სიღნაღის ამბები

რატომ უწოდეს ბოდბელ ბარნაბიანთ ნინოს ,,ქალქვა”

,,ქალის ფორმის ქვა ახლაც დევს ტაძართან, ის თითქოს ზურგზე წევს და ერთი მკერდი არ აქვს"

საუკუნეებს ითვლის კახეთში გავრცელებული ლეგენდა სოფელ ბოდბეში მცხოვრებ ბარნაბიშვილების გვარის ქალთან დაკავშირებით. ეს საინტერესო  ისტორია თაობიდან თაობას გადაეცემა და დავიწყებას არ ეძლევა.

ქვადქცეულ ქიზიყელ ქალზე  სტატიის მომზადებისას სოფელ ბოდბეში მცხოვრებ ბარნაბიშვილების გვარის წარმომადგენლებს დავუკავშირდი და სოფელში მერის რწმუნებულსაც შევეხმიანე. ჩემი ინტერესის საგანი ქალის ფორმის იმ ქვის პოვნა იყო, რომელსაც ხალხი ქალქვად მოიხსენიებდა.

აღმოჩნდა, რომ თქმულება რეალობას მოკლებულია და ლეგენდადქცეული ქვა ვერავინ მაპოვნინა. თუმცა საინტერესო ამბის ძიებაში ყველაზე მეტად 85 წლის მერი ბარნაბიშვილი დამეხმარა. ბარნაბიანთ ქალის ამბავი მას 1907 წელს დაბადებული დედისგან სცოდნია.

_ ამ ისტორიას მე და ჩემს და-ძმას დედა ხშირად გვიყვებოდა და გვეუბნებოდა, რომ ჩვენს სოფელში ნამდვილად არსებობდა ქვა, რომელშიც ჩვენი წინაპარი იყო განსხეულებული. ამ ქვის დაძვრა მხოლოდ ბარნაბიშვილებს შეგვეძლო, სხვა გვარის კაცი კი ძვრას ვერ უზამდა, _ გვითხრა ქალბატონმა მერიმ.

ულამაზესი გოგონას ქვადქცევასთან დაკავშირებული ისტორიის დეტალები წლების სიხშირემ გადაასხვაფერა და ხალხი ლეგენდის რამდენიმე ვერსიას ჰყვება. ერთნი ამბობენ, რომ ეს ამბავი წმინდა ნინოს ბოდბეში დავანებას უკავშირდება. მეორენი ლეკიანობის პერიოდთან ავლებენ პარალელს, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ბოლშევიკების დროს, გასულ საუკუნეში მოხდა. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, ბარნაბიანთ ქალმა საკუთარი ცოდვების გამო მიიღო ეს სასჯელი.

პირველი ვერსიის მიხედვით, ბარნაბიშვილების ქალი წმინდა ნინოსთან მეგობრობდა და მას წმინდანის გზის გაგრძელება სურდა. სიღნაღის მაზრის სოფელ ბოდბეში ცხოვრობდა ბარნაბიშვილების მრავალშვილიანი ოჯახი. ერთმანეთზე საუკეთესო 7 ვაჟი რომ გაუჩნდათ, ცოლ-ქმარმა უფალს ქალის დაბადება შესთხოვა. ღმერთმა შეისმინა მათი ვედრება და ბარნაბიანთ კარზე გაჩნდა პირმშვენიერი გოგო.

იზრდებოდა და მშვენდებოდა ქიზიყელ ბარნაბიანთ ასული. ძმები ცივ ნიავს არ აკარებდნენ და მისი ჭკუამახვილობითაც ხარობდნენ. სწორედ ამ პერიოდში საქართველოში, მთებით მოდიოდა კაბადოკიელი ასული წმინდა ნინო და ვაზის ჯვრით აქრისტიანებდა მოსახლეობას. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში არის მთავარანგელოზის ტაძარი, რომლის ისტორიაც სწორედ ქალწულთმოწამის ბოდბის მონასტრისკენ გადაადგილებას უკავშირდება. დაღლილი ნინო გამაქრისტიანებელი ამ ტერიტორიაზე ავად გამხდარა, თურმე გზის გაგრძელება აღარ შეძლო. მას მთავარანგელოზისთვის უთხოვია, დამეხმარე, მომეცი ძალა, რომ სიარული შევძლო და მისია აღვასრულოო. მთავარანგელოზის დახმარებით ნინოს მაშინვე მიეცა ძალა, ბოდბის მონასტრამდე რომ მიეღწია.

იმ ადგილზე, სადაც ეს ამბავი მოხდა, შემდგომ წლებში  ხალხმა სალოცავი ნიშა გააკეთა, რომელიც მოგვიანებით ტაძარმა შეცვალა და მთავარანგელოზის სახელი ეწოდა. ერთხანობას ამ წმინდა ადგილზე მონა-ტანჯულთა თავშესაფარიც ყოფილა. ავადმყოფი ადამიანები მიდიოდნენ და უფალს შემწეობას, გამოჯანმრთელებას სთხოვდნენ. ამჟამად იქ ანაგის მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერია.

ლეგენდის მიხედვით, ბოდბეში დავანებულ წმინდა ნინოს ქიზიყელები მიეახლნენ, რომელთა შორის ბოდბელი ბარნაბიშვილების მრავალშვილიანი ოჯახიც იყო. ქალწულთმოწამე დანახვისთანავე მოიხიბლა ლამაზი და ჭკვიანთვალებიანი გოგონათი და თავისი კალთა გადააფარა _  მონათლა და ნათლობის სახელად მასაც ნინო დაარქვა. პატარა ნინოს ძალიან შეუყვარდა სეხნია ნათლია. სწორედ ორი ნინოს შთაგონებით მოინათლნენ ქრისტიანებად ბოდბელები.

პატარა ნინოს 20 წელი როცა შეუსრულდა, წმინდა ნინო გარდაიცვალა. ზნეკეთილი გოგონა კახეთში სასურველ პატარძლად ითვლებოდა. ბევრ ჭაბუკს  უციმციმებდა თვალები მის დანახვაზე და მისი სიყვარული ჰკლავდა. ოჯახი მაჭანკლებმა შეაწუხეს და გადაწყვიტეს, ნინო ძალით გაეთხოვებინათ, თუმცა გოგონას გათხოვებაზე საუბარიც კი არ სურდა. უნდოდა, ნათლიის მსგავსად, ქალწულებრივად გაეტარებინა ამქვეყნიური ყოფა.

ბოლოს ოჯახისგან და მთხოვნელებისგან მობეზრებული ქალი შეევედრა ღვთისმშობელს, ქვად მაქციე, რომ ამგვარად მაინც თავიდან ავიცილო გათხოვებაო. წმინდა დედამ შეიწყნარა მისი ვედრება და ნინო ქვად აქცია. ლეგენდის მიხედვით, ეს ქვა ახლაც დევს ბოდბის ერთ-ერთი ტაძრის კარში. ხოლო იმ ადგილზე, სადაც ღვთისმშობელმა ნინო გააქვავა, ღვთისმშობლის ეკლესია აუშენებიათ.

სოფელ ბოდბეში ბარნაბიანთ ნინოს ქვადქცევის ისტორიის მეორე ვერსიაც მოვისმინეთ. ბარნაბიანთ ქალი სოფელ ბოდბიდან წინა მხარის ერთ-ერთ სოფელში გაუთხოვებიათ. კახეთში ხშირად დათარეშობდნენ ლეკები. სწორედ იმ დროს, როცა ბოდბეს და მიმდებარე სოფლებს ლეკები შესევიან, ქალი ჩვილით დედასთან მისულა სტუმრად. დაუნდობელი მომხდურები კაცებს თავებს აჭრიდნენ, არბევდნენ სოფლებს, ქალებს კი ქუჩაშივე, ყველას დასანახად აუპატიურებდნენ.

ბარნაბიანთ მრავალშვილიან ოჯახშიც დაუტრიალებიათ ლეკებს ხოცვა-ჟლეტვა. სტუმრად მყოფ ქალს აკვანში ჩაკრული ჩვილისთვის ხელი დაუვლია და აკვნიანად გაქცეულა. ერთ-ერთი ლეკი მის კვალზე დამდგარა და ის-ის იყო, უნდა დაწეოდა, ქალს ღვთისმშობლისთვის უთხოვია, წმინდა დედაო, ოღონდ ამ მტარვალების ხელში არ ჩამაგდო, ოღონდ ამათ არ აჯიჯგნინო ჩემი თავი და თუნდაც მე და ჩემი უსუსური შვილი ქვად გადაგვაქციეო. ღვთისმშობელს შეუსმენია განწირული ქალის ვედრება, მაგრამ სანამ შვილის აკვანმოკიდებული დედა ქვად იქცეოდა, ლეკის ხმალი მაინც მისწვდომია მის მკერდს და მოუჭრია. ქალის ფორმის ქვა ახლაც დევს ტაძართან, ის თითქოს ზურგზე წევს და ერთი მკერდი არ აქვსო.

ქალქვასთან დაკავშირებული ამ ორი ვერსიის საერთო კი ის არის, რომ თურმე ქვა მხოლოდ ბარნაბიანთ წარმომადგენლებზე რეაგირებს. მხოლოდ ბარნაბიშვილებს შეუძლიათ, რომ ქალქვა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანონ, სხვა გვარის ადამიანს კი არ ემორჩილება და მთელი ქვეყნიერება რომ დაეჭიდოს, მის ადგილიდან დაძვრას ვერავინ ახერხებსო.

მესამე ვერსიით, ბარნაბიანთ ნინო ცოდვიანი ქალი იყო, ამიტომ ის ღმერთმა დასაჯა _ ქვად აქცია. გვალვის დროს ამ სოფლის ხალხი შეგროვდებოდა და ბარნაბიანთ ქალქვისაკენ  გაემართებოდნენ. მასთან მისვლა და შეხება მხოლოდ ბარნაბიანთ გვარის კაცს შეეძლო, რადგან სწამდათ, რომ თუ მას სხვა მიეკარებოდა, ღმერთი ქვად აქცევდა. ბარბარიანთ კაცი კი მივიდოდა, პურუკუღმა შებრუნდებოდა და ქვას მიაძახებდა: ,,ამყე, მამიდა, ბარნაბიანთი ვარ“. ამის შემდეგ ქვას წყალს ასხამდნენ იმ რწმენით, რომ ქალქვა ვედრებას შეიწყნარებდა და წვიმა წამოვიდოდა. როგორც ბოდბელები ამბობენ, ეს ტრადიცია ხშირად ამართლებდა და გვალვას წვიმები ცვლიდა.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close