ჯანდაცვა

მშიერ შვილებზე მოფიქრალი ონკოლოგიურის მედპერსონალი, როგორ შეძლებს ავადმყოფზე ზრუნვას? (სკანდალი)

   (ექსკლუზივი-სკანდალი)

გაგრძელება

  ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც დაგვიკავშირდნენ, ყველაზე მეტად უხელფასობა აწუხებდათ. ამბობდნენ, სახლში პური რომ მივიტანოთ იმის საშუალებაც არ გვაქვს, სამსახურშიც ძლივს ვახერხებთ სიარულს. იმ იმედით, რომ შეიძლება ოდესმე გამოსწორდეს მდგომარეობა, არ ვტოვებთ სამუშაოს. ამით სარგებლობენ და უხელფასო მონებად გვაქციესო.
 ამის შესახებ ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელს, რემა ღვამიჩავას ვკითხე.
 – თქვენი მეპატრონე  „საპარტნიორო ფონდი“ მატერიალურად ძლიერი ორგანიზაციაა, მის ხელმძღვანელებს 20 ათასზე მეტი მარტო ხელფასები აქვთ და რატომ არის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში ასეთი კრიზისი?

 რემა ღვამიჩავა:
_ თანამშრომელთა ნახევარზე მეტს ოქტომბრის ხელფასი აღებული აქვს (ამჟამად მარტია) და ამას კრიზისს ნუ დავარქმევთ. ეს არ არის კრიზისი ქალბატონო ნელი. როგორც გვერიცხება თანხა, მაშინვე ხდება ხელფასის გაცემა. სამწუხაროდ, გამომუშავებული თანხის მიღება ხდება 60 სამუშაო დღის შემდეგ. როგორც გადმოგვიგზავნიან თანხას, მაშინვე გავცემთ. ყოველთვიურად იღებენ ხელფასებს თანამშრომლები. პირადად მე, ყველაზე ბოლოს ვიღებ გასამრჯელოს.
_ გინდათ მითხრათ, რომ მომატყუეს?
 _ არა, მეც არ ამიღია ხელფასი სექტემბრის შემდეგ. მივლინებაში ხშირად მიწვეული მხარის დაფინანსებით მივდივარ. ახლა ვიყავი გერმანიაში, სადაც სასტუმროს და თვითმფრინავის ფული ამ დაწესებულებამ გადაიხადა.
 _ ფაქტია, ცენტრის თანამშრომლები უხელფასოდ არიან დარჩენილები. ვერც იმას დავიჯერებ, რომ ყველას ისეთი დალხენილი ცხოვრება აქვს, ხელფასი არ სჭირდებათ? როგორ დადიან სამსახურში?… არ  შიათ, არ წყურიათ?! … ამაზე არ გიფიქრიათ?
 _ ფაქტია, რომ ვმუშაობთ.
 _ საპარტნიორო ფონდი რას ამბობს სახელფასო კრიზისთან დაკავშირებით?
 _ ხელფასებთან დაკავშირებით ფონდთან საუბარი არ გვქონია. ჩვენ ვგზავნით შესრულებულ სამუშაოს სოციალურ სააგენტოში და იქიდან გვიბრუნდება თანხა 60 დღეში. თანხა მოდის დაგვიანებით.
ანდრო ფეიქრიშვილი, იურისტი :

 _ ყოველთვიურად ვიღებთ წინა თვის ხელფასებს.
 _ პირადად თქვენ რომელი თვის ხელფასი გაქვთ აღებული?
_ სექტემბრის.
_ აბა, წინა თვის თანხებს ვიღებთო? სექტემბრის ხელფასი ახლა აიღეთ და პრობლემა არ გაქვთ?
 _ პრობლემა მაქვს თუ არ მაქვს, ეგ ჩემი საქმეა.
_ გასაგებია. თქვენ შეიძლება ხელფასის აუღებლობა არც განაღვლებთ და არც ეს ხელფასია თქვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ აქ ბევრი იმიტომ მუშაობს, რომ ოჯახში პური მიიტანოს და შვილები მშივრები არ ჰყავდეთ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ  ხელფასის ამგვარმა დაკავებამ შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს მედპერსონალის კეთილსინდისიერი მუშაობა.  სექტემბერ-ოქტომრის ხელფასს ახლა რატომ იღებენ, ეს ამიხსენით…
 რემა ღვამიჩავა:
 _ ასე არ ხდება, რომ ვინმეს 5 თვე ხელფასი არ აეღოს. სახელფასი დავალიანება დაგროვდა იმის შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გაზარდა ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს მიღების, დამუშავებისა და თანხის ჩარიცხვის ვადა. ჯერ იყო 30 დღე, მერე 45-მდე გაიზარდა და ახლა 60 სამუშაო დღეა. ხელფასის პრობლემები უკვე ყველა სამედიცინო დაწესებულებაშია. (მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ჯანდაცვას ყველაზე წარმატებულ სფეროდ აცხადებს-ნ.ვ.). ხელფასის შემოსვლა ერთბაშად არ ხდება. ეტაპობრივად შემოდის _ სტაციონარის პროგრამა, ქიმიო-თერაპიის პროგრამა, სხივური თერაპია… შუალედებით ირიცხება თანხები. ნაღდი ფული რაც გვაქვს, ამით, პირველ რიგში დაბალხელფასიან მედპერსონალს ვისტუმრებთ. ვიცით, რომ მათ ყველაზე ძალიან უჭირთ და ხელფასებს პირველად სანიტრებსა და ექთნებს ვაძლევთ.
_ თუმცა მათაც არ აუღიათ ოქტომბრის ხელფასი არა? მაინც რატომ ზრდის ჯანდაცვის სამინისტრო თანხების გადმოგზავნის ვადებს? მათი ბრალი ყოფილა ეს ამბავი. ასეა?
_ საავადმყოფოში, ვისაც მაღალი ხელფასი აქვს, ჩემი ბრძანებით, პირველი იანვრიდან ყველას შეუმცირდება 5 %-ით.
_ გამოდის, რომ ონკოლოგიურ საავადმყოფოს პატრონის გამოცვლამაც არ უშველა, მაინც უკან-უკან მიდის. მდგომარეობის გამოსასწორებლად საპარტნიორო ფონდი რატომ არაფერს აკეთებს?
_ ქალბატონო ნელი, უკან-უკან არ მივდივართ. ჩვენც გვინდა, რომ უკეთეს მდგომარეობაში იყოს ცენტრი, მაგრამ ეს ყველაფერი მიბმულია დატვირთვაზე. რომ მკითხეთ, რატომ წავიდა ექიმების ნაწილიო. ჩვენ ამაზე ძალიან ვწუხვართ. მათი წასვლის მიზეზი ჩვენ კი არ ვართ, ამის მიზეზი არის ის, რომ პაციენტები გაიბნენ. ჩვენ არ ვართ ქალაქის ცენტრში, სხვა კლინიკები კი ცენტრშია და მათ მეტი პაციენტი ჰყავთ. ბევრი კლინიკაა ჩართული ონკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობაში. ამას განსაზღვრავს დაწესებულების ლიცენზია. თანამშრომელთა შტატებიც მცირდება. ჩვენს ფეისბუქგვერდზე თუ შებრძანდებით, იქ ნახავთ, რომ ექთანმა მანანა ჩიხლაძემ, რომელიც 16 წელი აქ მუშაობდა გვითხრა, შვილიშვილს უნდა მივხედოო და ტაშის კვრით გავუშვით სახლში.
_ მაგრამ მე მაქვს სია ექთნების, სანიტრების, ექიმების, რომლებიც თურმე ძალით გაგიშვიათ სამსახურიდან. ამ სიას თქვენ გადმოგცემთ და შემატყობინეთ, მათთან დაკავშირებით რა მოხდა? (სია გადავეცი, მაგრამ ამ ეტაპისთვის პასუხი არ მიმიღია).
  ბატონო რემა, როგორც მითხრეს, ცენტრის ფინანსისტი მარინა გეთიას ოთახიდან ხშირად გამიდიან ატირებული თანამშრომლები. თურმე, მას ხშირად მიმართავენ თანამშრომლები დაგვიანებული ხელფასებისთვის, მაგრამ ის ეუბნებათ, მე რას მთხოვთ, წადით და ისესხეთ, ბანკიდან კრედიტი აიღეთო… იცოდით ეს ამბავი?
რემა ღვამიჩავამ ამჯერად ფინანსისტი, მარინა გეთია დაიბარა კაბინეტში.
 კითხვა, რომელიც  ღვამიჩავას დავუსვით, ამჯერად პირადად  გავუმეორეთ მარინა გეთიას, უხელფასობით შეწუხებულ თანამშრომლებს ბანკიდან სესხის აღებას რატომ ურჩევთ-მეთქი?

მარინა გეთია:
_ რა ვიცი,  არ მახსენდება ასეთი უხეში პახუხი. შეიძლება, ვინმეს რაიმეზე გავეხუმრე. მე ის უფრო მიკვირს, როცა სანიტარი, რომელსაც აქვს დაბალი ხელფასი, დიდ სესხს იღებს. ზოგჯერ მათი ხელფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბანკში გადასახდელი თანხა. ალბათ სხვა შემოსავლებიც აქვთ და ასე იმიტომ იქცევიან, თორემ მეც მაქვს კრედიტი აღებული. ჩვენს ცენტრში, ფინანსური პრობლემების გამო, ხელფასები გაიცემა ნაწილ-ნაწილ. თვეში ერთხელ ყველა იღებს ხელფასს. სამწუხაროდ, თანამშრომლებს სრულ ხელფასებს ვერ ვურიცხავთ. სრულ ხელფასებს ვაძლევთ მათ, ვისაც ძალიან დაბალი ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვთ. შეიძლება ვინმე იყოს, რომ ვერ აიღოს რომელიმე თვეს ხელფასი, მაგრამ როცა ამას ვიგებთ (ვერ მივხვდი, რას ნიშნავს ,,როცა ამას ვიგებთ” _ ნ.ვ.) მაშინვე ვასწორებთ. სრულად ვერ იღებდნენ ყოველთვიურ ხელფასს და ასე დაგროვდა დავალიანება.
_ დაგროვილი ხელფასიდან რამდენ პროცენტს უხდით ყოველთვიურად?ამ ამბავს ფონდს რატომ უმალავთ, პატრონმა არ უნდა იცოდეს, მისი თანამშრომლები რა დღეში არიან?
_ ხელფასების საკითხი საქართველოს ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ასეა.
_ მერე, ეს ამართლებს არსებულ მდგომარეობას? მით უარესი, თუ ყველგან ასეა. მედპერსონალის გაჭირვებულ ყოფას რომ თავი დავანებოთ, ეს აისახება პაციენტებზეც. ხელფასზე, სახლში დატოვებულ მშიერ შვილებზე მოფიქრალი მედპერსონალი როგორ შეძლებს ავადმყოფის სათანადო დახმარებას და მასზე ზრუნვას? გაბრაზებულმა, განაწყენებულმა ექიმმა, ექთანმა, სანიტარმა, თუნდაც სხვა თანამშრომელმა თავისი საქმე შეიძლება სათანადოდ ვერ შეასრულოს და ამაში დამნაშავე იქნება ის, ვინც სამედიცინო დაწესებულებებში ასეთ მდგომარეობას ქმნის. ასე არ არის?
რემა ღვამიჩავა:
 _ მიუხედვად იმისა, რომ ექიმები ვართ, რიგ შემთხვევაში პაციენტის პატრონებიც გახლავართ და ვხედავთ ამ პრობლემას. გლობალური პრობლემაა და ამას ახლა ჩვენ ნუ გადაგვაწყვეტინებთ
. მოგვიანებით, კლინიკის მედპერსონალთანაც მოგვიხდა შეხვედრა და მათაც ვკითხეთ ხელფასის საკითხზე. იმის გამო, რომ პრესამსახურის წარმომადგენელი დაგვყვებოდა, მედპერსონალი ცდილობდა, პასუხისთვის თავი აერიდებინა. დაბნეულები და შეშინებულები გვიყურებდნენ და ეტყობოდათ, რომ ყველა მათგანს აწუხებდა ეს საკითხი. ერთ-ერთმა ისიც გვითხრა, რომ მოგიყვეთ და ხმა ამოვიღო, ამით ხომ მაინც არაფერი მეშველებაო?
  ხალხო, რით ვერ გაიგეთ, რომ ომში თუ არ იბრძოლეთ, ვერ გადარჩებით. ამიტომ, ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს თქო _ ვუპასუხე ცოტა იმედგაცრუებულმა, თუმცა მათი მდგომარეობაც გასაგებია.
პ.ს.
 აი, კიდევ ერთი, საკმაოდ მსუყე პრობლემა ,,წარმატებულ“ ჯანდაცვაში. ამიტომ ვამბობთ, ამ სფეროში არსებული მდგომარეობით კმაყოფილი არც მედიცინის მუშაკები არიან და არც პაციენტები. ის, რაც ჯანდაცვაში ხდება, აწყობთ ერთეულ ადამიანებს, ამ დარგის ე.წ. ,,მამებს“, რომელთაც არ ანაღვლებთ ექიმი, ექთანი, სანიტარი და მით უფრო, პაციენტი. ამიტომაც არის გადაქეული ჯანდაცვის ობიექტები მავანთათვის მსუყე ლუკმად, შემოსავლის წყაროდ და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ასეთი დაწესებულება ჩაიგდონ ხელში.
 უკვე ყველამ ვიცით, რომ ამ ობიექტებში ექიმებს ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულებაზე ხელს აღებინებენ. აიძულებენ მათ, ავადმყოფს, გაჭირვებულ ადამიანს სანამ უექიმებენ, ჯერ ფული გადაახდევინონ. გამოუწერონ ისეთი წამლები, რომელებიც მათ არ სჭირდებათ, ჩაუტარონ ისეთი ანალიზები, რომლის პასუხებიც არაფრისმომცემია და მატერიალურად გააკოტრონ. ეს ყველაფერი კი ერთეულების გასამდიდრებლად ხდება. ამის შემდეგ კიდევ გვიკვირს, საქართველომ რატომ  დაიკავა მომაკვდავი ერების რიცხვში ,,საპატიო” ადგილი? როგორ, ამაზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ?!

  ნელი ვარდიაშვილი

 (გაგრძელება იქნება)

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close