მსოფლიო

რომელ ქვეყნებს შეუზღუდა ტრამპმა აშშ-ში შესვლა და მოხვდა თუ არა საქართველო მათ შორის?

   შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა კიდევ სამი ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდა. მათ შორის ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა და ჩადია. აღსანიშნავია, რომ არაბული ქვეყნების მოქალაქეთათვის დაწესებულ შეზღუდვას ვადა კვირას, 24 სექტემბერს ამოეწურა. ახლად დამატებული ქვეყნებისთვის, ისევე, როგორც სიაში უკვე არსებულთათვის, გამკაცრებული შემზღუდველი ზომები 18 ოქტომბრიდან ამოქმედდება და შეზღუდვები გავრცელდება იმ პირებზეც, რომელთაც აშშ-ში მაცხოვრებლებთან მჭიდრო კონტაქტები აკავშირებთ. მანამდე კი ძალაში რჩება ძველი პირობები. თუმცა, არაბული ქვეყნების სიაში ცვლილებები განხორციელდა და ნუსხიდან სუდანი, უფრო ადრე კი ერაყი ამოიღეს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის. „ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი ამერიკის უსაფრთხოებაა. ჩვენს ქვეყანაში ვერ მივიღებთ მათ, ვისთვისაც ვერ შევძლებთ უსაფრთხო შერჩევის უზრუნველყოფას“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ სიაში ახლად დამატებული ვენესუელისა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებები შეერთებულ შტატებთან სავიზო და უსაფრთხოების საკითხებში არ თანამშრომლობენ. ვენესუელის შემთხვევაში, აკრძალვა სახელმწიფო მოხელეებს, მათი ოჯახის წევრებსა და ბიზნეს და ტურისტულ ვიზებს შეეხება. სხვა შემთხვევაში კი ამოქმედდება დამატებითი შეზღუდვები. 1-ლი სექტემბრიდან აშშ-ის მოქალაქეებისთვის, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უკვე მოქმედებს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებაზე შეზღუდვა, ახლა კი აკრძალვა უკუმიმართულებითაც გავრცელდება. სიაში კვლავ რჩება ირანი, იემენი, ლიბია, სირია და სომალი, რომელთა მოქალაქეებისთვისაც კვლავ შეჩერებულია როგორც საიმიგრაციო, ასევე არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა. ახალ შეზღუდვებს ირანელებისთვის შეურაცხყოფად აფასებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close