ჯანდაცვა

,,სახელმწიფო უწყებისგან იმის თქმა, რა მოხდა, ნაჩუქარი წამლები თუ გადავყარეთო, არის არაკომპეტენტურობის პიკი”

,,მორჩა, დეპოში ვართ უკვე! სახელმწიფო უწყებისგან იმის თქმა (ვინც არ უნდა იყოს), რომ 560 მილიონი ლარი არ გასულა ჩვენი ბიუჯეტიდან და რა მოხდა ნაჩუქარი წამლები თუ გადავყარეთო, არის არასახელმწიფოებრივი აზროვნების და არაკომპეტენტურობის პიკი!

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ჩავარდნა კარგად აჩვენებს იმ ნაკლოვან მხარეებს რაც ზოგადად ჯანდაცვაში გვაქვს – პროგრამების მენეჯმენტის და ანალიტიკური უნარების კუთხით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩავარდნები, არასწორი საინფორმაციო კამპანია, არაეფექტური სკრინინგი და გამოვლენა და ბევრი სხვა,” _ აცხადებს პოლიტიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  სერგო ჩიხლაძე ტვ პირველთან.

საუბარია 560 645 083 ლარის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე, რომლებსაც ვადა გაუვიდა. ამის შესახებ გაცხადებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის კონსოლიდირებული ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშში.

კერძოდ, როგორც დოკუმენტში წერია, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი. საუბარია შემდეგი რაოდენობის ვადაგასულ მედიკამენტებზე: 1 222 ცალ ინტერფერონზე, 5 547 რიბავირინზე, 2 268 ზეპატიერზე, 16 834 სოვალდისა და 205 003 ჰარვონზე.

„სააგენტოს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის ივლისიდან მკვეთრად შემცირდა ბენეფიციართა მომართვიანობა. ასევე პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი (სოვალდი), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება“, – წერია ანგარიშში.

ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტები. ჩართული ბენეფიციარების დაგეგმილი და ფაქტობრივი რაოდენობრივი მაჩვენებლები შემდეგია:

Related Articles

Back to top button
Close