სამართალი და კრიმინალი

რატომ ათავისუფლებს სასამართლო “კანონიერ ქურდობაში” ბრალდებულებს?

2017 წელს, 10 თვეში ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერ ქურდობაში ბრალდებული ათი ადამიანიდან, 8 სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მათ პროკურატურამ ბრალი ვერ დაუმტკიცა და საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის ათ საქმეს განიხილავს, რომელზეც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223/1-ე მუხლით (ქურდული სამყაროს წევრობა)20 პირს აქვს წაყენებული. გათავისუფლებულ პირებს შორის არაერთ ცნობილ და გახმაურებულ გვარს ამოიკითხავთ, მათ შორის დავით გერლიანს მეტსახელად “სვანას”, ასევე ბაგრატ ფანცულაიას მეტსახელად “მარატ სუხუმსკის” და ა.შ. (ფოტოზე: გერლიანი და ფანცულაია)

სასამართლოს სტატისტიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ბრალდება სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებებთან შედარებით, ამ კუთხით სუსტად მუშაობს. პირველ ინსტანციაში წაგებული საქმის პროკურორები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო იმისთვის, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა, თუმცა განსხვავებულია ადვოკატების მოსაზრება. ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცავი უწყებები 223/1-ე მუხლით დევნას იწყებენ მხოლოდ საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებების გამო, სასამართლოში კი არ მიაქვთ იმის მტკიცებულება, რომ ამა თუ იმ ბრალდებულმა რეალურად ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ მონაწილეობა მიიღო ე.წ. “სხოდკებში”, რეკეტში, მისი დავალებით ხდებოდა ე.წ. ობშიაკების შეგროვება და სხვა.

“სამართლისთვის არ არის პრიორიტეტი, საზოგადოება როგორ იცნობს პირს, ისე განავრცოს და გაიმეოროს. სისხლის სამართლის კოდექსში არ წერია, რომ ადამიანი იმის გამო უნდა დავიჭიროთ, რადგან მასზე ლაპარაკობენ, რომ კანონიერი ქურდია. პირს უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაულებები, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული პირდაპირი მტკიცებულებებით და არა საიტზე დაწერილით”, – აცხადებს ადვოკატი თამარ აბესაძე, რომელიც კანონიერ ქურდობაში ბრალდებულ რამდენიმე პირს იცავდა და ყველა მათგანი გამართლდა.

აბესაძე აღნიშნავს, რომ პოლიცია კანონიერი ქურდობის ბრალს ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდზე განთავსებული მასალებით ამყარებს.

“არცერთ საქმეში, რაც მქონია, არ დევს მტკიცებულება, რომ მაგალითად კანონიერმა ქურდმა, ქურდულ გარჩევაში მიიღო მონაწილეობა, ან დაავალა ვინმეს, რომ კონკრეტული პირისთვის მანქანა დაეწვათ, ფული გამოეძალათ, ეცემათ და ა.შ. სასამართლო თავის განაჩენში განმარტავს, რომ სამართლისთვის მნიშვნელოვანია, პირს ჩადენილი ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. ის რომ საზოგადოება კონკრეტულ ადამიანს იცნობს, როგორც კანონიერ ქურდს, ამის გამო ჩვენ მას სასჯელს ვერ მივცემთ”, – აღნიშნავს აბესაძე.

იურისტები მიიჩნევენ, რომ კანონიერი ქურდების წინააღმდეგ კონკრეტული ზომების მიღება სახელმწიფო პოლიტიკაა და განაჩენის გამოტანამდე, სასამართლო სწორედ სახელმწიფო პოლიტიკას ატარებს, ვინაიდან ამ მუხლით ბრალდებული პირს, საბოლოო გადაწყვეტილებამდე პატიმრობაში ტოვებს.

კიდევ ერთი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, რომელიც ასევე კანონიერ ქურდობაში ბრალდებულს იცავდა და მის მიმართაც სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, ამბობს, რომ სასამართლო მუდმივად გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს ადამიანის მიმართ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სტატუსის გამო იდევნება.

“თუ ადამიანს აკავებენ იმის გამო, რომ საზოგადოებაში ცნობილია, როგორც კანონიერი ქურდი, ეს პირი ყოველთვის გამართლდება. პროკურატურა დღეს მუშაობს ასე, რომ როდესაც დაინახავს, რომ ვიღაცას აქვს კანონიერი ქურდის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი არ აქვს ან არ უმტკიცდება, მაშინვე აკავებს მას”, – აღნიშნავს მოსიაშვილი.

AMBEBI.GE-მ პროკურატურასაც მიმართა, რათა განემარტა, თუ რატომ დასრულდა 10-დან 8 პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნა სახელმწიფო ბრალდების მარცხით, თუმცა პროკურატურას განმარტებები ამ საკითხზე არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რვავე გამართლებულის საქმე სააპელაციო სასამართლოში წაიღო, თუმცა მეორე ინსტანციის განაჩენს, გამართლებულები საქართველოში აღარ ელოდებიან. როგორც ამბობენ კანონიერ ქურდობაში ბრალდებულებს, რომლებიც საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სასამართლოს შენობის გარეთ პოლიციის შესაბამისი ორგანოს თანამშრომლები ხვდებიან, აეროპორტში მიყავთ და ქვეყანას ატოვებინებენ. რამდენად კანონიერია პოლიციის ეს მოქმედება უცნობია, ვინაიდან არცერთ პირს, რომლის მიმართაც სასამართლო დავა გამამართლებელი განაჩენით დასრულდა, არ გამოუთქვამს პრეტენზია, თუ რატომ ატოვებინებენ მას ქვეყანას.

წყარო:ambebi.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close