პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი დიდი ოცეულის წევრ სახელმწიფოებს მიმართავს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიმართვა დიდი ოცეულის წევრ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს ვადასტურებთ თქვენი აღმატებულებისადმი უდიდეს პატივისცემას და დიდ წარმატებებს გისურვებთ სამიტის მუშაობაში. დღეს, როდესაც ჰამბურგში, დედამიწის ეს უდიდესი ფორუმი იწყებს მუშაობას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ გაეროს მიერ აღიარებული და მათ მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების შემოღობვა- ბორდერიზაციას, დღეს ეს ვანდალიზმი უკვე განხორციელდა ევრაზიის დამაკავშირებელი ავტო მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში, რეალური საფრთხის ქვეშაა საქართველოზე გამავალი ევროპისათვის სასიცოცხლო ნავთობ და ენერგოსადენები. აღვირახსნილი ანექსიის შედეგად ადამიანები მასობრივად კარგავენ საკუთრებას, მიწებს, სახლებს, სალოცავებს, ახლობელთა საფლავებს. შუაზე იყოფა ქალაქები, სოფლები, ოჯახები, უქმდება მშვიდობიანი მოსახლეობის გადასასვლელები, მასობრივად აჰყავთ მძევლებად მოქალაქეები, ხშირად საკუთარი მამულებიდან. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქართველთა გენოციდი, მათი გამოძევება, ცხოვრებისათვის აუტანელი პირობების შექმნა, იძულება უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე და ძალდატანებითი პასპორტიზაცია, სკოლებიდან იდევნება ქართული ენა, ბარბაროსულად ნადგურდება ქართული კულტურის, ისტორიის, ტოპონიმიკის და საერთოდ, მრავალათასწლიანი ცივილიზაციის კვალი. ეს ტერიტორიები გადავსებულია არა მარტო რუსული ჯარებით, არამედ უახლოესი სტრატეგიული იარაღით, სამხედრო ბაზებით, რაც მთელ რეგიონალურ უშიშროებას უქმნის რეალურ საფრთხეს.. კრემლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების გავლით გახსნას სახმელეთო, სარკინიგზო მაგისტრალები ამიერკავკასიაში, ირანთან თურქეთში სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად, რაზედაც ჟენევაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქართველოს კაპიტულანტური მთავრობის მოლაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან. სამიტის მუშაობაში მონაწილეობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ასევე, საქართელოს ოკუპაცია-ანექსიის ავტორი და სულისჩამდგმელია. თუ მან მოახერხა დაუსჯელად საქართველოს გადაყლაპვა, მადამოსული იგივეს გააკეთებს არა მარტო პოსტსაბჭოურ სივრცეზე, არამედ მთელ მსოფლიოში, რაც მომავალი მსოფლიო კატასტროფის მიზეზი გახდება. მოგეხსენებათ, რომ არ ყოფილიყო მიუნხენის გარიგება და სუდეტის ოლქის დათმობა ჰიტლერისათვის, არ იქნებოდა მეორე მსოფლიო ომიც. უკრაინა და სირია დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრემლის ხელმძღვანელობას ფაქტობრივად ეპატია 2008 წელს საქართველოს მიმართ აგრესია-ოკუპაცია. მთელი საქართველოს სახელით მოგმართავთ და უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს ეს ტრაგედია გადააქციოთ სამიტის განსახილველ მთავარ საკითხად და მოსთხოვოთ პრეზიდენტ პუტინს საქართველოს დეოკუპაციის დაუყოვნებლივ დაწყება, ჯარების გაყვანა, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. დამერწმუნეთ, ეს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ კაცობრიობას გადაარჩენს იმ გამანადგურებელი საფრთხისგან, რაც საზღვრების რევიზიასა და მისგან გამოწვეულ გლობალურ კატასტროფასთანაა დაკავშირებული.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close