიანს ვუსვამდი და მათ ნათქვამს ვაჯერებდი. ასე შევიძინე ჩემეული ცოდნა. ჩემი პირველი ნამუშევარი მართალია ახლა აღარ მომწონს, მაგრამ გასასხვისებლად ვერ გავიმეტე და ჩემს ეზოს ამშვენებს. გედზე მუშაობას მისი კისრის კეთებით ვიწყებ. ამისათვის კი ვიყენებ სქელ ე.წ. კატანკა მავთულს. გედი მაინც სევდიანია და ძალიან ლამაზია, როცა ის წყალში იყურება. მეც ყელს სათანადოდ ვუხრი. მავთულს ზემოდან ცემენტში დასველებულ ქსოვილს ვახვევ ან პლასტმასის, მწერებისგან დასაცავ ბადეს.  ამის შემდეგ, ცემენტით, ულუფებად ვაშენებ. ერთი მხარე რომ გაშრება, ვატრიალებ და ახლა მეორე მხარეს ვქმნი. გედის ტანისთვის კი რკინის ბადის კონსტრუქციას ვამზადებ. ბადეში ბეტონს ჯერ ძირში ვასხამ და მერე კედლებს ნაწილებად ვაშენებ. ფორმას ხელით ვაძლევ. ფრთებიც ამ პრინციპით შენდება. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, თუმცა ჰაერის ტემპერატურაზეა დამოკიდებული დამზადების დრო. ზაფხულში უფრო სწრაფად შრება და ჩქარა ვმუშაობ. ზამთარში კი მუშაობას ვაჩერებ, რადგან ცემენტის გაშრობა ჭირს. უამრავი გედის დამზადება მიწევს, რადგან ხშირად მაქვს შეკვეთა.

გედის შემდეგ ფლამინგოს დამზადება ვცადე და ესეც მშვენივრად გამომივიდა. მუშაობის დაწყებამდე ინტერნეტში ვეძებ ამ ფრინველისა ბუნებრივ ფოტოს და ვცდილობ, მაქსიმალურად მივამსგავსო. ჩემს მიერ დამზადებული პირველი ფლამინგოც ჩემს ეზოში დგას. ოცზე მეტი ფლამინგო მაქვს უკვე გაკეთებული. განსაკუთრებით მისი ცხვირი მაწვალებს ხოლმე, რადგან ვცდილობ, ბუნებრივს მივამსგავსო. ფლამინგოებს სხვადასხვა ფერებით ვღებავ. ზოგი წითელია, ამას წინათ მუქი ნაცრისფერი შემიკვეთეს და ისიც ლამაზი გამოვიდა. პატარა ჩიტებსაც ვამზადებ. ძალიან მიყვარს ზღარბების კეთება- ეკლების ჩარჭობა მახალისებს. ,,ეკლებს“ ლურსმნებით ვაკეთებ, ვგრუნტავ და ფასადის საღებავით ვალამაზებ. ზღარბების ოჯახიც მაქვს დამზადებული-მშობლები და სამი პატარა ზღარბუნა. სამოთხის ლურჯი ჩიტიც გამოვაქანდაკე ბეტონით და კედელზე დავკიდე. ამჟამად ფარშევანგზე ვმუშაობ. მისი კუდი დიდ დროს მოითხოვს, რადგან ყველა ბუმბულს ცალ-ცალკე ვამზადებ. ხის იმიტაციის ცემენტის საყვავილე კუნძების დამზადებაც მეხერხება. მასაც რკინის ბადეზე, ნაწილ-ნაწილ ვაწყობ და ხისფრად ვღებავ. დღეში 6-7 საათი მიწევს მუშაობა. ძალიან მინდა გავაკეთო ფრთებგაშლილი არწივი, ჟირაფი და სპილო.  ჩემი ეზოს ონკანთან კი გამხმარი ხეების იმიტაცია მინდა მქონდეს, თითქოს ანკარა წყარო  ტყეში, მთიდან მოჩუხჩუხებს.

ნამუშევრების გასხვისებაზე თავიდან არ მიფიქრია. ცენტრალურ მაგისტრალთან ვცხოვრობ და სახლის გარეთ დავაწყე ჩემი დამზადებული ჯუჯები. ერთხელ უცნობ ადამიანს მოეწონა და მთხოვა, მიმეყიდა. მერე ბევრმა გამიცნო. მიხარია, ჩემი ნამუშევრები სხვებსაც რომ უხარებს გულს. ვთვლი, რომ სასიკეთო საქმეს ვაკეთებ. ზოგი მსურველი უცნაურ კითხვას მისვამს. ერთმა მითხრა, მითხარი როგორი აურა აქვს ფლამინგოს, ეზოში რომ დავდგა, ცუდ განწყობაზე ხომ არ დამაყენებსო? რა თქმა უნდა, კითხვას ვერ ვუპასუხე. ერთმა ზღარბის შემკვეთმა გამიმხილა, ზღარბი იმიტომ მინდა, ავი თვალი რომ ავირიდოო.

      _ საქმიანობაში ოჯახის წევრებიც გეხმარებიან?

_ მეუღლე მასალის მოტანაში მეხმარება. ოჯახის წევრები სხვა საქმეებით არიან დაკავებული და მარტოს მიწევს საქმის კეთება. ქვიშასაც მარტო ვცრი და ცემენტში ვურევ კიდეც.  ეს ჩემთვის კარგიცაა, რადგან სრულ სიჩუმეში მიყვარს მუშაობა და ვერ ვგრძნობ, ისე სწრაფად გარბის დრო.  ჭიამაიები ისე მოწონთ ჩემს შვილიშვილებს, მარტოობას არ მაცდიან და კეთების დროს ისინიც მეხმარებიან. სხვისთვის თუ ვამზადებ ნაკეთობას, უფრო ყურადღებით ვარ, მაგრამ ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ მგზავრობის დროს წეროს ბზარი გაუჩნდა. მერე გავიკითხე და ხელოსნებიც უჩიოდნენ ცემენტს, რომელიც იმ პერიოდში მაღაზიაში გაიყიდა. როგორც ჩანს უხარისხო შემოიტანეს. ისე ვინერვიულე, ისიც კი ვიფიქრე, აღარ გავაგრძელებ მუშაობას მეთქი.  ჩემგან წაღებულ ნივთს როცა  ეზოში მიუჩენენ ადგილს, ფოტოს უღებენ და მიგზავნიან. ყველა ფოტოს ვინახავ და ვიცი, რომ იქ, სადღაც, ჩემი ნამუშევრებით მოხიბლული ადამიანები არიან. ეს დიდ სტიმულს მაძლევს. ყველაზე მეტად იცით რა მიხარია, როცა ჩემი ნამუშევრის ფოტოს გამოაქვეყნებენ სოციალურ ქსელში და მიაწერენ, დაგელოცოს მარჯვენაო. ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს.

ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

,

.

.

.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close