პოლიტიკა

,,მე ვამაყობ იმით, რომ წუთი-სოფლელი ვარ და არა მათსავით კუჭი-სოფლელი”

,,მეტი არაა ჩემი მტერი, ამ ცეკას ინტელიგენციას თუ ელიტას რამე შეასმინო. მათში განუკურნებლად ბობოქრობს საშოვარს დასაუფლებელი ინსტიქტი და ეს საშოვარი მათგან არაერთხელ ნაღალატევ-გაყიდული საქართველოა. უფრო ღრმად თუ ჩავწვდებით პროცესს, აუცილებლად მივალთ ილიას ოთარაანთ ქვრივამდე და ჩატეხილი ხიდის პრობლემამდე.

დიახ, ხიდი ქართულ ელიტასა და ხალხს შორის კვლავ ჩატეხილია, ხოლო მისი აღდგენა ვერ შესძლო არა თუ ჩვენთან დამკვიდრებულმა ველურმა კაპიტალიზმმა, არამედ მსოფლიოში ერთადერთჯერ აღმოცენებულმა სოციალისტურმა წყობამაც კი, სადაც იკრძალებოდა ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაცია, წარმოების საშუალებათა მესაკუთრეობა. დღეს, როდესაც ელიტაში ყოფნა ასოცირდება არა მარტო ხელოვნების, სპორტის, კრიმინალიტეტის ან სხვა ცნობად სფეროებში მოღვაწეობასთან, არამედ ბიზნეს-მეწილეობის, პოლიტიკური ძალაუფლების დათრევის, ნეპოტიზმის, ერთმანეთთან ანგარებით, უსიყვარულოდ დანათესავების ფენომენთან, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ჩატეხილი ხიდის პრობლემასთან კი არა, სახელმწიფოებრივი უფსკულის პირზე ვდგავართ, ან უკვე უფსკრულში ვართ რასაც ვერ ვხვდებით ან არ გვინდა ვაღიაროთ. რეალობა კი ასეთია, თანამედროვე ქართული ელიტა წარმოადგენს ბიზნეს-ყაჩაღების, ხელოვნების სახელით მოვაჭრე მასხარების, სპორტის თუ კრიმინალის სფეროში მოღვაწე მოძალადეების, ქრისტეს ფეხის მკვნეტელი სამღვდელოების გაერთიანებულ პოლიტიკურ ბლოკს რომელთა მთავარი ამოცანაა არა საქართველოს ბედნიერად ყოფნა არამედ საკუთარი ბედნიერება საქართელოში.ამ ბლოკს გააჩნია კარგად ორგანიზებული,დამორჩილებული,დამონებული სტრუქტურული ფენები საბიუჯეტო მუშაკთა რესურსის,ბიზნესში მათთან დასაქმებული უუფლებო მოჯამაგირეების,გონებადაბნელებული მრევლის,სპეცსამსახურებისა თუ ძალოვან-სასამართლო სისტემების სახით და რაც მთავარია, წამყვანი მასმედია განსაკუთრებით ტელევიზიები, რომლების ასევე მათი საკუთრებაა ასრულებენ იგივე ფუნქციას, რასაც გაზის კამერები ოსვენციმსა და ბუხენვალდში,იმ განსხვავებით რომ აქ გვიწვავენ არა სხეულს არამედ სულს.

საუბედუროდ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ისეთი გამყიდველი,უზნეო ელიტა რომელიც ბობოქრობს ჩვენს ქვეყანაში.რუსეთშიც კი რომელიც ყოველთვის იმპერია იყო არავის ახსოვს გენიალური ლევ ტოლსტოის მხარდამჭერი განცხადებები მეფის ხელისუფლებისადმი,იგი ლამის ანათემასაც კი გადასცა საპატრიარქომ. მე არ მახსოვს პრიმადონად წოდებულ ალლა პუგაჩოვას მლიქვნელური განცხადებები ბრეჟნევის,ანდროპოვი,ჩერნენკოს,გორბაჩოვის,ელცინის მიმართ უფრო მეტიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში იგი პუტინის მოწინააღმდეგე პროხოროვს უჭერდა მხარს.ისე მოკვდა ტიტანი ბალერინა მაია პლისეცკაია რომ ერთი თბილი სიტყვა არ დაცდენია კომუნისტურ ხელისუფლებაზე მიუხედავად იმ ნეტარი ცხოვრებისა რასაც მას უქმნიდნენ. ახლა ევროპას გადავხედოთ, ოდესმე უმღერია მირეი მატიეს საფრანგეთის ეროვნული გმირის,პრეზიდენტ დე გოლის პატივსაცემად ან დაუჭერია მხარი ჯორჯ პომპიდუს,ვალერი ჯისკარ დე სტენის,ფრანს მიტერანის,ჟაკ შირაკის და სხვათა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიებისათვის? არა და არა,სულიერ სფეროში მოღვაწეობა პირველ რიგში ნიშნავს დისიდენტობას,ხელისუფლებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას,კუჭის მოთხოვნათა დათრგუნვასა და სულიერების დროშად აღმართვას.

ამერიკის კონგრესი რომელიც დემოკრატიის ბასტიონია მთელ მსოფლიოში და სადაც საშვიც კი არ არსებობს ამომრჩევლის მისაღებად,სადაც დეპუტატებს წუთი თავისუფალი დრო არა აქვთ იმდენს მუშაობენ ჩემი აზრით, დაუნდობლად,დაუმსახურებლად გააკრიტიკა გენიალურმა მარკ ტვენმა როდესაც ბრძანა, რომ არ არსებობს ბოროტმოქმედთა განსაკუთრებული კასტა გარდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებისაო.რა მარკ ტვენს არ შეეძლო დაეწყო თავისი ხელისუფლების ქება? და ვერ დაითრევდა გრანტებსა და ასიგნებებს?. გიგა ლორთქიფანიძე დიდი ხელოვანი და უგანათლებულესი კაცი იყო,სხვათა შორის საკმაოდ ცინიკურად უყურებდა ყველა ხელისუფლებას და არ სცნობდა თავის თანასწორად. თუმცა საჯაროდ ამას მაქსიმალურად მალავდა.აი მის დაკრძალვაზე კი ბატონმა გოგი ქავთარაძემ მიმართა რა ივანიშვილს ბრძანა,ბატონო ბიძინა, გიგა თქვენი ჯარისკაცი იყოო.წარმოვიდგინე როგორ გადატრიალდა სიმწრისაგან ბატონი გიგა ჩასასვენებელში,ის გიგა რომელსაც ჩემთან საუბარში არაერთხელ სასტიკად დაუცინია შევარდნაძე,სააკაშვილი და აგრეთვე მთელი,წინა კომუნისტური ხელისუფლება. ჩემი ოპოზიციაში წამოსვლის დღიდან სწორედ ეს წითელი ელიტა იბრძვის იმისათვის რომ არ მოვიდეთ ხელისუფლებაში.მათ კარგად იციან რომ ჩვენი მოსვლა მათი წასვლაა,ხალხზე ძალაუფლების,ბიზნესის, ეკონომიკის ,ეროვნული სიმდიდრისა და ართმეული სოციალური გარანტიების,საარჩევნო უფლების დაბრუნებაა.ეს კი ამ პოლიტიკური ბლოკის გაკულაკებაა,ძლიერი ქვეყნის ჩამოყალიბებაა რაც მათ ინტერესებს ძირშივე ეწინააღმდეგება.

აბა დავთვალოთ რამდენი ფეოდალი ლიპარიტ ბაღვაშია მარტო ტერიტორიებზე, რეგიონებში, აღარაფერს ვამბობთ პოლიტიკურ,ეკონომიკურ,ბიზნეს სფეროებზე.ქვემო ქართლი ნადავლად დარჩა ოქრიაშვილ-ბეჟუაშვილებს.მცხეთა-მთიანეთი ჩოჩელ-ქუცნაშვილებს, ზემო იმერეთი ივანიშვილებს, სამტრედია ცენტრალური იმერეთი კალაძეებს,კახეთი შიოლაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილებს,სვანეთი-რაჭა საგანელიძე-ლიპარტელიან-ჯაფარიძე-ნავერიანებს, და ეს გრძელი,უსასრულო სიაა. ამგვარი ფეოდალურ-ოლიგარქიული დაქუცმაცებულობა საქართელოს ისტორიას არ ახსოვს. მახსოვს როგორ დარბოდა ეს ელიტა ქუჩა -ქუჩა როდესაც ჩვენ 2002 წელს ვაპირებდით თბილისის მაშინდელი ხელმძღვანელობის იმპიჩმენტს,მათი ძირითადი სალანძღავი არგუმენტი მაშინაც იყო ჩემი სოფლელობა. დიახ მე ვამაყობ იმით რომ წუთი-სოფლელი ვარ და არა მათსავით კუჭი-სოფლელი.ასე რომ არ ყოფილიყო ჯერ კიდევ თითის სიგრძე სკოლამდელი ასაკის ბიჭი ვერ დავრგავდი მამაჩემთან ერთად ბაზალეთის ტყეში ნაძვების ნერგებს, რომლების დღეს უსიერ ტყედაა გადაქცეული.სოფლელი რომ არ ვიყო მეხუთეკლასელი ვერ დავამზადებდი ოჯახისთვის ზამთრის სამყოფ შეშას , სოფლელი რომ არ ვიყო ვერ დავიძინებდი ღამე თეოზე,მაღალ მთაზე საქონლის დასცავად და ვერ დავინახავდი იმ კოსმოსს რაც მხოლოდ იქიდან სჩანს და საერთოდ სოფლელი რომ არ ვიყო არ მეყვარებოდა ასე ძლიერ ქართული მიწა და ჩემი ხალხი როგორც დღეს მიყვარს. მოკლედ სოფლელობაში ნამდვილად გამიმართლა.რაც შეეხება გამოსავალს.ჩატეხილი ხიდი ელიტასა და ქართელ ხალხს შორის აღდგენას აღარ ექვემდებარება,ის უნდა აფეთქდეს და ეს ჯგუფები უნდა დარჩნენ იმ ნაპირზე სამუდამოდ.ასეთია ისტორიის განაჩენი.რაც მალე გაითავისებს ჩვენი ხალხი ამ რეალობას, მით მალე დადგება საქართველოს გაბრწყინება” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close