ექსკლუზივი-სკანდალი
  ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში (თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)  შექმნილ კრისიზულ მდგომარეობაზე EURONEWS.GE  -ს სანდო წყარომ ინფორმაცია მოაწოდა. გვითხრა, ცენტრში,  მედპერსონალს სექტემბრის შემდეგ ხელფასი არ მიუღია და 5 თვეა შრომის ანაზღაურებას არ აძლევენო. ასევე შეგვატყობინა, რომ ამ სამედიცინო დაწესებულებაში  კადრებს ამცირებენ და გამოცდილ თანამშრომლებს უშვებენ სამსახურიდან. სხვა საავადმყოფოებში ისინი მაშინვე იწყებენ მუშაობას, მაგრამ ათწლეულების წინ  რუდუნებით შექმნილი ნაციონალური ცენტრი ხომ ნადგურდება. დაინტერესდით, რატომ აღარ სჭირდებათ ამ სტაციონარში წამყვანი  სპეციალისტებიო?
   ჩვენი წყარო ონკოლოგიურში არსებულ ბაქხანალიას საპარტნიორო ფონდს უკავშირებს, რომელიც, ამჟამად, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის მეპატრონე ყოფილა. მას აქვს გადაწყვეტილი, სტაციონარი  ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან გააქროს და ეს ადგილი სხვა დანიშნულებისთვის გამოიყენოსო.
  სიტუაციაში გარკვევა კლინიკის ხელმძღვანელთან, რემა ღვამიჩავასთან დავაპირეთ, მაგრამ ბატონ რემასთან შეხვედრა, თავდაპირველად,  შეუძლებელი აღმოჩნდა. ცენტრის პრესამსახურმა საპარტნიორო ფონდთან გადაგვამისამართა და მათგან მოგვთხოვა ნებართვის მიღება. ფონდმა კი საკუთარ ოფისში დაგვიბარა და იქ  შევიტყეთ, რომ თბილისის სამი სტაციონარი- ონკოლოგიური, რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური ფონდის საკუთრება გამხდარა.

ჩვენს კითხვებზე მათი პასუხები ამ ტექსტით შემოიფარგლა:
,,კლინიკების განვითარების მიზნით, სს „საპარტნიორო ფონდი“-ს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით,  შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“ (“Clinics Development Company” LLC) დააფუძნა და აღნიშნული საავადმყოფოები მას საკუთრებაში გადასცა.
  სს „საპარტნიორო ფონდი“-ს შვილობილი „კლინიკების განვითარების კომპანია“-ს მიზანია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში, აღნიშნული საავადმყოფოების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების, მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
  ამ მიზნით, „კლინიკების განვითარების კომპანია“ აქტიურად თანამშრომლობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებთან, ინტენსიურ შეხვედრებს მართავს პოტენციურ ინვესტორებთან, ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების მქონე დონორ ორგანიზაციებთან. „კლინიკების განვითარების კომპანია“ არ ერევა მის კუთვნილებაში  არსებული საავადმყოფოების ყოველდღიურ სამედიცინო საქმიანობაში და ატარებს ჯანდაცვის იმ პოლიტიკას, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს“.
    ფონდის თანამშრომლებს  ავუხსენით ონკოლოგიის ნაციონალური  ცენტრით ჩვენი დაინტერესების მიზეზი და განვუმარტეთ, რომ  ჩვენი კითხვების ადრესატი ამ კლინიკის ხელმძღვანელიც  იყო.  მათ გაგვიმეორეს, ჩვენ მათ შიდა სამზარეულოში არ ვერევით და ისევ საავადმყოფოს პრესსამსახურს უნდა დაუკავშირდეთო.
  ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ყველანაირად ეცადნენ, რემა ღვამიჩავასთვის კითხვების დასმის საშუალება არ მოგვცემოდა. სხვა რესპონდენტიც  შემოგვთავაზეს კლინიკების განვითარების კომპანიიდან , მაგრამ  სხვა გზა რომ აღარ დარჩათ, ღვამიჩავასთან შეხვედრა ჩაგვინიშნეს.
  ონკოლოგიურ საავადმყოფოში, ბოლოს, რამდენიმე წლის წინ ვიყავი. მაშინ კლინიკა ინვესტორს, ჩინურ-კანადურ კომპანია ,,პეგასუს“-ს ჰქონდა გადაცემული . უცხოელ ინვესტორს მისი განვითარებისთვის 20 მილიონი უნდა დაეხარჯა, მაგრამ მან კლინიკის შენობა დაანგრია, გააპარტახა და ერთი თეთრიც არ ჩაუდია მის საკეთილდღეოდ. იმ პერიოდში საავადმყოფოს ხელმძღვანელი, აწ გარდაცვლილი პროფესორი, რეზო გაგუა იყო. პროფესორი რემა ღვამიჩავა კი ამ კლინიკის თანამშრომელი გახლდათ. მაშინ, სწორედ მას, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, გაგუასა და ,,პეგასუსი“-ს ალიანსის ნეგატიური დეტალები სააშკარაოზე  გამოჰქონდა. ბატონი რემა და მისი გუნდის წევრები ჩემი ხშირი რესპონდენტები იყვნენ ,,ალია ჰოლდინგში“ და იმ გადმოსახედიდან ვამბობდით, რომ ისინი ხმალამოღებულები ებრძოდნენ წამყვანი ონკოლოგიური კლინიკის ნგრევას. მოხდა ისე, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, კლინიკის ხელმძღვანელი თავად რემა ღვამიჩავა გახდა, კლინიკაში არსებული ნეგატიური მდგომარეობა კი იგივე დარჩა.
   როდესაც კლინიკის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან  ჩემი შეხვედრის საკითხი გადაწყდა (ალილუია) , ფონდში მითხრეს, ონკოლოგიურში არსებული სიტუაცია არ მოგეწონებათ, მაგრამ ხომ გესმით, ადვილი არ არის ამხელა კლინიკის მართვა და მოწესრიგებაო. სხვათა შორის, რეზო გაგუას დროსაც ეს კლინიკა ისეთივე დიდი იყო, როგორც ახლაა, მაგრამ ღვამიჩავას და მისი გუნდის წევრებს მაშინ არ უფიქრიათ, ამის გამო, კრიტიკის ქარცეცხლში არ გაეტარებინათ ონკოლოგიურის  ხელმძღვანელი.
   ონკოლოგიური საავადმყოფოს მთავარი შესასვლელიდან ღვამიჩავას კაბინეტამდე გზა ფეხით გავიარეთ. წვიმდა.  გვერდით სიმსივნით დაავადებული ქალბატონი მოგვყვებოდა თავზე მოსახვევით და ხელჯოხით. მეორე მხრიდან ახლობელი  ხელკავით მოჰყვებოდა და ასე, ვაი-ვაგლახით მიდიოდნენ გუბეებიან გზაზე. საავადმყოფოს ეზოში მსუბუქი ავტომანქანის შესვლა 2 ლარი ღირს. ვისაც ავტომანქანა არ ჰყავს, ან დამატებით 2 ლარის გადახდის საშუალება არ აქვს, ნება უნდა იბოძოს და ფეხით გაიაროს  ექიმამდე მისასვლელი გავერანებული სავალი.

.

.

    საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთავარ შესასვლელთან ჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ ღვამიჩავამ დაგვამშვიდა, სამარშრუტო ტაქსები (ე.წ მარშუტკები) ცენტრის კარებამდე მოდისო, მძღოლებმა გვითხრეს, რომ საავადმყოფოს ეზოში ისინი არ შედიან. მთავარი შესასვლელიდან მოქმედ კლინიკამდე კი ავადმყოფი ადამიანებისთვის საკმაოდ შორი და აოხრებული გზაა ფეხი გასავლელი.

.

.

.

.

.

.

.

.

   საავადმყოფოს ეზოც კვლავ მოუვლელი და დანაგვიანებულია. იქ  სამშენებლო და სამომხმარებლო სახის ნარჩენები ისევე ყრია, როგორც ადრე. რამდენიმე ადგილზე საავადმყოფოს ტერიტორია ნაგავსაყრელად არის ქცეული (მაშინ, როდესაც ონკოპაციენტების გარკვეული ნაწილი, სწორედ დაბინძურებული გარემოსა და სუფთა ჰაერის არ არსებობის გამო ებრძვის ამ ვერაგ დაავადებას), კლინიკის დიდი ნაწილი ძველებურად დანგრეულია. ე.წ. მოქმედი კორპუსი კი მიუხედავი. მხოლოდ რამდენიმე სართულია კოსმეტიკურად შელამაზებული, ესეც ალბათ საჩვენებლად.  რემა ღვამიჩავამ გვითხრა, როდესაც ფოტოსურათებს გადაიღებთ, აუცილებლად მიუთითეთ, რომელი  სართულია. ის სართულები, რომლებიც არ გაგვირემონტებია, დაკეტილია და პაციენტები იქ არ შედიანო. თუმცა, სწორედ ასეთ ,,დაკეტილ“- განადგურებულ-გაბინძურებილ   სართულზე აღმოვაჩინეთ პაციენტებიც, ექიმის კაბინეტიც, ექიმიც და თქვენ წარმოიდგინეთ ლაბორატორიაც.
 ღვამიჩავამ ინტერვიუს დაწყებამდე პრესამსახურის ხელმძღვანელს დიქტოფონი მოატანინა და ალბათ, ჩვენს შესაშინებლად განგვიმარტა, რომ საუბარს თავადაც ჩაიწერდა. ამ ფაქტმა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია  გაგვახსენა, რომელიც, უნივერსიტეტზე  კრიტიკული წერილების გამოქვეყნების შემდეგ, ინტერვიუზე დაგვთანხმდა, მაგრამ შეხვედრის დროს დიქტოფონი დაგვახვედრა და სიამაყით განგვიცხადა, იცოდეთ, ჩვენც ვიწერთო. ალბათ, იმ სტატიის გამოქვეყნების შემდგომ,  ვადაჭკორია მხოლოდ პასუხებზე თითის მიყოლებით დაიღალა. დარწმუნებული ვარ, რემა ღვამიჩავასაც იგივე მოელის, რადგან  ჩვენ არ ვაპირებთ რაიმეს არც შეცვლას  და არც საუბრის გადაკეთებას. ეს ინტერვიუ იმდენად სკანდალური და მრავლისმთქმელია, რომ არ შევამოკლებთ და მკითხველს რამდენიმე ნაწილად გავაცნობთ.
  სანამ რემა ღვამიჩავასთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, ვიტყვით, რომ ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში მდგომარეობა შეცვლილი თითქმის არ დაგვხვდა. როგორი ჩაბინძურებულ-განადგურებულიც იყო გაგუას ხელმძღვანელობის დროს, ახლაც დაახლოებით ისეთივეა. მას არც მსუყე მფლობელის, საპარტნიორო ფონდის  ხელი ეტყობა და არც სახელმწიფოსა თუ შიდა ხელმძღვანელობის პატრონაჟი, რაც, რა თქმა უნდა,  სიმსივნით დაავადებული ავადმყოფობის ისედაც გაწამებულ ყოფას, კიდევ უფრო ამძიმებს.
ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელთან, რემა ღვამიჩავასთან რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ – საპარტნიორო ფონდისთვის ონკოლოგიის ცენტრის გადაცემაზე, მედიცინის მუშაკებისთვის და ავადმყოფებისთვის იქ შექმნილ გაუსაძლის სამუშაო და სამკურნალო პირობებზე, მედპერსონალის გაუცემელ ხელფასებზე, კლინიკის თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაზე… ასევე, ფეხით შემოვიარეთ ცენტრის მოქმედი კორპუსის ყველა სართული და გაკეთებულიც და გასაკეთებელიც საკუთარი თვალით ვნახეთ. ჩვენს წერილებში ყველაფერზე დეტალურად გესაუბრებით. ამჯერად კი საავადმყოფოს წინა ხელმძღვანელობასთან ე.წ. ბრძოლის ფაქტს შევეხებით და აღვწერთ სიტუაციას, როგორ ჩაიგდო ხელში საპარტნიორო ფონდმა ლისის ტბაზე მდებარე ონკოლოგიური ცენტრი.

 _ ბატონო რემა, მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, თქვენ და ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ექიმები იბრძოდით საავადმყოფოს მაშინდელი ხელმძღვანელის, რეზო გაგუასა და ინვესტორის, ჩინურ-კანადური კომპანია ,,პეგასუსი“-ს წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, თქვენ გაიმარჯვეთ. ასეა, ხომ?
_ დავაზუსტოთ. მაშინ, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ ჩინურ-კანადური კომპანია, რომელიც ინვესტორის სახით იყო შემოსული ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში, არ ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც ჰქონდა სახელმწიფოსგან დაკისრებული. ჩვენ ვთხოვდით სახელმწიფოს, რომ განეხილა ეს ვალდებულებები. ვფიქრობ, არასწორი ინვესტორისგან სახელმწიფომ დაიბრუნა კუთვნილი ქონება და იმ ეტაპისთვის ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო.
 _ ინვესტორის გარდა, თქვენ არ მოგწონდათ ონკოლოგიურში არსებული მდგომარეობაც, ალბათ, გახსოვთ, არა?
_ მე არასდროს არ მომწონს ის, რაც რეალობაა. დღესაც არ მომწონს და მინდა, უკეთესი და უკეთესი იყოს. ამას არ ვმალავ.
 _ ახლა თქვენ ხართ ხელმძღვანელი და ამაში ხელს არავინ გიშლით, მაგრამ იმ დროს უფრო გაბრაზებული იყავით არსებულ მდგომარეობაზე და ამას თქვენი მაშინდელი ინტერვიუებიც მოწმობს. ამის გამო რეზო გაგუას საჯაროდ უჩიოდით კიდეც…
_ თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ ჩემს გამონათქვამს, რომელშიც მე ვინმეს სახელსა და გვარს ვასახელებ და ვიძახი, რომ ეს ადამიანი არის არასწორი. მე ვამბობ, რომ ჩემი ყველა მცდელობა მიმართული იყო ინვესტორის საქმიანობისკენ.
 _ კარგით, მოგვიანებით გავაცნობთ მკითხველს ჩვენს ხელთ არსებულ დაარქივებულ მასალებს, სადაც ნათლად ჩანს, თქვენი გუნდი როგორ ამხელდა გაგუას. მაშინ თქვენ ერთად იბრძოდით მის წინააღმდეგ. მე ახლა არ განვსჯი თქვენს მოქმედებას, მაგრამ მაშინ ეს იყო ბრძოლა, ახლა კი… სწორედ გაგუა იყო თქვენს მიერ მთავარ ბრალდებულად წარმოდგენილი და ბატონო რემა, ეს არა მგონია დაგვიწყებოდათ?!
_ მოდით, სიტყვა ბრალდებულს ნუ ვიხმართ. ბატონ რეზოს თავისი დამსახურება აქვს ონკოლოგიის განვითარებაში და ღმერთმა გაანათლოს. მე ასე მახსოვს და სწორად მახსოვს, რომ მე არასოდეს არავისი გვარი არ დამისახელებია.
_ იქნებ მოგვიყვეთ, საპარტნიორო ფონდი თქვენი პატრონი როგორ გახდა? ეს ვისი გადაწყვეტილება იყო?
_ მაშინ მე არ ვიყავი ხელმძღვანელი და ვერ გეტყვით. ალბათ, სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ მეპატრონე გვყავს, საპარტნიორო ფონდი. ჩვენთან ერთად მისი კუთვნილებაა რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოებიც.
_ ანუ, ზემოთაღნიშნული კლინიკები უძრავ-მოძრავი ქონებით, მიწებით ფონდს გადაულოცეს?
_ დიახ. საპარტნიორო ფონდმა შექმნა შვილობილი კომპანია ,,კლინიკების განვითარების სააგენტო“ და მას გადასცა ჩვენი ქონება _ მიწა და ა.შ.
_ ინვესტორის წასვლიდან რა პერიოდის შემდეგ გადაეცა საავადმყოფო ფონდს?
(ბატონმა რემამ ცენტრის იურისტს, ანდრო ფეიქრიშვილს მოუხმო და უკვე მასთან გავაგრძელეთ საუბარი.)

ანდრო ფეიქრიშვილი:
_ 2013 წელს სახელმწიფომ უცხოელი ინვესტორისგან დაიბრუნა ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი. მაშინვე დაფუძნდა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ და მის მფლობელობაში გადავიდა ცენტრი. 2015 წელს კი ჩვენი დაწესებულება, რესპუბლიკური საავადმყოფო და ბავშვთა ინფექციური გადაეცა საპარტნიორო ფონდს, ანუ შევიდა მის კაპიტალში.
_ რატომ დამსახურებისთვის გადაეცა საჩუქრად?
_ სახელმწიფომ გადასცა. ეს მოხდა მთავრობის დადგენილებით, როგორც მე ვიცი.
 _ ფონდმა რაიმე ვალდებულებები აიღო ონკოლოგიის ცენტრის მიმართ?
 რემა ღვამიჩავა:
 _ ფონდმა შექმნა ,,კლინიკების განვითარების სააგენტო“, რომელიც არის ჩვენი უძრავ-მოძრავი ქონების მეპატრონე. ჩვენ ვეკუთვნით მათ, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური სამედიცინო საქმიანობა რეგულირდება ჯანდაცვის სამინისტროდან. კადრების ცვლილებებს ვუთანხმებთ, მაგრამ კონკრეტულ სამსახურში ვინ მოგვყავს, იმას არა. ასევე, ხელშეკრულებებს წინასწარ ვაცნობთ. როგორც კი სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ უნდა განვითარდეს კლინიკა, ფონდი ერთვება ინვესტორთან ერთად წილობრივი განვითარების საქმეში.
 _ ახლა რა ხდება? როგორ მითხრეს, საპარტნიორო ფონდი ახალ ინვესტორს ეძებს თქვენთვის და ეს სიმართლეა?
 _ საპარტნიორო ფონდი არის ინვესტორის ძიებაში, მაგრამ ჩვენც არ ვსხედვართ გაუნძრევლად. მივმართეთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს. ასევე არის ავსტრიელების ჯგუფი, რომელთაც უნდათ, ამ ტერიტორიაზე ონკოლოგიის კიდევ უფრო განვითარება. შეხვედრებიც გვქონდა მათთან. ეს არის წარმატებული საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელსაც აქვს აქტივობები სხივურ თერაპიაში.
 _ ფარმაკოლოგიაშიც ხომ არ აქვთ აქტივობები? მახსოვს ამბობდით, რომ ,,პეგასუსი“ ამ კლინიკაში ჯერ მედიკამენტების კვლევებს, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ცდებს  ატარებდა და მერე გახდა ინვესტორი. ახლაც იგივე მდგომარეობა ხომ არ არის?
_ ვერ გეტყვით, არ მახსოვს… ავსტრიულ კომპანიას ფარმაკოლოგიასთან კავშირი არ აქვს. ჩვენ ვართ ძიების პროცესში. ჩვენი ძალებითაც ვეძებთ. ვინც ინტერესდება ჯერ ჩვენ ვესაუბრებით და მერე ვუშვებთ ფონდთან. რ
 ოცა აქ მოვედი სამუშაოდ, 1985 წელს, ეს იყო ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულება და აქ მუშაობა იყო სამაყო. რადგან ონკოლოგიური საავადმყოფო ქალაქის ცენტრში არ არის, მოხდა მისი გაფანტვა ბევრ ადგილზე და ამან გამოიწვია პაციენტების შემცირება.
 _ ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ლისის ტერიტორიიდან გადატანას ხომ არ გეგმავს ფონდი? ჯერ კიდევ ,,პეგასუსი“-ს აქ ყოფნის დროს ამბობდნენ, ეს ტერიტორია ერთ-ერთ მილიარდერს მოეწონაო და ასეა?
_ ეს ფონდს უნდა ჰკითხოთ, ჩვენი პრეროგატივა ეს არ არის. შეიძლება მოხდეს გადატანა, შეიძლება _ არა.
   ამ ინტერვიუსა და ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებში საინეტერესო და სკანდალური გახლავთ ის, რომ წარმატებული, მისაბაძი და ყველაზე დიდი ონკოლოგიური კლინიკა ნელ-ნელა გააპარტახეს. ჯერ გადასცეს ინვესტორს, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ ინვესტიცია ჩაედო აგურ-აგურ დაშალა და გაანადგურა კლინიკის კუთვნილი შენობები ისე, რომ მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. მერე კი გადააბარეს მსუყე ფონდს, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ უვლიდეს და ზრუნავდეს მასზე, სარფიანი ინვესტორის ძებნით არის დაკავებული. კლინიკაში ხელფასების, კადრების, პაციენტების დეფიციტია. ალბათ მიხვდით იმასაც, რომ ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის სხვაგან გადატანაც მოსალოდნელია, რის შემდეგაც ნამდვილად ახდება მავანის ნანატრი ოცნება და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას ბოლომდე ჩაიგდებს ხელში.
ნელი ვარდიაშვილი
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი