საზოგადოება

პედოფილიაში მხილებული მამაკაცი თბილისში ლინჩის წესით გაასამართლეს

პედოფილიაში მხილებული მამაკაცი თბილისში ლინჩის წესით გაასამართლეს – ამ სათაურით დღევანდელ ნომერში გაზეთი “პრაიმ თაიმი” მასალას აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში პოლიციამ 50 წლამდე მამაკაცი გადაიყვანა. მას სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, პაციენტი, რომელსაც დაზიანებები ბლაგვი საგნებით ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში თითქმის უგონო მდგომარეობაში მიიყავნეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სწორედ აღნიშნული საავადმყოფოდან ანონიმურობის გარანტიით მოგვაწოდეს საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს თბილისის ერთ-ერთ უბანში ადგილობრივი მოსახლეობა გაუსწორდა. შეიძლება ითქვას, რომ ის ლინჩის წესით გაასამართლეს, რამაც საბოლოოდ მისი გარდაცვალება გამოიწვია.

მამაკაცი უკვე კარგა ხანია, პედოფილიაში იყო შემჩნეული. პირად საუბრებში მოსახლეობა გვიყვება, რომ მისი ვინაობის დადგენას პოლიცია სამი თვის განმავლობაში ცდილობდა. ჩვენ ამ საქმის ფიგურანტებისა და კონკრეტული ადგილმდებარეობის დასახელებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს, თუმცა გაგაცნობთ თვითმხილველების ნაამბობს, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას.
ბოლო შემთხვევა ამ უბანში მდებარე სკვერთან მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი პატარა გოგონას მოტყუებით ავტომობილში ჩასმას ცდილობდა, მანამდე კი მის მიმართ გარყვნილი ქმედება სცადაო. მოძალადე მამაკაცს ბავშვი ხელიდან დაუსხლტდა და მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო. ბავშვის მამამ და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა რამდენიმე მამაკაცმა პედოფილიაში მხილებული პირი იმ დროს დაიჭირეს, როდესაც ის ჯიპის მარკის ავტომობილით გაქცევას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ზემოხსენებულ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, ფიზიკური ანგარიშსწორების ადგილზე მისულ პოლიციას შუახნის მამაკაცი ნაცემი დახვდა. ირკვევა, რომ ადგილობრივების მიერ პედოფილიაში მხილებული პირი, ისევე როგორც მის ცემაში მონაწილე  მცირეწლოვანი ბავშვის მამა პოლიციამ დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანა. პირველ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა საქმე მას შემდეგ გადაკვალიფიცირდა, რაც ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, პოლიციის განყოფილებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, დაეწყო სისხლღებინება, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ამჟამად საქმეზე დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რომელმაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს, გახდა თუ არა გარდაცვალების მიზეზი ფიზიკური ანგარიშსწორება. სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, ვინ და რა ბრალდებით მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია – არ არის გამორიცხული, სწორედ ამ მუხლით დააკავონ არასრულწლოვანი გოგონას მამა და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი, რომლებმაც ბავშვზე ძალადობაში მხილებული პირი ლინჩის წესით გაასამართლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close