საზოგადოება

,,ჩემს მიერ შეწყალებულები აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში და მე, ჩემი შეფასებით, ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, შემეწყალებინა“

სალომე ზურაბიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, სახელმწიფო ვიზიტის შესახებ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე შეწყალების საკითხზე ისაუბრა.

შეკითხვაზე, რა კონკრეტული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა და გაეცნო თუ არა საქმეებს პირადად, გადაწყვეტილების მიღებამდე, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„გადაწყვეტილება ჩემით მივიღე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება, ეს არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება რაღაც ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც აქვს ეს უფლება, რომ შეაფასოს გარემოებები და არ გამართოს ახალი სასამართლო.

ინიციატივით გამოვედი, რომ დაიწყოს წესების სხვანაირად ჩამოყალიბება და დახვეწა. ეს სამუშაო დაწყებულია, მიმდინარეობს. მეორეს მხრივ, რადგან იყო ცილისმწამებლური წამოძახილები, პროკურატურა ამ კუთხითაც მუშაობს, დაველოდოთ მათ დასკვნებს. დაველოდოთ გამოძიებას, მე სრულად ვენდობი გამოძიებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ვინ არის სიის ავტორი, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ სიის ავტორი არის ერთადერთი ადამიანი, ეს არის პრეზიდენტი.

„არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემს მიერ გამართლებული, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში და რომლებიც მე, ჩემი შეფასებით, ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, შემეწყალებინა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი 27 სექტემბერს გამოკითხეს.

26 სექტემბერს კი გენპროკურატურაში ამ მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი მივიდა.

მანამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაც გამოიკითხა.

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე გამოკითხა გიორგი ოთხმეზური და იოსებ ქოიავას მამა.

პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს.

პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.

წყარო: იმედი ნიუსი

Related Articles

Back to top button
Close