სიღნაღის ამბები

საკუთარ ხელფასებზე ზრუნვა, ხალხზე ზრუნვის ნაცვლად

სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2021 წელს იყო 2 065 ლარი, 2022 წელს იქნება 4 510 ლარი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი 2021 წელს იყო 2 650 ლარი, 2022 წელს იქნება 5 063 ლარი

სიღნაღის საკრებულომ  მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი თეატრის შენობაში, საჯაროდ განიხილა და ერთპარტიულად დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ. პროექტის ძირითადი (მშრალი) მონაცემები მუნიციპალიტეტის საიტზეც გამოქვეყნდა. აი, ისიც:
,,2022 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3,785.0 – ათასი ლარი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 981.0 ათასი ლარი, ხოლო სკოლამდელი განათლების დაფინანსება 2,348.7- ათასი ლარით დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელთან შედარებით 2022 წლის ბიუჯეტში გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სოციალური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის ხარჯები, ასევე ა(ა) იპ-ების თანამშრომელთა და საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება”.
   როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საკრებულომ დაამტკიცა საახალწლოდ, საჯარო მოხელეთა 200 ლარიანი პრემიებიც. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო მოხელეს, საახალწლოდ 200 ლარიანი პრემია გადაეცემა. გადავწყვიტეთ, აღნიშნულ საკითხსა და მოსახლეობისთვის განკუთვნილი საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების თემას მოგვიანებით, უფრო დეტალური განხილვის მიზნით დავუბრუნდეთ. ამჯერად კი, ბიუჯეტის პროექტზე სასაუბროდ,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს ნატო უსენაშვილს გავესაუბრეთ და ვკითხეთ, რა ეწერა სიღნაღის 2022 წლის მუნციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში ისეთი, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტა, მისთვის მხარი არ დაეჭირა?
ნატო უსენაშვილი: 

_ ბიუჯეტი ანუ ფინანსური გეგმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევის ხელშემწყობი უნდა იყოს და ასახავდეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოფლის მეურნეობის და მრეწველობის დარგების განვითარებას, ტურიზმის განვითარებას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, ტურიზმის განვითარებას და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სკოლამდელი განათლების და ახალგაზრდობის ხელშეწყობას, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, სოციალურ უზრუნველყოფას და ა.შ. ამ კუთხით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები იყო, რის გამოც არ დავეთანხმეთ 2022წლის ბიუჯეტის პროექტს.

_ 2021 წელთან შედარებით ბიუჯეტი რა თანხით არის გაზრდილი და პრიორიტეტებად, ამჯერად რომელი სფეროები მიიჩნიეს ანუ რომელ სფეროში უფრო მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს?

_  სიღნაღის მუნიციპალიტეტის გადასახდელების მოცულობა შეადგენს 13 820,0 ათას ლარს. 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან გაზრდილია 2 520,0 ათასი ლარით. თანხების ზრდა ბიუჯეტში ძირითადად ასახულია ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მასწავლებელთა და თანამშრომელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქესის შესაბამისად. ჩემთვის პრიორიტეტული ყველა ის სფეროა, რომელიც მოსახლეობას სიღარიბიდან გამოიყვანს და გააუმჯობესებს მათ სოციალურ, ეკონომიკურ მდგომარეობას. წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში ეს ნამდვილად ვერ დავინახეთ.

  სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბევრი რამ არის გასაკეთებელი,რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების დონე დაბალია, ახალგაზრდები ტოვებენ სოფლებს…

_ როგორ ვიცით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სხდომაზე ჩინოვნიკთა და საჯარო მოხელეთა სარგოების განსაზღვრა იყო. რამდენით გაიზარდა საჯარო მოხელის სარგო და რამდენით- ჩინოვნიკის? ანუ სიღნაღის მერის ხელფასი რამდენი იყო წინათ და ახლა რამდენი იქნება ( ზუსტი ციფრი რომ დამისახელოთ), აგრეთვე მისი მოადგილეების, საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების. 

_ 2022 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშა-მოსამსახურეთა ანაზღაურება დაიგეგმა 811,0 ათასი ლარით, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 41,0 ათასი ლარი. მერიის მუშა -მოსამსახურეთა ანაზღაურება დაიგეგმა 1,903,1 ათასი ლარით, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 120,0 ათასი ლარით. საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2021 წელს იყო 2 065 ლარი, 2022 წელს არის 4 510 ლარი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი 2021 წელს იყო 2 650ლარი, 2022 წელს არის 5 063 ლარი. ასევე გაზრდილია სხვა თანამდებობის პირთა ხელფასები. რა თქმა უნდა, ხელფასების ასეთი ზრდა მიუღებელია. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ.

_ რამდენად მისაღები იყო ახალი საკრებულოს წევრებისთვის, მუშაობის საწყის ეტაპზე, ჩინოვნიკთა სარგოებზე ზრუნვა და არა ხალხზე? 

_ მიუღებელია, რა თქმა უნდა. როცა ხალხის არჩეული ხარ, წინა პლანზე მათი ინტერესები უნდა დააყენო.

_ ხალხის მიერ არჩეულმა სიღნაღის ახალმა მერმა და საკრებულომ მუშაობა თვენახევარია დაიწყო. ალბათ უკვე გამოიკვეთა მათი მიზნები, შეხედულებები, დამოკიდებულებები… თვლით, რომ მათ მიერ არჩეული გზა მუნიციპალიტეტს ტაძრამდე მიიყვანს?

_  9 წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია და ვხედავთ მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა არასახარბიელოა. მძიმეა პოლიტიკური ფონიც. ამ მოცემულობით ძნელია უკეთესის იმედი გქონდეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close