საინტერესო

,,ჩვენ ქახალდი კი არ გვინდა, ბატონო მოსამართლე, ხლე გვინდა, ხლე…(სკაბრეზისთვის უკაცრავად)”

,,ჩვენი ეკონომიკის საქმეც ასეა. ხალხს ხელმისაწვდომი ფასები, სტაბილური სამუშაო ადგილები, მაღალი პენსია-ხელფასები და გამოვსებული მაცივრები სჭირდება და პასუხად ეუბნებიან, - ეკონომიკური განვითარების ამა და ამ ინდექსით ტროპოსფერო გავიარეთ და სტრატოსფეროს ვუახლოვდებითო. ნიკანდრო ქილიასი არ იყოს, დააფურთხეთ მაგ ქახალდზე და მიიწებეთ უკან…"

ადრე ეკონომიკის მინისტრი თურნავა გვახალისებდა, საქართველოს ეკონომიკა დუღს და გადმოდუღსო. საქმე იქამდე მივიდა, ენაკვიმატებმა შეუთვალეს, – დროზე მაინც გადმოდგი კამფორიდან, არ ჩაშრეს და ქვაბის ფსკერზე არ მიიკრასო.
დღეს პრემიერმაც დაგვაიმედა, – უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვსო. მიდის ციფრებისა და პროცენტების ფრიალი, გაგიხარიან. ისეა საქმე, მგონი მართლა ჩავიდგათ ყველამ საკუთარი ქარვასლა.
ასეთი რაღაცეები რომ მესმის, ყოველთვის ჩემი ლექტორი, შემდეგ კი კოლეგა და უფროსი მეგობარი, გურამ გაბუნია მახსენდება ქუთაისის უნივერსიტეტიდან.
არაჩვეულებრივი იუმორის პატრონი იყო, ნათელი დაადგეს. ანეკდოტის მოყოლა იცოდა, მარჯვედ უნდა ყოფილიყავი, სიცილისგან მარცხი არ მოგსვლოდა. სიტუაციურ იუმორში მთლად სუპერმენი იყო. ნებისმიერ მომენტში ჰქონდა მზად დალოცვილი ქუთაისური იუმორით შეკმაზული პასუხი. პლუს, უამრავი ძველი ამბავი იცოდა და მის გვერდით ყოფნა, ტრაფარეტული გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, მართლა აკადემია იყო.
ჰოდა, ერთხელ ასეთი ანეკდოტი მოგვიყვა კათედრაზე, უფრო სწორად, გაანეკდოტებული ნამდვილი ამბავი.
ქუთაისში სასამათლო პროცესია. ცოლი ქმარს უჩივის, უძლურია, ცოლქრულ მოვალეობას ვერ ასრულებს და უნდა გავშორდეო. მომჩივანი მორცხვი ქალია, წითლდება და ძლივს სცემს პასუხს მოსამართლის შეკითხვებს. ქმარი კიდევ იმაზე უარესი მკვდარი. სამაგიეროდ, სიდედრი და დედამთილი აქტიურობენ, ადგილზე ვერ ჩერდებიან, ხტიან, რეპლიკებს ისვრიან და არიან ერთ ამბავში.
– ესე იგი, საბოლოოდ გადაწყვეტილი გაქვს, რომ გაშორდე ქმარსო – კიდევ ერთხელ ჰკითხა მოსამართლემ მოსარჩელეს.
– კი, ბატონო მოსამართლე, კი, – წამოიძახა ადგილიდან სიდედრმა. არ ვარგა ლოგინში და რათ უნდა ჩემ გოგოს ფასონად ქმარი?
– მეტი შენ ჩასკდი შავს მიწაში – ახლა დედამთილმა იკივლა დარბაზიდან. იტყუება ბატონო მოსამართლე მაგ ჩასაქვავებელი. ხო ნახეთ, ჩვენ ექიმის ცნობა გვაქვს მოტანილი, რომ ჩემ შვილს არაფერი პრობლემა არ აქვს კაცობაში.
-ქალო, მეიხედე შენ აქეთ, – ისევ წამოიყვირა სიდედრმა. მაგ ცნობა შეიტენე უკან. ვის რად უნდა შენი ქახალდი? ჩვენ ქახალდი კი არ გვინდა, ბატონო მოსამართლე, ხლე გვინდა, ხლე…(სკაბრეზისთვის უკაცრავად).
ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა დარბაზში. გადაბჟირებული მოსამართლე ძლივს მოასულიერეს…
………………………………………………….
ჩვენი ეკონომიკის საქმეც ასეა. ხალხს ხელმისაწვდომი ფასები, სტაბილური სამუშაო ადგილები, მაღალი პენსია-ხელფასები და გამოვსებული მაცივრები სჭირდება და პასუხად ეუბნებიან, – ეკონომიკური განვითარების ამა და ამ ინდექსით ტროპოსფერო გავიარეთ და სტრატოსფეროს ვუახლოვდებითო.
ნიკანდრო ქილიასი არ იყოს, დააფურთხეთ მაგ ქახალდზე და მიიწებეთ უკან…
ზურაბ დათუაშვილი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close