საზოგადოება

,,ყველაფერი რულოვსთან იყო შეთანხმებული”- ტუბერკულოზის ცენტრში მომხდარი დანაშაული ჩამოწერეს

,,იმისთვის ვიბრძოდით, რომ დამნაშავეებს დანაშაული შერჩენოდათ, თანამდებობებზე იგივე ხალხი ყოფილიყო და ქვეყნისა თუ ხალხის საქმეები უარესობისკენ წასულიყო? ” _ მითხრა ყოფილმა რესპონდენტმა, რომელიც ნაციონალურ რეჟიმს, რამდენიმე წლის წინ, თავგამოდებით ებრძოდა, ამხელდა და სჯეროდა, რომ ,,ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყნის გაბრწყინების ტოლფასი აღმოჩნდებოდა. ამ ადამიანის მდგომარეობაში დღეს უკვე ბევრია. ისინი სინანულით იხსენებენ იმ წლებს, როცა ფიქრობდნენ, რომ მათ ბრძოლას აზრი ჰქონდა და ის აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდებოდა. ზოგი მეტყვის, დღეს ხომ აღარ აწამებენ პატიმრებს? ცოცხით ხომ არავის აუპატიურებენ? იმაზე  ლოიალური მთავრობა გვყავს, ვიდრე მიშას რეჟიმის დროს იყოო. შეიძლება ასეც არის, მაგრამ ჩვენ ხომ ხელისუფლებების მიერ ჩადენილი დანაშაულის აწონ-დაწონვა არ გვინდოდა? გვსურდა ქვეყნისა და ხალხის უკეთესი მომავალი, ყოფა, სამართლიანობის აღდგენა და  ამ იმედით ვიდექით ბარიკადებთან, რაც ფაქტია, რომ არ მომხდარა.

ამჯერად შორს წაგვიყვანს იმ სიის გამოქვეყნება, ვინც უნდა დასჯილიყო ჩადენილი უკანონობების გამო, მაგრამ არ დასაჯეს; ვისაც უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, სამსახური, მაგრამ არ დაატოვებინეს. ვერავინ უარყოფს იმას, რომ უამრავ ადამიანს შერჩა კორუმპირებულობა, ქვენის ბიუჯეტის ძარცვა-გლეჯვა, ადამიანების ნებით თუ უნებურად საიქიოში გაშვება, ძალადობა, უყურადღებობა, სამსახურეობრივი გულგრილობა, თანამდებობისთვის შეუფერებლობა და ა.შ. ამგვარი მაგალითების გახსენება და კონკრეტული პირების ,,საგმირო საქმეების წარმოჩენა” ხშირად მოგვიწევს. ამჯერად კი ერთ-საინტერესო ფაქტს გავიხსენებ.

2011 წელს კონტროლის პალატამ ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის სკანდალური შედეგები დადო. ამ პროგრამას სახელმწიფო საწარმო – ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი მართავდა. აუდიტის შედეგად კი გამოვლინდა ამ ცენტრის ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები. კონტროლის პალატის ინფორმაციით, ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ და საკვები პროდუქტებით მოსამარაგებლად პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, ხელდშეკრულება გააფორმა თავისავე დაფუძნებულ 6 სხვადასხვა კომპანიასთან. ცენტრი კომპანიებს ხელშეკრულებებს უფორმებდა დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში ისე, რომ ეს კომპანიები სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდნენ. 2008-11 წლებში აღნიშნულ კომპანიებს ცენტრის ბიუჯეტიდან გადაერიცხათ 1 135 755 ლარი.

ასევე, კონტროლის პალატის დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტუბერკულოზით დაავადებულთა ოპერაციების ღირებულება ხელონურად იყო გაზრდილი. ოპერაციების ღირებულების 62 პროცენტი შეადგენდა სამედიცინო მასალებს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეიძინეს 4 174 ლარად. აღნიშნული მასალების ღირებულება კი არ აღემატება 1 200 ლარსო, აცხადებდა აუდიტი.

2008-11 წლებში აღნიშნული სამედიცინო მასალები გამოიყენებოდა ოპერაციების მხოლოდ 20 %-ში. მიუხედავად ამისა, ძვირადღირებული სამედიცინო მასალების ხარჯები ყველა ოპერაციისთვის დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ძვირადღირებულ სამედიცინო მასალებს კი ცენტრი ყიდულობდა ამავე ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელისაგან. ქირურგიული ოპერაციების ხელოვნურად  გაზრდილი ფასის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში გაიხარჯა 1 122 404 ლარი. ტუბდისპანსერში საწოლდღეების ხელოვნურად ზრდის შედეგად, ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურდა  99 400 ლარი. სახელმწიფო პროგრამის არაჯეროვანი მართვის გამო კი, ამ წლებში არამიზნობრივად გაიხარჯა 2 357 759 ლარი.

ეს მასალები გადაეცა სამართალდამცავ ორგანოებს და დროებით, რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ მხოლოდ დროებით…

ყველაზე საინტერესო ამ ,,კამპოტში” ის არის, რომ გავრცელებულდა ხმები, თითქოს ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან იყო შეთანხმებული. ანუ, აუდიტს მან დართო ნება, ეს დაწესებულება შეესწავლა, საჯარო გაეხადა იქ არსებული დანაშაული და ის ადამიანები მსუბუქად დაესაჯათ, ვინც იმ პერიოდში დააპატიმრესო. საინტერესოა, ხომ, რატომ უნდა მოქცეულიყო ყოფილი პირველი ლედი ასე, როცა აღნიშნული ცენტრის მის სახელს უკავშირდებოდა? მით უფრო, რომ ,,ბოროტი ხმები” იმასაც ამტკიცებდნენ, დიდი ხანია ცენტრსა და იქ არსებულ ფინანსებს სანდრა უწევს კურატორობასო.

 მსგავსი ქმედება, თურმე, დანაშაულის ჩამოწერის ერთგვარი, აპრობირებული მეთოდი ყოფილა. გაგიკვირდათ ხომ? წინდაწინვე გეტყვით, რომ ამ ქვეყანაში საქმე ისე მიდის, აღარაფერი უნდა გაგიკვირდეთ. დანაშაულის სქემა, რომელი სავარაუდოდ, საქართველოში, რიგ სტრუქტურებში, ახლაც მუშაობს ასეთია: კონკრეტულ დანაშაულს შეგნებულად ჩაიდენს რაღაც ჯგუფი, დიდ თანხებს მიითვისებს, მერე ამაზე ერთ ან ორ ადამიანს გაწირავენ, ხელს შეაწმენდენ, დანარჩენები კი რაც ჭამეს, კარგად შეირგებენ და კორუფციას ახალი მეთოდებით გააჩაღებენ.

სანამ კონტროლის პალატა ასეთ დასკვნას დადებდა, ცენტრის საქმეში კარგად ჩახედული ჩემი ერთ-ერთი რესპონდენტი მიყვებოდა, რომ ტუბერკულოზის პროგრამა იყო ბლეფი, ის არ მუშაობდა და მხოლოდ თანხების მითვისება ხდებოდა ამ დაწესებულებაში. ცენტრში გამეფებულ კორუფციაზე მესაუბრნენ ტუბერკულოზით დაავადებული და ცენტრში, უყურადღებობით, მიუხედაობითა და არასწორი მკურნალობით გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებიც, თუმცა, მაშინ, ყური არავინ გვათხოვა, მაგრამ როცა დასჭირდათ, თავად ატეხეს აურზაური. ასე, რომ ვერსია, დანაშაულის ჩამოწერის ანუ მიჩქმალვის შესახებ, სინამდვილესთან შორს ნამდვილად არ იყო. 

ამ დაწესებულებაში შექმნილ მძიმე მდგომარობაზე საუბარი პირველად ორგანიზაცია ,,გვახსოვდეს ჰიპოკრატეს” თავმჯდომარემ, ჯანდაცვის ომბუდსმენმა მარინა ბერაძემ დაიწყო.  სწორედ მისგან შევიტყე, რომ ტუბერკულოზის მართვის პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 9 615 200 ლარი. ამ თანხას ემატებოდა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებებიც. მისი თქმით, ამ პროგრამას რულოვსი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ეკუთვნოდა სიტყვები: ,,ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დონორი ორგანიზაცია ,,გლობალ ფონდი” დაგვეხმარა ასეული მილიონით”. მოგვიანებით კი, კონტროლის პალატამ დაასკვნა, რომ საბიუჯეტო თანხიდან 2 მილიონ 357 ათასი არამიზნობრივად იყო დახარჯული. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ტუბერკულოზით დაავადებული და აღრიცხვაზე მყოფი პაციენტების 25-მა პროცენტმა ვერ მიიღო გათვალისწინებული და საჭირო სამედიცინო დახმარება. არავინ იცის, რის ფასად დაუჯდათ სამედიცინო დახმარების უქონლობა ამ ადამიანებს. დიდი ალბათობით, მათი სიცოცხლე ფატალურად დასრულდა.

აღნიშნული დანაშაულის გამო, სათანადოდ, პასუხი არავის უგია. მეტიც, არც არავისთვის მოუთხოვიათ. როგორც გითხარით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს და მალევე გამოუშვეს _  ეს იყო და ეს. შერჩათ ადამიანების სიკვდილი, ბიუჯეტის გაფლანგვა, ავადმყოფებისთვის განკუთვნილი ხარჯების მითვისება… უფრო სწორად, შეარჩინეს. რატომ? ალბათ ისევ საკუთარი კეთილდღეობის გამო, იმ კოჰაბიტაციის გამო, რომელიც ,,ერთ ჯამში ჭამას” უფრო ჰგავს, ვიდრე ქვეყნის აღმშენებლობას. ხოდა, ამიტომ კითხულობს ხალხი, ღირდა კი, ამ ხელისუფლების მოყვანის გამო თავის გაწირვაო?

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close