რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილებთან
„არაცნობიერად აქ ის ხდება, რომ მშობელს ეშინია, შვილმა არ აჯობოს“ - ლალი ბადრიძე

ფსიქოთერაპევტი,ლალი ბადრიძე, გადაცემაში „ახალი დღე“ საუბრობს, რა არის ის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც შესაძლოა, მშობლები ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ ბავშვის ფსიქიკაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს:
.
– ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაც გვგონია, რომ კარგია. თუნდაც ზემზრუნველობა, როდესაც ვამბობთ: “არ წაიქცე”, “არ დაეცე”, “ეს არ გამოგივა”, “მოდი, მე გავაკეთებ”. ბავშვს მერე შეცდომის დაშვების ეშინია და ფიქრობს, რომ საკმარისად კარგი არ არის და საქმეს ისე ვერ გააკეთებს, როგორც საჭიროა, ამიტომ მას საერთოდ გაურბის. ასევე ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვი კარგად სწავლობს, მაგრამ მშობლები მას არ აქებენ. ბავშვი ბედნიერი მოდის, რომ ათიანი მიიღო, მშობელი კი პასუხობს: “მერე რა მოხდა?!” ამ დროს მას წარმატების შიში უყალიბდება. არაცნობიერად აქ ის ხდება, რომ მშობელს ეშინია, შვილმა არ აჯობოს.
რა თქმა უნდა, ის ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ მერე ეს ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, სამსახურში ბოლო მომენტში, როცა აღიარება უნდა მიიღოს, ჩერდება. მას წარმატება და ეს ბოლო წერტილი აღარ უნდა, რადგან თვლის, რომ მიღებული მაინც არ იქნება.
კიდევ ერთი მომენტია, როცა მშობელი ბავშვს ყურადღებას არ აქცევს. ბავშვი ასეთ დროს ხშირად აკეთებს დასკვნას, რომ ყურადღებას მხოლოდ მაშინ იღებს, როცა ავად არის. სხვა დროს მშობლები სულ სამსახურში არიან. ეს ქცევა დიდობაშიც გადაჰყვება ხოლმე – ადამიანი ცუდად და ავად ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ ის სითბო და ყურადღება მიიღოს, რომელიც სჭირდება. ბავშვობის ეს პრობლემები დიდობაში ბევრ რამეში გვიშლის ხელს და ჩვენი ქცევის საფუძველი ხდება. ზოგჯერ ვერც ვაცნობიერებთ, რაღაცაზე რატომ ვბრაზდებით ასე ძალიან – მაგალითად, მეგობარმა დააგვიანა და შენ ძალიან გაბრაზდი. რეალურად, ეს ყველაფერიც ხომ ბავშვობიდან მოდის.
მშობლები.ჯი




